გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ “ “რუსთავი 2”-ის დაარსების შემდეგ, მშვიდობიანი ერთი დღეც არ მქონია, არც მე და არც დათო დვალს. უამრავ წნეხს, ზეწოლას, დაპირისპირებას გავუძელით და 2003 წელს “ვარდების რევოლუცია” მოვაწყვეთ. ვფიქრობდი, რომ ამის შემდეგ საქმიანობას უფრო მშვიდ რიტმში გავაგრძელებდით, ამიტომ გამარჯვების შემდეგ მოვეშვი, მოვდუნდი და ყველა ტკივილმა თავი იჩინა, რომელსაც იმ დაძაბულობის ფონზე, არც ყურადღებას ვაქცევდი და მაინც და მაინც ვერც ვამჩნევდი.
რელაქსირება ვერც მოვასწარი, რომ შემდეგ უარესი “საგიჟეთი” დამეწყო. ჟვანიამ ბინძური და ცილისწამებლური კამპანია გამიჩაღა, თუმცა ამაზე მეტად ჩემს პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვა მაღელვებდა.
დაპირისპირება პარტნიორებთან
მე, დათო დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 25 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა. 17-18 წლის ვიყავით როცა მთაში ერთმანეთი გავიცანით და მას შემდეგ უფულობა, გაჭირვება და უამრავი განსაცდელი ერთად გადავიტანეთ. ჯარჯის ტელევიზიაში მუშაობის რესურსი არ აღმოაჩნდა და ამის გამო „ “რუსთავი 2”“-ის მართვაში არ მონაწილეობდა. ფლობდა მესამედ წილს და ვინაიდან ტელეკომპანიას მოგება არ მოჰქონდა, დივიდენდს ვერ იღებდა. მე და დათოს ეს გვაწუხებდა, ვინაიდან ჩვენ ხელფასს მაინც ვიღებდით, ხოლო ჯარჯის ობიექტური გარემოების გამო ესაც არ ჰქონდა.
რა თქმა უნდა, მე და დათოს ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება არ გვქონდა, რაც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია, მით უფრო - ბიზნეს სფეროში, ხშირად გვიკამათია უამრავ საკითხზე - ფინანსურზე, პრინციპებზე, შეხედულებებზე, კომპანიის განვითარების გზებზე, ოპერატიულ მართვაზე და ასე შემდეგ. ასეთი კამათები ჩვენი ურთიერთობისთვის პრობლემად არ ქცეულა, ამას შესაძლოა ხელს ისიც უწყობდა, რომ მუდმივად საომარ რეჟიმში ვიმყოფებოდით, რაც გვაიძულებდა ერთმანეთის მიმართ მტკიცე ურთიერთობა გვქონოდა. ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ჩვენს სიმტკიცეზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, და არა მარტო “რუსთავი 2”-ის მომავალი.
2003 წლის სექტემბერში დვალს უფრო ღრმა ტიპის კრიზისი დაეწყო, ვიდრე ეს ადრე ემართებოდა. ეს გამოიწვია იმან, რომ დვალი “რუსთავი 2”-ის განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავდა. მან მოიფიქრა გეგმა, რომლის მიხედვით ჩვენ პატარკაციშვილთან ერთად ზურა ჟვანია პრეზიდენტად გაგვეხადა, რის შემდეგ მზად ვიყავით ტელეკოპანია ბადრისთვის მიგვეყიდა. ამ პროექტს ბადრიმ უღალატა, შემდეგ ჟვანიამაც გვიღალატა, როცა იგი არ დაგვეხმარა პატარკაციშვილისგან პირგასამტეხლო რომ აგვეღო. დათოს გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც დვალი დეპრესიაში ჩავარდა. სექტემბრიდან მოყოლებული 2 ნოემბრის არჩევნებამდე ის სახლიდან არ გამოდიოდა და მასთან საუბარსაც ვერ ვახერხებდი. ამ პერიოდში მთლიანად ჩემზე გადაიარა ტელევიზიის მართვამ, იქ ეგზიტპოლის ორგანიზებამ, მერე ამ ეგზიტპოლის გამოქვეყნებაზე ჟვანიასთან დაპირისპირებამ.
2 ნოემბრის შემდეგ რევოლუციურ სიტუაციებში დვალი აქტიურად ჩაერთო და შესანიშნავი აზრები ჰქონდა. რევოლუციის შემდეგ, როცა ნახა, რომ ბადრი პოლიტიკურად გადარჩა და სააკაშვილს და ჟვანიას დაუმეგობრდა, ამის გამო კვლავ დეპრესია დაემართა და ჩვენი დაპირისპირებაც აქედან დაიწყო.
თავდაპირველად პრეტენზიით მომმართა, რომ ტელეკომპანია ხელისუფლების მიმართ ლოიალური გახდა და მკითხა, თუ რატომ აღარ აკეთებდნენ ჟურნალისტები მწვავე სიუჟეტებს.
მე ჩემი პოზიცია მქონდა, ჩემთვის მთავარი იყო სააკაშვილის საპრეზიდენტი ინაუგურაციამდე ქვეყანა მშვიდობიანად მისულიყო. ბუნებრივია, პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ხელისუფლება სუსტი იქნებოდა, ამის გამო რევანშის საფრთხეც არსებობდა. ამას დაუმატეთ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენ, ჩვენ ყუმბარა გვესროლეს, ყოფილი გუბერნატორი კვიციანი დაუმორჩილებლობას გვიცხადებდა და წინააღმდეგობას მარტო შიშველი ხელებით არ აპირებდა, ჩემთვის უცნობი მიზნით ბერეზოვსკი შემოაპარეს ქვეყანაში.
ამასთან, ხელისუფლება ფორმირებულიც კი არ იყო და ჟურნალისტებს ვისზე უნდა ეკეთებინათ მძაფრი სიუჟეტები?
ინაუგურაციის შემდეგ, 100 დღის მანძილზე, საყოველთაოდ მიღებული ნორმაა, რომ თუ ხელისუფლებამ რაიმე საშინელება არ მოიმოქმედა, მძაფრ კრიტიკაზე მასმედია მორატორიუმს აცხადებს და ეს წესი მე არ მომიფიქრებია.
ვფიქრობდი, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენი მხრიდან სიტუაციის გამწვავება მიზანშეუწონელი იყო.
ამას მაისის დასაწყისში აჭარის მოვლენები დაერთო, მე ჟურნალისტებს ვეხვეწებოდი ყოველი სიტყვა აეწონათ, რომ მდგომარეობა მეტად არ დაგვეძაბა.
დვალი არ მეთანხმებოდა და მან სუბორდინაცია დაარღვია. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მე ვიყავი და საინფორმაციო პოლიტიკის თუ კომპანიის ოპერატიული მართვის ფუნქცია მე მეკისრებოდა. ამ დროს, დათო ჟურნალისტებს თავისთან იბარებდა და მის აზრებს თავზე ახვევდა, ჟურნალისტებიც დაიბნენ, სახეზე იყო ორხელისუფლებიანობა და აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.
შევეცადე დათოსთან საერთო ენა გამომენახა, რომ შემენარჩუნებინა მასთან მეგობრობაც და კომპანიაც, რომელსაც ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა უკავშირდებოდა. დათოს ვუთხარი, მოვილაპარაკოთ და რასაც შენ მეტყვი, იმას გავაკეთებ, ოღონდ სუბორდინაცია დაიცავი მეთქი. ვერაფერს მივაღწიე, კომპიუტერთან იჯდა და “ჩათაობდა”, პასუხს აღარ ამბობდა.
კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ჩვენი ურთიერთობა დაანგრია, “ღამის კურიერის” დახურვა გახდა, რომელიც ეკა ხოფერიას მიჰყავდა. ეს გადაცემა მარაზმად იქცა, პოლიტიკოსები, სამსახიობო ბომონდი, ყოველდღე გაუთავებლად 3-4 საათი პირდაპირ ეთერში ისხდნენ და ათას თემაზე, რომ იტყვიან, წაქცევამდე საუბრობდნენ. ხოფერიას ვეჩხუბებოდი, რომ გადაცემისთვის გაქვს 40 წუთი, როგორმე ამ დროში ჩაეტიე. ეს არ გამოდიოდა, ღამის ორ საათზე ჩავრთავდი ტელევიზორს, ვხედავ ლაყბობას აგრძელებენ.
შემდეგ ანალოგიური გადაცემები “იმედზე” და სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზეც დაიწყეს.
ამ პოლიტიკოსებსაც საქმე გაუჩნდათ, საღამომდე წამოწოლილები გაზეთებს კითხულობდნენ, შემდეგ საღამოს რომელიმე ტელევიზიის ეთერში, ხანაც კი ორგან მისვლას ასწრებდნენ და სიბრძნეებს აფრქვევდნენ.
გადავწყვიტე, ამ სიგიჟეს ბოლო მოღებოდა. ტელეკომპანიის ოპტიმიზაციას ვაპირებდი და ერთადერთი ამ მიზნით, გადაცემის დახურვა გადავწყვიტე.
თუმცა, ვეჭვობდი, რომ თუ მარტო მე დავხურავდი ღამის თოქშოუს, ეს საბაბს მისცემდა უამრავ ადამიანს, რომ ჩვენთვის წამოეძახებინათ, სამთავრობო არხი გახდა და ტელედებატებიც ამიტომ დახურაო. არადა მაშინ ვის ეშინოდა ტელედებატების, პირიქით სულ ის მაწუხებდა - პარლამენტში, მხოლოდ ერთი პარტია არ გავიდეს მეთქი.
ჟვანიას ვუთხარი, რომ პატარკაციშვილსაც დაეხურა ღამის ეს მასკარადი. ზაზა შენგელიას თვითონვე ავუხსენი სიტუაცია და სამივე ტელეარხზე ღამის დებატები ერთდროულად დაიხურა.
ამის შემდეგ, მე და დვალი ყვირილის გარეშე ვეღარ ვკამათობდით. მასთან სასაუბროდ მივდიოდი და იქიდან ხან ჩემი ხავილი ისმოდა, ხანაც დვალის. საერთო ენას ვეღარ ვპოულობდით, რის გამოც ემოციებზე კონტროლს ვკარგავდი.
ამასთან, მე სამსახურში 9 საათზე მივდიოდი, დათო დასვენებული 4 საათზე მოდიოდა და მერე ნერვებს მიშლიდა.
აუცილებლად უნდა განგვეხილა ბიძინა ივანიშვილის წინადადებაც, რომელიც ტელევიზიის მომავალს ეხებოდა და დამფუძნებლებს რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, თუმცა ათასი რამის მომიზეზებით, ხან არ ეცალა, ხან მერე ვისაუბროთო და ეს საკითხიც, ვერ განვიხილეთ, რაც ძალიან მთრგუნავდა.
ბოლოს მას შევთავაზე, ოღონდ მეგობრობად დავრჩეთ და მზად ვარ ყველაფერი გადმოგაბარო, გენდობი - საქმეს წაიყვან და მე სულ წავალ ამ ქვეყნიდან, გინდა შენ შემეშვი და მე გადავწყვეტ ყველაფერს, მოკლედ, როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი მეთქი. მან ვერაფერი გადაწყვიტა, ისევ იმ დეპრესიაში ჩავარდა და კონფლიქტმა პიკს მიაღწია.
ასეთმა დაძაბულმა ურთიერთობამ დაუსრულებელი ციკლის სახე მიიღო და მაისამდე - 7 თვე გაგრძელდა.
უნივერსიტეტი
ყოველთვის მჯეროდა და ახლაც ვფიქრობ, რომ თბილისის უნივერსიტეტის საუკეთესო რექტორი გია დვალი იქნება. რა თქმა უნდა, ამას იმიტომ არ ვამბობდი რომ იგი ჩემი მეგობრის - დათო დვალის ძმაა, მე ახლაც ასე ვფიქრობ.
მიმაჩნია, რომ გია დვალი დღეს ერთ-ერთი დიდი ქართველი ფიზიკოსი და მეცნიერია. იგი ლექციებს კითხულობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სადაც 2000 წელს ნიუ იორკის საუკეთესო მეცნიერად დაასახალეს და ამ ქალაქის მერმა რუდოლფ ჯულიანიმ უზარმაზარი ჯილდო გადასცა. გიას სხვადასხვა დროს კიდევ უამრავი ჯილდო და გრანტი აქვს მოპოვებული. შემდეგ იგი მუშაობდა შვეიცარიაში, ჟენევის ტბის ახლოს მდებარე ფიზიკოსთა მექაში - თერმში, სადაც გია მონაწილეობდა საუკუნის პროექტში, რომელიც ნაწილაკების აჩქარებას ეხება.
საქართველოში ამ კაცს ნაკლებად იცნობდნენ და მე მის, როგორც მეცნიერის, პოპულარიზაციას ვეწეოდი. გიასაც ბავშვობიდან ვიცნობ, მასაც მთაში დავუმეგობრდი. პირველად მისი რექტორად დანიშვნის იდეა სახელმწიფო მინისტრს, ავთო ჯორბენაძეს შევთავაზე, მაგრამ შევარდნაძის დროს საბჭოთა სამეცნიერო ელიტას მათგან განსხვავებული მენტალობის და გაქანების კაცის რექტორად დანიშვნას ვინ გაუბედავდა და ჩემი აზრი იდეის დონეზე დარჩა.
რევოლუციის შემდეგ მე სააკაშვილს და ჟვანიას შევთავაზე რომ გია უნივერსიტეტის რექტორად მოეწვიათ. გიას აქვს თანამედროვე საუნივერსიტეტო ცოდნა, სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით, წამყვანი უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეებთან კარგი ნაცნობობა აქვს და ვვარაუდობდი, რომ ჩვენს უნივერსიტეტს რეგიონში სამეცნიერო ცენტრად აქცევდა. მას შეეძლო აქ წამყვანი, ცნობილი მეცნიერები მოეწვია რომლის შემდეგ უნივერსიტეტის სახელი შესაძლოა იმ ბრენდად ქცეულიყო, სადაც მუშაობა და სწავლა პრესტიჟული გახდებოდა. უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობა კიდევ, შენობებს სახაჭაპურეებზე და რაღაც ამდაგვარ ობიექტებზე აქირავებდა, რომ ფული ეშოვნა.
მიშას მოეწონა ჩემი იდეა და ამერიკაში პირველი ვიზიტისას გია დვალს შეხვდა. მას საქართველოში ჩამოსვლა და უნივერსიტეტის რექტორობა შეთავაზა. ამის შემდეგ ამ თემაზე სერიოზულად დაფიქრდა.
მან გადაწყვიტა, რომ ძირითად სამსახურში - ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აკადემიურ შვებულებას აიღებდა და თავდაპირველად აქ ერთი წლით ჩამოვიდოდა. თუმცა მე მუდმივად ვუჩიჩინებდი, რომ ერთი წელი ძალიან ცოტა დროა და თუ სულ ჩვენთან იმუშავებ ძალიან კარგი იქნება, ხოლო სამეცნიერო სემინარებზე სიარულს აქედანაც მოახერხებ მეთქი.
გია თბილისში მაისში ჩამოვიდა, როცა მე და მის ძმას ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ამის თაობაზე გიას ვთხოვე, რომ ჩვენი ურთიერთობის გამოსასწორებლად იქნებ რამე ეღონა. ვუთხარი, რომ არ ვიყავი დაინტერესებული კონფრონტაციით და პირიქით, ძალიან მსურდა რაიმე გამოსავალი გვეპოვნა. მიმაჩნდა, რომ ჩვენ შეგვეძლო იმ წინაღობების გადალახვა, რომელიც ერთმანეთს შორის წარმოგვექმნა და რომელზეც არაერთხელ მითქვამს, არამარტო “რუსთავი 2” –ის ან ცალკეული ჩვენი ოჯახების, შესაძლოა ქვეყნის მომავალი განგვესაზღვრა, რომლის ხელისუფლების ბედიც “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პოლიტიკაზე იყო ჩამოკიდებული.
გიამ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის არაფერი გააკეთა, მან პილატესავით “ხელები დაიბანა” და გვერდზე გადგა.
გიას ჩამოსვლიდან მეორე თუ მესამე დღეს მე და ის სააკაშვილს თავის კაბინეტში შევხვდით. სადილზე გია და მიშა შეთანხმდნენ, რომ მეორე დღის 12 საათზე გია უნივერსიტეტში მივიდოდა და როინ მეტრეველი მას საზეიმოდ გადაულოცავდა რექტორობას. გია ამ პირობით დაშორდა სააკაშვილს, ხოლო მისი წასვლის შემდეგ მე ისევ სააკაშვილთან დავრჩი და ვესაუბრებოდი, რომ ჟვანია უსამართლოდ გადამეკიდა.
ამასობაში სააკაშვილს რაღაც აზრი მოუვიდა და მთხოვა გიას დაურეკე, რაღაც უნდა ვუთხრაო. მე დავურეკე გიას და ტელეფონი მიშას გადავაწოდე. მიშამ მას შეთავაზა, რომ იქნებ როინ მეტრეველი რექტორობიდა გადადგომის შემდეგ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაეტოვებინათ, მას არანაირი ფუნქცია არ ექნება, უბრალოდ რბილად ჩამოშორდება უნივერსიტეტსო. მე არ მომისმენია გიამ რა უთხრა, მიშამ ამ პასუხის შემდეგ - კარგი, კარგიო თქვა და საუბარს ამით მორჩნენ.
აპრილიდან მე, გია და დათო ვაკეში, ერთ სახლში დავსახლდით და კარის მეზობლები გავხდით. საღამოს მე, გია და ჩვენი საერთო მეგობარი - ბენო ქაშაკაშვილი ჩემს აივანზე სასაუბროდ დავსხედით. გიას როინ მეტრეველთან ერთად მუშაობა არ ხიბლავდა და ცოტა ანერვიულებული იყო. სიმართლე ვთქვათ, მე ვერაფერს საგანგაშოს მის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნაში ვერ ვხედავდი. იმის გათვალისწინებით, რომ ელიტის ნაწილი და გავლენიანი პირი იყო, სააკაშვილი მას კონფრონტაციის გარეშე ანაცვლებდა, გიასაც ასე ვამშვიდებდი. თან ჩემი პრობლემები მაწუხებდა და გიას ვეუბნებოდი იმას, რაც მისი ძმისთვისაც მრავალჯერ მითქვამს, რომ ჩვენი კონფლიქტი ქვეყანაში ბევრ ნეგატიურ პროცესს გამოიწვევდა, ამიტომ რამე უნდა გვეღონა, რომ დათო შემომერიგებინა.
