For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას
******************
ჩვენთვის მთავარი იყო, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მშვიდად მივსულიყავით. კონსტიტუციით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს - ნინო ბურჯანაძეს - უფლება არ ჰქონდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა სახელმწიფო და ძალოვანი მინისტრები. ამდენად, შესაძლებელი იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვითარება შევარდნაძის გუნდს ეკონტროლებინა.
25 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრი ჯორბენაძე გადადგა. მასთან სააკაშვილს ჰქონდა ურთიერთობა და მან გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გაჯიუტდა და გადადგომას არ აპირებდა. მინისტრი, რომლის ბრძანებით კახეთიდან მომავალ მომიტინგეებს ფეხებში ტყვია ესროლეს, გადაკეტეს რიკოთის უღელტეხილი, მისი მითითებით სცემდნენ ჟურნალისტებს, აზერბაიჯანიდან მომიტინგეების დასაშლელად შემოჰქონდათ ცრემლსადენი გაზი, დაუპირისპირდა პირადად მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობას აგრძელებდა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
“მერიოტში” შეხვედრა მქონდა, როცა მითხრეს, რომ ნარჩემაშვილი გადადგომას არ აპირებდა. ამ დროს თან მახლდნენ ნიკა რურუა და გიგა ბოკერია. სასწრაფოდ დავურეკე ნარჩემაშვილს და ვუთხარი:
- კობა, როგორ ბედავ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ პოსტიდან გადადგომას არ აპირებ? გაძლევ 20 წუთს, ამ პერიოდში თუ შენ ტელევიზიით გადადგომის თაობაზე განცხადებას არ გააკეთებ, ჩემი ფეხით მოვალ სამინისტროში და ყურით ჩაგათრევ შენს მეხუთე იზოლატორში.
ამ ტონით მას სულიერად გასატეხად ვესაუბრე, სხვები თხოვდნენ, მე მოვთხოვე რომ პოსტიდან დაუყოვნებლივ გადამდგარიყო.
ნარჩემაშვილი 15 წუთში გადადგა. ტელევიზიით ყვებოდა, ტელეფონზე მირეკავენ და მემუქრებიან გადადექიო, ცრემლებს აღვარვარებდა, უნდა გადავდგეო.
დეზორიენტირებული ჯარისკაცები პარლამენტის წინ მოდიოდნენ და ჩაგბარდითო, გვეუბნებოდნენ. ამას აკეთებდნენ რიგითი პოლიციელებიც. ეს ძალიან სახალისო საცქერი იყო.
ნარჩემაშვილის გადადგომის მოთხოვნა მე არ ამიხირებია. სააკაშვილმა დამირეკა და შემომჩივლა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგომას არ აპირებდა. ამიტომ გავხდი იძულებული, რომ კობას მკაცრად მოვთხოვე პოსტი დაეტოვებინა. ჩემი მონაწილეობა ამგვარ ისტორიებში საყმაწვილო ჟურნალ “ერალაშის” ერთ სერიას მაგონებდა, “ჩემპიონი” ჰქვია. პიონერები ბანაკში ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან. ბანაკის ჩემპიონი მაღალი, გამხდარი ბიჭია და მწვრთვნელად ჰყავს, დაბალი, “შუსტრი” თანატოლი. ეს მწვრთვნელი მიდის და შეგირდის კონკურენტებს ზვერავს, თუ ვინ როგორ ფორმაშია, მერე მოდის და ჩემპიონს აკვალიანებს, თუ ვინ შეიძლება მას აჯობოს. მარათონი იწყება და მწვრთვნელი შეგირდს თან მისდევს. გაიქცევა, სადღაციდან გასაგრილებლად წყალს მოუტანს, მერე კიდევ გაასწრებს, გაიგებს ვინ არის მის შეგირდზე წინ წასული, მობრუნდება, ეტყვის რა მანძილით ასწრებს კონკურენტი, ბოლოს კიდევ გაასწრებს და ფინიშზე დახვდება და გამარჯვებული ხელში აჰყავს.
მეც, ზუსტად ასეთი როლი მქონდა, ჩემს მარათონს ხომ დავრბოდი, ესენიც ხელში აყვანილები დამყავდა და ფინიშის გადაკვეთისას მათ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს ვულოცავდი. ეს უბრალოდ კომედია იყო.
მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პერიოდში მივიღე უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირაკლი ალასანიას უკავშირდება. ნინო ბურჯანაძეს მისი უშიშროების მინისტრად დანიშნვა სურდა. მინისტრი ხაბურძანია ბოლო ხანს რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნებთან აქტიურად მეგობრობდა, კერძოდ - პატრუშევთან. მე ამ დანიშნვას არ დავეთანხმე, მეშინოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ალასანია ძალაუფლების ხელში აღებას ვერ მოასწრებდა და რამე ცუდი თუ მოხდებოდა, ხაბურძანიას პასუხს ვეღარ მოვთხოვდით. ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე ალასანიას თავად ვუთხარი. ირაკლი ალასანიას გზა შემდეგ სხვანაირად განვითარდა. მას ბოკერია და ოქრუაშვილი დაუპირისპირდნენ და რომ არა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, საერთოდ უმუშევარი დარჩებოდა. მოგვიანებით, მან ცოტა ხანს თავდაცვის სამინისტროში იმუშავა.
მთავარ საფრთხედ პატარკაციშვილს განვიხილავდი. სააკაშვილს ვურჩევდი, რომ ბადრი ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდა და ვითხოვდი, რომ მას თავისი ტელევიზია “იმედი” თავის შენობიან-აპარატურიანად საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის ეჩუქებინა. სანაცვლოდ, ჩვენ ბადრის კომპენსაციას გადავუხდიდით და შემდეგ რაც უნდოდა, ის ეკეთებინა, უნდა ბიზნესში დარჩეს, უნდა - პოლიტიკაში. ამას ვითხოვდი, არა როგორც ბიზნესმენი ან ტელევიზიის მფლობელი, არამედ როგორც რევოლუციით მოსული ერთ-ერთი ხელისუფალი, რომლისთვისაც მთავარი რევოლუციის შედეგის შენარჩუნება იყო.
მაშინ “იმედი” რევანშიზმის ბუდეს წარმოადგენდა. ბადრის იქ დაბოღმილი ადამიანები გადაჰყავდა - გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, მათე კირვალიძე და გაზეთ “ალიას” სხვა შავბნელი ჟურნალისტები. რევოლუციის დროს “იმედი” სასტიკად პროსახელისუფლებო კურსს ატარებდა. მთავარი ომი “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ აწარმოეს არა გაზეთებმა, არამედ ამ ტელეკომპანიამ. მომიტინგეებს ისეთი რაკურსით აჩვენებდნენ, რომ კადრში რაც შეიძლება ცოტა ხალხი გამოჩენილიყო. მათი მაშინდელი კორესპოდენტი და დღეს უკვე, სააკაშვილი მთავარი საყრდენი სატელევიზიო სივრცეში - ალეკო ფარულავა, ოპოზიციური მიტინგის მონაწილეებს - „ეგრეთ წოდებულ ხალხს“ ეძახდა.
ბადრი გაწბილებული იყო, ვინაიდან თუკი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დამტკიცდებოდა, ის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნიდა და “ვარდების რევოლუციამ” მას გეგმები ჩაუშალა. გავიხსენოთ, ვის რა შედეგი ჰქონდა იმ არჩევნებში. ამერიკელების ეგზიტპოლის მიხედვით - ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა- 20,8%, ბლოკი “ახალი საქართველოსათვის” - 12, 9%. ამ ბლოკს მთლიანად ბადრი აკონტროლებდა, გარდა სულხან პაპაშვილის ერთი ფრაქციისა, მას ეკუთვნოდა ლეიბორისტული პარტიის გამსვლელი სიის ნახევარი და ამ პარტიამ მიიღო - 12,8%. ჟვანიასთან კავშირით ის აკონტროლებდა “ბურჯანაძე-დემოკრატებს,” მთლიანად მისი იყო “ახალი მემერჯვენეები”, რომლებიც დაახლოებით ხმების 7%-ს აგროვებდნენ. “აღორძინებაც” არ იქნებოდა ბადრისგან შორს მდგომი ძალა.
ახლა მთავრობის ეგზიტპოლის, ანუ “ნიკოლო ემის” მონაცემები ვნახოთ: ბლოკი “ახალი საქართველოსათვის” - 22,1%, ბურჯანაძე-დემოკრატები - 16,4%, ლეიბორისტები - 13,5%, ნაციონალური მოძრაობა - 13,2%, “ახალი მემარჯვენეები” - 11,3%, პლუს მაჟორიტარები. ბადრის 75 მაჟორიტარიდან 50 გარანტირებულად მხარს უჭერდა. მოგვიანებით, როცა მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძალაში დატოვეს, ამ ფრაქციას ბადრის უახლოესი მეგობარი ვანო ჩხარტიშვილი ჩაუდგა სათავეში. 235 დეპუტატიდან საკონსტიტუციო უმრავლესობა 160 კაცი გამოდიოდა. ძალიან უხეში გათვლებით, ჟვანია-სააკაშვილი ერთადაც რომ ყოფილიყვნენ და ჟვანია პატარკაციშვილს განდგომოდა, მათ მხოლოდ 40-45 პროპორციული მანდატი ექნებოდათ, დანარჩენ დეპუტატებს კი ბადრი გააკონტროლებდა. “აღორძინების” ლიდერი ასლან აბაშიძე ივაჭრებდა, მაგრამ ბადრისთან მაინც ითანამშრომლებდა. ბადრი 160-170 კაცს ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას თავისუფლად აგროვებდა.
ამას დავუმატოთ ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მისი მეგობარი - ვაჟა ლორთქიფანიძე ხდებოდა, ხოლო “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი, დავით გამყრელიძე - პრემიერ-მინისტრი. ამიტომ დათანხმდა გამყრელიძე შევარდნაძეს და ბოლო მომენტში სესიაზე ქვორუმის შესაკრებად პარლამენტში შევიდა.
ბადრი არჩევნებიდან 6 თვის თავზე აბსოლუტურად ქმედუუნარო შევარდნაძეს პოსტიდან გადააყენებდა, ისევე როგორც მან და ბერეზოვსკიმ რუსეთში ელცინი გადააყენეს და ამის შემდეგ პრეზიდენტი თავად გახდებოდა. ბადრი რუსეთში დაშვებული შეცდომის გამეორებას აღარ აპირებდა, მან ერთხელ მეც მითხრა, რომ პუტინზე კომპრომატები გვქონდა და ამიტომ ვფიქრობდით, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ის ერთგულად გვემსახურებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდაო.
