ვნებათაღელვა მოჰყვა ფეისბუკზე გავრცელებულ უცნობ კადრებს, სახელწოდებით- „როგორ ითხოვს სარიშვილი ზვიად გამსახურდიას მოკვლას“.
კადრებში, რომელშიც 1993 წლის 18 ოქტომბერს ირინა სარიშვილის გამოსვლაა ასახული, ირინა სარიშვილი ზვიად გამსახურდიას „საფრთხობელად“ მოიხსენიებს, რასაც დარბაზისგან უკუკავშირის სახით ტაში არაერთხელ მოჰყვა.
„ზვიად გამსახურდია უნდა დარჩეს საქართველოში სახეცვლილი მდგომარეობით!“ - აცხადებდა სარიშვილი თავის გამოსვლაში.
ვიდეოჩანაწერს უმალ გამოეხმაურნენ ყოფილი პრეზიდენტის ვაჟები. კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ სარიშვილი ვიღაცის კონკრეტულ გეგმას ახმოვანებს, კერძოდ, იმ ადამიანის გეგმას, ვინც ყოველთვის სხვისი ხელით აკეთებდა „საქმეებს“, ვინც ჯერ მედალს დაჰკიდებდა, მერე დაიჭერდა, ან მოსპობდა.
„და ამის შემდეგ კიდევ ვიღაც, თუნდაც 1000-ში ერთი მეტყვის, იქნებ, ზვიად გამსახურდია მართლა არავის მოუკლავსო... ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს: ბატონი ედუარდი ამბობს, რომ მას გროზნოში ელოდებიანო, სარიშვილი კი ამბობს, ზვიად გამსახურდია უნდა დარჩეს საქართველოში სახეცვლილ მდგომარეობაში. აკი დარჩა კიდეც - ჯერ ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში, სოფელ ჯიხაშკარში, შემდეგ კი ვალიკო ზარანდიას სახელოსნოში, იმავე სოფლის ბოლოს. 1994 წლის 17 თებერვლის ექსგუმაციამდე“, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.
ცოტნე გამსახურდიას რეპლიკა კი ირინა სარიშვილის გამოსვლის მიმართ ასეთია: „ნახეთ, ამ ნაგვის ყუთის რეალური სახე. გახსოვდეს უახლესი ისტორია...“
ამ თემასთან დაკავშირებით ფეისბუკზე არ წყდება გამოხმაურებები. ირინა სარიშვილისა და მქუხარე ტაშით ერთ მუშტად შეკრული დარბაზის შემხედვარე დეკანოზი ილია ჭიღლაძე დანანებით ამბობს, „ეს ხალხი და ეს ქვეყანა როგორ დადგება ფეხზე?! ოთხწუთიან გამოსვლაში სარიშვილი სამჯერ იმეორებს იმ აზრს, რომ საჭიროა ზვიად გამსახურდიას მოკვლა“.
ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ „ეს ტაშისკვრა და ტაშის მკვრელები არ შეგვიფასებია, არ გამოგვიძიებია, არავინ დაგვისჯია სახელმწიფო სამართლის და მორალური კანონის ძალით, სწორედ ამიტომ ვტრიალებთ წრეზე!“
ფეისბუკის სხვა მომხმარებლები კი მიიჩნევენ, რომ დღეს უფრო „წინ წავედით“, რადგან ტრიბუნიდან მაინც აღარ ითხოვენ ადამიანის მოკვდინებას.
ამ ვნებათაღელვის მიზეზის - ირინა სარიშვილის იმდროინდელი მიმართვის ავტორი კი ედუარდ შევარდნაძეა. როგორც ჩანს, სარიშვილი დარბაზში მჯდომ შევარდნაძეს ერთგულებას უმტკიცებს, ამიტომაც მიუთითებს - „არა, ბატონო, ედუარდ. არ შეიძლება ზვიად გამსახურდიას გაშვება გროზნოში, ის, როგორც თავისი ერის შვილი და, როგორც სირცხვილი უნდა დარჩეს საქართველოში... სანამ ზვიად გამსახურდიას პრობლემა არსებობს საქართველოში, არც ესენგეში შესვლით, არც შეუსვლელობით, არც ევროგაერთიანებაში შესვლით, არც ამერიკის შტატად რომ მიგვიღონ, არაფერი გვეშველება“.
კიდევ უფრო დრამატულად ისმის სარიშვილის სიტყვები, რომ თურმე „საფრთხობელა“ გროზნოში გაუშვეს და არანაკლებ პასუხისმგებელნი არიან ისინი, ვინც ზვიადი ცოცხალი გაუშვა.
„იმდენი შეურაცხმყოფელი რამ მაქვს მისი მისამართით ნათქვამი, რომ არ მინდა ტაშის დაკვრის გულისთვის ვიხმარო სიტყვები, „მანიაკი“, „პათოლოგი“. ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, რომ პრეზიდენტი გახდა და კიდევ მიწაზე დადის“...
შეიძლება თუ არა გახდეს ირინა სარიშვილი ე.წ. ოქროს მოწმე და უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება ამ ჩანაწერით?