ჩემი ვარაუდი მოგვიანებით გამართლდა კიდეც, როცა ხელისუფლებამ ტელეკომპანია წაგვართვა და რამაც სააკაშვილს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება ასჯერ გაუადვილა. ამის გამო მე იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა და თავი ამერიკას შევაფარე.
მეორე დილის 12 საათზე გია უნივერსიტეტის რექტორი უნდა გამხდარიყო, თუმცა დღის პირველ სააღზე სააკაშვილი მირეკავს და მეკითხება - რატომ არ მივიდა გია 12 საათზე უნივერსიტეტში? ვერაფერი ვუპასუხე, ნამდვილად არ ვიცოდი რა მოხდა და ბენო ქაშაკაშვილს დავურეკე, იქნებ მან მითხრას თუ რამე იცის მეთქი.
- გია წუხელ ვენის რეისით ამერიკაში გაემგზავრა, - მეუბნება ბენო.
კინაღამ შევიშალე! რა ამერიკაში, მე რატომ არ შემატყობინე მეთქი, - ჩხუბი დავუწყე.
- “ძმებმა ასე გადაწყვიტეს და ვეღარ გითხარი, თანაც შუა ღამით გაღვიძება მომერიდა,” - მპასუხობს ბენო.
ხშირად მომისმენია, რომ გია დვალს და სააკაშვილს ერთად როგორ უნდა ემუშავათ, აბსოლუტურად სახვადასხვა ტიპები არიან, განსხვავებული ტემპერამენტის და ასე შემდეგ.
ყველაზე მეტად გიგი თევზაძე ნერვიულობდა, როცა გაიგო, რომ გიას რექტორად ნიშნავდნენ. არ ვიცი, მას რა მოლოდინი ჰქონდა უნივერსიტეტთან მიმართებაში, მაგრამ გიას კარგად იცნობდა, მათი მეუღლეები კლასელები და დაქალები არიან და გიგი სულ იძახდა - გიას რა უნდა თბილისის უნივერსიტეტში, რათ უნდა ეს რექტორობა. მას ეს პერსპექტივა ძალიან აწუხებდა.
გიას ამერიკაში გაპარვამ ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო. წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრი გადამეკიდა, პარტნიორთან საუბარსაც ვეღარ ვახერხებდი და ამას დაემატა ისიც, რომ პრეზიდენტს, რომელმაც ერთი კვირით ადრე ასლან აბაშიძე დაამხო და ფიქრობდა რომ “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორასა ძვრას ვუზამ,” უცებ ჩემმა პროტეჟემ უნივერსიტეტის თემაზე ცხვირი წაატეხინა.
ამერიკიდან დაბრუნება, ტელევიზია და საპრეზიდენტო არჩევნები
ამერიკაში ცხოვრებამ სიმშვიდეს მიმაჩვია. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს “გარედან” მშვიდად და ყურადღებით ვადევნებდი თვალს. საქართველოში დაბრუნება ძალიან მსურდა. გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი და ჩემს ქალაქში, რუსთავში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო, მსურდა ქალაქის მერი გავმხდარიყავი.
შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დავურეკე და ვუთხარი რუსთავის მერობას ვაპირებ და შენ რამე საწინააღმდეგო ხომ არ გექნება არჩევნებში კენჭი რომ ვიყარო-მეთქი. მერაბიშვილი გაშრა. ჩემგან ასეთ წინადადებას არ ელოდა და თავიდან დაიბნა. საბოლოოდ ვანომ არადელიკატურად უარყოფითად მიპასუხა: რუსთავის მერად დათო ნადაშვილს ვნიშნავთ და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილიაო. ნადაშვილს ვიცნობ, ჩვენს კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა და მერაბიშვილი დავამშვიდე, მაგასაც მივხედავ, უსამსახუროდ არ დავტოვებ მეთქი. მაინც უარი მითხრა.
შემდეგ ამავე საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს დავურეკე, ვთხოვე, სააკაშვილისთვის გადაეცა ჩემი განზრახვა. ცოტა ხნის შემდეგ ნინომ დამირეკა და მითხრა, რომ სააკაშვილს ძალიან გაუკვირდა შენი გადაწყვეტილება და უარი შემოგითვალაო.
ამის შემდეგ გიგა ბოკერიას დავურეკე და მინდოდა მასთან გამერკვია, რატომ არ სურდათ რუსთავში ჩემი დაბრუნება. ამანაც პასუხი ვერ გამცა, რაღაც გაურკვეველად ისაუბრა. მოკლედ, პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ ამჯობინა, რომ რუსთავის მერად ნადაშვილი დაენიშნათ.
ოქტომბერში ნიუ-იორკში გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ჩამოვიდნენ. მათ შევხვდი და ვისაუბრეთ. ბოკერიამ გამომიცხადა, შენ საქართველოში შეიძლება დაბრუნდე, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილებების მიმღები ვეღარ იქნები, როგორიც ამერიკაში წამოსვლამდე იყავიო. გამეცინა, მაფრთხილებს, რომ საქართველოში ახლა მე ვწყვეტ საკითხებსო. ვუპასუხე, რა სისულელეა, საქმის საკეთებლად მსურს ჩამოსვლა და მერად გახდომასაც ამიტომ ვაპირებდი-მეთქი. დაწყნარდა. ბოკერიამ შემომთავაზა საპენსიო ფონდს ჩაუდექი სათავეშიო. მე დავთანხმდი, თუმცა არც ეს დაპირება აღმოჩნდა რეალური.
მერე თვითონ აღარ მაინტერესებდა, ესენი რას შემომთავაზებდნენ და ჩამოსვლა გადავწყვიტე. ეს რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე: პირველი, ვხედავდი, რომ სააკაშვილი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. გირგვლიანის და სხვათა გახმაურებულმა მკვლელობებმა სერიოზულად შეარყია მისი რეპუტაცია. ამით კარგად სარგებლობდა ბადრი პატარკაციშვილი, ვხედავდი, რომ ტელეკომპანია “იმედი” ძალიან გაძლიერდა და ხელისუფლებაზე შეტევას ახორციელებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლება, უნამუსოდ მომექცა, უამრავი შეთანხმება უსინდისოდ დაარღვია, მაინც ვფიქრობდი, რომ თუ პატარკაციშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ეს პირადად ჩემთვის და ქვეყნისთვის გაცილებით ცუდი შედეგის მომტანი გახდებოდა. ბადრის რევანშის განხორციელება სურდა. ახლა, წარმოიდგინეთ, ხელისუფლების სათავეში ჩემი მეგობრები მოვიყვანე, ესენი მტრად გადამეკიდნენ და რევანშისტების გამარჯვებით უარესი რომ მელოდებოდა, ამას რა დიდი მიხვედრა უნდოდა.
ვიცოდი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პატარკაციშვილს მოსყიდული ჰყავდა. ბადრის რომან აბრამოვიჩის ნაჩუქარი, 120 ათას დოლარიანი ბრილიანტის თვლებით მორთული ოქროს საწერ-კალამი ჰქონდა. მან ეს ძვირფასი ნივთი ოქრუაშვილს აჩუქა, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორი გახლდათ. ოქრუაშვილი გაბრწყინებული შეჰყურებდა ამ საწერ-კალამს და ერთხელ, მეც მაჩვენა, ბადრიმ მაჩუქაო, ამაყობდა. ამის, შემდეგ ოქრუაშვილი ბადრისთან მეგობრობდა.
2007 წლის იანვარში საქართველოში დავბრუნდი. აქ დაბრუნებულს საზოგადოებრივი მაუწყებლის აწყობაში დახმარება მთხოვეს და მეც დავთანხმდი. საშუალება მომეცა ცოდნა, რომელიც ტელევიზიის სფეროში დამიგროვდა, ახალი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაქმნელად გამომეყენებინა.
თებერვლის ბოლოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დამირეკა და მთხოვა, გუდაურში სასრიალოდ მივდივარ, ნახევარ საათში შავნაბადას რეზიდენციაში ამოდი და იქედან ვერტმფრენით ერთად გადავფრინდეთო.
შავნაბადიდან მე, სააკაშვილი და მისი ბიძაშვილი, ნიკა ალასანია, გუდაურში ერთად გავფრინდით. გზაში სააკაშვილს ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას უსმენდა, ამის გამო ვერაფერზე ვილაპარაკეთ. გუდაურში ნიკა რურუა დაგვხვდა, რომელსაც ეტყობოდა, რომ პრეზიდენტთან ძალიან დაახლოებულა.
მიშას დაცვა კუდში დაყვებოდა და სასრიალო ბილიკის მთელ სიგრძეზეც სნაიპერები იდგნენ.
სააკაშვილის სრიალის ყურება ერთი სიამოვნებაა. სულ გგონია, რომ დაეცემა, მაგრამ, არა, არ ეცემა და სასაცილოდ მისრიალებს, ტლანქად მოძრაობს და წონასწორობას არ კარგავს.
მან საბაგიროზე ერთ-ერთი ასვლისას მკითხა, თუ რას ვფიქრობდი ირაკლი ოქრუაშვილზე. რასაც ვფიქრობდი პირდაპირ მწარედ ვუთხარი. ”რას ფიქრობ, ის რომ პრემიერ-მინისტრად დავნიშნო,” - შემომიბრუნა კითხვა. ტვინში სისხლმა ამასხა.
- ამის დედა ვატირე, მე რაც გაგიკეთე კარგად იცი, მიუხედავად ამისა, ამერიკაში ისე წავედი ერთხელ არ დაგირეკავს და გიკითხავს, რას შვრები ან როგორ ხარ. ორი წელი ნიუ-იორკში ჩემთვის, წყნარად ვიჯექი, ხმა არაფერზე ამომიღია და ჩემთვის რუსთავის მერობაც არ გაიმეტე. ეს ოქრუაშვილი რევოლუციის მეორე დრეს გუბერნატორად დანიშნე, მესამე დღეს - გენერალურ პროკურორად, მეოთხე დღეს - შინაგან საქმეთა მინისტრად, მერე თავდაცვის მინისტრად, მერე - ეკონომიკის მინისტრად. მიუხედავად ამისა, ეტყობა, შენზე განაწყენებულია, დააცადე ერთი-ორი წელი, თუ მეგობარია და უბრალოდ გაუგებრობა მოგიხდათ, მაშინ წყენა გაუნელდება, თუ მტრობა ჩაიდო გულში, ამასობაში ესეც გამოჩნდება. თუ მისი განწყობა არ იცი, რატომ უნდა დანიშნო პრემიერ-მინისტრად, ჩემთვის გაუგებარია, - ვუთხარი სააკაშვილს.
ჩემი აზრით, სააკაშვილმა გადამამოწმა, მოვიაზრებოდით თუ არა მე და ოქრუაშვილი ერთ გუნდში და, ამასთან, როგორც მერე გამოჩნდა, იგი ნამდვილად აპირებდა მის პრემიერ-მინისტრად დანიშნვას. ეს ჩემს გამო არ გადაუფიქრებია, ჩემზე ათასჯერ მეტად დაახლოებული პირები ეხვივნენ გარს. გუდაურიდან ჩვენი ურთიერთობა დათბობისკენ წავიდა.
ჟინვალამდე “ჰამერით” წამოვედით, ჟინვალში “მერსედესში” გადავსხედით და თბილისში უშიშროების საბჭოს მდივნის, კოტე კემულარიას ოჯახში მიმიყვანა. აქ დაგხვდნენ ქალაქის მერი უგულავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, სანდრა ბავშვებთან და მშობლებთან ერთად. კემულარიას მეუღლე გემრიელ ელარჯს აკეთებს და მიშას ამიტომაც ჰყვარებია აქ სტუმრობა.
მოკლედ, მიშამ ისევ თავის საახლობლო წრეში გამრია, ჩემდამი სიმპათია და ყურადღება გამოიჩინა.
რამდენიმე ხანში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თამარ კინწურაშვილის მრჩევლად დამნიშნეს. პირველად ტელევიზიაში რომ მივედი, რეინკარნირებული ბუდასავით მიყურებდნენ. ყველა ინტერვიუს მთხოვდა და კამერებით კუდში დამსდევდნენ. ერთ-ერთი ვრცელი ინტერვიუ ჟურნალ “ცხელ შოკოლადს” მივეცი. 4-5 საათი ყველაფერზე გულწრფელად ვისაუბრე. ეს ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდის და სანამ ინტერვიუ დაიბეჭდებოდა, ტელევიზიის პროგრამების რედაქტორი კანში სატელევიზიო გადაცემების გამოფენაზე წავიყვანე. ამის შემდეგ, თავად კინწურაშვილი ამერიკაში ტელე-აპარატურის შესარჩევად და საყიდლად ჩავიყვანე. ვცდილობდი, სწრაფად გადამეცა მისთვის ჩემი ცოდნა, ვინაიდან ამ ტელევიზიაში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი. ამერიკაში კინწურაშვილმა ერთი-ორჯერ მაწყენინა: მას ძალიან სურდა ოპერატორ თემურ გოგოლაძის “რუსთავი-2”-დან საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაყვანა და ამერიკაში მას ჩემს თვალწინ იბირებდა. ამით სუბორდინაცია დაარღვია, ჩემს კომპეტენციაში ისე შემოიჭრა, სულ არ უგრძვნია უხერხულობა. ჩავთვალე, რომ გამოუცდელი მენეჯერია და წყენა არც შემიმჩნევია.
გადაწყვეტილი მქონდა, რომ “რუსთავი-2”-დან კადრებს არ წამოვიყვანდი, ვინაიდან ამაზე სააკაშვილი განაწყენდებოდა და იმ კოლექტივსაც ნდობას ვუცხადებდი, რომელიც ყოფილ “პირველ არხზე” დამხვდა. თუმცა, ასეთი დათრგუნული კოლექტივი მანამადე არსად მენახა. ერთ ჯგუფს საერთოდ არაფრის კეთება არ უნდოდა, მეორე ჯგუფს იმის საშუალებას არ აძლევდნენ, ის გაეკეთებინათ, რაც უნდოდათ, მესამე, კარიერისტების ჯგუფი, კინწურაშვილს სულ თან დაყვებოდა. საინფორმაციო პოლიტიკას კი ბოკერია და რამიშვილი გეგმავდნენ და საინფორმაციო გადაცემის უფროსი მას, უბრალოდ, ახორციელებდა. ფრანგი კონსულტანტი ოლივიე მიშელი გაგიჟებული ჰყავდათ. კაცი საფრანგეთიდან მოიწვიეს და თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად, კომუნისტური ტელევიზიის გაკეთებას აიძულებდნენ.
კინწურაშვილს ტელევიზიის საერთოდ არაფერი გაეგებოდა. ჟურნალისტები ანეკდოტად მიყვებოდნენ, რომ მან ერთხელ ოპერატორს ღამით ქუჩის გადაღება დაავალა. ოპერატორმა ღამის განათება მოსთხოვა, რაც ფარანივით ანათებს და ვიდეო კამერას ზემოდან უმაგრებენ. ამან კიდევ ღამის განათება, გაიგონა და პრობლემას მარტივად, ერთი სატელეფონო ზარით წყვეტდა, ქალაქის მერს უგულავას ურეკავდა და თხოვდა ღამით ქუჩას ვიღებთ და დამატებით ლამპიონი ჩამოგვიკიდეო.
სასაცილო იქნებოდა, რომ არა ის უზარმაზარი დაფინანსება, რომელსაც ეს ტელევიზია იღებს და ეს ფული მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდას ხმარდება.
ამერიკაში დედაჩემს ოპერაცია გავუკეთე და ამის გამო თბილისში კინწურაშვილზე ორი კვირით გვიან დავბრუნდი. ჩამოვედი და შეცვლილი დამხვდა. მას “ცხელ შოკოლადში” ჩემი ინტერვიუ წაუკითხავს. ყდაზე ჩემი სურათი და დიდი სათაური -“ის დაბრუნდა” დაუბეჭდავთ. რა ჩემი ბრალი იყო, თუ ეს ჩემს ზედმეტ ამბიციად ჩათვალეს? ეს ჩემგან არ მომდინარეობდა, ჟურნალის პოზიცია გახლდათ.
ინტერვიუში ვამბობდი, რომ გოგი გვახარიას სიამოვნებით მივიღებდი სამსახურში. კინწურაშვილმა თავის კაბინეტში პრეტენზიულად მითხრა, რომ გვახარიას, მე კი არა თავად მოიყვანდა და მე არავინ არაფერს მეკითხებოდა. მერე შენიშვნა მომცა, ინტერვიუს დროს სახელმწიფოს მაღალჩინოსნებზე ფამილარულად არ უნდა ისაუბრო, თანამდებობის პირები ბატონობით მოიხსენიეო.
ამან, ისე იმოქმედა, ხარს წითელ ნაჭერს რომ აუფრიალებენ და ძალიან გახელდება. ასეთ შენიშნვას მაძლევდა თამარ კინწურაშვილი, რომელიც როცა “თავისუფლების ინსტიტუტში” მივდიოდი, შეშინებული თვალებით შემომცქეროდა. ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი: შენს ადგილზე ახლა კარგი იქნებოდა შენი ქმარი ყოფილიყო, თავ-პირს დავალეწავდი მეთქი. შეშინებული სადღაც გაიქცა და დაიმალა.
ამ ინციდენტის შემდეგ, ბოკერიას და ლევან რამიშვილს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მე გავაკეთებდი მხოლოდ დილის გადაცემას, რის დასაფინასებლადაც კინწურაშვილს მინიმალურ ბიუჯეტს წარვუდგენდი. დამთანხმდნენ.
სანამ კინწურაშვილი თანხას გამოყოფდა, ჩემი ფულით დილის გადაცემის ძველი სტუდია გავარემონტე. თუმცა მერე სხვა პრობლემის მომიზეზებით, დროს მიწელავდნენ და გადაცემის მომზადებას აჯანჯლებდნენ.
ამასობაში, ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი ცნობილი და სკანდალური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია “იმედს”. ამ მომენტშიც დავურეკე ბოკერიას და ვუთხარი, “იმედის” საპირწონედ საზოგადოებრივი არხიც უნდა გაეძლიერებინათ და მე ჩემს დილის გადაცემას დავიწყებ მეთქი. მან ეს თხოვნაც უპასუხოდ დატოვა.