ბადრის პრეზიდენტად გახდომის პირველი მცდელობა ჩაეშალა და ის შევარდნაძის ელიტასთან ერთად რევანშისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა. მათი რუპორი “იმედი” გახლდათ და ამას უკავშირდებოდა ჩემი სიფრთხილეც. ამასთან, არ გვემორჩილებოდა ჯარი, იქით კოდორის ხეობის გუბერნატორი და შეიარაღებული ფორმირება “მონადირის” მეთაური ემზარ კვიციანი აქტიურობდა, პარტიზანების დაჯგუფება “ტყის ძმების” ლიდერი დათო შენგელიაც მასთან ერთად მოძრაობდა.
ჩვენი მტერი კრწანისის რეზიდენციაში გამოკეტილი შევარდნაძე აღარ იყო, მტრულად განეწყო მისი კორუმპირებული ელიტა, მთელი სისტემა. ჩვენ არ გვყავდა პოლიცია, სპეცსამსახური, არ გვქონდა ფინანსები და გვიპირისპირდებოდა კარგად ორგანიზებული ძალა.
ამის გამო, მივდივარ მიშასთან და ვეუბნები: „მიშა, თუ ჩვენ გვინდა რევოლუციის შედეგების შენარჩუნება, რაღაც უნდა გავითვალისწინოთ“. მაკიაველის მიხედვით, თუ გინდა ქალაქი შეინარჩუნო, ორი ალტერნატივაა - ან უნდა გაურიგდე არსებულ ელიტას, ან უნდა გაჟლიტო ის და ახალი ელიტა შექმნა. გაჟლეტაში დახვრეტას არ ვგულისხმობდი, შევარდნაძის ე.წ ინტელიგენციისთვის ელიტის ფუნქცია უნდა წაგვერთმია და ახალი ელიტა შეგვექმნა.
სააკაშვილმა მოგვიანებით ეს თეორიები ერთმანეთში აურია, თავისი ელიტის შექმნაც დაიწყო და, ნაწილობრივ, ძველსაც გაურიგდა. ფაქტიურად, მან ამ ელიტების ცუდი ნაზავი მიიღო. ამას უკავშირდება მისი ახლანდელი პრობლემები ეკონომიკაში და საზოგადოებრივ გავლენებშიც. მას დასაყრდენი აღარ ჰყავს. დარჩა მხოლოდ ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელთა ლოიალობა მხოლოდ ხელფასთანაა დაკავშირებული. ნუგზარ წიკლაურის და ეკა ხერხეულიძის, ანუ ზვიადიზმის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი გამოვლინებების და ხათუნა ოჩიაურის გარდა, იდეური მხარდამჭერები აღარ ჰყავს. გიგა ბოკერია მისი ერთ-ერთი უკანასკნელი დამცველია. წარმოგიდგენიათ? მან მოახერხა და ის ხალხი, რომლებიც მის სიახლოვეს ათასობით იდგნენ, საერთოდ შემოეფანტა. ის ახლა მხარდამჭერებს ყიდულობს, ამიტომ ამ მოსყიდულებს მასთან არანაირი იდეური სიახლოვე არ აკავშირებთ.
ახლა, რა გააკეთეს ჟვანიამ და სააკაშვილმა? მომკიდეს ხელი და ბადრისთან შესარიგებლად “ქაჯეთის ციხეში” ძალით წამათრიეს. ჩემი და ბადრის შეხვედრას ჩხარტიშვილი, სააკაშვილი, ჟვანია და ჩუბინიშვილი ესწრებოდნენ.
მახსოვს, ბადრის სტილიზებული კუთხე ჰქონდა - თავისი ბავშვობის იტალიური ეზო, სახლის აივანზე კი არღნით ხელში, იპოლიტე ხვიჩიას ცვილის ფიგურა იდგა.
ამ შეხვედრის შემდეგ მე და ბადრი ერთმანეთს აღარ უნდა დავპირისპირებოდით, ვინაიდან ჩვენ ორივენი ჟვანია-სააკაშვილის მეგობრები ვიყავით. ამან შოკი მომგვარა. ბადრი აღიარებდა, რომ შერიგება სურდა და ამის დასტურად დამპირდა, რომ კომუნიკაციების სფეროში ერთი თეთრის ინვესტიციასაც არ განახორციელებდა. პირველი ორი დაპირება მან არ შეასრულა. დამპირდა, რომ ტელევიზიას არ შექმნიდა და “რუსთავი 2”-ის საწინააღმდეგოდ “იმედი” შექმნა, “ჯორჯიან ონლაინს” “ტელენეტი” დაუპირისპირა. ახლა, მაიძულებდნენ, მისთვის მესამედ დამეჯერებინა. რევოლუციის შემდეგ ყველაფერი უცებ დაავიწყდათ, თითქოს ბადრი არ იყო მათი, ამ შემთხვევაში - რევოლუციონერების, სამკვდრო-სასიცოცხლო მტერი. ყველაფერი დალაგდა და მე გავხდი დასაწყნარებელი. ამის გამო თითქოს “სოსკა” მომცეს, აჰა, შენ ტელეკომუნიკაციებიო.
შევთანხმდით, რომ ბადრი ტელეკომუნიკაციების სფეროს მითმობდა. მოგვიანებით მე და დათო დვალმა მართლა ჩავიბარეთ „ელექტროკავშირის“ მენეჯმენტი და კომპანიის საშემოსავლო ნაწილი ისე გავზარდეთ, რომ არც ერთი თეთრი აქედან მოგება არ მიგვიღია. „ელექტროკავშირი“ ზარალიდან უზარმაზარ მოგებაზე გავიყვანეთ.
იმავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბადრი ტელებიზნესში დარჩებოდა. ჩემი აზრით, ეს ჟვანიას იდეა იყო. მან სააკაშვილი დაარწმუნა, რომ მათთვის მე ბადრიზე საშიში ვიყავი და „რუსთავი 2“-ის საპირწონედ “იმედი” მოიაზრეს. „რუსთავი 2“-ის პოპულარობა არც ჟვანიას ეწერებოდა, არც სააკაშვილს. მე მეწერებოდა და ამას საფრთხედ მიიჩნევდნენ. ბურჯანაძეს ამ კონტექსტში საერთოდ არ განიხილავდნენ. ისინი მას სერიოზულ ფიგურად არ აღიქვამდნენ და ეს პარლამენტის როლის დაკნინებით მალევე გამოჩნდა.
მე ჟვანიას მეგობრად მივიჩნევდი და მას ვენდობოდი. საერთოდაც, ადამიანებს ძალიან ადვილად ვენდობი და ასევე იოლად ვუჯერებ. პოლიტიკაში ეს თვისება არავის ჭირდება, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ შევარდნაძის რეჟიმი უსისხლოდ მოვიშორეთ, ეიფორიაში ჩამაგდო. არავის წინაშე არანაირად ვალდებულები არ ვყოფილვართ, არც შეერთებული შტატების, არც რუსეთის, ბიზნესმენების თუ სამხედროების. ჩვენ ქვეყნის განვითარება სუფთა ფურცლიდან უნდა დაგვეწყო, რისთვისაც 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხმა სააკაშვილს და ჩვენ ყველას ნდობის 96 პროცენტიანი მანდატი მოგვცა. ეს არ იყო მხოლოდ სააკაშვილისთვის მიცემული ხმები. ნოემბერში მას ამომრჩეველთა მხოლოდ 20 პროცენტი უჭერდა მხარს, იანვარში კი მან ხმების 96 პროცენტი მიღო. ასეთ მოკლე ხანში, ასეთი გრადაცია წარმოუდგენელია. ეს ხმები ერთად მოვიპოვეთ „რუსთავი 2“-მა, სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ. იმაზე საუბარს აღარ ვაპირებ, ამ ოთხეულიდან თითოეულს რა მხარდაჭერა და პოპულარობა ჰქონდა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ამ გაერთიანებას უამრავმა ადამიანმა თავისი იმედები დაუკავშირა.
2003 წლის 20 დეკემბერს „რუსთავი 2“-ის შენობას ე.წ “მუხა” ესროლეს. მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით. ბომბი ფანჯარას ასცდა და კედელს მოხვდა, თორემ ოთახში აფეთქდებოდა და იმ დროს “კურიერის” სტუდიაში მომუშავე ხალხს დახოცავდა. რთული დრო იყო და რომელიმე ჩვენგანის სიკვდილს უმართავი სიტუაციის გამოწვევა შეეძლო. პირადი დაცვა გიორგი სანაიას სიკვდილის შემდეგ ავიყვანე. ჟვანიას დაცვის 5 წევრი შემცირებაში მოყვა და ისინი დავიქირავე. რევოლუციის შემდეგ ჟვანიამ და სააკაშვილმა დაჯავშნული ავტომანქანით სიარული მომთხოვეს. ბურჯანაძის, სააკაშვილის ან ასლან აბაშიძის ნაქონი ავტომანქანით უნდა მესარგებლა, მაგრამ შემდეგ დაჯავშნული ავტომანქანები თავად დაიტოვეს და ჩემთვის არაფერი მოუციათ. ამ აფეთქების შემდეგ იძულებული გავხდი, ჩემს უსაფრთხოებაზე მეტი ყურადღება გამომეჩინა და ბიზნესმენმა დათო ზოდელავამ თავისი ძველი ამერიკული ჯიპი მათხოვა. სასაცილო სანახავი ვიყავი თუ როგორ დავდიოდი ამ “კონსერვის ქილით.” დათოზე კი მადლობის მეტი რა მეთქმოდა.
ამ პერიოდში გაჩნდა სახელგანთქმული სლოგანი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია”, რომელიც მაშინდელ ოპოზიციას დღემდე ყურს ჭრის და შემდეგ ეს სალანძღავ სიტყვად აქციეს. ჩვენ დავიწყეთ ტელევიზიის რებრენდინგი, ვინაიდან ტელევიზიის იმიჯი მნიშვნელოვანწილად “ვარდების რევოლუციას” მოვახმარეთ. გვსურდა იმ ხალხის შემობრუნება, ვინც რევოლუციის მხარდამჭერი არ იყო; ასევე იმათიც, ვინც რევოლუციას მხარს უჭერდა, მაგრამ რისთვისაც იბრძოდა, ის შედეგი მაშინვე ვერ მიიღო. ბუნებრივია, ბევრს ეგონა რომ რევოლუციის მერე გავიღვიძებდით და უცებ, ახალ და უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით. ჩვენ რევოლუციიდან დისტანცირებას ვერ მოვახდენდით, პირიქით, მის პოზიტიურ როლზე ვსაუბრობდით და ამის გამო გაჩნდა ეს სლოგანიც, რომელსაც ჩემი ინიციატივით ფონად ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია დაედო.
პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი გარდაიცვალა. ნინო ბურჯანაძე ბაქოში სამძიმარზე წასვლას აპირებდა და საპრეზიდენტო რეისით შევარდნაძეც თან უნდა წაეყვანა.
გეგონებოდა, ვითომ ეს შევარდნაძე რამდენიმე დღის წინ არ დაგვემხო. თითქოს არაფერი მომხდარა, ვითომ ვადის ამოწურვის შემდეგ გადადგა და თავის მემკვიდრესთან ერთად თავისი მეგობრის დასაფლავებაზე მიემგზავრებოდა. ნინოსთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა და ამიტომ ჟვანიას დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ბურჯანაძის საქციელი მიუღებელი იყო, მის საქციელს საზოგადოებაც ნეგატიურად აღიქვამდა და შევარდნაძე პრეზიდენტის რეისით არ წაეყვანა.
ამის შემდეგ შევარდნაძე დამოუკიდებლად ჩავიდა ბაქოში, მე მისი გაწვალება არ მდომებია, უბრალოდ, გუშინ კაცი დავამხეთ და დღეს ისევ ჩვენთან ერთად დადის... ეს რა ლოგიკაა?
ამან ბურჯანაძე გაანაწყენა, თუმცა ვთვლი, რომ ჟვანიაც მას ეთანხმებოდა და ჩემმა კატეგორიულობამ გადააფიქრებინა შევარდნაძესთან ერთად ბაქოში გაფრენა.
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში რუსეთის ხელისუფლებისგან ძებნილი ბორის ბერეზოვსკი ჩამოვიდა. გავგიჟდი. ბადრი პატარკაციშვილთან ჩამოვიდოდა, აბა სხვასთან ვისთან? ვიცოდი, რომ შევარდნაძის დროს ის და რომან აბრამოვიჩი ბადრის არცთუ იშვიათად სტუმრობდნენ, მაგრამ რევოლუციის შემდეგ როგორ გაბედა აქ ჩამოსვლა? ეს ჩემს გეგმაში არანაირად არ ჯდებოდა, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის გამოკეთებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობდა, ხოლო ჩვენ ეს მიზანი დავისახეთ.
ვალერი ხაბურძანიამ ვიდეოკასეტა მომცა, სადაც ნათლად ჩანდა ბორის ბერეზოვსკიმ აეროპორტში თუ როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი.
ბუნებრივია, ეს კადრები ტელევიზიით ვაჩვენე და ეს ინფორმაცია რუსულ საიტებზე მომენტალურად გაჩნდა, რასაც რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება მოჰყვა. ამის შემდეგ ჩვენი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ ჩამოვიდა ბერეზოვსკი?
მე სააკაშვილს დავურეკე და ვკითხე, რა უნდოდა ბერეზოვსკის თბილისში. ბუნებრივია, ბადრისთან იყო, მაგრამ კიდევ ვინ მიიწვიეს ამ შეხვედრაზე? ამაზე სააკაშვილმა პირში წყალი ჩაიგუბა, არაფერი მიპასუხა. ვერაფერს მივხვდი. ჩემთვის, ძნელი საფიქრებელი გახლდათ, რომ რევოლუციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჟვანიამ და სააკაშვილმა ბერეზოვსკისთან მეგობრობა დაიწყეს. ვხვდებოდი, რომ ესენი უჩემოდ რაღაც გარიგებებს დებდნენ, შეხვედრებს აწყობდნენ, მაგრამ იყო რაღაც, რასაც მაშინ ვერ დავუშვებდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ბადრისთან ამ შეხვედრას ჟვანია, სააკაშვილი და ვანო ჩხარტიშვილიც ესწრებოდნენ. ბერეზოვსკიც ამათი თანხმობით ჩამოსულა და რაღაც მოლაპარაკებებს მართავდა.
სანამ ამ ყველაფერს შევიტყობდი, ჩვენმა კორესპოდენტმა ინტერვიუ თხოვა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ვალერი ჩხეიძეს. მას ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა საერთაშორისო ძებნილმა, ავანტიურისტმა - ბერეზოვსკიმ საქართველოში შემოსვლა?
ვალერი ჩხეიძემ უპასუხა, რომ ის აუცილებლად დასჯის მათ, ვინც გამოიჩინა სამსახურებრივი დაუდევრობა თუ გულგრილობა და ვერ დააფიქსირა საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთი, მაგრამ ბერეზოვსკი თუ კიდევ გაბედავს ასეთი ფორმით აქ ჩამოსვლას, ის აუცილებლად განახორციელებს ყველა იმ ზომას, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
ამ ფრაზამ ჩხეიძის კარიერას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. იგი ჯერ საბჭოთა უშიშროების საკადრო ოფიცერი და ავღანეთის ომის ვეტერანი იყო, მაგრამ შემდეგ საქართველოს სამსახურში ჩადგა და მის წესიერებაზე ძალიან ბევრი ისტორია მომისმენია. ის რუსეთის სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობდა, პირიქით, ძალიან აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ის ცენტრალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ჩვენი უმთავრესი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურს წარმოადგენს.
ცოტა მოგვიანებით, ვალერი ჩხეიძემ საბედისწერო შეცდომაც დაუშვა, რამაც მისი კარიერა დაასრულა. მან სააკაშვილს საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ე.წ. ჯარის ალბომი საჩუქრად გადასცა. სააკაშვილი უშიშროების ჯარში მსახურობდა. სასაზღვრო ჯარები უშიშროების სისტემაში შედიოდა. მე არ დამავიწყდება სააკაშვილის შეშფოთებული სახე, როცა მან თავისი სამხედრო სამსახურის ამსახველი ფოტოალბომი ნახა: მიშა სამხედრო ფორმით, რუს სამხედროებთან ერთად. იმ წუთში მისი სახე საშინელ გაღიზიანებას გამოხატავდა. ეს ორი ისტორია ვალერი ჩხეიძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, როგორც ვიცი, მას ემუქრებოდნენ და აიძულეს თანამდებობიდან გადამდგარიყო. ვალერი ჩხეიძე ემიგრაციაში წავიდა. ის დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. მას პირდაპირ სამაგიერო გადაუხადა ბადრი პატარკაციშვილმა და “ზედმეტი” საუბრისთვის პასუხი აგებინა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბერეზოვსკიმ უკრაინაში გადაბარგება განიზრახა. მიმაჩნია, რომ რაღაც კავშირი შეიკრა ბერეზოვსკის, ჩვენი რევოლუციის ლიდერებსა და უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერთა შორის. ბერეზოვსკიმ უკრაინის რადის დეპუტატს, დავით ჟვანიას 15 მილიონი დოლარი გადასცა, რომლითაც ვიქტორ იუშენკოს საპრეზიდენტო კამპანია დაფინანსდა.
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ თბილისში უკრაინის ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერი - იუშჩენკო ჩამოვიდა. ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე პირთან ერთად ის ისნის მეტროს სიახლოვეს მდებარე სომხურ რესტორანში დაპატიჟა. ეს რესტორანი გარედან სადად გამოიყურება, მაგრამ უგემრიელეს სომხურ კერძებს: გუფთას, დაბეგვილ ხორცს, სომხურ ყველს ამზადებენ. ეს რესტორანი ზურა ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის საყვარელი ადგილია. ვანოც და ზურაც სამცხიდან არიან, ზურას ოჯახი მოგვიანებით გადასახლდა კახეთში. სომხური სამზარეულო მათთვის სოფელ უდედან კარგად ნაცნობია.
აი, ამ რესტორანში მასპინძლობდნენ იუშენკოს და სუფრის ერთმა წევრმა ჩემი სადღეგრძელო თქვა: მოდი, ეროსის გაუმარჯოს, რომელმაც ეს რევოლუცია გააკეთა, ქვეყანას შევარდნაძე და ეს კორუმპირებული ხალხი მოაშორა, მისი ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, არაფერიც არ იქნებოდაო.
ვანო მას საუბარს უცბად აწყვეტინებს და ქართულად, ძალიან აგრესიულად ეუბნება - რა სისულელეს ლაპარაკობ, რა შუაშია ეროსი და „რუსთავი 2“, ეს ტელევიზია არ იქნებოდა და სხვა ტელევიზია გვექნებოდა, ჩვენ მაინც მოვიდოდით ხელისუფლებაში.
ამ პიროვნებას არ ვასახელებ, არ მინდა პრობლემები შეექმნას... დამირეკა და მითხრა, ესენი მე მგონი ვერ არიან, მგონი პრობლემები გექნება, მაგათ შენზე აკრეფილი აქვთო. მე ვუთხარი, რა სისულელეა, რამდენი ვიღაცა რაღაცას დაიბოდიალებს-მეთქი. ენის მიტან-მოტანა არასოდეს მიყვარდა. თუმცა რა გამოდიოდა? სააკაშვილმა და ჟვანიამ - ბადრი ჩვენი მეგობარიაო და მასთან შემარიგეს, შემდეგ უჩემოდ რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბერეზოვსკისთან და ვანო მერაბიშვილი, რომელიც სააკაშვილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, იძახის - ეროსი რა შუაშია ვარდების რევოლუციაშიო. სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ იყო, თუმცა ჩავთვალე, რომ ეს მერაბიშვილის კერძო აზრი იყო და არა რევოლუციის “მამების.” ამაზე გაბრაზება არ შეიძლებოდა.
დეკემბერში ირაკლი ოქრუაშვილი შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნეს. ის ჩემთან მოვიდა და აკანკალებული ხმით მთხოვა - გეხვეწები პიარში დამეხმარეო. თანამდებობაზე სადღაც პროვინციაში მიდიოდა და თავის გამოჩენა სურდა. მე ვუთხარი, არა გრცხვენია, შენ ოღონდ კარგი საქმე გააკეთე და რას ჰქვია, მხარდაჭერა არ გექნება, ჯერ ერთი, იქ არის ჩვენი სპეცკორესპონდენტი, მერე იქ მუშაობს რეგიონული ტელეკომპანია “თრიალეთიც”.
