წინა კვირას სრულიად საქართველოს „დაძაბული“ პერიოდი ჰქონდა - ბოლოს და ბოლოს მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და იმედია მომავალ არჩევნებამდე ცოტა ხნით „დავისვენებთ“. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო გადავარდნილი და პარლამენტის მსუყე სავარძლის მოსურნეების სავარაუდო შანსებზე, გვინდოდა-არ გვინდოდა დილიდან საღამომდე ვბჭობდით. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დღეებში კი ვიფიქრე, რომ ცოტა ხნით „ამოვისუნთქებდით“, მაგრამ ვინ დაგასვენა. ლამის ნახევარ საათში პარტიების ლიდერები თავიანთ საარჩევნო პროგრამებს გვთავაზობდნენ და მომავალში მათ ხელში „გაბრწყინებულ“ საქართველოს გვპირდებოდნენ.
რვა ოქტომბერს ყოველივე ამას წერტილი დაესვა და იმედია ქვეყანა ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. იმედი კი არის მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ თანამედროვე საქართველოში ვცხოვრობთ, ქვეყანაში სადაც კვირა არ გავა რაიმე პოლიტიკური ექსცესების მომსწრენი არ გავხდეთ.
დღევანდელ წერილში ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო კურიოზებს შემოგთავაზებთ. იმედია მოვლენებით დახუნძლული შვიდი დღის შემდეგ ცოტათი „დაისვენებთ“ და ახალ „ქართულ სამუშაო კვირას“ კარგი განწყობით შეხვდებით.
ლაშა ნაცვლიშვილი
„ჩემს საარჩევნო შტაბში, რომელიც კინოთეატრის დარბაზში იყო განთავსებული, ყოველ წუთს უამრავი ხალხი ირეოდა, გიჟის ადგილიც იქაა, სადაც ხალხმრავლობაა, მით უმეტეს, იქ ხაჭაპური მოდის, სასმელი მოდის. გარეთ პლაკატებია გაკრული, ხმა მიეცით ლაშა ნაცვლიშვილს, ჩვენს გენერალს, ჩვენს უკანასკნელ იმედს.
შეხვედრა მაქვს ლაგოდეხის ინტელიგენციასთან. დარბაზი სერიოზული ხალხით გაივსო. დაიწყო პოლემიკა, მე ჩემსას ვამბობ, ისინი - თავისას, ვკამათობთ, საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა. ვგრძნობ, ცოტაც და, მთელი ინტელიგენცია გადაბირებული მეყოლება და ამ დროს კარი იღება, გიჟმა შემოყო თავი და ხმამაღლა იყვირა: „ბევრს ნუ ატრაკუნებთ, ლაშას მიეცით ხმა“. ყველა გაჩუმდა და ერთმა პედაგოგმა ამოიოხრა: „რას ვიზამთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს გიჟის ჭკუაზე გავლა...“
ვალერი გელაშვილი:
„არჩევნების წინ სერიოზული კონკურენტები მყავდა და, ბუნებრივია, ყველა თავისებურად ვცდილობდით ამომრჩეველთა გულის მოგებას. თუმცა კანონი განსაზღვრავს, რისი გაკეთების უფლება აქვს მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს და რისი - არა.
შტაბში, ჩემს ოთახში ვზივარ, სამოქმედო გეგმებს ვამუშავებ და უცებ ერთ-ერთი აგიტატორი აქოშინებული შემოვარდა:
- ბატონო ვალერი, ახლახან ხალხის ლაპარაკს მოვკარი ყური - „დემოკრატები“ „ცოცხალს“ არიგებენო.
ხაშურში „ცოცხალი“ არავის უკვირს, დიდი რაოდენობით იჭერენ, მაგრამ დარიგება, კაცო?!
- რას ამბობს, ტყუილი იქნება, - არ დავუჯერე.
- იქნებ გადაგემოწმებინათ? - წამოაყენა იდეა.
მაშინვე ჩემი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს დავურეკე:
- „დემოკრატები“ ცოცხალს მართლა არიგებენ?
- კი, არიგებენ, მეც შემხვდა, აგერ მიდევს მაგიდაზე.
- მერე, სირცხვილით მაგას როგორ მეუბნები ბიჭო? - გამოვედი მოთმინებიდან.
- ბატონო ვალერი, ხომ უნდა გავიგო, რა მეთოდებით იბრძვიან? - დაიბნა.
- თუ არ შეჭამე, ისე ვერ გაიგებ?
- შეჭმა რა შუაშია, - ჩაფიქრდა და სიცილი დაიწყო, - გეშლებათ, „ცოცხალი“ თევზი კი არა, „დემოკრატების“ გამოშვებული გაზეთის სახელია...“
დავით უსუფაშვილი
„1990 წლის არჩევნების წინა დღეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ ვიღაცეები არჩევნების ჩაშლის ოპერაციას ამზადებდნენ ყველაზე მზაკვრული მეთოდით - ზოოპარკიდან ლომებისა და ვეფხვების გაშვება ჰქონიათ დაგეგმილი.