ჩემი აზრით, ის გუნდი, რომელიც ღამ-ღამობით სააკაშვილთან შავნაბადაზე იკრიბებოდა, ჩემს ნებისყოფას ცდიდა და მაიძულებდნენ, რომ ოქრუაშვილის მსგავსად, სკანდალური ინტერვიუ მიმეცა და ხელისუფლებას დავპირისპირებოდი. მერე მეც ციხეში ჩამსვამდნენ. მათ არ მოსწონდათ, რომ სააკაშვილს მათსავით მლიქვნელურად არ ვესაუბრებოდი და ეჭვიც, გაუჩნდათ, რომ მოკლე ხანში შესაძლოა ისევ სერიოზული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ავტორი გავმხდარიყავი, რაზეც ეს ბოკერია ნიუ-იორკში შფოთავდა.
თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ბადრი პატარკაციშვილის რევანშისტული მოძრაობის გამარჯვების შიში იყო. ბუნებრივია, ამის გამო, იმ მოვლენებს, რომელიც ნოემბერში ოქრუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, თვალს შორიდან ვადევნებდი.
2 ნოემბერს, დილით ვანო მერაბიშვილმა დამირეკა და მთხოვა, შევხვედროდი. მან რუსეთში ელჩად წასვლა შემომთავაზა. მე გამიკვირდა - „ძლივს საქართველოში დავბრუნდი და სად უნდა წავიდე, რისთვის მიშვებთ იქ?“ კაი, კაი, ეს ამბები, რომ ჩაივლის მერე ვილაპარაკოთ ამაზეო.
სახლში, რომ დავბრუნდი, დავფიქრდი და ეს წინადადება ჭკუაში დამიჯდა. სააკაშვილისგან განსხვავებით, მერაბიშვილი ომის მოწინააღმდეგე გახლდათ და ვიფიქრე, ჩემი რუსეთში გამწესებით შესაძლოა ამ ქვეყანასთან ახალი, ნორმალური ურთიერთობის დაწყებას აპირებენ-მეთქი. ამ მიზნისთვის მზად ვიყავი კვლავ გავცლოდი აქაურობას. მაღელვებდა ყოფილი ელჩი, ირაკლი ჩუბინიშვილი, მერე რომ არ დაეწყო საუბარი, ეროსიმ ჩემი ადგილი დაიკავაო. ამაზე მიპასუხეს, არ იდარდო, ჩუბინიშვილი ფორმალურად არის ელჩი, რეალურად კი მოსკოვში თავისი ბიზნესით არის დაკავებულიო.
7 ნოემბერს მიშამ საშინელი შეცდომა დაუშვა. მან მომიტინგეები დაარბია და “იმედში” შეიჭრა. სასტიკად გაუსწორდა ჟურნალისტებს. მაშინ ნანახი არ მქონდა, თუ რა სასტიკად სცემდნენ ხალხს ქუჩაში. რუსთაველის პროსპექტზე საკრებულოს თავმჯდომარის ბეგაშვილის “მარშიც” მოგვიანებით ვნახე და დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი მიშამ, “იმედის” დასარბევად მოაწყო. ტელეკომპანია დაარბია და ქვეყანაში ქაოსი მიიღო. ბადრი პატარკაციშვილის პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა.
მანამდე ბადრი და მიშა “იმედის” თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მიშა საქართველოს რკინიგზას “იმედში” ცვლიდა. ბადრის მეგობარმა, ვანო ჩხარტიშვილმა, სააკაშვილის ფავორიტ ბიზნესმენ დოდიკა შარანგიასთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანული ნავთობკომოანია “სოკარი” შემოიყვანა. შარანგია ამ ბიზნესიდან სახელმწიფოს წილს - 25 პროცენტს იღებდა. მიშა ბადრის შარანგიას და ჩხარტიშვილის მეშვეობით ევაჭრებოდა. მიშა ბადრის 99 წლიანი მმართველობით გადასცემდა რკინიგზას, თუკი ბადრი სანაცვლოდ “იმედს” დათმობდა. რკინიგზის აქტივი დაახლოებით მილიარდნახევარს დოლარს შეადგენდა. ერთი პერიოდი ესენი ამ გარიგებაზე შეთანხმდნენ კიდეც და 2007 წლის აგვისტოში გამოცხადდა, რომ რკინიგზას ბრიტანული კომპანია შეიძენდა, რომელიც სინამდვილეში პატარკაციშვილის ფირმა გახლდათ.
ერთი შეხედვით, აბსურდული შეთანხმებაა, ვინაიდან ერთი ტელევიზიის სანაცვლოდ მილიარდ-ნახევარი დოლარი ძალიან დიდი თანხაა. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ კომერციული გარიგება, სააკაშვილი ამ გარიგებით ხელისუფლებაში დარჩენის საკითხს წყვეტდა. პატარკაციშვილმა ოქრუაშვილის გამოყენებით, “ვარდების რევოლუცია 2” დაგეგმა. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ბადრის გაპრეზიდენტებას ისახავდა. სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ ნოემბრის მოვლენებისთვის რუსეთში ქართველმა კრიმინალებმა დიდძალი თანხა შეაგროვეს. სწორედ ამ პერიოდში “სტანდარტბანკიდან’ ვანო ჩხარტიშვილმა ხელზე 20 მილიონი დოლარი გამოიტანა.
ბერეზოვსკისგან განსხვავებით, ბადრი პუტინთან ნამდვილად მეგობრობდა. იგი პრეზიდენტისგან შერისხულ ბერეზოვსკის მეგობრულად გვერდში ამოუდგა და რუსეთი მასთან ერთად დატოვა. ეს იყო, მისი ადამიანური პოზიცია, სხვანაირად მას შეეძლო რუსეთში დარჩენა და ბიზნესის გაგრძელება. 2006 წელს, ბერეზოვსკიმ გამოაცხადა, რომ პატარკაციშვილთან უთანხმოებები ჰქონდა და ამიტომ მათ ბიზნეს აქტივები გაიყვეს. ეს მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, თუ გაიხსენებთ, პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ, ბერეზოვსკი ძალიან ნერვიულობდა, რომ მას და ბადრის ბელარუსში ქარხანა ჰქონდათ ნაყიდი და შიშობდა, ლუკაშენკომ ხელმეორედ არავის მიყიდოსო. ამის შიშით, მან დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად ბელარუსში ადვოკატი ზელცერი გაგზავნა, რომელიც მინსკში დააპატიმრეს.
ცხადია, მათ არაფერი ჩხუბი არ მოსვლიათ, ბადრის რუსეთში დაბრუნება სურდა და ბერეზოვკისთან აფიშირებული მეგობრობა ხელს უშლიდა. შემდეგ, მან პუტინს საკუთარი გაზეთი “კომერსანტი” აჩუქა. საქართველოში გაპრეზიდენტებით მას სურდა რუსეთში ბიზნეს აქტივები დაებრუნებინა. იგი საქართველოს რუსეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ობიექტად განიხილავდა. რუსეთი საქართველოში მისი გაპრეზიდენტებით სასურველ რეჟიმს მიიღებდა.
გასული წლის ნოემბერში ჩვენ ეს საფრთხე ავიცილეთ. ბადრის უკან რუსეთის ხელისუფლება იდგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები რუსეთის აგენტები, ანაც მხარდამჭერები იყვნენ. პატარკაციშვილმა “იმედის” და ოქრუაშვილის საშუალებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხალხი თავის სასარგებლოდ მომართა. მან გადაწყვიტა, ოქრუაშვილის გამოყენებით ძალაუფლება ხელში აეღო და ამიტომ ტელევიზიის მილიარდნახევრად გაყიდვაზე უარი თქვა.
მიუხედავად “იმედის” ჟურნალისტების მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულებისა, რომლებიც რამდენიმე პირის რუპორებად იქცნენ, მათ შორის ვანო მერაბიშვილისაც, ცხადია, რომ მიშა მათ ძალიან ცუდად მოექცა. “იმედის” დარბევამ ხელისუფლებას რეპუტაცია შეულახა. სიტუაციის განსამუხტად მიშამ 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
2 დეკემბერს სააკაშვილმა დამირეკა და მე, მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილი მასთან შავნაბადას სანხედრო ბაზაზე მოწყობილ რეზიდენციაში ავედით. აქ მიშას ახალი გარემოცვა დამხვდა: ნიკა რურუა, ეკა შარაშიძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ალექსანდრე ლომაია, გოკა გაბაშვილი, გიორგი არველაძე, დათო კეზერაშვილი, ნიკა გვარამია...
სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მე ვუხელმძღვანელებდი მის საარჩევნო პიარ-კამპანიას. დამსწრეებს ეს არ მოეწონათ, სულ შიში ჰქონდათ, რომ მე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობა არ მიმეღო. მაგრამ რას იზამდნენ? მიშას გადაწყვეტილებას მონურად ასრულებენ და ჩემს დანიშნვასაც უნდა შეგუებოდნენ.
ამ მომენტისთვის ეს ჯგუფი მთლიანად დეზორგანიზებული იყო, არავითარი სტრატეგია არ ჰქონდათ, უბრალოდ დივნებზე წამოშხლართულები ლაზღანდარობდნენ, ხორხოცებდნენ, ჭამდნენ-სვამდნენ და ქვეყნის მომავალი სულ ფეხებზე ეკიდათ. ასეთი ატმოსფერო არსად შემხვედრია, “რუსთავი 2”-დან მოყოლებული სამუშაო დისციპლინა ისე გამიჯდა სულში, რომ ჩემი თავიც მებრალებოდა, არათუ - ქვეყანა, რომ აი, ეს ტინგიცები წყვეტდნენ ჩემს და სხვების ბედს.
საარჩევნოდ აბსოლუტურად არასწორი აქცენტები ჰქონდათ დასმული. გიორგი არველაძე აბეჭდინებდა სააკაშვილის სარეკლამო ჟურნალს, სადაც ათასი სისულელე ეწერა. სარეკლამო კამპანიის სლოგანი მოფიქრებული არ ჰქონდათ და ჟურნალს ბეჭდავდნენ. ამ ჟურნალში ათასი სულელური დაპირება იყო, დაახლოებით ასეთი, რომ ყველა “პრასტიტუტკას” ეყოლებოდა კლიენტი, ყველა კლიენტს -”პრასტიტუტკა”, ყველა ბავშვს ექნება “სოსკა,” ყველა დედას ეყოლება ქმარი, ქვაბში იქნება ქათამი, გარაჟში გექნებათ ოთხი ავტომანქანა, პენსია 300 დოლარი გახდება და ამ ტიპის სხვა ბოდვები. ამავდროულად, ამ ჟურნალში დაბეჭდეს პუტინის, რუსი ჯარისკაცების კარიკატურები, რაც ასევე ამ ტიპის ჟურნალისთვის სისულელეს წარმოადგენს. ამ ჟურნალის შემდგენელი “ცნობილი” ქართველი მწერალი მამუკა ხერხეულიძე გახლდათ. მისი დაბეჭდვა 200 ათასი ლარი დაუჯდათ, ანუ ეს ფული პირდაპირ წყალში გადაყარეს.
მე სამუშაო სივრცე მოვითხოვე. დადიანის ქუჩაზე ოფისი უმალვე გამომიძებნეს. მოვითხოვე ინტერნეტი, ტელევიზორები და სხვა აუცილებელი ნივთები. ჩემი დაჟინებით, დავიწყეთ საიმიჯო ამერიკული კომპანიის მოძებნა და ეკა შარაშიძემ ორ დღეში კომპანია “გრინბერგი” ჩამოიყვანა. მე საერთო მენეჯერობას ვწევდი.
ყოველ დილით მაგიდაზე მედო წინა დღის სატელევიზიო გადაცემების რეიტინგები. ასევე აქტიურად ვიყენებდი ე.წ “ფოკუს ჯგუფებს.” ამ ჯგუფის ათეულობით წევრს ხელფასს ვუხდიდი, რომ სატელევიზიო გადაცემებისთვის ეცქირათ და მერე სატელეფონო ინტერვიუში ეთქვათ, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ საპრეზიდენტო კანდიდატების გამოსვლებიდან. მათ არ იცოდნენ ეს გამოკითხვა რომელი კანდიდატისთვის კეთდებოდა. “ფოკუს” ჯგუფი მეტნაკლები სიზუსტით მთელი საზოგადოების განწყობას გამოხატავდა. ყოველ დილით ხელთ მქონდა საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო რეიტინგები.
ჩემთან ერთად შტაბში მუშაობდნენ გოკა გაბაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი არველაძე და გიგი უგულავა, შსს-დან - შოთა უტიაშვილი. ესენი ჩემს ხელმძღვანელობას ძნელად ეგუებოდნენ. ერთმანეთსაც ებრძოდნენ და მეც ნერვებს მიშლიდნენ. ხალხი, რომელიც ვარდების რევოლუციის შედეგებს ნთქავდა და ახლაც ნთქავს, ვერ იტანდა, რომ მიშას ეროსი კიდევ დასჭირდა. ესენი ერთმანეთის ჩაშვებით, ხელის შეშლით და ინტრიგებით სააკაშვილთან ქულების ჩასაწერად იბრძოდნენ. ამის იქით ვერაფერს აკეთებდნენ, მათ საამისოდ არც ცოდნა და არც განათლება არ აქვთ.
10 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე მენეჯმენტს წუთით არ დაუსვენია. მიშა 12-13 საათზე იღვიძებდა და პირველად ჩემთან რეკავდა - ეროსიკო, აბა რა რეიტინგი მაქვს დღეს? მეც სიმართლეს უხეშად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვეუბნებოდი. ღამით მას კიდევ ვხვდებოდი და პრობლემურ საკითხებს განვიხილავდით. ამ შეხვედრების დროს მიშას გარემოცვა სულ მლიქვნელობდა და პირფერობდა. სააკაშვილს ატყუებდნენ, რომ მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ეს მე ძალიან მაცოფებდა, ყველას ვეჩხუბებოდი, რეიტინგის შედეგი მე მაქვს, გამოკვლევას მე ვაწარმოებ და თქვენი მონაცემები მცდარია-მეთქი.
ამ პერიოდში თბილისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ნოდარ სარჯველაძე (?) დავიქირავე. ის მიშას გარემოცვას ასწავლიდა, თუ როგორ ელაპარაკათ ოპონენტთან. ეს ხალხი სატელევიზიო ეთერში გასვლამდე ჩემთან ტრენინგს გადიოდა. მათ ვეუბნებოდით, რომ ოპონენტის მიმართ მეგობრულები და კეთილგანწყობილები ყოფილიყვნენ.
შევქმენით სააკაშვილის საარჩევნო ახალი სლოგანი -”საქართველო სიღარიბის გარეშე.” აქამდე მათ სლოგანად ჰქონდათ - “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”. მე ვამბობდი, რომ ამ სლოგანით მხოლოდ მოწინააღმდეგე ისარგებლებდა, ისინი გაგვაბითურებდნენ, ვინაიდან იტყოდნენ - ”მოსაკლავი კიდევ ბევრია, დასაჭერი, დასარბევი კიდევ ბევრია, დასანგრევი, მოსაპარი კიდევ ბევრია” და ასე გაუთავებლად. ჩვენ შევქმენით სლოგანი ”საქართველო სიღარიბის გარეშე”, რომელიც პირველად უტიაშვილმა მოიფიქრა.
გიორგი არველაძე აპირებდა ქუჩის ბილ-ბორდებზე “ფლეი ბოის” “ნაშების” სურათების ფონზე - “მიშა მაგარია” დაეწერა. ეს ნაღდად “მაგარი” იქნებოდა, ხალხი შიმშილის ზღვარზეა და რა რეაქცია ექნებოდა სააკაშვილს ნახევრად შიშველ ქალებთან ჩახუტებულს, რომ შეხედავდა? მის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი საღადაო თემა გახდებოდა.
მე ამომრჩეველს შევთავაზე მოხუც ბებიაზე თავმიდებული მიშა და სლოგანი “საქართველო სიღარიბის გარეშე.”
17 დეკემბერს ბადრი პატარკაციშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო და რა სისულელეებსაც მიშა პირდებოდა ხალხს, მან ეს ყველაფერი სამზე გაამრავლა და სამჯერ მეტ დაპირებას იძლეოდა. მიშა იძახდა: კომპიუტერი ყველა ხუთოსან მოსწავლეს, ბადრი იმეორებდა - სამი კომპიუტერი ხუთოსნებს, კომპიუტერები - ოთხოსნებსაც, მიშა ხალხს 100 დოლარ პენსიას პირდებოდა, ბადრი - მომენტალურად სამას დოლარს.
ბადრის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა. ეს მაშფოთებდა. ამერიკელებთან ერთად მიშას ავუხსენი, რომ თუ მსგავსი სისულელეების თქმას თავს არ დაანებებდა, კატასტროფა ემუქრებოდა. მიშა 24 დეკემბრამდე გვიჯერებდა, მერე სპეციალურ-ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის კოდუას და პატარკაციშვილის საუბრის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნეს და მიშა მეტად აღარ გაგვკარებია. ამ აუდიოკასეტის გამოქვეყნებამდე მიშას რეიტინგი 30-32 პროცენტი იყო, მას და პატარკაციშვილს აუცილებლად მოუწევდათ მეორე ტურში ბრძოლა, ვინაიდან ბადრის უკვე გამოკითხულთა 24 პროცენტი აძლევდა ხმას.
ჩემი მონაცემებით, საბოლოოდ, ხუთ იანვრამდე მიშას მაქსიმუმ ამომრჩეველთა 44-45 პროცენტი უჭერდა მხარს, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ტური აღარ გამართულა, მიშა გამარჯვებულად გამოცხადდა. მან არჩევნები გააყალბა, ვინაიდან მისი რეიტინგიდან გამომდინარე, გაყალბების გარეშე პირველივე ტურში ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა. ეს იმ უჭკუობის და სისულელის გამო დასჭირდა, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში აკეთებდა. როცა სლოგანში სიღარიბეს ახსენებ, საარჩევნო კამპანიაც მოკრძალებული უნდა აწარმოო, ამათმა კიდე ყველა სადარბაზოზე სააკაშვილის სურათები ჩამოკიდეს, არეული ჰქონდათ კონცეფციები, არველაძე და სხვები საარჩევნოდ გამოყოფილ თანხებს სისულელეებში ხარჯავდნენ.