მე ვიცი, მან შემდეგ რა საქმეებიც დაიწყო მიხეილ ქარელთან და პოლიციის უფროს სუხიტაშვილთან ერთად, კონტრაბანდის გაკონტროლება გზების გადაკეტვებით თავად დაიწყეს. შემდეგ ბევრი რაღაც მოვისმინე, მაგრამ იმ მომენტში ირაკლი საკმაოდ გულწრფელი მომეჩვენა. ის თავიდან ბორდელებს ხურავდა და კონტრაბანდულ გზებზე თხრილებს ავლებდა, რაღაცას აქტიურობდა და კარიერული წინსვლისთვის ემზადებოდა.
მიშასთვის ირაკლი „მეორე მე“ იყო. მიშა უმამოდ გაიზარდა. რაც დაიბადა, მის მშობლებს ერთად არ უცხოვრიათ, რაც მოზარდის ფსიქიკაზე ცუდად აისახება. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ მას კლასში ძალიან ჩაგრავდნენ. მან ბავშვობაში უმძიმესი დაავადება - მენინგოენცეფალიტი გადაიტანა, ინფექციური დაავადება, რომელიც სერიოზულ კვალს ტოვებს, მას ახლაც აქვს კოორდინაციის პრობლემა. თუ დაუკვირდებით, სააკაშვილი მოუწესრიგებელი კოორდინაციის ადამიანია, მას სამხედრო მარშით სიარულიც არ შეუძლია. ბაქოში ილხამ ალიევთან პირველი ვიზიტის დროს ვნახე - ერთსა და იმავე ხელს და ფეხს ერთდროულად წევდა. ვფიქრობ, მის ხასიათში ჩადებული იმპულსურობა ამ დაავადებასაც უკავშირდება. მას ყოველთვის პიონერის დაღეჭილი ყელსახვევი ეკეთა, ანუ ჩვევა, რომელიც „ბიბისიზე“ გამოჩნდა, მის ბავშვობასთანაა დაკავშირებული.
მიშასთვის ოქრუაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ბავშვობის შიშებს და სკოლის ჩაგვრების ემოციებისგან ათავისუფლებდა. ის მიშას თვალში იყო მაჩო. სხვათა შორის, ოქრუაშვილი მინისტრობის დროს თანამშრომლებთან სიუხეშით, დაუნდობლობით, ძალიან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა და ითვლებოდა, რომ ქუჩურ თემებშიც მაგარი იყო.
მიშა განათლებულია, ტალანტი აქვს, მაგრამ მშიშარაა და ამ შიშს მის წარმოდგენაში ოქრუაშვილი ფარავდა. ამიტომ ვერ იმეტებდა მიშა მას გასაწირად და ოქრუაშვილიც მიიჩნევდა, რომ მიშა მის წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავდა.
დღეს ოქრუაშვილის როლი ქუჩურ ნაწილში რურუამ აიღო, დანარჩენ ნაწილში - ბოკერიამ. ერთი ოქრუაშვილი შეიცვალა ბოკერია-რურუათი, ამიტომ არიან ისინი მისთვის ასე ახლო ადამიანები.
ძალიან გამიკვირდა, როცა 5 იანვრის არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე მოსაწვევი არ გამომიგზავნეს! როცა ვიკითხე, რატომ არ გამომიგზავნეთ მოსაწვევი-მეთქი, პროტოკოლის სამსახურს გამორჩიო - მიპასუხეს. ინაუგურაციაზე მაინც მივედი და მომათავსეს არა იმ სექტორში, სადაც დეპუტატები თუ ვიღაც ჩინოვნიკები ისხდნენ, არამედ უკან - სოროში, მერამდენიღაცა რიგში.
მთელ ამ პერიოდში თანამდებობაზე დასანიშნად სულ რამდენიმე ადამიანს გავუწიე რეკომენდაცია. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, კახა კობერიძემ მთხოვა, ახალ მინისტრს იმის გამო არ აეთვალწუნებინა, რომ ძველი და გამოცდილი კადრი იყო. გახსოვთ, რომ ამათმა თანამდებობებზე პარტიული ნიშნით ახალგაზრდების დანიშნვა დაიწყეს და სტაჟიან თანამშრომლებს ათავისუფლებდნენ. ასევე მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე, „რუსთავი 2“-ის გადაცემა “კურიერის” წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრად დაენიშნა.
ჯანდაცვის მინისტრად შესანიშნავი ექიმის, ირაკლი სასანიას კანდიდატურა შევთავაზე. ზურა ჟვანიამ თავი მოიკლა და მინისტრად არ დანიშნა. მან ეს პოსტი მის პარტიულ მეგობარს, გიგი წერეთელს ჩააბარა და ეს კიდევ სამი კვირის შემდეგ პოსტიდან გადადგა. ჯანდაცვის მინისტრად შემდეგ “დიდი” რეფორმატორი ლადო ჭიპაშვილი გამონახეს, რომელმაც ხალხს გული გაუხეთქა - ქათმის გრიპი ჩვენი მოსახლეობის 15 პროცენტს ამოწყვეტსო.
ჟვანიამ არ ამიხსნა, თუ რატომ არ სურდა სასანიას მინისტრად დანიშვნა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის და სასანია ერთ ეზოში გაზრდილან, ზურა ბავშვობაში არასპორტული, მამიკოს და დედიკოს ბიჭი იყო და ბავშვები ფეხბურთის თამაშისას კარშიც არ აყენებდნენ. ზურას ბავშვობისდროინდელი ეზოს ეს ურთიერთობები მწარედ ახსოვდა და ამის გამო სასანიას მიმართ არაობიექტურობას იჩენდა. ერთადერთი, მასზე იძახდა, რომ მესამე კლასში ოროსანი იყო.
აი, ამ კრიტერიუმით დაიწუნა სასანია, თუმცა ვატყობდი, რომ მან ეს ნაბიჯი გააზრებულად ჩემს საწინააღმდეგოდ გადადგა. ჟვანია - სააკაშვილს ჩემი ზედამხედველობა, რაზეც 24 ნოემბერს შევთანხმდით, არაფერში ჭირდებოდათ და ამიტომ ჩემი გავლენის შემცირებას ცდილობდნენ. მათ ძალთა ბალანსის თავიანთ სასარგებლოდ დარღვევა დაიწყეს.
მე და ჩემმა პარტნიორმა, დათო დვალმა, გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციების ბიზნესში გადავრთულიყავით. “რუსთავი 2” კი საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაგვექცია. ვაპირებდი ტელევიზიის აქციები ჟურნალისტებისთვის და საზოგადოების პატივსაცემი ადამიანებისთვის მეჩუქებინა. ამის თაობაზე სააკაშვილსაც ვუთხარი. თუმცა, ამ პროექტს ტელევიზიის ბალანსის გამოსწორების გარეშე ვერ განვახორციელებდით.
ტელევიზიას ყოველწლიურად 3 მილიონი დოლარი დეფიციტი ჰქონდა, რომელსაც ჩვენ “ჯორჯიან ონლაინიდან” ვავსებდით.
ეს დეფიციტიც პატარკაციშვილის გამო გაგვიჩნდა, ვინაიდან 2001 წელს ჩვენ უკვე მომგებიანი კომპანია გავხდით. ბადრიმ ფასები ხელოვნურად გაზარდა, მე თუ ვუხდიდი ოპერატორს 300 ლარს, მან 1000 დაუნიშნა, თუ ჟურნალისტს ჩემთან მაქსიმუმ 1000 ლარი ჰქონდა, ბადრიმ 1500 დაუნიშნა. მე თუ სერიალს 50 დოლარად ვყიდულობდი, ამან 500 დოლარად იყიდა. მე მეუბნებოდნენ, - კი, ძველი მეგობარი ხარ, მაგრამ 500 დოლარს თუ არ გადაიხდი, მაშინ “იმედს” მივყიდითო. საერთაშორისო ბაზარზეც გააქტიურდა. მან “გლობოსთან” ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა და ბრაზილიური სერიალები დაისაკუთრა. კონკურენცია აუტანელი გახდა. შემოსავალი იგივე გვქონდა, ხარჯი კი რამდენჯერმე გაიზარდა. ამას ომის ხასიათი უფრო ჰქონდა, ვიდრე კონკურენციის. მეორეს მხრივ, კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით არ ვაკეთებდით, ვერც ჟურნალისტს შევუმცირებდით ხელფასს, ისეც ოპტიმიზირებული გვქონდა ყველაფერი.
გარდა ამისა, მე და ჩემს პარტნიორებს გვსურდა, რომ “რუსთავი 2” ისევ დამოუკიდებელ, თავისუფალ ტელეკომპანიად გვექცია. მე რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი ვიყავი და პოლიტიკურ პროცესებში საკმაოდ ჩაბმული, რაც ჩვენს ჟურნალისტებს მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის ხელს უშლიდა. ამიტომ ტელევიზიიდან ჩემი დისტანცირებით ტელევიზია უფრო თავისუფალი გახდებოდა. თავად ჟურნალისტებიც არჩევანის წინაშე დადგნენ, ახალი ხელისუფლების წევრებთან მეგობრობდნენ და ესაც ხელს უშლიდა მოვლენების ობიექტურად გაშუქებას.
ჟურნალისტები შევკრიბე და ვუთხარი, ვისაც გინდათ ჟურნალისტობა, დარჩით, ვისაც გინდათ თანამდებობა, არჩევანი გაქვთ და წადით. გურამ დონაძე პირველი გაიქცა, ნანა ინწკირველიც წავიდა, ტაბატაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ერთ დღესაც, სააკაშვილმა დამირეკა და კრწანისის რეზიდენციაში ასვლა მთხოვა, ის ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა.
ავდივარ კრწანისში, ლავრენტი ბერიას ყოფილ სახლში. ძალიან ლამაზი სახლია, სადაც ორი ასასვლელია, თუ ეზოდან შედიხარ, მარმარილოს ფოიეში ხვდები, მერე დიდი დარბაზია ბუხრით, საიდანაც აივანზე გადიხარ და თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. მიშამ მთელი ეს ტერიტორია, სახლიან-ეზოიანად, 10 მილიონად გაყიდა. მაშინ ამბობდა, რომ მას ვითომ არაფერი ჭირდებოდა და მოკრძალებულად იცხოვრებდა. ახლა კი ავლაბარში 200 თუ 300 მილიონიან სასახლეს იშენებს.