უკვე შუაღამეა, რამდენიმე საათში საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას. ცსკ-ს წარმომადგენლები, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები შევიკრიბეთ და დავიწყეთ ფიქრი გამოსავალზე.
- გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ცხოველების ქუჩაში გამოჩენა დეზინფორმაციაა, - დაასკვნა ერთმა.
- არ გამოვა, - იდეა დაუწუნეს, - ლომისა და ვეფხვის ხსენებაც კი პანიკას გამოიწვევს და ცხვირს აღარავინ გამოყოფს გარეთ.
ორსაათიანი სერიოზული თათბირის შემდეგ “გენიალური” გადაწყვეტილება მიიღეს! თითო გალიას თითო მაღალჩინოსანი ოფიცერი მიამაგრეს, რომლებიც დიდი ბოქლომებით გაქანდნენ ზოოპარკისკენ, გალიები დამატებით გადარაზეს და გასაღების ერთადერთი ეგზემპლარი ღრმად შეინახეს ჯიბეში. ვისი ცხოველიც ქუჩაში აღმოჩნდებოდა, ტყავის გაძრობა არ ასცდებოდა და არჩევნების დამთავრებამდე საათში ერთხელ გულისხეთქებით გარბოდნენ “საკუთარი” გალიისკენ“.
ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით თავის დროზე გავრცელებული რამდენიმე ანეკდოტიც ამოვკრიფე.
„ბუში, პუტინი და სააკაშვილი ერთად მიფრინავენ. მათთან ერთად თვითმფრინავში მხოლოდ ორი პილოტია. თვითმფრინავი დაზიანდა და ვარდება. ხუთ ადამიანს მხოლოდ ერთი პარაშუტი აქვთ. დაიწყეს ბჭობა, ეს ერთადერთი პარაშუტი რომელმა მათგანმა უნდა გამოიყენოს. კამათის შემდეგ გადაწყვიტეს, მოდი არჩევნები ჩავატაროთ და ვინც მეტ ხმას მიიღებს ის გადარჩებაო. ჩაატარეს არჩევნები. მოიგო მიშამ, გაიკეთა პარაშუტი და გადახტა. გაკვირვებული ბუში პუტინს ეკითხება: კაცო ამ თვითმფრინავში მხოლოდ მიშა, მე, შენ და ორი პილოტი ვიყავით და სააკაშვილმა თხუთმეტი ხმა საიდან მოაგროვაო?“
„მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთში ჩადის და მოსახლეობას ხვდება. ათას რამეს დაპირდა და ბოლოს დააყოლა: „ხალხნო, ოღონდ ხმა მომეცით და 50-50 დოლარს დაგირიგებთო". შეკრებილ ჯგუფს ერთი მოხუცი, მიხო პაპა გამოეყო და კანდიდატს მიმართა: „შენ, შვილო, ახალგაზრდა ენერგიული კაცი ხარ, ხომ ეგრეა? ქალიც მოგინდება ხოლმე არა? „მაჟორიტარი შეიშმუშნა - „ჰო, კი“ - დაბნეულად უპასუხა. „ალბათ ბორდელში დადიხარ-ხოლმე, არა? - გაგრძელა მოხუცმა - რამდენს იხდი ხოლმე?" დაბნეულმა მაჟორიტარმა უპასუხა: „რა ვიცი, 50 დოლარს, ან თუ ქალი ძაან მომეწონა შეიძლება 100 დოლარიც გადავიხადოო". „ჰოდა, შე შობელძაღლო! ერთ საათში 100 დოლარს იხდი და აქ 50 დოლარად 5 წელი უნდა გვიხმაროო?!" - მიახალა მოხუცმა“.
„ნუ შეწუხდებით ბიოგრაფიის დაწერით. გადაწყვიტეთ დეპუტატობა და ოპონენტები ამაზე თქვენს ნაცვლად იზრუნებენ“.
წერილის დასასრულს ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვებგვერდზე ამოვიკითხე.
„90 იანებია, პურის რიგში ხალხი ღამის 2 საათიდან რომ იწყებდა დგომას. როგორც იქნა, მოვიდა პური. ჩვენ ახალგაზრდები დაცლაში ვეხმარებოდით, ამიტომ ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე ამ შრომის ფასად ურიგოდ გვაძლევდნენ შეძენილ პურს.
ერთი ქურთი მეზობელი გვყავდა, ატლასა, და ვიღაცა გაეხუმრა:
-ატლას, ეს ქურთი ქალი რომ ჩამდგარხარ რიგში, ხომ ხედავ ქართველებს აღარ გვყოფნის პური და შენ რაღა დაგრჩებაო?
- ეგრე რათ უმბობ, ჰა? მე კაი ქალი ვარ, მეც ზვიადის მივეცი მრგვალ მაგიდაზეო.
კაი ქალი იყო ატლასა. ღმერთმა გაანათლოს!“