ბადრის საუბრის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებამ პირდაპირ სულზე მოუსწროთ. სააკაშვილის გუნდს თვით კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ ჰქონდა მოვლენებისადმი სერიოზული და ადექვატური განწყობა. არჩევნების წინა დღეებში შინაგან საქმეთა მინისტრმა თუ არ ვცდები თურქეთიდან სამხედრო მანქანები “კობრები” ჩამოიყვანა. შუაღამისას შავნაბადას რეზიდენციიდან სააკაშვილის მეთაურობით 50-60 ავტომანქანით აეროპორტის დასახლებაში ამ “კობრების” სანახავად წავედით. რაღა სანახავად, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ესენი ყველანი დასხდნენ საჭესთან და 25-30 სამხედრო მანქანით ქალაქში სეირნობა და შეჯიბრება გამართეს. ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ვერ იყო ქვეყანაში სიტუაცია ჯანზე. გიჟების დოღი გეგონებოდა. ”ესენი ახალგაზრდები არიან, ეს ყველაფერი სიშლეგით მოსდით, მაგრამ ეს ლომაია რაღამ გააგიჟა, ეგ ხომ ჩემზე უფროსია მეთქი”, - ვფიქრობდი.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები უნდა გამართულიყო და მე დეპუტატად გახდომას ვაპირებდი. 11 იანვარს სააკაშვილმა დამირეკა და მას შევხვდი. მიშამ შემომთავაზა, რომ რუსეთში ელჩად წავსულიყავი. ვუთხარი, რომ ჩემი გეგმა მაქვს, მირჩევნია აქ დავრჩე მეთქი. “არა, რა, შენ ეს ყველაფერი ჯერ კარგად არ გესმის, ახლა რუსეთში ხარ საჭირო, იქიდან ინვესტიციები უნდა მოიზიდო და სიტუაციაც დასალაგებელი გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთანო”. კარგი, მოვიფიქრებ-მეთქი და ნინო ბურჯანაძესთან წავედი. ნინოს ვუთხარი, რომ სააკაშვილი რუსეთში ელჩად მნიშნავს, მაგრამ მგონია, ამას აქედან ჩემს მოსაცილებლად აკეთებს მეთქი. ბურჯანაძემ - მეც ასე ვფიქრობო, მითხრა. ნინოს შევთავაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პარტია შეგვექმნა, სადაც ნინო პირველი ნომერი იქნებოდა და არჩევნებში ცალკე მივიღებდით მონაწილეობას. ამდენ გიჟებში ნინო ერთადერთი დარბაისელი და ნორმალური პოლიტიკოსი ჩანდა. მაშინ ხალხშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და არც საზღვარგარეთ ჰქონდა ურიგო რეპუტაცია. ნინომ ვერაფერი მითხრა, ვერ მიპასუხა, აპირებდა თუ არა პარტიის შექმნას.
სხვა ალტერნატივა აღარ მქონდა და რუსეთში ელჩად დანიშნვას დავთანხმდი. იმ იმედით, რომ პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში დავეხმარებოდი.
საქართველოს ელჩი რუსეთში
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მე, მიხეილ სააკაშვილის პიარ-კამპანიას ვხელმძღვანელობდი. როგორც აღმოჩნდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ, ჩემი თავიდან მოცილება განიზრახა და სააკაშვილმა რუსეთში საქართველოს ელჩობა შემომთავაზა.
ეს შემოთავაზება ჩემთვის ახალი არ ყოფილა, ვინაიდან, ამის თაობაზე ნოემბრის კრიზისის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც მესაუბრა. თუმცა სერიოზულად ამ წინადადებაზე, იანვარში, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დავფიქრდი.
თუ დავთანხმდებოდი, ბუნებრივია, საცხოვრებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ამჯერად მოსკოვში მომიწევდა გადაბარგება. ორწლიანი ამერიკული ემიგრაციის შემდეგ, ისევ უცხოეთში, ნიუ-იორკიდან რუსეთის დედაქალაქში. ამას მოითხოვდა სააკაშვილი და ეს ძნელი გასაგები არც ჩემი ოჯახისთვის ყოფილა. მათ რეალურად იცოდნენ, თუ ვინ და რა ზეწოლით დამათმობინა ტელეკომპანია “რუსთავი 2”, ტელეკომპანია, რომლის შექმნას და განვითარებას მეგობრებთან ერთად, თითქმის მთელი სიცოცხლე შევალიე.
თავისთავად, რუსეთში ელჩად დანიშვნა ნებისმიერისთვის დიდი პატივია და ეს ჩემთვისაც, ასე იყო. თუკი მოსკოვში ჩემი გადასვლით პრეზიდენტიც თავს უფრო მშვიდად იგრძნობდა, მით უფრო კარგი. მე იქ საქმის საკეთებლად მივდიოდი.
მიმაჩნია, რომ გასულ წელს, რუსეთის ხელისუფლებას ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის გააქტიურება საქართველოს მის სატელიტ ქვეყნად გადასაქცევად დასჭირდა. მას შემდეგ, რაც ეს გეგმა რიგი მიზეზების გამო ჩავარდა, ვფიქრობდი, რომ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა უნდა გამხდარიყო. რუსეთთან კი ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა.
პირველ რიგში, რუსეთს აღიზიანებდა და აღიზიანებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. ძნელად წარმოუდგენიათ პერსპექტივა, რომ ერთ დღესაც, შესაძლოა, საქართველოდან მოსკოვს ვინმემ რაკეტები დაუმიზნოს. ნატო-ს სტამბულის გადაწყვეტილების თანახმად, მათ საქართველოში სამხედრო ბაზებიც დაკარგეს. რუსეთის წინა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვლიდა, რომ ქართველი პოლიტიკოსები არასანდო პარტნიორები არიან.
ედუარდ შევარდნაძის გარემოცვის წევრებიდან ვიცი, რომ 1999 წელს შევარდნაძე პუტინს შეუთანხმდა, რომ ჩეჩენი “ბოევიკების” გასაკონტროლებლად რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩვენს მხარეზე რუს სამხედროებს ჩააყენებდა. მოგვიანებით, მან ამერიკის მოთხოვნით, თუ სხვა მიზეზით, ეს შეთანხმება დაარღვია და პუტინი გააცურა. ამის შემდეგ, შევარდნაძე პუტინთან შეხვედრების დროს, თავს სულ უხერხულად გრძნობდა.
რუსეთი “ვარდების რევოლუციის” დროსაც განაწყენდა. მაშინ, პუტინმა თბილისში საგანგებო დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი გამოგზავნა. ივანოვს შევარდნაძე ბათუმში უნდა ჩაეყვანა, რაც მისი გათვლით ორხელისუფლებიანობას გამოიწვევდა, აქეთ თბილისში რევოლუციის ლიდერები თავისი მხარდამჭერებით იქნებოდნენ, იქით კიდევ - ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი. შევარდნაძემ ბოლო მომენტში გეგმა შეიცვალა და - გადავიფიქრე, აღარ მინდა ბათუმში წამოსვლა, უნდა გადავდგეო. ამის გამო, ივანოვს მისია ჩაუვარდა, რისთვისაც, როგორც მოგვიანებით მოსკოვში მითხრეს, ის საკმაოდ გაკიცხეს. რუსეთში მყარად დაიჯერეს, რომ “ვარდების რევოლუცია” ამერიკული პროექტია.
მათ ასლან აბაშიძის აჭარიდან გაშვებაც მტკივნეულად გადაიტანეს. ასლანი პირწმინდად პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი გახლდათ. იგი იყო რუსეთის დასაყრდენი საქართველოში. ერთ მშვენიერ დღეს ის აჭარიდან გაიქცა და რუსეთმა აჭარაზე გავლენა დაკარგა.
“ვარდების რევოლუცია” და ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან განდევნაც მშვიდობიანად, უსისხლოდ დამთავრდა. პუტინი ამის გამო თვლიდა, რომ ჩვენ სათანადოდ არ დავაფასეთ რუსეთის როლი ამ პროცესებში. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც, საქართველოში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი ესწრებოდა, პუტინმა სააკაშვილს უთხრა: “რებიატა, ვოტ მი ვამ პამაგლი, ვი ვზიალი სიტუაციუ ვ რუკი გრუზიი, ნო ნი ა ჩიომ ნე დოგოვარივალის, პოტომ ს ადჟარიეი ტოჟე ნე დოგოვაროვალის ი ვი ვზიალი პოდ კონტროლ ადჟარიუ. ვი ვიდავლივაიტე ნაში ინტერესი იზ გრუზიი“.
საქართველოს აწ გარდაცვლილმა პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ რუსეთს ბათუმში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა. ბათუმში გამოიყოფოდა შენობა, სადაც რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები ერთობლივად იმუშავებდნენ სამხრეთიდან ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ მისი ყველა ინიციატივა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას უკავშირდებოდა უკუაგდო და საერთოდ დაივიწყა. მათ შორის ანტიტერორისტული ცენტრის იდეაც.
მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ იგი მზად არ იყო აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ შეეძლო გადაეწყვიტა სამხრეთ ოსეთის საკითხი. ამ მიმართულებით აქტიურობდა ზურა ჟვანიაც, იგი კონფლიქტის დარეგულირების ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობდა. მის იდეას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე, სეპარატისტების ლიდერი ედუარდ კოკოითიც მხარს უჭერდა.
სააკაშვილის პირველი გაპრეზიდენტების დროს კონფლიქტის ზონაში ეთნიკურ ნიადაგზე შუღლი და დაპირისპირება აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა ქსენოფობიები. ხალხი ჩვეულებრივად დადიოდა ცხინვალში. ბევრი გორელი ცხინვალში მუშაობდა კიდეც. ფაქტობრივად, კონფლიქტი ჰგავდა გადამწიფებულ ნაყოფს, რომელიც ხეზე ჰკიდია და პატარა ნიავიც კი ჩამოაგდებს. ფაქტობრივად კონფლიქტისგან შემორჩენილი იყო კრიმინალური ანკლავი, რომელიც კონტრაბანდული ტვირთების, ნარკოტიკებისა და ყალბი ფულის საშუალებით ორივე მხარის კრიმინალებს ასაზრდოებდა. ეს რუსებმაც იცოდნენ, რომ ასე იყო და ეს მათთვის არ იყო რთულად გადასაჭრელი თემა.
პირდაპირ გვითხრეს, რომ კი, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ - მოვილაპარაკოთო. მაშინ არც ნატოს თემაზე და არც ორიენტაციის შეცვლაზე ლაპარაკი არ იყო. ლაპარაკი იყო იმაზე, რაც იმ მომენტისთვის რუსეთისთვის იყო აქტუალური, ეს იყო სამხედერო ბაზების საკითხი.
ჩვენი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სრული იგნორირებით ცხინვალის რეგიონში იარაღით “შევარდა”, რისთვისაც არანაირად მზად არ იყო. მაშინ მე მქონდა საშუალება და გავეცანი პენტაგონის დასკვნას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩვენ და ცალ-ცალკე აღებული ოსი და აფხაზი სეპარატისტები თანაბრად შეიარაღებულები ვიყავით, ხოლო ერთად აღებული სეპარატიტები ორჯერ აჭარბებდნენ ჩვენს შეიარაღებას. აქედან გამომდინარე, არაფრის თავი არ გვქონდა, მაგრამ სააკაშვილისთვის ეს არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ფაქტორი. მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ამბიცია, რომ საქართველოს ისტორიაში ახალი დავით აღმაშენებელია, საპრეზიდენტო ფიციც ხომ მის საფლავზე დადო და “დიდ სარდალ“ ოქრუაშვილთან ერთად უაზრო ომი გააჩაღა. გახსოვთ, ალბათ, როგორ ბაქი-ბუქობდა ოქრუაშვილი სტრატეგიული სიმაღლეები ავიღე და ათეულობით ჩეჩენი დაქირავებული მებრძოლები დავხოცეთო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ამ სიმაღლის, თუ არ ვცდები - თლიაყანის, აღებისას ოსური ე.წ “ომონის” ერთი წევრი ფეხში დაჭრილა და ვინაიდან დროული სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, სისხლისაგან დაიცალა. აი ამას მიაღწიეს და ამით ტრაბახობდნენ.
შედეგად, 2004 წლის აგვისტოში ხელახლა გამძაფრდა ქართულ-ოსური ურთიერთობები, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი და სასტიკად გადავიკიდეთ რუსეთი, რომელიც ჟარგონის ენაზე, რომ ვთქვათ - კვლავ “გადაგდებული” აღმოჩნდა.
ამ დროიდან სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ზღვარსგადასული რიტორიკა წამოიწყო, თუმცა არც მანამდე აკლებდა ხელს.
2004 წლის შემოდგომიდან დაიწყო უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია. ამ ისტორიაში ქართველები ძალიან აქტიურობდნენ. ქართველი ჩეგევარა, გივი თარგამაძე, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, იქით გიგა ბოკერია - რევოლუციის “ბურევესტნიკი” და მათთან ერთად 30-40 ქართველი დეპუტატი მუდმივად იდგნენ კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო მიტინგზე. მათ ორი მოტივაცია ჰქონდათ: პირველი - უკრაინელი ქალები და გულაობა და მეორე - კიევში ქართული დროშების ფრიალით სააკაშვილის ამბიციებს აკმაყოფილებნენ.
ვიქტორ იუშენკო სააკაშვილთან მეგობრობდა, როგორც მეგობრობენ ოპოზიციის ლიდერები, მაგრამ სხვადასხვა ჯიშისანი არიან. იუშენკო არის ლიბერალი, რბილი, როგორც ქუჩის ორატორი - არადინამიური. ის მიტინგზე ისე გამოდიოდა, როგორც პროფესორი აუდიტორიაში ლექციას რომ კითხულობს. იგი აღმოჩნდა შესანიშნავი მენეჯერი, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრ კუჩმას ხელისუფლებაში და მის დროს ჩაეყარა საფუძველი ძალიან ბევრ რეფორმას. უკრაინის ეკონომიკური აღმავლობა მის სახელს უკავშირდება. ანუ, არის კარგი, ჭკვიანი მენეჯერი, მაგრამ ეს არ არის ქუჩის ტიტული, ის არ არის სააკაშვილივით აგრესიული და არც ავტორიტარიზმისკენ აქვს მიდრეკილება.
მოკლედ, რუსეთის ჯინაზე ჩვენი დეპუტატები ფეხს არ იცვლიდნენ კიევის დამოუკიდებლობის მოედნიდან და ამ დროშებს აფრიალებდნენ. მოგვიანებით გივი თარგამაძე და კიდევ სხვებიც, თბილისში, შარდენის ქუჩაზე ტრაბახობდნენ, ვითომ მათ გააკეთეს ნარინჯისფერი რევოლუცია, მათ მოამზადეს “ატპორის” მოძრაობა.
კიევში ქართველების ზღვარგადასულ აქტივობას ჩვენთვის რუსების გაგიჟებისა და გაღიზიანების მეტი არაფერი მოუტანია.
რუსული პროპაგანდის მანქანა ჩვენს საწინააღმდეგოდ ბოლომდე დაიქოქა და “ვარდების რევოლუცია” ამერიკულ პროექტად გამოაცხადეს. სააკაშვილის გამო, რევოლუციის ლიდერებსაც ამერიკის აგენტობაში გვადანაშაულებდნენ.
“ვარდების რევოლუცია” პოსტსაბჭოთა სივრცეში მაგალითად იქცა და გამოსვლები დაიწყო ყირგიზეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში. მახსოვს, ილხამ ალიევი ამის გამო ძალიან დაიძაბა. ჩვენი აქტივისტები ამ გამოსვლებშიც აქტიურობდნენ. ამის გამო დამფრთხალმა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა სააკაშვილთან დამეგობრება ამჯობინა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდბით ინვესტიციის ჩადებას დაპირდა. საბოლოოდ, რა ფულიც აქ ჩადო, ყველამ ვნახეთ, მაგრამ ამით ნაზარბაევმა საკუთარ ოპოზიციას აჩვენა, რომ იგი იმ რევოლუციონერ პრეზიდენტთან მეგობრობდა, რომლის მიბაძვასაც თავად ცდილობდნენ.
ამ მაგალითების ფონზე რუსეთში სერიოზულად ნერვიულობდნენ და რუსმა ინტელექტულებმა დისკუსიები წამოიწყეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ფერადი რევოლუციები ერთადერთი საშუალება იყო გაბატონებული ელიტების შესაცვლელად. ეს თემა პუტინის და მისი გარემოცვის მსჯელობის საგანი გახდა. ფერად რევოლუციებში ჩვენი ხელისუფლების აქტიურობამ საქართველო - რუსეთის დაპირისპირება სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა და გაცილებით ფართო მასშტაბები მიიღო.
2005 წლის თებერვალში ზურაბ ჟვანია მოკლული თუ გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც უკვე ვთქვი, ის ინიციატივები და ვალდებულებები, რომელიც მას ჰქონდა რუსეთთან, სააკაშვილმა ყველაფერი შეწყვიტა და დაივიწყა.
2005 წლის ზაფხულში საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტს რუსების მხრიდან გაღიზიანება და ჩვენი ხელისუფლებისთვის კი ძალაუფლების თავში ავარდნა მოჰყვა. თუ რატომ - ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი.
საქართველოში ბუშის ვიზიტს ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველო ძალიან პატარა და პროვინციული მენტალობის ქვეყანაა. როდესაც ჩვენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ვიყავით, მთელი ქართული საზოგადოება დიდი იმედებით და მოლოდინებით ხვდებოდა რუსეთის იმპერატორს. ჰქონდათ დიდი დისკუსია, თუ რა ეთხოვათ იმპერატორისთვის – სამხედრო სასწავლებელი თუ უნივერსიტეტი. ბოლოს სთხოვეს სამხედრო სასწავლებელი, მაინც თავისი გაიტანა ქართველების ჩინ-მედლებისადმი სიყვარულმა.
ჩვენ იმ ცნობიერებით გვიწევდა განვითარება, როცა ფიქრობდნენ რომ ნიკიტა ხრუშჩოვის ჩამობრძანება, ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო, ხოლო ბრეჟნევის ჩამოსვლა – ქვეყნის განვითარებისთვის საეტაპო მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ქართველი იყო, თბილისში მგონი სულ ერთხელ ჩამოვიდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველო დიდი იმპერიის პერიფერია გახლდათ.