ბერიას სახლში მხვდება მიშა და, კიდევ, გამხდარი, ინტელიგენტური გარეგნობის, ფერმკრთალი, სადღაც ასე 45 წლის კაცი, ძვირფას, მაგრამ სადა კოსტიუმში, ნაქსოვ პერანგში. მთლად ქართული იერი არ აქვს, გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ მდიდარია. იმ პერიოდში, სადაც მივდიოდი ყველგან პირდაღებულები მხვდებოდნენ, ცოცხალ ლეგენდასავით მიყურებდნენ. ამ კაცს დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით მსგავსი არაფერი გამოუხატავს, თავისუფლად, მშვიდად შემხვდა. ამან გამაკვირვა და ცოტა დავიძაბე, ჩავთვალე, რომ ან ქართველი არ იყო, ანაც მე საერთოდ არ მიცნობდა. ამასობაში მიშამ ერთმანეთი გაგვაცნო და ეს კაცი ყველაზე მდიდარი ქართველი - ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, რომელზეც მეც უამრავი ლეგენდა მსმენოდა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ის მიშასთან ძალიან დაახლოებული ყოფილა.
2 ნოემბრის არჩევნებსა და რევოლუციის წინა პერიოდში ივანიშვილი მიშას მთავარი დონორი იყო. დანარჩენ პარტიათა უმეტესობას და ზურაბ ჟვანიას პატარკაციშვილი აფინანსებდა. ჟვანიას არ სურდა საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილთან ერთ ბლოკში გაერთიანება, რასაც მე ვაპროტესტებდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ერთიანი ძალით უფრო იოლად დავამარცხებდით შევარდნაძის რეჟიმს. ეს მცდელობა ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას მქონდა, მაგრამ ამათი გაერთიანება არც მაშინ მოხერხდა. ჟვანიას გარემოცვის წევრები სააკაშვილს კრიმინალებისაგან დაფინანსების გამო აკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თვითმართველობის არჩევნებში კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა დააფინანსა, რაც ფანტაზიის სფერო სულაც არ არის. სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ბიზნესმენ მიხეილ სურგულაძესთან მეგობრობს, რომელიც თავის მხრივ ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარიცაა.
სააკაშვილმა მე და ბიძინა ერთმანეთს გაგვაცნო და რამდენიმე ხნით მარტო დაგვტოვა. ბიძინა ძალაუფლებას შეჩვეული კაცის ტონალობით მესაუბრა. ის ამ ტიპის საუბარს შეჩვეულია, როცა მისი ნათქვამი განხილვას აღარ ექვემდებარება.
- მიხარია, რომ გაგიცანით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რაც გააკეთეთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს რევოლუცია არ მოხდებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ “რუსთავი 2”-ს გაყიდდით. მე ვიცოდი, რომ ბადრის თითქმის ნაყიდი ჰქონდა თქვენი ტელევიზია და ამის გამო მე-9 არხს ვაფინასებდი, რათა მთელი სატელევიზიო სივრცე მას არ გაეკონტროლებინა, - მითხრა ბიძინამ.
ბადრის მიმართ უარყოფითად საუბრობდა, რაც გულზე სალბუნივით მომხვდა. გამეხარდა იმ ფონზეც, რომ სააკაშვილი და ჟვანია ბადრისთან დამეგობრობას ცდილობდნენ. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო.
- მინდა მადლობა გამოვხატო თქვენს მიმართ და რახან ბადრი დამარცხდა, მე მე-9 არხი აღარ მჭირდება, თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ ყველაფერი წაიღეთ.
გამიხარდა. კაცი მეცენატია, გჩუქნის. რაც შეეხება პერსონალს, თუ ვინმეს საჭიროდ ჩათვლით თქვენათან გადაიყვანეთ, დანარჩენებზე მე ვიზრუნებ ქუჩაში, რომ არ დარჩნენო...
ასე გადმოვიდა “რუსთავი 2”-ში ანუკა ქინქლაძე, გადმოვიტანეთ ჩართვის მეორე მანქანა, ტოიოტას ჯიპზე დამონტაჟებული უძვირფასესი ტექნიკა. ბევრი არაფერი წამომიღია, ძირითადად, ბიძინასაც წეწავდნენ, ბევრი ფული ჰქონდა გადაყრილი.
„მეცხრე არხის“ ტერიტორიაც დავათვალიერეთ, ვნახე შენობები, ყველა ადგილი ფეხით მოვიარე და ეს ადგილი ჩვენთვის უინტერესო აღმოჩნდა. ეს ის ტერიტორიაა ახლა სადაც “ორთაჭალის ტურფა” შენდება, მერე ამ მიწის გამო დიდი ხმაური ატყდა და ნაცემი დეპუტატი ვალერი გელაშვილი რეანიმაციაშიც მოხვდა. ჩვენ გვაჩუქეს და უარი ვთქვით.
ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ტელევიზიის აქციების დარიგებას და მის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაქცევას ვაპირებდით. ამ თემაზე თვითონ ჩამოაგდო საუბარი. ამ პროექტის განსახორციელებლად თავად შემომთავაზა დახმარება.
მან მითხრა, რომ “რუსთავი 2”-ის ანგარიშზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შექმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია ერთად უნდა ჩამოგვეწერა. ის აპირებდა ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა.
მას სურდა, რომ ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ისევ მე დავრჩენილიყავი, თუმცა მე ვიუარე, ვინაიდან ზუსტად იმიტომ გავდიოდი ტელევიზიიდან, რომ ჩემი სახელი მას ობიექტურობაში უკვე ხელს უშლიდა.
- ერთადერთი თხოვნა მაქვს, ეს ჩვენი შეთანხმება საიდუმლოდ დარჩეს, მე რუსეთში ვშოულობ ფულს და არ მინდა პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ გაიგოს, აქ რას ვაკეთებ. ამის გამო შესაძლოა პრობლემები შემექმნას, - მთხოვა მან.
მე ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებ, არის ჩემი პარტნიორი დათო დვალი და მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. ამასთან, ჩემს ინტერესში არ შედის ამ პროექტის ჩაშლა.
ამ საუბარს სააკაშვილიც ესწრებოდა, ისიც კმაყოფილი ჭყლოპინებდა. ერთმანეთს კარგად დავშორდით. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. “ქართუს” შენობაში ერთად ვისადილეთ მე, ბიძინამ და კახა ლომაის ძმამ, რომელიც “ქართუ ჯგუფს” ხელმძღვანელობდა. ჩვენი პროექტის ირგვლივ დეტალებს ვათანხმებდით, თითქმის დავმეგობრდით, მართლა სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთი ალტრუიზმი. ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვეხმაროს, ამხელა მატერიალურ დანახარჯზე მიდიოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა გაქრა. მე მასთან შეხვედრაზე მივედი და მის ნაცვლად ლომაიას ძმა დამხვდა, რომელმაც გადმომცა, რომ ივანიშვილს ვანო ჩხარტიშვილმა დაურეკა და ჰკითხა - მართლა “რუსთავი 2”-ს ყიდულობო?
ამის მერე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ მინახავს. არც მიცდია მისი მოძებნა, მაგრამ გამოვიდა, რომ მან რაღაც მთხოვა და მე ეს ვერ შევასრულე.
ვიღაცამ ჩვენი შეთანხმება გაახმაურა, რაც პირობის დარღვევა იყო. ზუსტად ვიცი, რომ მე და დვალს არავისთვის არაფერი გვითქვამს, ეს არანაირად გვაწყობდა. ლომაიას ძმა ივანიშვილის თანამშრომელი იყო და ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა, ეს მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა.
რჩება მხოლოდ მიშა სააკაშვილი. შედეგიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება მან ჩაშალა. მას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი არ ჭირდებოდა. ასეთ არხს ვერც ხელში ჩაიგდებდა, როგორც ეს მოგვიანებით გააკეთა და ძნელადაც თუ გააკონტროლებდა, ვინაიდან აქციებს საზოგადოებისთვის ნაცნობ წესიერ და პრინციპულ ადამიანებს ვჩუქნიდით. ამიტომ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი და ივანიშვილის შეთანხმება მიშას ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
ამ პერიოდში მახსოვს, ირაკლი ჩუბინიშვილმა საკრალური ფრაზა მითხრა, რომელიც თავში ჩამრჩა: მიშას “რუსთავი 2”-ის ეშინია და იძახის - არ მინდა რაღაც დროის მერე “რუსთავი 2”-ზე, “60 წუთში” ჩემზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადონ, რომ მე სახლი მაქვს ლონდონშიო. მას ეშინოდა “60 წუთში” მოხვედრის, ამ გადაცემის ნახევარი თანამშრომლები სამუშაოდ უშიშროების სამინისტროში გადაიყვანა. მან ბიძინას შემოთავაზება დაბლოკა და ყველაფერი ისე გააკეთა, ვითომ თავად მე დავარღვიე შეთანხმების პირობა.
ბიძინამ სიტყვა შეასრულა, ყველაფერი რასაც დაგვპირდა - გადმოგვცა, მაგრამ გაქრა. როგორც ვიცი, შემდეგ, მან ის 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, რომლის მცირე ნაწილი “რუსთავი 2”-ის წილის გამოსყიდვისას დათო დვალს გადაუხადეს, დანარჩენი ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს, მათ გარდა არავინ იცის.
თებერვლის დასაწყისში, საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან ერთი თუ ორი კვირის შემდეგ მიშა პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში მიემგზავრებოდა.
სააკაშვილს ვთხოვე, რომ მოსკოვში მის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ჩავიდოდი და ვიზიტის მომზადებაში დავეხმარებოდი. ამას ვაპირებდი არა როგორც დიპლომატი, არამედ კერძო პირი, ვისაც რუსეთში ძალიან კარგი ჟურნალისტური სამეგობრო წრე გააჩნდა. ჩემი მეგობრები არიან კისილიოვი, საროკინა, ვენედიქტოვი, პარფიონოვი, მანანა ასლამაზიანი: მათ ჰქონდათ კლუბი, რომელსაც “კლუბ 42” ერქვა და გაერთიანებულები იყვნენ ძალიან გავლენიანი ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთში ჟურნალისტური ეთიკის უმაღლეს სტანდარტს ამკვიდრებდნენ. ვიცნობდი სატელევიზიო ბიზნესის წარმომადგენლებსაც.
ვინაიდან მოსკოვში ეს მიშას პირველი ვიზიტი გახლდათ, ვთვლიდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ დაიწყებდნენ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები ურთიერთობას. შევარდნაძეს პუტინის უბრალოდ ეშინოდა, საბჭოთა პარტიულ ფუნქციონირებს კგბ-ს შიში ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ პუტინთან შეხვედრისას, ვიზუალურადაც ჩანდა, რომ შევარდნაძე ამ როლიდან ვერ გამოვიდა. ამას დაემატა ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძემ პანკისში კრიმინალური ანკლავის მოსაშლელად რუსეთს სპეცოპერაციის ჩატარებაზე უარი უთხრა. კარგად მოიქცა თუ ცუდად, ამის გამო პუტინი შევარდნაძეზე განაწყენდა და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და საქართველოს სავიზო რეჟიმი დაუწესა. მიმაჩნია, რომ ამისგან კარგიც მივიღეთ: ჩვენ დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ ნამდვილად დამოუკიდებლები ვიყავით და ჩვენი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა დროშა, გერბი და ჰიმნი ბუტაფორია არ იყო.
