საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ქართული ტურისტული კომპანიებისთვისაც მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. ამიერიდან საქართველოს ჩინეთში ტურისტული კომპანიების გახსნა შეეძლება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნა და ჩინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში ტურების განხორციელება შეეძლება.
თუმცა ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინურ ბაზარზე შესვლა წინასწარვე აფრთხობთ. მათი აზრით, აქ წინა პლანზე წამოვა ფინანსური და ენობრივი სირთულეები, რადგან ჩინური ენა მაღალანაზღაურებადია და დამატებით ხარჯს მოითხოვს. უცხოურ ბაზარზე გასვლა კი, მნიშვნელოვან დანახარჯს უკავშირდება, მით უმეტეს, რომ ჩინურ ბაზარზე შესულ ქართულ ტურისტულ კომპანიებს ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ.
ჩინური ტურისტული ბაზრის ათვისების მცდელობა ქართველებისთვის ახალი არ არის. For. ge 2013 წელსაც წერდა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა სტალინის, როგორც ტურისტული პროდუქტის, ჩინურ ბაზარზე გაყიდვას ფიქრობდა. მისი აზრით, სტალინის ბრენდი საქართველოსთვის ისევე მომგებიანი იქნებოდა, როგორც ჩე გევარა, რომლის სახეც მაისურებსა თუ ბრელოკებზეა დატანილი და მის სახლ-მუზეუმსაც დამთვალიერებლები არ აკლია.
„სტალინს, როგორც ტურისტულ პროდუქტს, ჩინეთში კარგად გავყიდით, ისევე, როგორც ისრაელის ხალხი ვერ იტანს ქრისტეს, თუმცა მას ტურისტულ პროდუქტად იყენებენ“, - აცხადებდა For.ge-სთან საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა. ამასთან, რეგულარული ავიარეისების დანიშვნას პროგნოზირებდა პეკინი-თბილისის მიმართულებით. მით უფრო, რომ ჩინეთში, სადაც ერთ მილიარდ სამას მილიონზე მეტი კომუნისტი ცხოვრობდა, მიაჩნდათ, რომ სტალინი არა მარტო უდიდესი პიროვნება, არამედ ჩინეთის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც იყო, რომელიც ჩინელებს ეხმარებოდა. სწორედ ასეთ ისტორიას ასწავლიდნენ ჩინელ ბავშვებს მესამე კლასის სახელმძღვანელოებში და ამ დროს ჩინელებმა არ იცოდნენ, რომ სტალინს ქართული წარმომავლობა ჰქონდა და გორში დღემდე შემორჩენილი იყო მისი სახლ-მუზეუმი, ხოლო თბილისში - ავლაბრის სტამბა.
„გარდაცვლილმა სტალინმა მაინც მოგვიტანოს შემოსავლები და მოგება“, - ასეთი იყო გიორგი სიგუას პათოსი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტი ტურისტით ამარაგებს მსოფლიოს. წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ჩინელი მოგზაურობს საზღვარგარეთ. ამიტომ ამ ბაზრის ათვისება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ცხადია, დასაწყისში იქნება ენობრივი სირთულეები, ასევე, ბიზნესის წარმოების სხვაგვარ პრაქტიკასთან დაკავშირებული ბარიერები, რაც აზიური ბაზრისთვის თანმდევი მოვლენაა, მაგრამ ეს ახალი გამოწვევა იქნება ჩვენი ბიზნესწრეებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტუროპერატორები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, სხვადასხვა აზიური ქვეყნის ბაზარზე არიან წარმოდგენილნი, ადვილად შეძლებენ ამ სიახლის ათვისებას. ქართულ ბაზარზე რამდენიმე დიდი მოთამაშე გვყავს, რომელიც ამას შეძლებს და შემდგომ უკვე ამ დიდ მოთამაშეებს შეეძლებათ საშუალო და პატარა მოთამაშეების წაყვანა. რაც შეეხება სტალინის ფაქტორს და ჩინელების დაინტერესებას ამ კუთხით, კონკრეტული მიზიდულობის წერტილის, პროდუქტის ან სერვისის განსაზღვრა ჯერჯერობით რთულია, რადგან ჩინურ ბაზარზე ჩვენი კარი ახლახანს გაიხსნა და კარგად არ ვიცნობთ ჩინელი ტურისტების მოთხოვნილებებს. რასაკვირველია, ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალა ისევ და ისევ იქნება ჩვენი არამატერიალური კულტურა და ბუნებრივი რესურსები, რაზეც მთელი ჩვენი ტურიზმის განვითარებაა დაფუძნებული. ალბათ, ისევ ამ ელემენტების პოზიციონირება მოგვიწევს და ამითაც მოვიზიდავთ ჩინელ ტურისტებს“, - აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი და განმარტავს, რომ აჭარაში ჩასული ჩინელი ტურისტების რაოდენობა დიდი არაა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ სამომავალოდ ჩინელი ტურისტების რიცხვის ზრდა ამ რეგიონშიც მოსალოდნელია.