„მეჩვენება, რომ ახლანდელი წინასაარჩევნო პერიოდი საიდუმლო შეთანხმების ელემენტებს შეიცავს“

„მეჩვენება, რომ ახლანდელი წინასაარჩევნო პერიოდი საიდუმლო შეთანხმების ელემენტებს შეიცავს“

წინასაარჩევნო პერიოდში ვიდეორგოლებითა და ანტივიდეორგოლებით განებივრებულნი ვართ. ამ მხრივ ერთ-ერთი პოპულარულია „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებების სატირული ვერსია, ანტივიდეორგოლი, რომელიც სრულად ასახავს ქვეყნაში სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის 9-წლიან ეპოქას: 

„მინდა, მოკლულ მომიტინგეებს მეტროს სახურავებზე პოულობდნენ, არა მარტო თავისუფლების მოედანზე, არამედ ახმეტელზეც, ვარკეთილშიც, ავლაბარშიც!.. „მოდელირებული ქრონიკა მინდა!“, „მინდა კონტროლირებადი მედია, ყველა არხი „რუსთავი 2“-ს აჩვენებდეს!“... „მინდა ეკლესია ბულდოზერით დაანგრიონ, პატრიარქს ებრძოლონ, მღვდლები გაკრიჭონ!“... „ცოცხი მინდა! სანდრას მეგრული ნანა მინდა! ორი გვამი მინდა!“...

„ნაციონალების საწინააღმდეგო“ ამ ანტივიდეორგოლის პარალელურად, ვრცელდება „ნაციონალების“ ვიდეორგოლიც, სადაც ელენე ხოშტარია დამოუკიდებელ სასამართლოსა და თავისუფალ მედიას გვპირდება, სერგი კაპანაძე- ნატოში გაწევრიანებას, ხოლო ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ახლა გვპირდება, რომ იბრძოლებს თითოეული მოქალაქის უფლებებისთვის. სხვა საქმეა, მათ ვინ ენდობა, მაგრამ, მთლიანობაში, ნაციონალები გულუხვ დაპირებებს არ იშურებენ, ისინი გვპირდებიან, რომ შეამცირებენ გადასახადებს, აამუშავებენ ეკონომიკას, ხალხის შემოსავალს გაზრდიან და, რაც მთავარია, სახელმწიფო დაიცავს თითოეულ მოქალაქეს კრიმინალისგან, ოღონდ ისე, რომ საზოგადოებაში უსამართლობის განცდა არ არსებობდეს.

აშკარაა, „ნაცმოძრაობის“ ვიდეორგოლები გაჟღენთილია წარსულის შეცდომებისთვის ერთგვარი მობოდიშების ელემენტით. თუმცა ნაციონალების „კათარზისის“ სურვილს ცინიკურ ელფერს ანიჭებს პოლიტიკურ ნირვანაში მყოფი სანდრა რულოვსის „გულახდილობა“, იმ სანდრასი, რომელმაც თურმე „მიშას თვალებში ჩახედა და მიიღო დაპირება, რომ ძალადობა აღარ განმეორდება“ და სააკაშვილი აღარ იძალადებს.

სანდრას მსგავსად, სააკაშვილიც სხვა სამყაროშია: „მაგრამ ეს ცოცხი-მოცხი, დაგვიხოცეს 26 000 ახალგაზრდა, რომელი 26 000 ახალგაზრდა?“-კითხულობს ყოფილი პრეზიდენტი და დასძენს: -„ვინ ხალხს ვკლავდი, ერთი მაინტერესებს?! საქართველოში შემოჭრილ მტერს - კი! ვისაც ამის სჯერა, ხაინდრავას შედევრზე გადართოს, იქ ყველაფერი უფრო კარგადაა წარმოდგენილი“.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპს, რომელიც გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული -„ჩემი საქართველო აქ არის“, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, ეს კლიპი დაფუძნებულია სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაშია დასავლურ ფასეულობებთან. ეს მუსიკალური კლიპი არის მშვიდ ცხოვრებაზე და პატარ-პატარა, დადებითი ენერგიების მარგალიტებივით შეკრებასა და ერთ აზვირთებულ, პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნას ემსახურება.

რამდენად მომგებიანია, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაცმოძრაობის“ და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალების საარჩევნო ვიდეორგოლები და საარჩევნო კლიპები პიარის თვალსაზრისით?!

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენი პოლიტიკური სუბიექტების ვიდეორგოლები ერთმანეთს იმეორებს. პოლიტიკურ სპექტრს კარგად ეტყობა, რომ საერთოდ არ ესმის ამომრჩევლის და უშინაარსო, ამორფულ პროდუქტს სთავაზობს მას. „ქართული ოცნების“ სარეკლამო კამპანია ძირითადად გადასულია ბილბორდებზე მეტროებში, საიტებზე და სახელმწიფო რეკლამაზე. თუმცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი -„ჩემი საქართველო აქ არის“ სანახაობრივად საინტერესოა. ამის მიუხედავად, ეს კლიპი მაინც უფრო ზოგადი პოზიტიური საიმიჯო რგოლია და მაინცდამაინც საარჩევნო პერიოდზე არ არის მორგებული.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ვიდეორგოლს, ის ძირითადად საკუთარი ამომრჩევლისადმია მიმართული, რადგან სხვა დანარჩენისთვის „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო რგოლი ცინიკურადაც აღიქმება მოსასმენად და სანახავად.

