გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გუშინ თბილისის მასშტაბით ერთდროულად, რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს ქერჩის ქუჩაზე დევნილთა ჩასახლების ერთ-ერთ კორპუსში. სპეცოპერაციის მიმდინარეობის თაობაზე For.ge-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა ინფორმაცია. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ შსს-მ სპეცოპერაციის ადგილიდან, კერძოდ, „ნაციონალების შტაბ-ბინიდან დიდძალი იარაღი ამოიღო“.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოსახლეობის ინფორმაცია არაზუსტი აღმოჩნდა, რისთვისაც For.ge-ს ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის მკითხველს. შესაბამისად, ინფორმაცია საიტიდან წაიშალა.
For.ge-მ ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა. ქერჩის ქუჩაზე შსს ამ დრომდე აწარმოებს საგამოძიებო ღონისძიებას. კერძოდ, პოლიცია იმყოფება დარჩო ხეჩუაშვილის ცოლის ძმის, ბორია ჩაგუნავას სახლში. ჩაგუნავებს სახლში აღმოაჩნდათ ხეჩუაშვილის კუთვნილი ცეცხსასროლი იარაღი, რაც ბორია ჩაგუნავას მეუღლემ, ნატა ჩაგუნავამ ჩვენთან საუბრისას თავად დაადასტურა.
„პოლიციას ეს ფაქტი დავუდასტურე. იარაღი თავად შევინახე საწოლის ქვეშ და პოლიციასთან ტყუილის თქმა არც მიფიქრია. მართალი გითხრათ, არ მესიამოვნა დათომ იარაღი ჩვენთან რომ მოიტანა შესანახად, მაგრამ მისგან იმდენი სიკეთე გვახსოვს, უარი ვერ ვუთხარით. დათკა ყოფილი ძალოვანია და იარაღი სულ ჰქონდა. ვერც წარმოვიდგენდი თუ ამას ასეთი ამბები მოყვებოდა. ახლა კი გამოდის, რომ შარში გავეხვიეთ“, - ამბობს ნატა ჩაგუნავა.
თავად ძალოვნებმა ჩვენთან კომენტარი არ გააკეთეს. დევნილების კორპუსში საპატრულო პოლიციას სამ სართულზე აქვს პერიმეტრი გადაკეტილი - მე-4 სართულზე ბორია ჩაგუნავას ძმის და დედის ბინის პერიმეტრი, მე-5 სართულზე ბორია ჩაგუნავას საცხოვრებლის პერიმეტრი და მე-6 სართულზე ბორია ჩაგუნავას კიდევ ერთი ძმის ბინის გარეთა პერიმეტრი.
ჩაგუნავებს სამი მცირეწლოვანი შვილი ყავთ, აქედან ერთი ტყუპი, რომელთაგანაც ერთი აუტიზმითაა დაავადებული, ხოლო მეორე ცერემბრალური დამბლით. ოჯახის ახლობლების თქმით, თავად ნატა ჩაგუნავაც სიმსივნითაა დაავადებული. ბორია ჩაგუნავა, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მუშაობს.
ნატა ჩაგუნავა ამბობს, რომ მის ქმარს ამ ღამით გადაიყვანენ, თუმცა არ იცის სად და იმედოვნებს, რომ მათ არაფერი ემუქრებათ.