რაც შეეხება, მსოფლიო თანამედროვე წესრიგს, იმაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვართ თუ არა ამერიკის გუბერნია. ბუშის შემთხვევაში საქმე გვქონდა სტატუსით მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანის ვიზიტთან.
ბუნებრივია, რომ ამ ჩამოსვლას ჰქონდა თავისი წინაპირობა. ეს წინაპირობა ”ვარდების რევოლუცია” იყო - ის, რაც მე თუ სხვამ და ამ ხალხმა ერთად გავაკეთეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპელი ერი, რომელიც არ ურიგდება უსამართლობას, ებრძვის კორუფციას, რომელსაც უნდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
ბუშის ჩამოსვლას უნდა ეთამაშა უდიდესი როლი, ეს უნდა გამხდარიყო დიდი ინვესტიციების და საქართველოს ახალი რეპოზიციონირების საშუალება, ამერიკული ბიზნესის და ეკონომიკის ჩვენსკენ მოტრიალება, ახალი ადგილის ძებნა ქვეყნის განვითარებისათვის და ა.შ.
ბუშის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავდა საქართველოსთვის მოცემულ დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს! ბუშის ერთი დღით ჩამოსვლა, საღამოს ერთი შალახოს წაცეკვება და ხინკლის ჭამა იყო დაახლოებით 5 მილიარდის ინვესტიცია. სინამდვილეში რა მოხდა? რა უყვეს ამ ფულს ჩვენმა “ჯიგრებმა”? მათ ეს ფული სახლის გასათბობად გამოიყენეს! ეს ფული დაწვეს, როგორც ბუხარში შესაყრელი შეშა, და არა როგორც ახალი ენერგეტიკის შესაქმნელი მექანიზმი.
ამას გარდა, ეს ადამიანები - ოქრუაშვილი, რურუა, ბოკერია, მერაბიშვილი ბუშის ვიზიტის შემდეგ ვეღარ ვიცანი. სააკაშვილზე აღარაფერს ვამბობ. ეს თავში ავარდნა ხომ სააკაშვილისგან მოდიოდა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკვე ყველაფერი შეუძლიათ, ბუში მათთან ჩამოვიდა, იცეკვა, ხინკალი ჭამა მათთან ერთად. ამის შემდეგ დადგა კრიზისული პერიოდი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. არა იმიტომ, რომ ბუშმა გვითხრა ,რუსეთს დაუპირიპირდითო, არამედ იმიტომ, რომ ამათ გადაწყვიტეს, რომ ესენი არიან ამ ტერიტორიის ლიდერები, რომ მათ ხელშია ახლა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს განვითარება და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება პოსტსაბჭოთა სივრცეში და დაიწყეს ყველაფრის კეთება, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ამბებამდე.
აი, ამ პერიოდიდან მოყოლებული სააკაშვილი ემზადება ომისთვის, ის ოცნებობს ომზე, ის ქმნის არმიას, მისთვის ნატო-ში გაწევრიანება საერთოდ არ არის ამოცანა, ამოცანა არის არმია, რომელიც დაამარცხებს აფხაზ და ოს სეპარატისტებს. ამის ფონზე ლაპარაკი, რომ სამშვიდობო ინიციატივები იყო წარდგენილი სააკაშვილის მხრიდან და რუსები არ იღებდნენ და აფხაზებმა ხელი გვკრეს - არის ტყუილი.
ბუშის ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენელთა სამხედრო რიტორიკა აშკარად თვალში საცემი გახდა. ამის შემდეგ დაიწყეს აქტიურად რეზერვისტთა სამხედრო ბანაკების შექმნა და საომრად მზადება.
2006 წლის გაზაფხულზე სააკაშვილი ბუშთან შესახვედრად ამერიკაში ჩავიდა. მას ბუშმა პირდაპირ უთხრა, რომ სამხრეთ ოსეთში საომარი ქმედების დაწყება დიდი რისკის შემცველი იქნებოდა.
ბუშთან შეხვედრის შემდეგ, მე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა რურუა, დანიელ ქუნინი და კიდევ რამდენიმე ადამიანი სავახშმოდ მექსიკურ რესტორანში წავედით. მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი - მიუხედავად იმისა, რომ ჯარი გაძლიერდა, თქვენ არ გყავთ კვალიფიციური ოფიცრები, რომლებიც სტრატეგიულ მოქმედებებს დაგეგმავენ და ეს ცუდ შედეგებს მოგვიტანს-მეთქი.
როგორ არ გვყავსო, მიპასუხა სააკაშვილმა და ნიკა რურუას ჰკითხა: „რა ჰქვია იმ ბიჭს, ფეხბურთს მაგრად რომ თამაშობს?“ მისი რწმენით, რახან ის ოფიცერი მაგარი ფეხბურთელი იყო, აქედან გამომდინარე მაგარი სტრატეგიც იქნებოდა.
შემდეგ, რუსეთის ძალიან დიდი გაღიზიანება ე.წ რუსი “შპიონების” დაჭერამ გამოიწვია. ჩვენმა სამართალდამცავებმა დაიჭირეს “გრუ”-ს ოფიცრები, რაც ცივი ომის შემდეგ არსად აღარ მომხდარა. ალყა შემოარტყეს ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო ოლქის შენობას, დაპატიმრებული სამი რუსი ოფიცერი ჩააყენეს ორმეტრიანი ქართველი პოლიციელების მწკრივის წინ და და ასე, თავში რტყმით და მათი დამცირებით ვაჩვენეთ მთელს მსოფლიოს, თუ რა მაგარი ბიჭები ვართ ჩვენ და როგორ არ გვეშინია რუსეთის. სააკაშვილმა ჩაატარა პიარ-აქცია და ასეთ ქმედებაზე, დამცირებაზე რუსები პასუხს, რომ არ გაგვცემდნენ, ეს შეიძლებოდა ბავშვს დაეჯერებინა. ჩვენ ლომის ხახაში ჩავყავით ხელი.
ეს ამბავი 2006 წლის სექტემბერში ადგილობრივი თვითმართველობების არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოხდა. სააკაშვილის ამოცანა ამ არჩევნების მოგება გახლდათ. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ რესპუბლიკური პარტია გამოეყო და ერთმანეთში სკანდალები და დაპირისპირებები ჰქონდათ. პარტიის რეიტინგის ასაწევად პრეზიდენტმა ამგვარი უგუნური და ბრიყვული ხრიკი მოიფიქრა. ვითომ პრეზიდენტისთვის ერთი პარტიის საარჩევნო შედეგს ქვეყნის მომავალზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
რუსეთმა ამის შემდეგ აკრძალა მის ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის შეტანა.
შემდეგ იყო პრეზიდენტის მონაწილეობით განმუხურის პატრიოტთა ბანაკის ინციდენტი, ასევე სხვადასხვა სპეცოპერაციები.
ჩემი მთავარი მიზანი, რის გამოც რუსეთში ელჩობას დავთანხმდი, ომის თავიდან აცილება იყო. ჩემთვის, როგორც “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი მთავარი მონაწილისთვის, არ იყო სულ ერთი, თუ რა გზით წაიყვანდა ქვეყანას ამ რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილს პირობა დავუყენე, რომ რუსეთში მუშაობისას იგი ხელს არ შემიშლიდა თავისი როყიო რეპლიკებით რუსეთის ხელისუფლების მისამართით და მეორე: მქონდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია თავისი არასახარბიელო იმიჯის გამო პარლამენტს ჩამოშორდებოდა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდა. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ბოკერია ჩემს საქმეში არ ჩარეულიყო, ვინაიდან ასეთ ვითარებაში რუსეთში ჩემს მუშაობას აზრი არ ექნებოდა. პრეზიდენტი ულაპარაკოდ დამთანხმდა.
2008 წლის 20 იანვარს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩამოვიდა. საპრეზიდენტო გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკის მთავარი ვექტორი რუსეთთან დამეგობრებაა. მან ხელი გაუწოდა რუსეთს სამეგობროდ.
ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი და ლავროვი სასაუბროდ შეხვდნენ ერთმანეთს. ლავროვმა ისაუბრა გადაუყწყვეტელი პრობლმების თაობაზე, შესთავაზა თავისი მიდგომები ამ პრობლემების დასარეგულირებლად და გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის მიმართ. სააკაშვილმა უპასუხა, რომ მისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სულაც არ იყო მთავარი ამოცანა. მან დასძინა, რომ იგი არ აპირებდა ნატო-ში წერილის გაგზავნას მაპ-ის მოსათხოვად. იუშენკო ამას აპირებს და მეო, წერილს არ გავგზავნიო. ამ საუბრის ჩანაწერი აქვს რუსული მხარის პროტოკოლს და ის ექნებათ საქართველოშიც. ლავროვი კმაყოფილი დარჩა, თუმცა...
პირველი, რაც სააკაშვილმა გააკეთა, მაპ-ის მოთხოვნის წერილი იუშენკოზე ადრე გაგზავნა ნატო-ში! სწორედ ასეთი ქმედებების შედეგად თვლიდნენ რუსეთში, რომ სააკაშვილი არის გადამგდები და მასთან სერიოზულ ლაპარაკს აზრი არ აქვს. რუსეთის ელიტაში სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები მრავლად არიან. “ზა ბაზარ ატვეჩაეშ” - ეს მათი ფილოსოფიაა, რასაც დაპირდები - უნდა შეასრულო, მათ ასე ესმით. სამწუხაროდ, რუსებს სააკაშვილის ასეთი მოქმედებების გრძელი ჩამონათვალი აქვთ.
პრეზიდენტმა პარლამენტს ჩემი კანდიდატურა რუსეთში ელჩად დანიშნვაზე განსახილველად იანვრის ბოლოს წარუდგინა. საკომიტეტო მოსმენაზე ჩემი კანდიდატურა სულ ტაშის კვრით მიიღეს. იმიტომ კი არა, რომ იმ დარბაზს მე ვუყვარდი, ან ჩემი კომპეტენცია ან კვალიფიკაცია აინტერესებდათ... ზოგადად ვინ ვიყავი - იცოდნენ, მაგრამ დეპუტატებისთვის მთავარი იყო, რომ პრეზიდენტმა წარმადგინა. ერთადერთი შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის დაქალმა, ნინო ნაკაშიძემ დამისვა - თქვენი კომპეტენცია ამ სფეროშიო, და ვიცე სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პასუხის მიცემა არ მაცალა, - ”როგორ გეკადრებათ ქალბატონო, ბატონი ეროსი არის თუ არისო”. და სულ ეგ იყო.
თებერვლის ბოლოს პარლამენტმა ელჩად დამამტკიცა. ჩემთან ერთად დაამტკიცეს ჩინეთში საქართველოს ელჩიც, თბილისის საკრებულოს სახელგანთქმული თავმჯდომარე, აი, ის – “ბადრის რა” ბეგაშვილი. “ბადრის რაო” - ნოემბერში ქუჩაში რომ დარბოდა და სახალხოდ იგინებოდა. ალბათ იმ გინების გამო ღვაწლი დაუფასეს.
ელჩად დავინიშნე, ოღონდ რწმუნებათა სიგელი არ გადამიცია.
წესია ასეთი, ელჩად დანიშვნის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო აგზავნის წერილს მეორე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ აქვს პატივი წარუდგინოს ელჩის თანამდებობაზე ესა და ეს ადამიანი. ამის შემდეგ მეორე ქვეყანა აგზავნის თანხმობის წერილს და ამას ე.წ. “აგრემანი” ჰქვია. სუვერენული ქვეყანა თვითონ წყვეტს, ვინ იქნება მისი წარმომადგენელი მეორე ქვეყანაში, ამიტომ ამ ქვეყნიდან პასუხიც ყოველთვის დადებითა. მაგრამ ამ წესის დაცვა არის უძველესი დიპლომატიური ტრადიცია.
საშუალოდ, სტატისტიკური ვადა თანხმობის მიღებამდე არის ერთი თვე. ბუნებრივია ერთ საათში პასუხს არავინ არ დაგიწერს და რიტუალი სრულდება. როცა ქვეყნებს შორის არის ცუდი ურთიერთობა, ან განსაკუთრებულად ცუდი ურთიერთობა, აგრემანი შეიძლება 2 თვეზე მეტხანს არ მოვიდეს. ეს ცუდი ურთიერთობის ხაზგასმაა, თამაშის ნაწილია. დიპლომატიაში ხომ რიტუალები, ქცევები, ჟესტები, საუბარზე მეტს ნიშნავს, ეს არის მთელი ხელოვნება.
დიპლომატები შეიძლება პიანისტებს შეადარო. ყველა ვისაც მუსიკალურ სასწავლებელში უსწავლია და ნოტები იცის, პიანინოზე უკრავს, მაგრამ ვიღაც უკრავს შესანიშნავად და ვიღაც მხოლოდ “აკაკუნებს”. დიპლომატია არის მართლა ხელოვნება და მართლა “არტი”, ადამიანთა შორის ურთიერთობის ხელოვნებაა, ის მოითხოვს მაღალ განათლებას, ზოგად და იქაური წრის ჩვევების ცოდნას, ეს მთელი სიღრმეებია. ეს არ არის ის, რომ უნივერსიტეტი დაამთავრო, დიპლომი აიღო და¿მორჩა, საგანი იცი. დიპლომატია ცხოვრების ძალიან ბევრი ასპექტის ერთიანობაა. ამის ნაწილია ეს “აგრემანიც”.
რას გააკეთეს რუსებმა ჩემს “აგრემანზე”? რომ შევადაროთ თუ რამდენ ხანში მისცეს აგრემანი ჩემს წინამორბედ ელჩს, ირაკლი ჩუბინიშვილს, გამოვა, რომ მათ ფაქტიურად ამ პერსონის მიღებაზე უარი თქვეს. მის შემთხვევაში დიდხანს გრძელდებოდა “აგრემანის” მოლოდინი და მესიჯები გამოუშვეს, რომ მათ ჰქონდათ რაღაც უსიამოვნო განცდები თვითონ ჩუბინიშვილთან.
მე ცხრა დღეში მივიღე “აგრემანი”. რატომ? იმიტომ, რომ დანიშვნის მომენტიდან, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დამამტკიცა, მე ვაკეთებდი ძალიან ენერგიულ მესიჯებს რუსეთის მიმართულებით, რომ მე ახალ ენერგეტიკას, ახალ მიდგომებს, ახალ იდეებს ჩავიტანდი საქართველოს პრეზიდენტის სახელით. ანუ რუსებს კიწმარიშვილი კი არ გაეხარდათ, როგორც ელჩი, არამედ მათ გამოხატეს მზადყოფნა დიალოგისთვის. ანუ მათ სააკაშვილის განცხადება ინაუგურაციაზე, რომ ის ხელს უწვდიდა რუსეთის ხალხს და რუსეთს და შემდეგ კიდევ ჩემი მესიჯები, ახალი კარგი ურთიერთობების დამყარებისთვის სწრაფვად მიიღეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გია ვაშაძე, რომელიც საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. “აგრემანის” მოცემამდე იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ელჩად ხარ დანიშნული და იქ რაიმე აქტივობის განხორციელება, ძალიან ცუდ ტონად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ჯერ არ მოუცია თანხმობა და შენ იქ რაღაცას აქტიურობ. “აგრემანის” მოსვლამდე მე მოსკოვში ორჯერ ჩავედი და ეს გავაკეთე სრულიად გააზრებულად.
პირველად, ეს იყო მარტის დასაწყისში. მიხეილ სააკაშვილი პუტინთან შეახვედრად მიდიოდა და ბოლო მომენტში მეც თან წამიყვანა. მახსოვს, როგორ დაიძაბა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როცა პირველად ჩავედი მოსკოვში. მე უფლება არ მქონდა, დავსწრებოდი მათ შეხვედრას, მაგრამ არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობას მივიღებდი.
არცერთ შეხვედრაზე, სადაც მას შეეძლო ჩემი არაფორმალური წარდგენა, როგორც მომავალი ელჩისა, არსად არ შემიმჩნია. მაგალითად - ქართულ სათვისტომოსთან ეკლესიაში შეხვედრაზე. არადა, იქაურ ქართველებს 2004 წლის შემდეგ, რაც სააკაშვილმა ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე გამოიწვია, სხვა ელჩი თვალით ნანახი არ ჰყავდათ. ხალხი ელოდებოდა, რომ პრეზიდენტი მათ ახალ ელჩს წარუდგენდა, თანაც ყველანი მცნობდნენ, მათთან ვიდექი და პრეზიდენტმა კრინტიც არ დაძრა ჩემზე. დაკვირვებული ვარ, სააკაშვილს საჯაროდ ჩემზე არასოდეს არცერთი სიტყვა არ უთქვამს, არცერთ კონტექსტში. სიტყვა „ეროსი კიწმარიშვილი“ მისთვის არის ტაბუირებული. ეს მისი ფსიქიკის ნაწილია, ჩემს მიმართ დამოკიდებულების ნაწილი.
ქართულ სათვისტომისთან შეხვედრაზე სააკაშვილს ჩვეული “იაღლიში” მოუვიდა. თბილისიდან სათვისტომოს თამჯდომარის, თემურ სტურუას სახელზე გამოწერილი ღირსების ორდენი და სიგელი წაიღო და მერე ეკლესიაში მღვდელს გადასცა! ცალკე სტურუა დატოვა გაოგნებული და ცალკე - მოძღვარი, იმის გამო, რომ ეს სხვისი ორდენი მისცა. იქ, ეკლესიაში, რაღაცა მოეწონა გადაიფიქრა და ორდენი სათვისტომოს მეთაურს აღარ მისცა. მერე მე მომიწია რეალური ორდენის და სიგელის ჩატანა.
ეს ერთ-ერთი მაგალითია სააკაშვილის დრამატულად შეცვლის. ნიშანი ხალხის მიმართ მისი აგდებული დამოკიდებულების, რის ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი მოსკოვში ჩვენი გამგზავრების დროს თვითმფრინავში ვნახე.
პრეზიდენტი თვითმფრინავის სალონში “შემოქროლდა” და თითქოს ვერავინ შეამჩნია, ისე, რომ არავის მისალმები, თავის ადგილზე დაჯდა.