„მთლიანობაში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ რგოლების გარკვეული მესიჯები ერთმანეთში იკვეთება. ყველაზე კასტაროფული ის არის, რომ ყველა პარტიის ძირითადი აქცენტი და შეპირების ფორმაც კი ერთნაირია. იმდენად იკვეთება ურთიერთგანსხვავებული პარტიების ტექსტები ერთმანეთში, რომ ძალიან კარგად ჩანს ყალბი დამოკიდებულება ამომრჩეველთან. თუ დააკვირდებით, პარტიები, რომლებიც დარწმუნებულნი არ არიან, რომ გავლენ არჩევნებში, ბევრად უფრო კონკრეტულ და გლობალურ შეპირებებს გამოხატავენ ვიდეორგოლებში, ვიდრე ის პარტიები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ გაიმარჯვებენ.

რაც უფრო მეტი შანსი აქვს პოლიტიკურ სუბიექტს, მით უფრო ამორფულია მისი შეპირებები, რადგან ყველამ ნახა, რომ საზოგადოების მხრიდან ამ შეპირებების მონიტორინგი ძალიან აქტიურად ხორციელდებოდა და ამას „ქართული ოცნების“ იმიჯის ნაწილობრივი მსხვრევაც კი მოჰყვა. კრეატივის ხარისხი თითქმის არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ვიდეორგოლს არ აქვს, შემოქმედებითობა, კონკრეტულობა, ამომრჩევლის შინაგან ხმასთან კავშირი აკლია. არადა, ამ რგოლების ფუნქცია არის შინაგანი კავშირის დაჭერა ამომრჩეველთან. აშკარაა, ამ სარეკლამო რგოლებსა და ვიდეორგოლებზე სპეციალისტებს არ უმუშავიათ, ეს უფრო თვითშემოქმედება იყო, მაგრამ სპეციალისტებსაც რომ ემუშავათ, მაინც კრიზისის რეჟიმში იქნებოდნენ, რადგან პოლიტიკური სუბიექტები სხვა სამყაროში არიან“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისივე თქმით, გაცილებით ადეკვატური იყო „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ვიდეორგოლები, რომლებიც 2003 წლის არჩევნებისთვის და შემდგომ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადდა. სულ სხვა თემაა, „ნაცმოძრაობა“ როგორ ახორციელებდა ამ დაპირებებს, მაგრამ, დაპირებებში „ნაცმოძრაობა“ ზუსტად გრძნობდა მომრჩევლის მაჯისცემას. ამიტომ დღეს საკვირველიც კია, რომ ვიდეორგოლების მიხედვითაც, „ნაცმოძრაობა“ არაადეკვატურია. უფრო მეტიც, არჩილ გამზარდიას თქმით, „მოქალაქეთა კავშირის“ რგოლებიც მაშინდელი რეალობისთვის ბევრად უფრო ადეკვატური იყო, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკური სუბიექტების. ამდენად, კატასტროფული რეგრესი გვაქვს ამ კუთხით.

„2012 წელს „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად არაადეკვატური გახდა. იმდენად ჰქონდათ მთელი თავისი კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგებული, რომ საკუთარმა უხარისხო საარჩევნო კამპანიამაც იმოქმედა მათ წინააღმდეგ. იქიდან მოყოლებული, როგორც ამომრჩეველი და მოქალაქე, საერთოდ ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი კავშირშია ჩემთან. ვშიშობ, ამის განცდა აქვს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვინც აქტივისტი არ არის. თორემ აქტივისტების მოტივაცია სულ სხვა არის, ისინი მაინც დარიგებულები არიან და ხელოვნურ მესიჯებს კარგად „იგებენ“. თავისუფალი მოქალაქეებისთვის კი ეს აბსოლუტურად გაუგებარია“.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვიდეორგოლებისა და ანტივიდეორგოლების მეშვეობით აშკარად იგრძნობა პოლიტიზირებული სიტუაცია. მისი თქმით, ცალსახად მომგებიანია „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ანტივიდეორგოლი, სადაც გვესმის, რომ „გვამები და ცოცხები მინდა!“ ეს „ნაცმოძრაობის“განვლილ ცხრა წელიწადს შეგვახსენებს და ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ სწორი ტაქტიკა დაუპირისპირეს.

„ეს კონტრპროპაგანდისტული ქმედებაა, რაც კარგია, რადგან „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციული, სახელმწიფო გადატრიალების მომხრე ძალაა. ამიტომ ასეთ ძალას ადეკვატურად უნდა დაუპირისპირდე. პარალელურად, „ნაცმოძრაობის“ დაპირება საჯარიმო გადასახადების გაუქმებისა და ადამიანების უფლებების დაცვის შესახებ, არაფერია, თუ არა ცინიზმი. თუმცა გარიგებებიც გამორიცხული არ არის. ეს პროპაგანდისტული ომია და ამ ომის შედეგად არც გარიგებებია გამორიცხული. მეჩვენება, რომ ახლანდელი წინასაარჩევნო პერიოდი საიდუმლო შეთანხმების ელემენტებს შეიცავს. თუ ერთმანეთს დაემთხვევა „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ეგზიტპოლები, მაშინ ეს იქნება საზოგადოების უკან შეთანხმებული არჩევნები. ცუდი შედარებაა, მაგრამ დაახლოებით ეს ისეთივე იქნება, როგორც ჰილტერისა და რიბენტროპის პაქტი. თითქოს ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულნი, მაგრამ ეს გამოჩნდება არჩევნებზე. „ტელეიმედი“ აბსოლუტურად იმართება „ქართული ოცნების“ მიერ, ისევე, როგორც „რუსთავი-2“ იმართება „ნაცმოძრაობის“ მიერ. „იმედი“ უკვე აღარ არის თავისუფალი პრესის გამომხატველი ტელევიზია, ეს არის პროპაგანდისტული საშუალება, ამიტომ, თუ მათი ინტერესები დაემთხვევა, ეს ორპოლუსიან პარლამენტს მოასწავებს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ ორპოლუსიანმა პარლამენტმა შეიძლება ძალიან ცუდი როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარების საქმეში.