„რა შეუძლია სააკაშვილს, თუ არა განცხადებები, - მეც თქვენთან ვიქნები; ხვალ დამთავრდება ეს ხელისუფლება; გადმოვცურავ ზღვას; გავთხრი გვირაბს“... - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესები დაიწყება.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
სამეგრელოში „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე თავდასხმა, გორში, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრების დაჭრა, თბილისში გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება - სამივე ინციდენტი ძალიან მოკლე დროში მოხდა, ამ ფაქტებმა შეცვალა გარემო, რასაც ჰქვია მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი?
ვახტანგ ძაბირაძე: რთული სათქმელია, მაგრამ გააჩნია რა ასპექტში განვიხილავთ სამივე ამ მოვლენას.
საქართველოში გაერო-ს ელჩი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების მოვლენებმა წინასაარჩევნო გარემოს სურათი შეცვლა. როგორ ფიქრობთ, ამ ყოველივეს მიზანი იყო საერთაშორისო სკანდალის შექმნა?
- განსაკუთრებით ბოლო ორი მოვლენა, რა თქმა უნდა, გამიზნული იყო იმისათვის, რომ გარკვეული დესტაბილიზაცია შეეტანათ საარჩევნო პროცესში, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად შეძლეს. მაგალითად, თარგამაძის შემთხვევაზე თუ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი ძალაა დაინტერესებული საქართველოში არასტაბილური გარემოს შესაქმნელად. ამიტომ, ნაკლებად მგონია, რომ ეს ძალები ქართულ პილიტიკურ სპექტრში უნდა ვეძებოთ. უფრო მგონია, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გავლენაა და მეხუთე კოლონა. ასევე, არ გამოვრიცხავ არც პიროვნულ ურთიერთობებს.
გორის ინციდენტი და შემდეგ უკვე „პირიმზესთან“ მომხარი აფეთქება ძალიან მოკლე მონაკვეთში მოხდა, შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სადღაც ერთი ცენტრიდან ხდება ორგანიზება?
- აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს „ქართული ოცნებას“, ირაკლი ოქრუაშვილს, ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს არ აძლევდა. მაგრამ, ყველა ვარიანტში პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს არის. მან უნდა შეძლოს და გამოიძიოს ეს ფაქტები. ჩემი აზრით, საარჩევნო დივიდენდები არც ერთს არ მიუღია. როდესაც უცხოელები ამ ფაქტებზე ლაპარაკობენ, ისინი ღიად ვერ იტყვიან იმას, რასაც დაუვშვათ, მე ვლაპარაკობ. ვერ ილაპარაკებენ ვერც მეხუთე კოლონაზე, ვერც რუსების ინტერესებზე და ვერც იმაზე, რომ ვიღაცა დაინტერესებულია დესტაბილიზაციით.
ისინი მინიშნებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ იარაღი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, რაც აბსოლუტურად სწორი შეფასებაა. განცხადებებიც და მინიშნებებიც სწორად გააკეთეს, ვფიქრობ, მოულოდნელი არაფერია.
ანუ, რეალურად გვეუბნებიან, რომ ფრთხილად იყავით იმიტომ, რომ ასეთი პროცესები ცუდია ქვეყნისათის...
- რა თქმა უნდა, თუ ამას მეორე კუთხით შევხედავთ, აქ ლაპარაკია არა პირდაპირ „ქართული ოცნების“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე, არამედ იმ ატმოსფეროზე, რომელსაც ეს ორი დაპირისპირებული ძალა ქმნის, სადაც ადამიანები და პოლიტიკური ელიტა ებრძვის ერთმანეთს. ზოგი ზღვის გაღმა გაცურვას და გვირაბის გათხრას აპირებს, ზოგი დესტაბილიზაციის მოწყობას. ძალადობაზე ამდენმა საუბარმა შექმნა ისეთი ატმოსფერო, რომ ყველა ამ პოლიტიკურ შემადგენელზე ილაპარაკებს და არა იმაზე, თუ ვის ვისთან რა პრობლემა აქვს.
ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ ამ ფაქტების, როგორც კვალიფიცირაბაში, ისე შეფასებაში ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავეს, ძალიან ცდება. ეს მუშაობს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. პასუხისმგებლობა ამ ფაქტის მიმართ ისედაც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ვალდებულია გამოიძიოს. მაგრამ, თუ ჩვენ ქვეყანაზე ვფიქრობთ, მაშინ შეფასებებში ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ.
იყო თუ არა ტერაქტი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ამ დანაშაულის გახსნა, მის კვალიფიცირებასთან რამე ლოგიკურ ურთიერთობაშია? როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს ტერაქტი მოხდა, თუ განზრახ იყო მოწყობილი, ხომ შეიძლება გამოძიების პროცესში გადაკვალიფიცირდეს, როგორც ტერაქტი? სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, არ შეიძლება ამ ფაქტს ტერაქტი დაერქვას. გვინდა, რომ მსოფლიოში შეიქმნას სურათი, რომ ამ ქვეყანაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტერაქტი ხდება? დამიჯერეთ, „ქართულ ოცნებას“ ეს არაფერში არ აზარალებს, არც ამომრჩეველს მოაკლებს და არც მოუმატებს?