კინოში მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი, რომ როცა ზოგადად პრეზიდენტი თვითმფრინავში შედის, მას ხვდება ეკიპაჟი და მისი მეთაური. ის ართმევს სათითაოდ ხელს ყველას, რაც უბრალოდ ადამიანურ ჩვევასთან ერთად ხაზგასმული პატივისცემაა მათ მიმართ, ვისაც იმ მომენტში ქვეყნის პირველი პირის სიცოცხლე აბარია. რას აკეთებს სააკაშვილი? ეს საერთოდ ზედ არ უყურებს არც ერთს ჯდება და იწყება ფრენა.
კარგი, ვთქვათ, ეს მომსახურე პერსონალია, არცერთ თანამდებობის პირს, რომელიც სალონშია, საერთოდ ზედაც არ უყურებდა. თანამდებობის პირები კი იყვნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, დაზვერვის შეფი გელა ბეჟუაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე, მათ გარდა - პარლამენტარი მარიკა ვერულაშვილი, ფრიდონ თოდუა და გია ვაშაძე. თუ ვინმესთან ურთიერთობა მოუნდებოდა ხელით ანიშნებდა ან გადასძახებდა და ესენი ეახლებოდნენ.
თვითმფრინავში სააკაშვილის ერთ-ერთი რიტუალია გაუგებარი, უმდაბლესი ხარისხის ქართული პოპ-მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყუსასმენების გარეშე. ამიტომ ყველა იძულებულია ამ მუსიკას უსმინოს. თანაც კასეტას თუ დისკს წამდაუწუმ წინ და უკან ახვევს და ყველას გულს უწუხებს. პერიოდულად ემართება ისტერიკა, ითხოვს რაღაც დისკს, რომელიც არასოდეს აუტანია თვითმფრინავში და ყვირის, სად არის ის დისკიო, უყვირის დაცვას, სტიუარდესებს, ეს დაბნეული საწყალი ხალხი შეშინებული იყურება აქეთ-იქით.
მანამდე კი სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა ყველასთან ყურადღებიანი ყოფილიყო და ეს მისი ხაზგასმული თვისება იყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა მისი ნიღაბი. ალბათ გახსოვთ, მეტროებში ჩავარდებოდა და მემანქანიდან დაწყებული ყველას ხელს ართმევდა. სხვადასხვა ოფისებში შედიოდა და ხალხს ხაზგასმულად ზრდილობიანად ესალმებოდა.
მას ეს უკვე აღარ სჭირდებოდა და აღარც ის აღელვებდა, დაქოქილი თვითმფრინავი, თუ როგორ ელოდებოდა მას საათობით.
რუსეთში ცალკე ანეკდოტის თემად იქცა მისი გადაფრენები რუსეთის ტერიტორიაზე. წესია, როცა ქვეყნის პირველი პირის თვითმფრინავმა სხვა ქვეყნის ტერიტორიას უნდა გადაუფრინოს, ამის თაობაზე ამ ქვეყნის აერო ნავიგაციის სამსახურს დიპლომატიური ხაზით ატყობინებენ. მაგალითად, ევროპაში მიფრინავდა, 900-ჯერ ცვლიდა გაფრენის დროს და საკონსულოს თანამშრომლებიც იძულებულები იყვნენ 900-ჯერ დაკავშირებოდნენ რუსეთის აერონავიგაციის სამსახურს და მუდმივად ეუწყებინათ პრეზიდენტის რეისის ახალი დრო, ანაც ბოლოს შესაძლოა ეთქვათ, რომ სააკაშვილმა ფრენა გადაიფიქრა, ხვალ შემოგეხმიანებით. ამის გამო საწყალი საკონსულოს თანამშრომლები გაწამდნენ.
მისი იმპულსური ხასიათი 2002-2003 წლებში ქარიზმის ნაწილი იყო და ეს ძალიან ბევრისთვის აბსოლუტურად მომხიბვლელი იყო. ეს ყველას მოგვწონდა და ვამბობდით, აუ, რა უშუალოა მიშა და ა.შ. თუმცა, თუ როგორ “წაადგა” ქვეყანას მიშას ეს იმპულსურობა, საქართველოს რუკაზე თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს.
ცალკე თემაა თავად პრეზიდენტის თვითმფრინავი. ეს არის 15-კაციანი, მცირე ზომის ახალი თვითმფრინავი. მას აქვს პატარა სალონი, თავისი პატარა და დიდი გასაშლელი დივნებით. დიდი დივანი შეგიძლია საწოლად გადააკეთო. მისი იმპულსების კვალი სალონსაც ნათლად ატყვია: ის ღვინით ზოგგან მიწუწულ-მოწუწული და გაბინძურებულია.
თავად ეს თვითმფრინავი სააკაშვილმა სრულიად არაკანონიერი გზით შეიძინა: „საქართველოს ბანკმა“ კრედიტი მისცა თავდაცვის სამინისტროს და ეს თვითმფრინავიც მათ იყიდეს. კრედიტი არის ძალიან კაბალური და ბიუჯეტით გარანტირებული. კრედიტის პროცენტიანად თვითმფრინავი ალბათ 80 მილიონი დაჯდება იმიტომ, რომ ძალიან მაღალპროცენტიანი ხანგრძლივი კრედიტია. თვითმფრინავი ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა სააკაშვილი სარგებლობს, რაც უკანონოა. თავისთავად, პრეზიდენტს რომ თვითმფრინავი ჰყავდეს, ამაში არაფერია არის გასაკვირი, მაგრამ ეს ის სააკაშვილია, რომელიც, როცა პრეზიდენტი გახდა, ე.წ “ვიპ” გასასვლელითაც არ სარგებლობდა. ოთხი წლის წინ აცხადებდა, რომ აეროპორტში ტრაპთანაც ავტობუსით ხალხთან ერთად მივიდოდა და ჩინოვნიკებსაც ამისკენ მოუწოდებდა. აი ამიტომ არის ამ თვითმფრინავის თემა საინტერესო და მნიშვნელოვანი.
უკანონო გზით ძვირადღირებული თვითმფრინავი დაისაკუთრა იმ სააკაშვილმა, რომელსაც არც თვითმფრინავი უნდოდა, არც რეგალიები, არც პრივილეგიები. ახლა კი, როგორი რეზიდენციაც ააშენა ავლაბარში, ეს ყველამ ნახა, აჭარაში ბობოყვათის რეზიდენციაში კეთდება უმდიდრესი რემონტი, ერთი რეზიდენცია აქვს წეროვანში, მეორე შავნაბადაზე, ზუგდიდში გააკეთა უზარმაზარი რეზიდენცია. ადამიანმა, რომელიც 4 წლის წინ სრულიად სხვა ზღაპრებს ყვებოდა.
უკვე ვთქვი, რომ მოსკოვში სააკაშვილმა როგორც დანიშნული ელჩი, არსად არ წარმადგინა, საერთოდ იგნორირება გამიკეთა. არც ვიცი, იქ რატომ წამიყვანა. ჩემთვის მთავარი ამბავი უკანა გზაზე, იმავე თვითმფრინავში, მოხდა:
სააკაშვილი სალონში ფეხზე იდგა და მე, ვაშაძეს და ბეჟუაშვილს გვესაუბრებოდა. მან ჩემთვის ძალიან მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აგვისტოში საქართველოს დედაქალაქს სოხუმში გადაიტანდა.
- რას იზამ მიშა? როგორ? - ვკითხე.
- ეგრე იქნება, - მიპასუხა.
მისმა გარემოცვამ, ყველა იქ მყოფმა, ეს ამბავი ძალზე ჩვეულებრივად მიიღო იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებით ისინი მასთან ერთად ხშირად დაფრინავდნენ. სააკაშვილი რომ ომის დაწყებას აპირებდა, ელჩის სტატუსში მე ეს პირველად მოვისმინე, ყველა იქ მსხდომმა ეს იცოდა და მათ არაფერი გაუპროტესტებიათ, პირიქით ჰა-ჰა-ჰა - გააგრძელეს ლაღობა.
თანაც, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ამ მიმართულებით პუტინს სააკაშვილი არანაირად არ დაუიმედებია. პირიქით, სააკაშვილი გაღიზიანდა, პუტინი მკაცრად მესაუბრაო.
“მე მაქვს შანსი ამ ომის თავიდან ასაცილებლად”,- ვუთხარი საკუთარ თავს და გადავწყვიტე გამეძლიერებინა სააკაშვილის გარემოცვის ის ფრთა, რომელიც ომის დაწყებას მხარს არ უჭერდა. ვფიქრობდი, რომ ამ ხალხს შევეშველებოდი, თუ ჩემი მხრიდან დავუმატებდი არგუმენტებს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, და ჩვენ შევძლებდით ომის თავიდან აცილებას. ასეთებად პირველ რიგში, პრაგმატული აზროვნების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ზურაბ ადეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მოვიაზრებდი. თუმცა, მათი ტყუილად მეიმედებოდა, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ.
მეორედ მოსკოვში ერთი კვირის თავზე წავედი. როგორც კერძო პირმა დესპანის მოწვევით ავიღე ვიზა. ვსარგებლობდი ელჩის მანქანით, მაგრამ მანქანას არ ეკეთა საქართველოს დროშა. მივედი საელჩოში და ხაზგასმულად არ ავედი ელჩის რეზიდენციაში და გავჩერდი სასტუმროში. ამას ხედავდა საელჩოს დაცვა და იკითხეს, რას აკეთებსო? რაზეც უპასუხეს, რომ ჩვენს ელჩს რწმუნებათა სიგელი არ გადაუცია და ოფიციალურად ელჩი არ არისო.
მაშინ ვნახე, რომ საელჩო მიტოვებული ჰქონდათ. ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან რუსეთიდან ზურა აბაშიძის გამოწვევის შემდეგ იქ დანიშნეს კოტე კემულარია, რომლის წარდგენისას სააკაშვილმა თქვა, რომ კოტე მისი მეგობარი იყო. რუსეთში კემულარია კარგად მიიღეს, მაგრამ მე კოტეს ვერც პროფესიონალიზმს შევაფასებ, ვერც გაკეთებულ საქმეს, იქ სულ რამდენიმე თვე გაჩერდა, იგი მალევე აქ მინისტრად გადმოიყვანეს.
შემდეგ დანიშნეს ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც პროფესიონალი საკადრო დიპლომატია და ითვლებოდა, რომ კარგი ელჩი იქნებოდა. იგი 2005 წლის გაზაფხულზე უკვე სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, ირაკლი ჩუბინიშვილმა შეცვალა. ელჩების სწრაფად ცვლას საელჩოს კადრების ცვლაც მოჰყვა, რაც მის მუშაობას ნაკლებად ქმედუნარიანობას იწვევდა.
ირაკლი ჩუბინიშვილის ელჩად წასვლის მოტივი ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. მე და ირაკლი ძალიან ახლოს ვიყავით, ვმეგობრობდით და მისი წასვლა ჩემთვის გასაგები იყო: იგი გარბოდა ამ გარემოცვიდან. მან თავისი თავი ამ სისტემაში ცოტა ხნით დაინახა. მისთვის საკუთარი ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზეა, ცოტა ეგოისტია, ეს არც კარგია, არც ცუდია, უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს.
მიშა მას ეკონომიკის მინისტრობას სთავაზობდა. თუ დაუკვირდებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელი, ჩუბინიშვილის გარდა, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. არველაძე, შარაშიძე. ბოლო გამონაკლისია ადეიშვილი, რომელიც გადაიყვანეს იუსტიციაში თუ პროკურატურაში.
მოკლედ, ირაკლი გაექცა მიშას, თავი მოისაწყლა, ჯერ ვითომ კვდება, ავად არის, მერე ცოლს გაშორდა და ამის გამო თბილისში ცხოვრება აღარ შეუძლია. წავიდა და მოსკოვში ცხოვრება მოიწყო. მან ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას ფულით საელჩო და ელჩის რეზიდენცია კარგად გაარემონტა, გაარემონტა ბინა ელჩის აგარაკზე, იყიდა კარგი მანქანა.
ირაკლი, როგორც ელჩი ,არც არაფერს არ აკეთებდა, მას არც არავინ არაფერს ეკითხებოდა და მისი საქმიანობა არც არავის აინტერესებდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი, „ჩელოვეკ ნევეძიმკა“, კომპოზიტორმა გია ყანჩელმა დაარქვა. მას მანამდე მოსკოვში რაღაც ბიზნესი ჰქონდა და ძველი მეგობრები შემოიკრიბა ირგვლივ.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილი სულ გაიძახოდა ხუთჯერ შევხვდი პუტინსო. პუტინთან შეხვედრა და ზოგადად პრეზიდენტების შეხვედრა, ეს არ ნიშნავს, რომ ორი კაცი შეხვდება ერთმანეთს და უცებ რაღაცას გადაწყვეტენ, რომელსაც მერე ხალხი შეასრულებს. ამ შეხვედრებს წინ თუ დიდი სამზადისი არ აქვს, შედეგი ვერ მიიღწევა. შეხვედრის მომზადებაა ყველაზე პრინციპული ნაწილი, როცა პრეზიდენტები რაღაცაზე ბედნიერი სახით ხელს აწერენ, ეს ამის შედეგია და ამგვარი ფუქცია ჩვენს საელჩოს საერთოდ დაკარგული ჰქონდა. დაკარგული ჰქონდა მატერიალური ქონებაც.
ბოლო წლების მაგალითზე მოსკოვში ქართული ქონების ისტორია არის ნიმუში, თუ როგორ კარგავს საქართველო ქონებას ტერიტორიებივით. ეს არის ამის კლასიკური მაგალითი.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას მოსკოვში ჩვენ ვფლობდით შემდეგ ქონებას: საელჩოს შენობას, რომელიც მდებარეობს “მალი ტვერსკი პერეულოკ” ნომერ ხუთში. ეს სახლი აშენებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში, იყო ცნობილი რუსი არქიტექტორის სოლოვიოვის თუ საველიევის პროექტი და არის ძალიან ლამაზი სახლი. კომუნისტების დროს სახლს გასაფართოებლად მიშენება გაუკეთეს. ის არის საქართველოს საკუთრება, ოღონდ საკუთრების დამადასტურებელი საბუთები არ გაგვაჩნია. არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, თითი არავის გაუნძრევია ამ საკითხის გადასაწყვეტად. ორი წლის წინ ქალაქის მერმა გიგი უგულავამ “დედა ენის” ძეგლთან რუსეთის კულტურის ცენტრისათვის მიწა გამოყო, მერე ბიძინა ივანაშვილს მიყიდა და რუსებმა კულტურის ახალი ცენტრი გახსნეს. ამის სანაცვლოდ ჩვენ შეგვეძლო რუსებისთვის საელჩოს პრობლემის მოგვარება მოგვეთხოვა. ეს დღემდე მიგდებული თემაა, ჩვენია, მაგრამ ჩვენი არ არის, თანაც ისტორიული ძეგლია.
მეორე - ე.წ. “სასტუმრო სახლი” რამდენიმესართულიანი სატუმრო, თავისი რესტორნით, რომელიც საელჩოდან 100 მეტრში მდებარეობდა. მას შემდეგ, რაც ჩვენებმა აქ რუსი “შპიონები” დაიჭირეს და გაყარეს, ამ ამბიდან მცირე დროის შემდეგ ამ შენობაში ნიღბიანი რუსი სპეცრაზმელები შეცვივდნენ და შენობა წაგვართვეს. ქართველები გამოყარეს და ეს შენობა ვიღაცას გადასცეს არენდით. თუმცა, სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებმა საქართველოს საელჩოს თანამშრომლები გააფრთხილეს, გამოყრას გიპირებენ და შენობა დაიცავითო. ამ შემთხვევაში დაცვა ნიშნავდა, რომ იქ ერთი დიპლომატი მაინც უნდა ყოფილიყო და ამ შენობას თითს ვერ დააკარებდნენ, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა. ჩვენ დავკარგეთ სასტუმრო, ეს იყო რამოდენიმე ათეული ნომერი, სადაც შეიძლებოდა საქართველოდან ჩასულები იაფად გაჩერებულიყვნენ. მოსკოვში კი ერთი დღე-ღამით საშუალო კლასის ნომერი 600-700 ევრო ღირს.
მესამე შენობა იყო ქართული კულტურის ცენტრი “მზიური”, რომელიც მდებარეობდა ძველ არბატზე. იგი იყო ჩვენი სიამაყის საგანი. შევარდნაძის პერიოდში იქ ვერ გაიგებდი, ვინ იყო პატრონი - შავები თუ წითლები, მოკლედ, სულ გარჩევების საგანი იყო. სააკაშვილმა 2005 თუ 2006 წელს გამოაცხადა, რომ მან „მზიურის“ გაყიდვა გადაწყვიტა. რატომ გადაწყვიტა - არავინ იცის, როცა ათეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს მოსკოვში და ამ ცენტრში ათასი რაღაც იყო, ანსამბლები, სკოლა და ა.შ.
სააკაშვილს თითქოს კეთილშობილური იდეა ჰქონდა: გავყიდოთ” მზიური”, რომელიც 25 მილიონი ღირს და სხვადსხვა ქვეყნებში ვიყიდოთ საელჩოებისთვის შენობები, ამით იჯარის ფულს აღარ გადავიხდით. გეგმავდა, რომ ნიუ-იორკში, ლონდონში და მინიმუმ 4-5 “ტოპ” ქალაქში. უნდა გვეყიდა საელჩოსთვის შენობა, ღირსეული საქმე იყო თითქოს, მაგრამ ეს ფული წავიდა სადღაც და არანაირი საელჩო არასოდეს საქართველოს არსად არ შეუძენია.
ჩემი ჩასვლის შემდეგ მე გავიგე, რომ შენობა ყაზახებს უყიდიათ, “ზარალებმა”, ვიღაცეებმა ყაზახურ ბანკს აყიდვინეს და ამ ბანკს ფინანსური პრობლემების გამო „მზიურის“ გაყიდვა უნდოდა. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ქართველებსაც ჰქონდათ ამ შენობის შესყიდვის სურვილი და მათ არ მიყიდეს. მაგალითად, ზურაბ წერეთელი ნაწყენი ამბობდა, რომ მე მინდოდა მეყიდაო.