ეს საკითხი მით უფრო აქტუალურია, როცა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დეტალები თავის დროზე მიიჩქმალა შევარდნაძის უშუალო დაინტერესების გამო. ეს საქმე 1994-2004 წლებში პროკურატურაში დაიბლოკა, ხოლო მოგვიანებით კი, არსებული ინფორმაციით, ჯერ ირაკლი ოქრუაშვილმა, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილმა დაბლოკეს ამ თემის განხილვა.
უფრო მეტიც, ამ საქმეზე ფასეული ინფორმაციის მქონე ადამიანები ბუნებრივი სიკვდილით კი არ დაიღუპნენ, არამედ ისინი მოკლეს. მაგალითად, ბადრი ზარანდია, გია გულუა და სხვები.
რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას, როგორც ამბობდა, თავის დროზე სააკაშვილის პარლამენტში მუშაობას იმ მოტივით დათანხმდა, რომ მამის ბურუსით მოცული დაღუპვის შესახებ გამოძიება ჩაეტარებინა. თუმცა კონსტანტინე გამსახურდიას დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ ტრაგედიის რეკონსტრუირებული ისტორია ვერ დადო. ამის მიუხედავად, მოწმეთა მონაცემების ურთიერშეჯერებითა და შეპირისპირებით, ანუ დედუქციური მეთოდით კონსტანტინე გამსახურდიამ მამის თვითმკვლელობა გამოირიცხა.
ირინა სარიშვილის სკანდალური ჩანაწერი არ აკვირვებს „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარეს, ნოდარ ნათაძეს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ არასდროს არც ერთი წუთით არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ზვიადი მოკლულია და მას თავი არ მოუკლავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ნოდარ ნათაძე ზვიადს პირადად იცნობდა, როგორც ღრმად მორწმუნე ადამიანს.
„ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ცხადია, მაშინდელი სიტუაცია მეტყველებს იმაზე, რომ ზვიადი მოკლეს. იმის უფლება არ მაქვს, ვინმეს კონკრეტულად ხელი დავადო და ვთქვა, რომ მასში ეჭვი მეპარება, მაგრამ მე რაც წამიკითხავს და მომისმენია, იმის მიხედვით ვამბობ, რომ ბესო გუგუშვილის მიერ ამ ამბის თხრობის, ნაამბობის უკან თავიდან ბოლომდე სიცრუეს ვხედავ და ვგრძნობ. რაც შეეხება ირინა სარიშვილს, მისი არც ერთი სიტყვის არ მჯერა, მე ის წინასწარ განწყობილი ადამიანი მგონია. თუმცა გამორიცხულია, სარიშვილი ერიოს ამ საქმეში. უბრალოდ, სარიშვილი, როგორც ინფორმატორი, ჩემთვის სანდო არ არის. მაგალითად, მახსოვს, რომ სარიშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც გაავრცელა ხმა, თითქოს ზვიადს უთქვამს -საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისო. ეს მაშინ მოხდა, როცა კახეთში, ჭიკაანში ქართველი ბერიკაცი მუსლიმანმა ლეკებმა მხოლოდ იმის გამო დაწვეს, რომ რელიგიურად არ მოსწონდათ და ამის გამო დიდი მიტინგები ტარდებოდა. ზვიადის საწინააღმდეგო ხმების გავრცელებაში ირინაც ერია. თუმცა ტყუილია, ზვიადს ასეთი ფორმულირება - „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის“ არასდროს გამოუყენებია“,-აცხადებს ნოდარ ნათაძე და განმარტავს, რომ ანალოგიური ფორმულირება არსებობს და ეს გახლავთ ამერიკის პრეზიდენტის-მონროს დოქტრინა - ამერიკა ამერიკელებისთვის, რაც გულისხმობდა, რომ ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს უფრო მეტი ჩარევის უფლება უნდა ჰქონოდათ ამერიკის კონტინენტის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების საქმიანობაში, ვიდრე ევროპელებს.
ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სარიშვილის სიტყვები იმდროინდელ სახელმწიფო პოლიტიკას ცხადყოფს. კერძოდ, იმას, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას განადგურება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი და სარიშვილი იმ აზრის გამომხატველი რუპორი იყო, რაც იმ დარბაზში შეკრებილ საქართველოს მმართველ ძალას, ანუ უკანონო ხელისუფლებას გააჩნდა.
