თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საბურთალოზე, ვაკეში და ვაგზლის მოედანზეა, ყველაზე ხმაურიანი ადგილი კი 300 არაგველისა და ახმეტელის მეტროსადგურია. რამდენიმედღიანმა კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ხალხი საკუთარი თვალით ისედაც ამჩნევდა.
გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. ლაბორატორიამ თბილისსა და რუსთავში, 22 ადგილას გამოიკვლია მტვრის, ნახშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემცველობა 1 კვ/მ-ზე, ასევე ელექტრომაგნიტური გამოსხივება 1 კვ/სმ-ზე და ხმაურის დონე დეციბალებში.
აღმოჩნდა, რომ პეკინისა და საბურთალოს ქუჩების კვეთაზე, პარლამენტის შენობასთან, არაყიშვილი-ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე და მეტროსადგურ სადგურის მოედანთან, მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აღემატება. ზღვრულად დასაშვები ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია 1 მ3-ზე მტვრის ნაწილაკებისთვის არის 0,5მგ/მ3, მეტროსადგურ სადგურის მოედანთან კი მისი ოდენობა - 0,532მგ/მ3-ია.
გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევა თბილისში, თბილისის გარეუბნებსა და რუსთავში ჩატარდა. სააგენტოს სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ.
გარდა ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლისა, ძალიან რთული ვითარებაა გადაჭარბებული ხმაურის თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხმაურიანი ადგილი თბილისში მეტროსადგურ „300 არაგველთანაა“. მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება ასევე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“, მეტროსადგურ „ნაძალადევთან“, მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“, აბანოთუბანში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ და წყნეთში მაღაზია „სმარტთან“.
ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით რომ დედაქალაქში უმძიმესი ვითარებაა, ამას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილი რამდენიმე დღის წინ ადასტურებდა. მისი ინფორმაციით, თბილისში გარკვეულ ადგილებში, პიკის საათის და საცობების დროს ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმაზე მეტია. თბილისში ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი მოძველებული ავტოპარკია და მავნე აირების ემისიაც შემაშფოთებელია.
„ცალკეულ შემთხვევებში ვნახეთ, რომ პიკის საათებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ავტოსატრანსპორტო კვანძები იკვეთება და ხშირად იქმნება საცობები, არის გადაჭარბებები ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე. შესაბამისად, ჩვენ ადეკვატური რეაგირება და რეკომენდაცია გვექნება როგორც ქალაქის მერიისადმი, ასე სხვა უწყებებისადმი“, – განაცხადა აგულაშვილმა.
მართალია ბოლო დროს მთავრობა ჰაერის დაბინძურების ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაჭრაზე დაფიქრდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სწრაფად უნდა იმოქმედოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელის, მანანა ქოჩლაძის თქმით, ევროპისგან საქართველო ამ შემთხვევაში იმით განსხვავება, რომ აქ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით საკმარისად ეფექტური ზომები არ ტარდება. იგი ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები საწვავის ხარისხის კონტროლის ჭრილში და, იმედია, ეს მაჩვენებელი მომავალი წლიდან ევროპულ სტანდარტს დააკმაყოფილებს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ ისევ მისახედია.