მაგრამ რა შედეგს აძლევს „ნაციონალური მოძრაობას“?
- ეს აზარალებს ქვეყნის იმიჯს. უბრალოდ, იწყება ანტპიარი, რაც პირდაპირ მიმართულია დასავლეთისკენ. როდესაც იყო ლაპარაკი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის კავშირში ამ ფაქტთან და ა.შ. ის ადამიანები, ვინც ამას ტერაქტს უწოდებენ, ნებსით თუ უნებლიედ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. ვაცალოთ გამოძიებას, წინასწარ განვაცხადოთ ის, რაც ქვეყანას ზიანს მოუტანს, არასწორი და არასახემწიფოებრივი აზროვნების შედეგია, ვინც არ უნდა იყოს ამ იდეის ავტორი.
ამ სამმა მოვლენამ იმუშავა ამომრჩევლის პოზიციაზე?
- „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ამან არაფერი შემატა, ეს გამოჩნდა გუშინდელი აქციიდან. თუ საზოგადოება აღშფოთდებოდა, მაშინ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობა უნდა მისულიყო, როგორც წესი, ასე ხდება, როდესაც ასეთი ტიპის ქმედებებია. დღესდღეობით კი, საზოგადოება, ამომრჩეველი, უყურებს რა ხდება პოლიტიკურ სცენაზე, სადაც მიდის გაუთავებველი კამათი, ერთმანეთის ბრალდებები, მაგრამ ეს დაპირისპირების მუხტი საზოგადოებაში არ გადმოდის. ძალიან მოწყენილია ქართული საზოგადოება იმ სპექტაკლით, რასაც უყურებს, ეს არის ჩხუბი და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ელიტებს შორის ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე.
საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ხელისუფლებისგან გვესმის განცხადებები მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, ვისმენთ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფარულ ჩანაწერებს მოსახლეობისთვის ცხვირ-პირის დამტვრევაზე. ასევე, ვნახეთ, რომ რეზონანსული ვერ გახდა გივი თარგამაძის საქმე, ამის მიუხედავად, შესაძლებელია პროცესების რადიკალიზაციაზე მაინც წავიდეს „ნაციონალური მოძრაობა“?
- ეს ფაქტი მოხდებოდა თუ არა, „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესების რადიკალიზაციაზე მაინც ვერ წავა და არც წავა. ეს ყველაფერი მხოლოდ პიარია. საერთოდ, 8 ოქტომებრს ქვეყანაში რომ საპარლამენტო არჩევნებია, ეს მხოლოდ მედიაში იგრძნობა. როდსაც ასეთი საარჩევნო ვითრებაა, დესტაბილიზაციის შექმნა პრაქტიკურად გამორიცხულია. თუმცა, არ გამოვრიცხავ წერტილოვან დარტყმებს საარჩევნო უბნებზე. ამიტომ, ხელისუფლება უნდა იყოს მობილიზებული, რომ ასეთი ფაქტები აღკვეთოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობაში არ აქვს საყრდენი, რომ შექმნას არასტაბილურობა. დღეს ესაა რეალობა.
ნებისმიერი პოლიტიკოსი ცდილობს გაამხნევოს თავისი მოკავშირეები. რა შეუძლია სააკაშვილს თუ არა განცხადებები, - „მეც თქვენთან ვიქნები“; „ხვალ დამთავრდება ეს ხელისუფლება“; „გადმოვცურავ ზღვას“; „გავთხრი გვირაბს“... რეალური საყრდენი იმისა, რომ რაღაცა მეტს მიაღწიონ, არა აქვთ. არ ვიცი ვისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მგონია, შეცდომა დაუშვეს როდესაც ეს მიტინგი დააანონსეს. მათთვისვე ჯობდა ეს მიტინგი არ ჩაეტარებინათ და ისე გაერძელებინათ პიარი. „თავისუფლების მოედანზე“ ვნახეთ რას წარმოადგენს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“.
კეთდება განცხადება, რომ შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს. თქვენ რამდენად გაქვს ეს მოლოდინი?
- მოლოდინი რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მაინც ყველაფერი პროცესებზეა დამოკიდებული. თუ ასეთი პროცესები დაიწყება, ეს დაიწყება არჩევნების შემდეგ. მე ველოდები, რომ დაშლის პროცესი მომავალი წლის გაზაფხულისთვის დაიწყება. უფრო მეტად ეს გამოიკვეთება 2018 წელს, როგორც საპრეზიდენტო, ისე ადგილობრივი არჩევნების პროცესში. მანამდე, მეტ-ნაკლებად შეინარჩუნებენ ერთიანობას. თუმცა, შეიძლება რღვევის მცირე პროცესი დაიწყოს მომავალი წლიდან.