„ამიტომ სარიშვილის ნათქვამზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის მქუხარე ტაში, რომელიც მისმა ბინძურმა ტირადამ და სიტყვებმა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, გამოძიება ამ თემით უნდა დაინტერესდეს და სწორედ ეს ცხადყოფს კიდევ ერთხელ, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს. ზვიად გამსახურდიას განადგურება იყო იმჟამინდელი ხელისუფლების და, საერთოდ, მაშინდელი ცრუ ელიტის ინტერესი, იმ ელიტის, რომელიც ჩამოაყალიბა ედუარდ შევარდნაძემ, თავისნაირი სამშობლოს გამყიდველებით, რომელთაც ხელში ჩაიგდეს ეს ქვეყანა და, რომლის ნამოქმედარსაც დღემდე ვიმკით. უნდა შეფასდეს, რა მოხდა მაშინ, იყო ეს დემოკრატიული ძალების აჯანყება და სამოქალაქო ომი, როგორც ამას აფასებენ შევარდნაძის მიერ დაფინანსებული თუ დამთბარი ძალად ისტორიკოსები, თუ იყო ის, რაც სინამდვილეში იყო, რომ ამ ერთი მუჭა გამყიდველებისა და სამშობლოს მოღალატეების ხროვამ რუსეთის დახმარებით დაამხო კანონიერი ხელისუფლება. საქართველოში არ უყვართ ფაქტებისთვის სახელის დარქმევა, ხშირად ათწლეულები და ასწლეულები უნდა გავიდეს, რომ ისტორიულ ფაქტებს თვალი გავუსწოროთ“, - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ და გაგვიმხილა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, უბრალოდ, ამ საქმის დასრულებისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება.
საქმე ისაა, რომ ახალი ხელისუფლების პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. თუმცა, თუ ვისი მისამართით ჩნდება ეჭვები, ცოტნე გამსახურდია ვერ კონკრეტდება და ამბობს, გამოძიების დასრულებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. მთავარია, ამ ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება გამოიჩინოს.
ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არ განხორციელებულა პოლიტიკური აქტი, რომელიც შეაფასებს 90-იანი წლების მოვლენებს. საამისოდ უნდა მოხდეს სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც პოლიტიკურ დასკვნას დადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანამდე ყველა ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას თემას იყენებს თავისი ვიწრო მიზნებისთვის.
„მნიშვნელობა არ აქვს, ზვიად გამსახურდია მოკლეს თუ თავი მოიკლა, მთავარია, რომ ის გახდა პოლიტიკური გარიგებების მსხვერპლი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მკვლელობის არა მარტო სამართლებრივ, არამედ - პოლიტიკურ მხარეზე, თუ რა კავშირშია გამსახურდიას უარი მეგრულ-აფხაზური კონფედერაციის შექმნის შესახებ მის მკვლელობასთან? როგორ აღმოჩნდა რამოდენიმე ათასი შეიარაღებული ადამიანი სოხუმის დაცემის წინ ზვიად გამსახურდიას დროშის ქვეშ და სოხუმის დაცემის შემდეგ ეს რამოდენიმე ათასი ადამიანი უცებ როგორ დაიკარგა, გაიფანტა და მარტო დატოვა გამსახურდია? რატომ ჩამოიყვანეს ზვიად გამსახურდია სოხუმის დაცემის წინა დღეებში სენაკის აეროპორტში და ამ ყოველივეში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა როგორი იყო? ჩვენ არ შეგვიფასებია თუნდაც გია ჭანტურიას მკვლელობა. სარიშვილი იქნება თუ სხვები, სხვადასხვა დროს ისინი აკეთებდნენ სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა სარიშვილი ოქროს მოწმე ვერ გახდება, რადგან მთელი უბედურება ის არის, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, გამოიძიოს ეს ყოველივე“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ, რომლის აზრითაც, თუ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ქვეყანაში მოხდეს ეროვნული თანხმობა, მაშინ უნდა დავადგინოთ, ვის რა შეცდომა აქვს დაშვებული და მათ ბოდიში უნდა მოიხადონ, ხოლო ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ისინი უნდა დაისაჯონ.
ჩვენ დავუკავშირდით ამ ვიდეოჩანაწერის მთავარ ფიგურანტს -ირინა სარიშვილს. მან გვითხრა, რომ უკვე წლებია, ჟურნალისტებს არ აძლევს ინტერვიუს, მხოლოდ ტელევიზიებით ახორციელებს პირდაპირ ჩართვას ან სტატუსის წერით შემოიფარგლება. ამჯერადაც ზვიად გამსახურდიას თემას მან, ჩვეულებისამებრ, მორიგი სტატუსი მიუძღვნა და გვთხოვა, ამ სტატუსს გავცნობოდით.
სტატუსის მიხედვით, ირკვევა, რომ ირინა სარიშვილი სინანულს გამოთქვამს 24 წლის წინანდელი ამ გამოსვლისა და მისი მხრიდან გამოხატული სიძულვილის ენის გამო. მართალია, ეს გამოსვლა მას არ ახსოვდა, მაგრამ ამ ვიდეოჩანაწერის ნახვამ ის შოკში ჩააგდო.
„ამ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გადავდექი ვიცე-პრემიერობიდან შევარდნაძის მიერ დსთ-თან მიერთების გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად. აფხაზეთში ამ დროს ომია... ამის მერე ამ კონკრეტულ შეხვედრაზე შევარდნაძე გამოდის და ამბობს, რომ გამსახურდიას გროზნოში ვუშვებთ, მას იქ ელოდებიანო. მე უკვე დაპირისპირებულ შევარდნაძესთან მიწევს სრულიად მტრულად განწყობილ დარბაზში გამოსვლა, რადგან ამ გადადგომას ღალატად მითვლიან. შემდეგ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და ვამბობ საშინელი, სამარცხვინო ფორმით... ვისაც პატიების უნარი გაქვთ, მაპატიეთ - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მომხრეა...“