გარდა ამისა, ითვლება, რომ შევარდნაძემ დაანგრია საბჭოთა კავშირი და შემდეგ ბერლინის კედელი, რასაც რუსული სამხედრო და იმპერიული ელიტა მას ვერ პატიობდა. ამიტომ შევარდნაძეს აღარ ენდობოდნენ. შევარდნაძე მიიჩნევდა, რომ რუსებმა ორჯერ მოუწყვეს მას ტერაქტი. საქართველოს შევარდნაძის გამო სჯიდნენ, მაგრამ აქ სიტუაცია შეიცვალა რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებმაც შევარდნაძე დაამხეს. რუსეთთან ახალი ურთიერთობების დასაწყებად პრეზიდენტების პირველ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
პირველი, რაც გავაკეთე, რუსეთში ჩვენს ელჩს, ზურა აბაშიძეს შევხვდი. ზურა აბაშიძეს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. მისი კარიერა საბჭოთა კავშირიდან დაიწყო, იყო ამ ქვეყნის ელჩი ინდოეთში, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
იგი ირაკლი აბაშიძის შვილია, რომელიც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უცნობილესი საზოგადო მოღვაწე გახლდათ, მას რუსეთში უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლის გამოყენებასაც ახლა ვაპირებდით. ამას დაუმატეთ რუსეთში მოღვაწე გავლენიანი ქართველები - ზურა წერეთელი, დათო იოსელიანი, გიორგი გიგინეიშვილი, ლეო ბოკერია, გია დანელია, მელორ სტურუა - საქართველოს დიდი პატრიოტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საბჭოთა ჟურნალისტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ში “იზვესტიას” კორესპონდენტი იყო.
2004 წელს მელორ სტურუას 80 წელი შეუსრულდა. მიშა სააკაშვილს დიდი ხვეწნით დავაწერინე მისი ღირსების ორდენით დაჯილდოების ბრძანება, რომელიც მოსკოვში მისთვის დაბადების დღეზე უნდა გადამეცა, მაგრამ სტურუამ დამირეკა - დაბადების დღეს სხვა მიხდის, მას ასლან აბაშიძე დაუპატიჟებია და მოსვლას აპირებსო. ამის გამო მე ორდენი გავუგზავნე, დაბადების დღეზე აღარ მივსულვარ.
რუსეთში პატივსაცემი ადამიანია ვიქტორ გელოვანი, ერთადერთი ქართველი მარშალის - არჩილ გელოვანის ვაჟი.
ზურა აბაშიძეს ვთხოვე რუსეთის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, ევგენი პრიმაკოვთან შევეხვედრებინე. პრიმაკოვი გავლენიანი კაცია და მას პუტინის შესახებ ბევრი სასარგებლო რჩევის მოცემა შეეძლო. შევარდნაძე მასზე განხორციელებულ ბოლო ტერაქტში პრიმაკოვს ადანაშაულებდა. შევარდნაძის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობისას პრიმაკოვი ამ უწყებაში მუშაობდა. “ძალიან ცუდად მექცეოდა, სულ ეჭვიანობდა, რომ ფარულად მის წინააღმდეგ ვმოქმედებდი” - მითხრა პრიმაკოვმა. მათ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ პრიმაკოვის დედა თბილისშია დასაფლავებული, შევარდნაძის დროს აქ შეგნებულად არ ჩამოდიოდა.
პრიმაკოვის საყვარელი რესტორანი “კურა” “ჩისტიე პრუდიზე”მდებარეობს. იქ შევიკრიბეთ: პრიმაკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, პრიმაკოვის სიძე, მძახალი, მისი ბავშვობის ქართველი მეგობარი, გია დანელია, მელორ სტურუა, დათო იოსელიანი და მე.
ამ სუფრაზე პრიმაკოვს ვეუბნები
- ევგენი მაქსიმოვიჩ, ვიცი, რომ შევარდნაძეს ვერ იტანდით. ჩვენ რევოლუცია მოვახდინეთ და შევარდნაძე გადავაყენეთ, რომელიც თქვენი და ჩვენი აზრითაც, საქართველოსთვის კარგს ვერაფერს აკეთებდა. ახლა ახალი პრეზიდენტი გვყავს, ახალგაზრდა, ტალანტის მქონე, ენერგიული, გვინდა ახალი კარგი საქართველოს აშენება და ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება. მოგვეხმარეთ. პრეზიდენტმა მე გამომგზავნა პუტინთან შეხვედრის მოსამზადებლად და ეგებ გვითხრათ, როგორ უნდა მოიქცეს სააკაშვილი, რომ მან და ვლადიმერ პუტინმა ერთმანეთს გაუგონ. თავადაც გესმით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ორი პრეზიდენტის კარგ ურთიერთობას. კარგი იქნება თუ პუტინთან შეხვედრამდე სააკაშვილი თქვენთან კონსულტაციას გაივლის.
სიამოვნებითო, - მითხრა, -აუცილებლად დავეხმარებიო”.
მე მართლაც სერიოზულად დავაინტერესე პრიმაკოვი. სააკაშვილის პირველი ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პრიმაკოვი თბილისში ჩამოვიდა. პრივატული შეხვედრები ჰქონდა ჯერ ჟვანიასთან, მერე მე და ჟვანია შევხვდით. მისი ხელშეწყობით 2004 წლის მაისში თბილისში ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა, რომელშიც რუსმა ოლიგარქებმა მონაწილეობა მიიღეს.
პრიმაკოვი თბილისშია გაზრდილი და ის თავისებური პატრიოტია ჩვენი ქვეყნის. მას უყვარს ეს ქალაქი, ქართველები და თავისებურად აენთო, სურვილი გაუჩნდა, დაგვხმარებოდა და დამპირდა, რომ სააკაშვილს პუტინთან შეხვედრის წინ დააკვალიანებდა.
მეორეს მხრივ, ჩემს მეგობარ ჟურნალისტს, მანანა ასლამაზიანს ვთხოვე სააკაშვილისთვის რუს ტოპ-ჟურნალისტებთან შეხვედრაში დამხმარებოდა.
ვაპირებდი შევხვედროდი ჟურნალისტ ნატალია გევორქიანს, რომელმაც პუტინზე პირველი წიგნი დაწერა. ნატალია რუსეთის პრეზიდენტს თვეების განმავლობაში ყველგან თან დაყვებოდა და ამ წიგნს მასთან ერთად წერდა. მან ბევრი რამ იცოდა პუტინზე და იმაზეც, თუ როგორ უნდა იმუშაო მასთან.
ჩემთვის რუსეთის პოლიტიკის შიდა სამზარეულო საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ამ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენებდით. ნაკლებად მაინტერსებდა, პუტინი ლიბერალია, დემოკრატია თუ ვინაა, ან მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორები საითაა მიმართული. ეს რუსების პრობლემაა, ჩემი პრობლემა გახლდათ, რომ რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა.
სააკაშვილის ვიზიტის და ჩვენი ქვეყნების დაახლოების, რუსული ინვესტიციების საქართველოში ჩადების გეგმებზე ვსაუბრობდით, პრიმაკოვს სიყვარულს ვეფიცები და ამ დროს ზურა აბაშიძეს საგარეო საქმეთა მინისტრი, თედო ჯაფარიძე ურეკავს. ზურას ჯერ ფერი დაეკარგა, მერე გალურჯდა და ამბობს, რომ მინისტრმა შეატყობინა, რომ ის ელჩობიდან გამოწვეულია!
ზურა შემობრუნდა ჩემსკენ და გაკვირვებული მიყურებს მე - რევოლუციის ერთ-ერთ ავტორს, რომელიც მასთან ერთად გეგმებს ვაწყობდი. თედო ჯაფარიძემ ზურას უთხრა, რომ მისი ელჩობიდან გამოწვევა მას არ გადაუწყვეტია.
მაშინვე ჟვანიას დავურეკე და ვკითხე, პრეზიდენტის ვიზიტამდე სამი დღით ადრე, რატომ გაიწვიეს ელჩი? ზურა მეუბნება - მე არ ვიციო, და ყურმილს მიშა სააკაშვილს აჩეჩებს - აჰა, ამას ელაპარაკეო.
- შენ არ იცი, მაგან რუსეთში არჩევნები გააყალბა, მაგან ისეთი რაღაცეები ჩაიდინა, როგორ შეიძლება მაგის მანდ ყოფნა, კიდევ მადლობა თქვას, რომ არ ვიჭერ, - ხავის მიშა.
2003 წლის ნოემბრის არჩევნების დროს საუბრობდნენ, რომ რუსეთში ხმები ედუარდის და მემარჯვენეების სასარგებლოდ ძალიან გაყალბდა, მაგრამ ელჩი რა შუაში იყო? რუსეთში ელჩობისას მეც ჩავატარე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ არც გამიგია, საელჩოში ისე მოვიდა საარჩევნო კომისია, ჩაატარა არჩევნები და ხმების 60-65% მიშას პარტიამ აიღო.
- ჩაიაროს ამ შენმა ვიზიტმა და აბაშიძე მერე გაიწვიე, - ვუთხარი სააკაშვილს.
მიშამ მიპასუხა, რომ ახლა ელჩად ჩემს უახლოეს თანამებრძოლს კოტე კემულარიას ვნიშნავ და რუსებისთვის ეს უფრო მაგარი მესიჯი იქნება, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის გასაძლიერებლად, მანდ ჩემს მეგობარს ვნიშნავ.
ზურა აბაშიძე გაშრა, მე სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
იქ იმდენად კარგად აღზრდილი ადამიანები ისხდნენ, რომ ამ ინფორმაციაზე ფურთხება და დედის გინება არ დაუწყიათ. სუფრა დაიშალა, ზურა დარჩა დაბნეული და პარალიზებული. გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ყოველთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვიზიტს კვირეების მაძილზე ამზადებენ. აბაშიძემ უამრავი შეხვედრა დაუგეგმა სააკაშვილს და მოულოდნელად მას ასე უპატივცემულოდ მოექცა.