მე მინდოდა ყაზახებისგან შენობის უკან გამოსყიდვა და დამფინანსებლის ძებნა დავიწყე. ვფიქრობდი, საქართველოდან წასული მდიდარი ადამიანებისთვის შემეთავაზებინა, იქნებ მათ გამოესყიდათ ეს შენობა. კი ბატონო, ის დაეტოებინათ თავიანთ საკუთრებაში, მაგრამ ყოფილიყო ქართული კულტურის ცენტრი. მართვის უფლებით 50 წლით გადმოეცათ ჩვენთვის. საქართველო როდესაც გაძლიერდებოდა, მას გამოისყიდიდა. რატომ უნდა დავკარგოთ ჩვენი ისტორიული ფესვები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე? მას ხალხი ინახავს, უფრთხილდება და ეს არის ჩვენი გავლენა, კულტურა, რითაც ვამაყობთ. ქართველებს უდიდესი როლი აქვთ ნათმაშევი რუსეთის და მოსკოვის ისტორიაში. ეს ყველაფერი ჩვენი კულტურის ნაწილია, ეს არის ჩვენი ფუნდამენტი. აბა სხვა რა არის ცივილიზაცია? ერთი მიწის ნაგლეჯზე თუ დარჩი და არცერთ ენაზე აღარ ილაპარაკე, მაშინ განუვითარებელი ტომი ხარ. ამიტომ ჩემთვის “მზიურის”კულტურის ცენტრის დაბრუნება იყო პრიორიტეტული.
სპონსორის პოვნა, თანაც ამგვარი პირობით, რა თქმა უნდა, ძნელი აღმოჩნდა. თუმცა ამ ძიებისას, ფრიად საინტერესო პიროვნება გავიცანი, თბილისელი ქურთი ზელიმხან მუცოევი, რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ამჟამად “დუმის” დეპუტატი.
თუმცა “მზიურის” გამოსყიდვა ვეღარ მოვასწარი. იგი 25 თუ 27 მილიონ დოლარად აზერბაიჯანელებმა იყიდეს და იქ გაიხსნება აზერბაიჯანის კულტურის ცენტრი. მე არც რასისტი ვარ არც მეზობლებისადმი მაქვს ცუდი დამოკიდებულება და თუ აზერაიჯანელები იყიდიან ქონებას რუსეთში, ამაზე გული არ დამწყდება, მაგრამ მოსკოვის მთავარ ქუჩაზე, სადაც წარმოშობით ქართველი ბულატ ოკუჯავას ძეგლი დგას, სადაც ყველა მოსკოველმა იცოდა, რომ იყო ქართული კულტურის ცენტრი “მზიური”, აწი ისწავლიან, რომ იქ აზერბაიჯანის კულტურის ცენტრია.
“მანეჟში” დიდი ტურისტული გამოფენა იმართებოდა და ჩემს ერთ-ერთ მრჩეველს, რომელსაც კულტურის საკითხები ეხებოდა, იქ გავყევი. საქართველოს გარდა თითქმის ყველა ქვეყანა იყო წარმოდგენილი. იყვნენ აფხაზებიც. ქართული მთიულური მუსიკის ხმა შემომესმა, მივედი შევხედე, რაღაც დუნედ ირჯებოდნენ, მათი მიხრა-მოხრაც არ მომეწონა. აზერბაჯანელი ბიჭები ცეკვავდნენ! აბსოლუტურად სხვა ტემპერამენტით, უფრო კარგით თუ ცუდით - სხვა თემაა, მაგრამ სხვა ტემპერამენტით და სხვანაირად ცეკვავდნენ. ჩვენი ტანსაცმლით, ჩვენი მუსიკით. დამთავრდა ცეკვა და გამოაცხადეს: “ტანეც კავკაზსკი”! რუსისთვის ეს უკვე აღარ არის ქართული კულტურა!
მეოთხე შენობა, რომელიც გვეკუთვნოდა იყო ელჩის აგარაკი. კიდევ ერთი მტკივნეული ისტორიის თემა. ეს შენობა გვქონდა იჯარით და ისიც წაგვართვეს. ელჩის აგარაკი ძალიან მნიშვნელოვანი სოციალიზაციის ნაწილია. რას ვგულისხმობ სოციალიზაციაში: ელჩის აგარაკი პრესტიჟულ უბანში, სადაც მეზობლად ცხოვრობდნენ გავლენიანი რუსი პოლიტიკოსები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. შაბათ-კვირას აგარაკზე შეგიძლია დაპატიჟო შენი კოლეგა, ჟურნალისტები. აგარაკიც შენი ქვეყნის მდგომარეობის მაჩვენებელია და ჩვენ ესეც დავკარგეთ.
ბოლოს საქართველოს საკონსულოს ისტორია, რომელიც იმის მაჩვენებელიცაა, თუ როგორი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვთ სააკაშვილის ხელისუფლების წევრებს. საკონსულოს საკუთარი შენობა არ აქვს და ის განთავსებულია ნაქირავებ ფართში, რომლის მფლობელი არის მიშა სააკაშვილის საყვარელი ბიზნესჯგუფი, რომელსაც წარმოადგენს ვინმე დოდიკა შარანგია და მისი მეგობრები, გალელი თუ ოჩამჩირელი ბიჭები. მათ მოსკოვში ბლომად ფული იშოვნეს. აქ საქართველოში თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობდნენ. ისინი ფლობენ რესტორნებს: “მატრიოშკა”, “ტოკიო”, “ძველ სახლი”. მათ ყველაზე დიდი ბიზნესაქტივები აქვთ. მათ “დაკრიშეს” ვანო ჩხარტიშვილის ნავთობ-პროდუქტების ბიზნესიც. ცხოვრობენ “ქორთიარდ მერიოტში”, მგონი ნახევარი სასტუმრო უჭირავთ. სატუმროს წინ, თავისუფლების მოედანზე, სადაც მაქანების გაჩერება აკრძალულია, მათი ძვირადღირებული ავტომანქანები დგას. ჩვენ ამის გამო დიდ ჯარიმას გადაგვახდევინებდნენ, ესენი სააკაშვილთან მეგობრობის გამო კანონზე მაღლა დგანან, მათ კანონი არ ეხებათ. ეს არის ის, რასაც შევარდნაძის დროს სააკაშვილი მონდომებით ებრძოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, კონსულმა დამირეკა და მითხრა, თბილისიდან ბრძანება მომივიდა, რომ საკონსულოს შენობა უნდა დავტოვოო. მას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ბაქრაძემ, საკონსულოს საელჩოს შენობაში გადატანა უბრძანა. ბაქრაძემ ამის თაობაზე, მე ელჩს, არაფერი მითხრა, რაც სუბორდინაციის დარღვევაა.
საგარეო უწყება საელჩოების კოორდინატორია. ელჩი არის ის თანამდებობის პირი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი. ელჩი არ ინიშნება საგარეო უწყების მიერ, საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი ისეთივე კოლეგაა ელჩისთვის, როგორც სხვა ელჩი. საგარეო საქმეთა მინისტრი არც ნიშნავს და არც ხსნის ელჩს. ელჩი სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობს, ელჩს უწერია რწმუნებათა სიგელში, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს საქართველოს რუსეთის ფედერაციაში და ის საუბრობს საქართველოს სახელით.
კონსულმა საშველად მე დამირეკა. მას მიეჭრნენ ამ დოდიკა შარანგიას “ბიჭები” და ულტიმატუმი წაუყენეს, 24 საათს გაძლევთ და ხვალ საღამომდე საკონსულო დაცალეთო. ეს შეუძლებელია, ვინაიდან საკონსულოს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვაა საჭირო. ამასთან ერთად, საკონსულომ, სადაც ყოველდღიურად უამრავი ხალხი მიდის, საელჩოში როგორ უნდა იფუნქციონიროს? ეს საელჩოს პარალიზებას გამოიწვევდა.
ამ მიზეზების გამო კონსულმა ზურაბ პატარიძემ მათ აუხსნა, რომ მისი უშუალო უფროსისგან, ანუ ჩემგან ამგვარი ბრძანება არ ჰქონდა და ვერაფერს გააკეთებდა. ამის გამო კონსულს ესენი ქუჩურად საქმეს ურჩევდნენ - შენმა მინისტრმა თქვა, დროზე დავცლით და შენ ვინა ხარო. გაბრაზებულმა შარანგიამ ბაქრაძეს დაურეკა, მინისტრმა კი მოსკოვში გადარეკა და კონსულს უსაყვედურა, რატომ არ ცლი შენობასო. რა უნდა ექნა ზურაბ პატარიძეს? მინისტრმა ვიღაც ბიჭებთან საქმის გარჩევისას გაამტყუნა და დარტყმის ქვეშ დააყენა კაცი, რომელიც ქართველების მოსკოვიდან დეპორტაციის დროს 24 საათი მუშაობდა და პოლიციის განყოფილებებიდან ათავისუფლებდა თანამემამულეებს. აი, ასეთი სახელმწიფო მიდგომა ახასიათებს ჩვენს პარლამენტის თავმჯდომარეს.
მე სასწრაფოდ მივედი ბაქრაძესთან კაბინეტში და მოვთხოვე აეხსნა, თუ რატომ მოიქცა ასე. მე არაფერ შუაში ვარო, და მან ხელი ზევით აიშვირა. კარგი, პრეზიდენტს მე დაველაპარაკები მეთქი. ვანო მერაბიშვილმა მიბრძანაო- დამიზუსტა. აბსურდი! შინაგან საქმეთა მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრს ბრძანებებს აძლევს.
საბოლოოდ, თავად შევხვდი შარანგიას და შევთავაზე, ან ერთი თვე მოგვეცი საკონსულოს დასაცლელად, ანდა აჯობებს, შენობის საფასურის ნახევარს მილიონ დოლარს მე გადავიხდი, ნახევარი შენ გადაიხადე და სანამ სხვა საშუალება გამოჩნდება საკონსულოს მივაქირავოთ ეს შენობამეთქი. არ დამთანხმდა. საკონსულოს შენობის გაყიდვა ეჩქარებოდა, ალბათ იმის გამო, რომ გავლენიანი მეგობრებისაგან ინფორმაცია ჰქონდა, რომ მალე სააკაშვილი ომს დაიწყებდა და ქონების “გაქეშება” ეჩქარებოდა.
2008 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის გარემოცვამ დაიწყო საუბარი, რომ ამერიკა სააკაშვილს დათანხმდა ტერიტორიალური მთლიანობის აღსადგენად ომი დაეწყო. მათ ამისათვის მზადება დაიწყეს. ვაშინგტონიდან ჩემი მეგობრები ასეთი შეთანხმების სინამდვილეს კატეგორიულად უარყოფდნენ. მათ მითხრეს, მსგავსი არაფერი ყოფილაო. ბუშმა სააკაშვილს უთხრა, რომ თუ დაინტერესებული ხართ ჩვენი მხარდაჭერით, მაშინ ჩვენთან შეთანხმების გარეშე არანაირი ნაბიჯი არ გადადგათო. ბოკერია და ესენი კიდევ თავის ფანტაზიებს რეალობად ასაღებდნენ.
უკვე ელჩი ვიყავი და კრეტინულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. რწმუნებათა სიგელი გადაცემული არ მქონდა, ანუ ჯერ არ დავნიშნულვარ და უკვე ომს იწყებ, რა ელჩობაზეა საერთოდ ლაპარაკი, მაიმუნობაა, მეტი არაფერი. აქ მარტო ელჩობაზეც არ იყო საუბარი, როცა ხედავ, რომ შენი ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, იჩეხება და რაღაცნაირად გინდა უშველო.
პირველი, რაც გავაკეთე, აშშ-ს ელჩთან მივედი, მინდოდა გამერკვია მართლა იყო ასეთი ლაპარაკი თუ არა. ელჩმა მითხრა, რომ პირველი არა ხარ, ვისგანაც მსგავსი ამბავი გავიგეო. ვუთხარი, იქნებ ამ კაცს ზუსტი მესიჯი მისცეთ მეთქი, მე მესმის რომ თვითონ იგონებენ და ომისკენ მიდიან, და თუ ძმა ხარ, იქნებ ომს გადავრჩეთ მეთქი. დამეთანხმა, მართალი ხარო და რაღაც აქტიურობა დაიწყო.
მე ვთვლიდი, რომ ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ გავრბივარ მიშასთან, ავდივარ შავნაბადას რეზიდენციაში. აქ დამხვდნენ მიშა, კეზერაშვილი და ბაქრაძე. ბურჯანაძე უკვე გადამდგარია და ბაქრაძეა ე. წ. სიის პირველი ნომერი და მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე, ახალი ნამინისტრალი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა დოდიკა შარანგიას შიშით და ვანო მერაბიშვილის ბრძანებით.
პირდაპირ დავიწყე, რას აკეთებთ მეთქი, რა ომზეა ლაპარაკი, ვითომ დიდი მზადყოფნა გაქვთ და იძახით, რომ ბუში მხარს გვიჭერს... და ასე შემდეგ. სააკაშვილი დაიძაბა და მკითხა, შენ ეგ ბრაიზამ გითხრაო? არა-მეთქი და ის საუბარი შევახსენე, 2006 წელს მექსიკურ რესტორანში, რომ გვქონდა
მე ახლაც ისეთივე აზრის ვარ ქართული ჯარის სტრატეგიულ შესაძლებლობებზე. შესაძლოა ბიჭები ახლა უკვე გაწრთვნილები, ნავარჯიშევი არიან, მაგრამ ხელმძღვანელობა არა გვყავს ანუ ოპერატიული მართვა, ოფიცრობა და საერთოდ თუ წარმოგიდგენია რუსეთთან ომი რას ნიშნავს მეთქი, ხომ იცი, რომ აფხაზებთან ომი რუსებთან ომს ნიშნავს?
“კეზერა” ჩაერთო საუბარში და იმას მივუბრუნდი, და რომ მგონია, როგორც 2004 წელს მაშინდელმა გვარდიის სარდალმა თავთუხაშვილმა თავი დახარა, როცა ვკითხე გაქვს თუ არა ომის დაწყების და როკის გვირაბის გაკონტროლების თავი მეთქი, ესეც შეშინებული დახრიდა თავს, მაგრამ მეუბნება, რაო, მეო, ამაზე მაგარი ჯარი უახლოესი ოთხი წელი არ მეყოლებაო. როგორ არ გეყოლება-მეთქი, პამიდორი ხომ არ არის, რომ გადამწიფდეს. ჯარს რაც უფრო წრთვნი და ავარჯიშებ, მით უფრო უკეთესი ხდება. არაო, ახლა პიკშიაო. რუსები სანამ დივიზიების მობილიზაციას დაიწყებენ, სანამ ძალებს დაამატებენ, სანამ იქ გზებს გაიყვანენ, თანაც მაგათ ჯარში საშინელი კორუფციაა და არაფრის თავი მაგათ არა აქვთ, მოკლედ სანამ ეგენი გონზე მოვლენ, დედას ვუტირებთო.
ამას რომ მეუბნებოდა, თან ერთი-ორჯერ ამერიკელი “რეინჯერივით” გადაპარსულ თავზე გადაისვა ხელი.
ამის გაგონებაზე, სააკაშვილიც იშტაზე მოვიდა და ნიშნის მოგებით მკითხა, ხედავ, რა ხდებაო?
“ვაი შენს ეროსის”, - გავიფიქრე იმ წუთში.
მოკლედ, ომის საწინააღმდეგო ერთი არგუმენტი “გამიცამტვერეს”.
მიშას მივუბრუნდი და ვკითხე, ვთქვათ, ძაან მაგარი ბიჭები ვართ და ძაან მაგარი არმია გვყავს, მოგება-წაგება ხომ იცი ძმები არიან, შანსები ხომ 50X50-ზეა და ომი რომ წააგო? მერე ხომ გამოუსწორებელ შედეგს მიიღებ, შენც ხომ დაემხობი და თუ რამე სიკეთეს აკეთებთ, ყველაფერი დაინგრევა-მეთქი. ჩემი აზრით, აფხაზეთში საომრად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წახვიდე, თუ თბილისში ხელისუფლებას დაკარგავ და აქედან გაგაგდებენ, თეორიულად შეიძლება მერე წახვიდე დაესხა აფხაზეთს და უკან გმირად დაბრუნდე.
მაცალეთ წლის ბოლომდე, რუსეთთან სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივას ვხედავ, არის საამისო რესურსი.
ვერ გადავარწმუნე. ეს თუ ივნისამდე არ გავაკეთეთ, მერე უღელტეხილებზე თოვლს აიღებს და ჩრდილო კავკასიელები გადმოსვლას შეძლებენო. ვკითხე, დესანტს ვერ გადმოსხამენთქო? არაო, დესანტი ვერ შემოვაო,- კბილებში გამოსცრა კეზერაშვილმა.
დათო ბაქრაძეს ვკითხე, ვაშინგტონში შეხვედრისას ბუშმა მოგცათ ომის დაწყების თანხმობა? მან თავი დახარა. მიშას ეს ყველაფერი არ მოეწონა და დაიძაბნენ.
ჩვენი ეს საუბარი აპრილში შედგა და აფხაზეთში ომის დაწყებას მაისის დასაწყისში აპირებდნენ.
მეორეს მხრივ, სოჭის ოლიმპიური თამაშების დროისთვის, აფხაზეთის გაყინულ კონფლიქტად დატოვება რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა. რუსებმა დაიწყეს სააკაშვილის პროვოცირება, რომ მან აფხაზეთის შემოსაერთებლად თავისი ოცნების ნაბიჯი გადადგას. რუსები აპირებდნენ კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარებას და შემდეგ აფხაზეთიდან ქართველების გამოყრას. რუსებს ამის გაკეთება აგვისტოში სურდათ, მაგრამ აფხაზები ევაჭრებოდნენ, რომ ოპერაცია, ზაფხულის საკურორტო სეზონის დამთავრების შემდეგ დაეწყოთ. მათ სეზონის ჩაგდება არ სურდათ. 2007 წელს აფხაზეთში 2 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ამდენი ტურისტი ჩვენთან მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ჩამოდიოდა.
მართალია აფხაზეთში ჩასული თითო ადამიანი იქ ათასებს და ათიათასებს არ ხარჯავს, მაგრამ თითომ 300 დოლარიც რომ დახარჯოს, 600 მილიონი დოლარი გამოდის, რაც ასეთი პატარა პოპულაციისთვის უკვე საკმაოდ დიდი ფულია.
აპრილის ბოლოს, სააკაშვილთან საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ გია ვაშაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამირეკა და მითხრა, სააკაშვილს მოეწონა შენი იდეა და რუსი ჟურნალისტები ჩამოიყვანეო. რახან მიშას ჩემი ეს იდეა გაახსენდა, ვიფიქრე, ალბათ საომარ კურსს იცვლისთქო. სააკაშვილი მაისის დასაწყიში ეპატიჟებოდა რუს ჟურნალისტებს.
