სტამბოლში მიმდინარე ენერგეტიკის სამიტზე რუსეთისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობის შესახებ. ხელმოწერას ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯებ ტაიპ ერდოღანი. ახალი გაზსადენით შეიძლება გაზი ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიეწოდოს.
ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სტამბოლში შარშანდელი ნოემბრის შემდეგ, როდესაც ის ანტალიაში სამიტს დაესწრო. ერთი თვის შემდეგ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები მკვეთრად გაცივდა, როდესაც სირიის საზღვარზე თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მაშინ მოსკოვმა თურქეთის წინააღმდეგ სამგზავრო და სავაჭრო სანქციები დააწესა. მას შემდეგ, რაც ერდოღანმა პუტინს ბოდიშის წერილი მისწერა, ურთიერთობები კვლავ დათბა.
პუტინს სტამბოლში ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დახვდნენ. კრემლის ოფიციალური განცხადებით ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის სირიას, რომელთან დაკავშირებითაც თურქეთსა და რუსეთს განსხვავებული პოზიციები უჭირავთ.
ანკარაში დაფუძნებული თურქეთის აზიის კვლევების სტრატეგიული ცენტრის დირექტორის მოადგილე მურატ ბილჰანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ერდოღანის სანკტ-პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ეს საპასუხო ვიზიტია. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის გამოსწორების მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა პუტინის და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ახლა უფრო დარეგულირდება“, - განაცხადა მურატ ბილჰანმა.
კარნეგის ევროპის მკვლევარი სინან ულგენი მიიჩნევს, რომ პუტინის სტამბოლში ჩასვლის შემდეგ მოსკოვი და ანკარა ეკონომიკური თვალსაზრით ერთმანეთს დაუახლოვდებიან, მაგრამ მათ შორის ჯერ ისევ არსებობს პოლიტიკურ საკითხებში უთანხმოების არაერთი მიზეზი.
„გაკეთდება განცხადება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებითაც, თუმცა ასევე იქნება საუბარი ისეთ თემებზე, რომლებზეც ანკარა და მოსკოვი ვერ თანხმდებიან, მაგალითად სირიაზე“,- განაცხადა სინან ულგენმა.
ანკარა, სავარაუდოდ, ეცდება რუსეთს მომგებიანი ენერგო-გარიგებები შესთავაზოს და მოსკოვთან რეგიონული უთანხმოებები ამით გადაწყვიტოს.
შავი ზღვის ქვეშ, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე „თურქული ნაკადის“ მშენებლობის შესახებ 2014 წელს დაიწყო საუბარი, როდესაც პუტინი თურქეთს ესტუმრა. ამავე დროს თურქული კომპანია „ბოტასისა“ და რუსული კომპანიის „გაზპრომის“ მიერ მემორანდუმი გაფორმდა, თუმცა ვერ შედგა საერთო სახელისუფლებლო დონეზე შეთანხმების გაფორმება.
თურქეთი რუსული გაზის სიდიდით მეორე იმპორტიორი ქვეყანაა, გერმანიის შემდეგ. იგი რუსულ გაზს შავი ზღვის მეშვეობით ,,ცისფერი ნაკადიდან“ იღებს. 2015 წელს თურქეთმა რუსეთიდან 27,01 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. ხოლო სულ 1987 წლიდან 2015 წლამდე 391 მილიარდი კუბური მეტრი.
ჯერჯერობით ფინანსური პრობლემები პერმანენტულად უშლის ხელს თურქული ნაკადის პერსპექტივებს. „გაზპრომი“ სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის დეკემბერში სამხრეთ ნაკადის საკითხზე კითხვის ნიშნები გაჩნდა. თურქული ნაკადის მიხედვით დაგეგმილი ოთხი ხაზის (მილსადენი) მშენებლობის ღირებულება 11.4 მილიარდ ევროდ შეფასდა, ეს ფასი შესაძლოა გაიზარდოს ნავთობის ფასის ცვალებადობის პირობებში. რუსეთის ძირითადი შემოსავლების წილი ენერგო ექსპორტზე მოდის, ნავთობის ფასის ვარდნამ კი რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. 2016 წლის პროგნოზით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკა 1%-ით შემცირდება.