პრეზიდენტს მოსკოვში დავხვდი. პირველი შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, პრიმაკოვთან ჰქონდა. პრიმაკოვმა გააკეთა ყველაფერი, მიეხმარა. მათ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან პრიმაკოვი თავის შთაბეჭდილებებს პუტინს გაუზიარებდა. პრიმაკოვმა პუტინი შეხვედრისთვის პოზიტიური განწყობით მოამზადა. თუმცა, შემდეგ, მიშა პრიმაკოვის როლს ძალიან აუბრალოებდა, წარმატება ჩემთვისაც რომ არ გაეზიარებინა.
იმავე საღამოს მეორე შეხვედრა ჟურნალისტებთან გვქონდა. ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის კომუნალურ სამოთახიან ბინაში ჯინსებში გამოწყობილი სააკაშვილი წავიყვანე. რუსების მიერ გამოყოფილ პრეზიდენტის დაჯავშნულ ლიმუზინში ვსხდებით მე და მიშა და ესკორტის თანხლებით მივდივართ ამ ოჯახში, სადაც გვხვდება 50-60-მდე ჟურნალისტი.
მათ შორის ბევრი ცნობილი ჟურნალისტი. იქაურობა ხალხით გაიტენა. ეს პრივატული შეხვედრა იყო, რა თქმა უნდა, კამერების გარეშე. ამ შეხვედრის პეწიც ეგ იყო - არაფორმალურ ვითარებაში, მიშა ჯინსებში იატაკზე იჯდა და პლასტმასის ჭიქებით ვსვამდით, არაყს, ღვინოს და ათას თემაზე ვსაუბრობდით.
ამ ჟურნალისტებს თავიდან სააკაშვილის მიმართ ძალიან სკეპტიკურად განწყობა ჰქონდათ, თუმცა მე ვეუბნებოდი, არა, ჩვენიანია, ლიბერალია, თავისუფალი ადამიანი, ჰიპი!
მართლაც, დაინახეს ახალგაზრდა ბიჭი, ჯინსებში, იატაკზე, სადაც ხალიჩებიც არ ეფინა და მისდამი სიმპათია გაუჩნდათ. ფაქტიურად, რუსული ჟურნალისტიკის მეტრები მიშასთან დავამეგობრე. რაც აინტერესებდათ, ყველაფერზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, მეც კმაყოფილი ვიყავი და მიშაც ჭყლოპინებდა.
დილით სააკაშვილი პუტინს უნდა შეხვედროდა. მან ამ შეხვედრაზე 45 წუთი დააგვიანა იმიტომ, რომ მას ჯერ სასტუმროს აუზში ბანაობა გადაუწყვეტია. მისი ბანაობაც თავისებური კომედიაა, უნდა ნახოთ მიშას ბანაობა: ეს ორმეტრიანი, არასპორტული კაცი, სანამ წყალში ჩახტება, ჰაერშივე ხელების ქნევას იწყებს, თითქოს უნდა გაფრინდესო და ზღართანით ეშვება წყალში, რაც სასაცილო სანახაობაა.
იბანავა, აუზიდან ამოსვლა დააგვიანდა, მას დროის შეგრძნებაც საკმაოდ არეული აქვს და ამის გამო რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე 45 წუთით დააგვიანდა. პუტინთან შეხვედრაზე წავიდნენ მიშა, კოტე კემულარია, რომელიც ელჩი არ იყო, მაგრამ სააკაშვილი მას ელჩად ასაღებდა, რაც პროტოკოლის დარღვევაა, ოქრუაშვილი და პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი.
მეორე კომიკური ისტორია ის იყო, რომ მან სხვადასხვა შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა, რაც ხშირად ემართებოდა. მაშინ ვთვლიდით, რომ იგი მაღალი მატერიებით იმდენად იყო დაკავებული, რომ ასეთ წვრილმანებს ვერც კი ამჩნევდა. საერთოდაც, დიდი ადამიანები ხომ დაბნეულები არიან?! მიშას შეიძლებოდა სხვადასხვა ფეხსაცმელი ცმოდა და ეს ითვლებოდა იმ შარმად, იმ ქარიზმად, რომლის გამოც ხალხს სააკაშვილი უყვარდა.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ მიშა აღარ მინახავს. მე მასთან უკვე დისტანცირებული ვიყავი და პრეზიდენტთან ურთიერთობისას წესს ვიცავდი, მას თავისი ახლო წრის ხალხი შემოერტყა: თედო ჯაფარიძე, გელა ბეჟუაშვილი, დიდი შავი სათვალით ფოიეში სრულიად მოულოდნელად ბიძამისი თემურ ალასანია გამოჩნდა. იქვე ვნახე უცნაური პერსონაჟები - ძმები ხიხინაშვილები, რომლებიც რუსეთის დაზვერვის შეფის, პატრუშევის მეგობრები არიან, მერე მათ ჩვენთან მეტალურგიულ ქარხანაზე დიდი პრეტენზიები ჰქონდათ; მიშა სურგულაძე - ტარიელ ონიანის ძმაკაცი. მოკლედ, სასტუმრო “მერიოტში” უცნაური წარმოშობის ქართველები “გაიჩითნენ”.
პუტინ-სააკაშვილის შეხვედრის დეტალებზე ოქრუაშვილი მომიყვა. დაგლიჯა, ძალიან მაგარი ვიზიტი იყოო, - იძახდა ოქრუაშვილი. რატომ, ირაკლი-თქო - ვკითხე. ჩვენ ვიცოდითო, რომ როცა პუტინი კარგ ხასიათზეა, რელაქსაციის დროს იგინებაო, როცა ჩვეულებრივზე 2-3 -ჯერ გაგრძელებული შეხვედრის შემდეგ გამოვედით და საქმიანი ლანჩი გაიმართა, პუტინი იგინებოდაო, ანუ ძალიან კმაყოფილი დარჩაო?!
ამის შემდეგ, სააკაშვილი რუს ბიზნესმენებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მე, გოგი თოფაძე და სააკაშვილი ვიყავით. თოფაძე წამოიყვანა როგორც უდიდესი ქართველი ბიზნესმენი, მეინსტრიმი. იგი, რატომღაც, მიშასთან ახლობლობდა. შეგხვდნენ ჩუბაისი, დერიპასკა, ბენდუქიძე - მაშინ ჯერ იქაური ოლიგარქი, გენერალოვი, იტერას ხელმძღვანელი - მაკაროვი, სულ 15 ტოპბიზნესმენი.
მოსკოვურმა ვიზიტმა კარგად ჩაიარა. მიშას და პუტინის ურთიერთობა ფანტასტიურად დაიწყო. მათ ერთმანეთს გაუგეს და ერთმანეთს დიდი სიმპათიით დაშორდნენ. იმის ლაპარაკი, რომ პუტინი თავიდანვე გადაკიდებული იყო მიშაზე, არასწორია.
ჩემთვის გაუგებარი დარჩა, საიდან გაჩნდა ის უცნაური ხალხი ჩვენს ირგვლივ და რა ესაქმებოდათ ტარიელ ონიანის ძმაკაცებს პრეზიდენტის გარემოცვაში?
მე ხომ ჩემი მისია შევასრულე, გარდა ამისა, მიშას ქალებსაც ვართობდი, ლელა კილაძეს - სააკაშვილის გრიმიორს, და მარიკა ვერულაშვილს რესტორან-კაფეებში დავატარებდი. სააკაშვილს გრიმიორი ოფიციალურად, სატელევიზიო გამოსვლების წინ გრიმის წასასმელად ჭირდებოდა და მას პირისფარეშივით სულ თან დაატარებს. ლელა კილაძე ახლა გრიმიორი აღარაა, თბილისის მერიაში ძალიან დიდი თანამდებობაზე მუშაობს და დიდ საქმეებს აკეთებს.
სავაჭრო პალატა
ახალმა ხელისუფლებამ უცნაური საკადრო პოლიტიკა დაიწყო. ეს ძალიან მანერვიულებდა და ხშირად ვფიქრობდი ჰქონდა, თუ არა ჟვანიას პრემიერ მინისტრის და სააკაშვილს - პრეზიდენტის კომპეტენცია. 2003 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი ვერც კი იოცნებებდა, რომ წლის ბოლოს პრეზიდენტი გახდებოდა. ამიტომ არც თავად და არც მისი გუნდი ამხელა ძალაუფლების ხელში ასაღებად მზად არ იყვნენ. სააკაშვილის გუნდს მისი პარტიის წევრები - ვანო მერაბიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გია ხევიაშვილი, გია ნაცვლიშვილი და კოტე კემულარია წარმოადგენდნენ.
“თავისუფლების ინსტიტუტი” სადღაც, ნახევრად დანგრეულ შენობაში შეხიზნული ცალკე ჯგუფი იყო, რომლის წევრებს მაქსიმალიზმისთვის პერიოდულად ხან მამა ბასილის მხარდამჭერები, ხანაც ლევან მამალაძის “ზონდერკამანდები” ცემდნენ. ბოკერია, ლევან რამიშვილი და ამ ჯგუფის სხვა წევრები სულ ცემა-ტყეპაში ჰყავდათ, ამიტომ ისინი ხალხს ეცოდებოდა, თუმცა მათ წინააღმდეგ პროპაგანდა ძლიერად მუშაობდა და ხალხს არწმუნებდა, რომ ისენი იეღოველები იყვნენ, რის გამოც ბევრს ეზიზღებოდა.
სააკაშვილის გუნდში არ იყო ზურა ადეიშვილი, რომელსაც, მიშას თხოვნით, მოგვიანებით ვარწმუნებდი, რომ იუსტიციის მინისტრი გამხდარიყო. სააკაშვილის გუნდს არც კახა ლომაია წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, არც სააკაშვილმა და არც ჟვანიმ არ იცოდნენ, რისთვის უნდა გამოეყენებინათ ხელისუფლება. შესაძლოა, ზურა ჟვანიამ თავის შესაძლებლობები დროებით დამალა, რომელსაც მომავალში, თუ პრეზიდენტი გახდებოდა, მერე გამოიყენებდა. მიშამ მხოლოდ ის იცოდა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძის და მისი გარემოცვის ლანძღვით გახდა და პირველივე დღიდან ყოფილი ჩინოვნიკების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო.
ინგლისელმა ჟურნალისტმა, ჯონათან ლითლმა ამ კამპანიის თაობაზე ძალიან საინტერესო წერილი დაწერა, სათაურად ერქვა “საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ - ლიბერალურ-ბოლშევიზმის ახალი ექსპერიმენტი.” ეს წერილი მოგვიანებით წავიკითხე და გავოცდი, იმდენად კარგად ასახავს 2004 წლის მარტ-აპრილის მოვლენებს.