მაისის დასაწყისში რუსეთში 1 და 9 მაისის დღესასწაულებთან დაკავშირებით ბევრი დასვენების დღეა. ლოთობა 30 აპრილს იწყება და 11 მაისამდე მოსკოვი პარალიზებულია. ვისაც ფული აქვს, ამ დროს დასასვენებლად მიდის. ქალაქი იცლება. ასევე იქცევიან ჟურნალისტებიც, ვინაიდან ამ დროს პოლიტიკურად ცხოვრება მკვდარია.
ამის გამო ელიტური ჟურნალისტების ჩამოყვანა ვერ მოვახერხე, მაგრამ მათ შემადგენლობას მაინც არა უშავდა. 7 მაისს ჩამოვიყვანე “ეხო მასკვის“ ფანტასტიური ჟურნალისტი, ასევე „კომერსანტი“, „ოგონიოკი“, „ვლასტ“, „იზვესტია“, მედვედევისა და ლავროვის სამი ტოპ-სააგენტოს წარმომადგენლები.
სააკაშვილს ბათუმში ჩინურ რესტორანში შევახვედრე. მიშას უთხრეს, კოდორის ხეობაში გვინდა წასვლაო, ამან - რა პრობლემაა, წადითო. ძალიან გაუხარდათ. აჭარაში ვარშალომიძე თან გადაგვყვა.
პატრიარქთან გვქონდა ძალიან ლამაზი და ხანგრძლივი შეხვედრა. ისინი მოიხიბლნენ პატრიარქის უშუალო, ადამიანური, მეგობრული დამოკიდებულებით. მერე თბილისი დავათვალიერებინე, მერე ბათუმი და ბოლოს კახეთი, სიღნაღი. პოლიტოლოგებთან გვქონდა შეხვედრა. ქართველმა ექსპერტებმა იმის მაგივრად, რომ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ზოგადად რუსების გამო ჟურნალისტებს შეუტიეს. ეს ცოტა არ მომეწონა, სიტუაცია რომ გამენეიტრალებინა, წამოვიყვანე, ხინკალი ვაჭამე, მერე წავედით კახეთში, ღვინის ქარხანა ვაჩვენე, თან ვეუბნებოდი, რომ თქვენმა ემბარგომ კარგი შედეგი გამოიღო, კარგი ღვინო დადგა და ის აუცილებლად დაბრუნდება ისევ თქვენთან მეთქი.
სიღნაღში ჩასვლამდე კახეთის გუბერნატორს, ლევან ბეჟაშვილს დავურეკე და ვთხოვე, რუსი ჟურნალისტები ჩამომყავს და ფიროსმანის მუზეუმი დაგვახვედრე ღია და შემდეგ, სიღნაღში ჩემი მეგობრის გოგა კალანდაძის სახლში ვიქნებით და ანსამბლები „წინანდალი“ და „გურჯაანი“ მჭირდება, ჩვენი სიმღერები ძალიან მოეწონებათთქო. ესენი 25-27 წლის ახალგაზრდები იყვნენ, ისეთი თაობა, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ საქართველოს. საქართველოში პირველად იყვნენ.
ბეჟაშვილს ყურიც არ შეუბერტყავს. ფიროსმანის მუზეუმიც დაკეტილი დამახვედრა და არც ის ანსამბლები გამოგზავნა. ამის გამო სააკაშვილს დავურეკე და ვუთხარი, ეგ ძაან უცნაური ბიჭია, თუ შენს სტუმრებს ასე ისტუმრებს, სხვებს როგორ მოექცევამეთქი.
მოსკოვში სააკაშვილს ფანასტიური პრესა გაუკეთეს. მიშაც კმაყოფილი იყო. ძალიან კარგი წერილები დაწერეს. „იზვესტიას“ ჟურნალისტს წერილი არ დაუბეჭდეს და სამსახურიდან გააგდეს, ისეთი აღფრთოვანებული სტატია დაწერა საქართველოზე, მიშაზე და ასე შემდეგ. ფანტასტიური გოგო იყო, განათლებული. ტირილით დამირეკა და ბოდიში მომიხადა სტატიას ვერ ვბეჭდავო.
9 მაისს, როცა რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს, ეს ჟურნალისტები ჯერ კიდევ თბილისში იყვნენ. მე, როგორც ელჩმა და როგორც, თუ გნებავთ იმიჯმეიკერმა, სააკაშვილს ვთხოვე, ვაკის პარკში მისულიყო, გვირგვინი მიეტანა და დაპატივი მიეგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთათვის. მიეტანა გვირგვინები და ომის ვეტერანებს შეხვედროდა. რუსეთში დამკვიდრდა აზრი, რომ ჩვენ ამ დღეს აღარ აღვნიშნავდით, ლამის ბენდერელებს გვადარებდნენ, რომლებსაც ყველაფერი რუსული ეზიზღებათ. ამბობდნენ, რომ რუსების წინააღმდეგ გახსენით ოკუპაციის მუზეუმი და ა.შ.
მიშა ვაკის პარკში არ წავიდა, რაც, ვფიქრობ, არ არის კარგი საქციელი. თავი დავანებოთ რუსეთს, ამ ომში შვიდასი ათასი ქართველი წავიდა და ნახევარი უკან ვეღარ დაბრუნდა, სხვადასხვა ფრონტზე დაიღუპნენ. ფაქტიურად, ჩვენი მოსახლეობის 15 პროცენტი ამ ომში დაიხოცა და ამ ქვეყნის პრეზიდენტი უარს აცხადებს გამარჯვების პარკში ერთი გვირგვინის დადებაზე.
ქართველები ამ ომში არ ომობდნენ რუსების წინააღმდეგ, ფაშიზმს ებრძოდნენ.
ესტონელების ისტორია სხვა არის, მათთან რუსები იყვნენ როგორც ოკუპანტები და ამიტომ ვერ იტანდნენ წითელ არმიას. ამას ვუხსნიდი რუს ჟურნალისტებსაც, რომ ჩვენ და ესტონელებს სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდა 9 მაისთან დაკავშირებით. ბოლოს ისიც ვთქვი, რომ ბაბუაჩემიც ამ ომში დაიღუპა და ჩვენთვისაც სამამულო ომი იყო მეთქი.
ზურა ჟვანია პარლამენტში ვეტერანებს მიღებას უწყობდა და მათ ასაჩუქრებდა. მაშინ “რუსთავი 2”-ც მხარს უჭერდა ამ აქციას და პირადად ვაძლევდი ხოლმე ფულს დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილს ამ ღონისძიების ჩასატარებლად.
ერთიც არის - რაც 2003 წლამდე მოხდა სააკაშვილისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ არის. რაც მას არ უკავშირდება, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მან გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალური დაფა დაკიდა და მუდმივი ცეცხლი დაანთო, რაც ძალიან კარგია. ეს მის სახელს უკავშირდება და იქ ალბათ ხშირად მივა, მაგრამ განა მას რამე დაუშავეს იმ მოხუცებმა, რომლებმაც 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკეში ძლივს მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალამდე?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რწმუნებათა სიგელი 15 მაისს უნდა ჩამებარებინა. მოსკოვში წასვლამდე პატრიარქთან მივედი და ილია მეორეს კურთხევა ვთხოვე. მე ეს არ გამიკეთებია კამერების წინ, პიარისთვის, რასაც პოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ. მე პატრიარქს დავეკითხე, რისი გაკეთება შეეძლო ჩვენს ეკლესიას და რისი გაკეთება შემეძლო მე, მის წიაღში მყოფ ქართველს რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. პატრიარქს გულწრფელად ვუთხარი, რომ ქვეყანა ომის ზღვარზეა, ჩვენთანაც გაძლიერდა ე.წ “ომის პარტია”და ამის გამო შეშფოთებული ვარ მეთქი. პატრიარქი დამეთანხმა, ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ და ძალიან მაშფოთებსო.
პატრიარქმა დამლოცა და კურთხევა მომცა, დამაიმედა, ყველაფერში დაგეხმარებიო. - პატრიარქმა მითხრა, შენ შეგიძლია ქართულ-რუსული ურთიერთობა დაარეგულირო. დარწმუნებული ვარ, შენ ამას გააკეთებო. “ოღონდ, - პაუზა გააკეთა, პატრიარქი მძიმედ ავად არის და მეტყველება ცოტა უჭირდა, - შენ ხომ რუსეთში დიდხანს დარჩები?” - მკითხა. მე, პირიქით, მინდა ორი ვადითაც დავრჩე, - ვუპასუხე, - ვიცი რა არის გასაკეთებელი რუსეთთან ურთიერთობაში და თუ თქვენც და ხელისუფლებაც მხარს დამიჭერს, ძალიან ადვილად შეიძლება სიტუაციის დალაგება-თქო.
- არაო, მითხრა, - დიდხანს დარჩი, მაგრამ არ იფიქრო, რომ რუსებთან ასე მარტივად გამოვა რამეო, ეგენი ძალიან რთულები არიან და ასე ადვილად მაგათ გულს ვერ მოვიგებთო. მაგრამ შენ მაინც სცადეო. რომ გიყურებ და გისმენ, მჯერა, რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია. შენ არა მარტო სააკაშვილის და საქართველოს ელჩი ხარ, ეკლესიის ელჩიც ხარო.
მთავარი, რაც ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის და დღემდე მახსენდება, მასთან მისვლამდე თავს მსუბუქად ვგრძნობდი, ხომ ხდება, რომ რაღაც პროცესების მასშტაბებს უცებ მთელი სიღრმით ვერ გაიაზრებ. პატრირქთან საუბრის შემდეგ ძალიან დავმძიმდი, საქართველოს წინაშე ჩემი პასუხიმგებლობა, არ ვიცი გაათმაგდა, თუ, კიდევ რამდენჯერ გაიზარდა.
ჩემი მრჩეველის, ვახტანგ ტატუნაშვილისგან ვიცოდი, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტის მეუღლე ძალიან მორწმუნეა. მისი გავლენით ასეთივეა ვლადიმერ მედვედევიც. ტატუნაშვილი დამპირდა, რომ მათ მოძღვარს გამაცნობდა, რამაც ძალიან გამახარა. ამის გამო, პატრიარქს ვთხოვე, რუსეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლისთვის გადასაცემად რაიმე საჩუქარი გაეტანებინა. პატრიარქმა, კარგიო, ოღონდ ერთი-ორი საათი მაცადეო.
მართლაც, 2 შემდეგ საათის დამიბარა და სამი სხვადასხვა ჯვარი და ორი წერილი გადმომცა. წერილები და ჯვრები რუსეთის მოქმედი და ახალი პრეზიდენტებისთვის და მესამე ჯვარი მედვედევის მეუღლისთვის.
15 მაისს, როცა მე რწმუნების სიგელის ასლის გადასაცემად მივედი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისაც პირველად შევხვდი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმართველოს უფროსს კენინს, ვუთხარი პრეზიდენტებისთვის ჩვენი პატრიარქის გამოგზავნილი საჩუქარები მაქვს მეთქი. პროტოკოლს ჩააბარეო და მეც ასე მოვიქეცი. წესით მედვედევთან შეხვედრა რწმუნებათა სიგელის ორიგინალის გადასაცემად ივლისის ბოლოს მიწევდა, მაგრამ შემდეგ თარიღმა სექტემბერში გადაიწია და ამიტომ ვამჯობინე მისი საჩუქრის პროტოკოლისთვის ჩაბარება, ხოლო სვეტლანა მედვედევას საჩუქარი 2 დღის შემდეგ მის მოძღვარს კრემლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში გადავეცი.
მამა ვლადიმერ ვოლგინი ძალიან კარგი პიროვნება აღმოჩნდა. ჩვეულებრივი მღვდელია, მაღალი სასულიერო წოდება არ აქვს. მითხრა, ზუგდიდში საეკლესიო სიწმინდეების სანახავად ვიყავი და მაშინ მქონდა ბედნიერება ილია მეორეც მენახაო. პატრიარქზე ძალიან მოწიწებით საუბრობდა, უდიდეს საეკლესიო მოღვაწედ მოიხსენიებდა.
მოძღვარი თბილად დამემშვიდობა და სამი დღის შემდეგ დამირეკა. მითხრა, რომ ქალბატონ სვეტლანას ჯვარი გადასცა. იგი ძლიან აღშფოთებულა, როცა გაუგია, რომ მისი მეუღლის ჯვარი ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. საქართველოს პატრირქის მიერ ნაკურთხი ჯვარი ჩვენთვის სიწმინდეაო და მან იზრუნა იმისათვის, რომ პრეზიდენტის პროტოკოლმა ძალიან სწრაფად ჩააბარა ადრესატებს საჩუქარი. ამ ამბით, მამა ვლადიმერიც ძალიან კმაყოფილი ჩანდა.
მეც კმაყოფილი დავრჩი. პატრიარქის დახმარებით, შეგვეძლო რუსეთის პრეზიდენტის ოჯახთან პირდაპირ დაკავშირება. პირადი მოძღვარი პრეზიდენტის ოჯახში საკვირაო სადილებს ესწრება, მათთვის იმდენად ახლობელი ადამიანია, ეს ძალიან ფაქიზი თემაა და მასზე ღრმად საუბარი არ შეიძლება, ფაქიზი იმ გაგებით, რომ ძალიან ინტიმურ მხარეს ეხება, მაგრამ მე არ გამომიყენებია ეს ბოროტი მიზნით, ამიტომ ვთვლი, რომ მასზე საუბარი შემიძლია.
რადგან ვნახე, რომ სვეტლანა იმისოვნა ასეთი აქტიური იყო, გამიჩნდა აზრი, იქნებ სანდრა და ის დამეკავშირებინა ერთმანეთისთვის.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებას პრეზიდენტის პირადი მოძღვარი ვლადიმირ ვოლგინი მეუღლესთან ერთად დაესწრო. თუმცა ეს სხვა ისტორიაა და მას ცოტა ქვემოთ მოგითხრობთ.
15 მაისს სრულუფლებიანი ელჩი გავხდი. მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო ოფიციალურად საქმიანობის წარმოება. ელჩისთვის ყველაზე საყვარელი რიტუალი პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემაა. მიდიხარ პრეზიდენტის სასახლეში მეუღლესთან ერთად, გადასცემ სიგელს, გაიცნობ, იღებ სამახსოვრო ფოტოს, რის შემდეგაც მასთან ერთად შამპანურის თანხლებით ფურშეტს ესწრები.
მე სიგელი თურქეთის, აშშ-ს, ბრიტანეთის და უკრაინის ელჩებთან ერთად უნდა გადამეცა, თუმცა აგვისტოს მოვლენების გამო ვეღარ მოვასწარი.
გამოუცდელი ადამიანისათვის ცალკე პრობლემაა ერთმანეთისთვის მამის სახელით მიმართვა. იძულებული ხარ ერთი სახელის მაგივრად აუცილებლად ორი დაიმახსოვრო. ზურა აბაშიძემ მასწავლა, სახელი და მამის სახელი ერთ სახელად დაიმახსოვრეო. მე ძალიან მიყვარს ჩემზე გამოცდილ და განათლებულ ადამიანებთან რაიმე საკითხზე კოსულტაციის გავლა, ეს პრობლემას არასდროს მიქმნიდა. ესეც სwრაფად ავითვისე. მივედი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომლის ინიციალები კგბ არის და იოლად დავიმახსოვრე, კარასინ გრიგორ ბორისის ძე.
გრიგორი ბორისიჩი არის მართლა ძალიან სიმპათიური, ოღონდ კლასიკური რუსი არისტოკრატი, მაღალი, ახოვანი. სხვათა შორის, ბოლოს ის იყო რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. აქვს რაღაც უმაღლესი დიპლომატიური წოდება. ანუ გარდა თანამდებობისა აქვს დიდი რანგი და პლიუს, ძალიან გავლენიანია, არის ძალიან ცნობილი საეკლესიო ცენტრი “მარფა მარიევსკაია ობიტელ”, რომლის “პოპეჩიტელსკი” საბჭოს წევრია. ამ საბჭოში არიან მედვედევის ცოლი, რკინიგზის უფროსი, პუტინის თანამებრძოლი იაკუნინი და სხვა ძალიან გავლენიანი რუსები.
მე დამწყები დიპლომატი ვიყავი, ის - ძალიან გამოცდილი, და გადავწყვიტე მასთან ღია და გახსნილი დიალოგით გავსულიყავი ფონს. ამიტომ წავედი გულწრფელობაზე, რითაც თავის დროზე იგივე შევარდნაძემ დასავლეთის კეთილგანწყობა დაიმსახურა.
გრომიკოს მერე, რომელსაც “მისტერ ნო”-ს ეძახდნენ, მოვიდა ღიმილიანი კაცი, რომელმაც მართალია ინგლისური არ იცოდა, მაგრამ იღიმოდა და რაღაც ანეკდოტებს ყვებოდა. მას დღემდე კარგ მინისტრად მიიჩნევენ. ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე პატივს სცემს და საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფილ მინისტრებთან ერთად შევარდნაძის სურათიც ჰკიდია.
კარასინს პირდაპირ ვუთხარი, რომ არა ვარ უბრალო ელჩი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე იმ რევოლუციაში, რომელსაც თქვენ ვერ იტანთ. ამიტომ, ნუ განმიხილავთ უბრალოდ ახალაგაზრდა ელჩად, მე შემიძლია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, დროის მოგების მიზნით, კომუნიკაცია უშუალოდ სააკაშვილთან ვიქონიო. ”შენი ეს განწყობა მომწონს, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს” - მიპასუხა
მე ჩავთვალე, რომ იმ მომენტში მე მას გადავეცი ჩემი სურვილი და ენერგია, რომ თუ პრობლემა გვაქვს, გადავწყვიტოთ.
ამის შემდეგ “რია-ნოვოსტის” ოფისში პრესკონფერენცია ჩავატარე, სადაც ვთქვი რომ, დედას გეფიცეbით, ჩვენ ომის დაწყება არ გვინდა მეთქი, და “ჩვენში” გულწრფელად ჩემს თავს და ქართველებს ვგულისხმობდი, საქართველოს სახელით ვლაპარაკობდი და არ ვიტყუებოდი. ჟურნალისტებსაც მოეწონათ ჩემი გულწრფელობა და უცებ ყველამ გამიცნო, თან საკმაოდ პოზიტიური მესიჯით - ომი არ გვინდა.
(დასასრული იქნება)