ვფიქრობდი, რომ მიშაც და ზურაც “ლიბერალები” იყვნენ. ზურაზე ახლაც ასე ვფიქრობ, თუმცა სააკაშვილი არანაირი ლიბერალური ღირებულების მატარებელი არ აღმოჩნდა, ის კლასიკური ავტორიტარული მმართველია.
ხელისუფლებში მოსვლის შემდეგ სააკაშვილს მარტივი და ცინიკური გეგმა ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ მოკლე დროში ეფექტის მისაღწევად ძველი შენობების ფასადები უნდა ეღება და ეღება. მისი აზრით, თუ რუსთაველის პროსპექტს თანამედროვედ მოაწყობდა, მას ლამპიონებით გაანათებდა და ფასადებს შეალამაზებდა ხალხი ამით კმაყოფილი იქნებოდა. შემდეგ კი იმ პოპულარობის ფონზე, რომელიც მას გააჩნდა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეცდებოდა. მისთვის და ქვეყნისთვის სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, მან დასახული გეგმა, მხოლოდ ფასადების შეღებვის ნაწილში შეასრულა.
რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ რევოლუცია არ მსურდა. მე ეს მართლა არ მინდოდა. მოვლენების ასეთ განვითარებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: შევარდნაძე სუსტი მმართველი იყო და ის და მისი კორუმპირებული გარემოცვა ხალხს მობეზრებული ჰქონდა; „რუსთავი 2“-ს ხელისუფლება და ბადრი პატარკაციშვილი განვითარების საშუალებას უსპობდნენ. ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ამას რევოლუცია მოჰყვა, რის შემდეგაც ფიქრი დავიწყე, თუ როგორ უნდა გამოგვეყვანა ქვეყანა კრიზისიდან.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩვენ, ცხოვრების დონით, ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა ვიყავით. შევარდნაძის დროს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, არა მარტო სომხეთს და აზერბაიჯანს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ქვეყანას ჩამორჩებოდა.
მართალია, პოლიტიკური ძალაუფლების აღებას მოვერიდე, ვინაიდან ტელევიზიის მფლობელი ვიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქვეყნის განვითარების კონცეფციის შექმნასაც გამოვკლებოდი.
მიმაჩნდა, რომ ეკონომიკური რეფორმების ჩასატარებლად ჩვენ არც სათანადო ცოდნა გვქონდა და არც საამისო გამოცდილება, ამიტომ ქვეყნის განვითარების კონცეფციის დამუშავება უცხოელი ექსპერტებისთვის უნდა შეგვეკვეთა. ასეთად ეგორ გაიდარი მესახებოდა. გაიდარმა რუსეთის პოსტსაბჭოთა ეკონომიკა კაპიტალისტურ რელსებზე გადაიყვანა. ის კარგად იცნობს იმ სირთულეებს, რაც მსგავსი ტიპის ეკონომიკების გაჯანსაღებას ესაჭიროება და მას შევთავაზე, კიდეც დაეწერა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მისეული ხედვები. გაიდარი დამთანხმდა, მან ამისთვის 250 ათასი დოლარი მოითხოვა, რაც აბსოლუტურად მისაღები ფასია. მზად ვიყავი ეს თანხა ჩემი ჯიბიდან გადამეხადა.
ვინაიდან გაიდარი მაინც პოსტსაბჭოთა ეკონომიკის ექსპერტია, მისი ნაშრომი ძირითად დოკუმენტად არ უნდა წარმოგვედგინა. მქონდა ინიციატივა, ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე სოლიდური კონფერენცია ჩაგვეტარებინა. ჩემი წარმოდგენით, უნდა მოგვეწვია ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, გამოჩენილი რეფორმატორები და ასევე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოგვეწვია ცნობილი ეკონომისტები.
გვქონდა წინადადება, რომ ეს კონფერენცია კენიაში ჩაგვეტარებინა. შეგვეძლო მყუდრო გარემოში ჩავკეტილიყავით და ეს ფუნდამენტური ნაშრომი შეგვექმნა. ჩვენი მხრიდან მე და პრემიერ-მინისტრი ვგეგმავდით ამ კონფერენციაში მონაწილეობას. სააკაშვილს მსგავსი ტიპის პრობლემები არ აწუხებდა. მისთვის მაშინ უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ იჟღერებდა ახალი ჰიმნი.
მინდოდა შეგვექმნა საქართველოს მრავალწლიანი განვითარების გეგმა, რაზეც დღესაც ვლაპარაკობ. ამ გეგმით უნდა მომხდარიყო ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება და ნორმალური, განვითარებული ქვეყნის წყნარად ჩამოყალიბება.
გვსურდა, რომ თვითოეულ სფეროს განვითარებაზე გაწერილი პროგრამით გვემუშავა. გლობალური ეკონომიკის პირობებში რა უნდა გამხდარიყო სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტული დარგი, რა იქნებოდა საექსპორტო კულტურები, ჩაი მოგვეყვანა თუ არა? მეღვინეობა როგორ განგვევითარებინა, სად, რომელ რაიონში აჯობებდა მეცხოველეობის განვითარება, შეგვესწავლა ტრადიციული და ახალი ბაზრები. ეკონომიკის რა სფეროები წამოგვეწია - მძიმე მრეწველობა, მოპოვებითი მრეწველობა, ტურიზმი თუ სხვა. რა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი მეცნიერებაში, განათლების სფეროში და ასე შემდეგ. მთავარია, რომ ეს პრობლემები სისტემურად განიხილებოდა. უნდა შეხედო სად არის შენი ტრადიციული ბაზრები, რომელი დარგის განვითარება შეგიძლია, ქვეყანას რისი წარმოების პოტენციალი აქვს, შეგვეფასებინა ადამიანური რესურსები - ასეთ ფუნდამენტურ გამოკვლევას ვაპირებდით.
ამ დოკუმენტის მომზადების შემდეგ უნდა შემდგარიყო მთავრობის ეკონომიკური გუნდი, რომელიც რეფორმატორულ ღონისძიებებს კვალიფიციურად განახორციელებდა. ჩვენ საამისო ხალხი არ გვყავს, ამიტომ უცხოეთში კვალიფიციური ადამიანები მინისტრებად უნდა დაგვექირავებინა.
ჩვენ პრემიერ-მინისტრად კარგა ხანს ბრიტანეთის მოქალაქე ლადო გურგენიძე გვყავდა, თავდაცვის მინისტრად - ისრაელის მოქალაქე კეზერაშვილი, ეკონომიკის მინისტრად ამერიკის მოქალაქე - ეკა შარაშიძე, რუსეთის მოქალაქეები არიან - საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე და ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი - კახა ბენდუქიძე.
არ ვიცი ეს ხალხი რა ნიშნით შეარჩიეს, მაგრამ რევოლუციის შემდეგ ჩვენთვის, მთავარი იყო ქვეყნის წინსვლისთვის ჭკვიანი მინისტრები გვყოლოდა, მათი მოქალაქეობას სულ არ მივაქცევდით ყურადღებას.
რეფორმები ხალხისთვის მძიმე იქნებოდა და ამიტომ მათი ავტორები გარანტირებულად არაპოპულარულები იქნებოდნენ. მათი ნაშრომი შედეგს წლების შემდეგ მოიტანდა. მთავარი იყო შეგვექმნა რეფორმის ფუნდამეტი, რომელიც შეუქცევად პროცესად გადაიქცეოდა. ჩემი წინადადება გახლდათ, რომ რეფორმატორებისთვის ე.წ “ოქროს ქოლგა” შეგვექმნა, ანუ 5 წლის შემდეგ, როცა შედეგს მივიღებდით, თითოეული მათგანი რამდენიმე მილიონ დოლარს მიიღებდა და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას.
ჩემთვის სამაგალითოა დუბაის ფენომენი. პირდაპირ სასწაულია, რაც გაერთიანებულ ემირატებში ხდება: ამ უდაბნოში ლამის ყოველდღე შენდება ცათამბჯენები, უდაბნოში ერთი პალმის შენახვაზე ყოველწლიურად დაახლოებით 5 000 დოლარი იხარჯება, იხსნება უნივერსიტეტები და ამ ფენომენის ფუნდამენტი ბრიტანულ განათლებაში დევს, რომელიც შეიხის ოჯახის რამდენიმე წევრმა მიიღო. მათ ქვეყანაში ინგლისელი ექსპერტები ჩამოიყვანეს და მათთან ერთად შექმნეს ეს საოცრება. ამ ქვეყანაში ნავთობიდან და გაზიდან შემოსავალი მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ შვიდ პროცენტს შეადგენს.
გასული 5 წლის მანძილზე ჩვენ რომ რეფორმები გაგვეტარებინა, ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდებოდა. ფასადების ღებვით მხოლოდ ფასადურ წარმატებას მოიმკი, აგვისტოს ომმა ეს, სამწუხაროდ, ნათლად აჩვენა.
შესაძლოა, ასეთი შედეგის მიზეზი, ისიც იყო რომ სააკაშვილი საკადრო პოლიტიკას ძალზე ზერელედ ეკიდებოდა. ალბათ თავიდანვე განზრახული ჰქონდა, რომ ყველაფერი თვითონ ემართა და ამის გამო დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ რისი და როგორი მინისტრი იქნებოდა.
ძალოვან მინისტრებს პრეზიდენტი ნიშნავდა, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებაში არასოდეს ჩავრეულვარ. აქ პროფესიონალი კადრები უნდა დაეწინაურებინათ და წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ივარგებდა თავდაცვის, უშიშროების ან შინაგან საქმეთა მინისტრებად.
ჩემთვის გაუგებარი იყო, რა დამსახურებისთვის დანიშნეს, გიგი წერეთელი ჯანდაცვის მინისტრად. გიგი წერეთელი შევარდნაძეს ოპოზიციაში ისე ჩაუდგა, რომ არც მანამდე და არც ამის შემდეგ, მის წინააღმდეგ ხმა არასოდეს ამოუღია. 5 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე გაიარ-გამოიარა, მერე შეხედა მოვლენებს, 20 ნოემბერს წავიდა და შარდი ჩააბარა, რომ ამ გაყალბებული არჩევნებით, დეპუტატის მანდატი მიეღო და რევოლუციის შემდეგ, უცბად სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდა. გიგი ყველა ხელისუფლებაში იქნება, ის მარადიული ფიგურაა, სააკაშვილს სულ არ დაუპირისპირდება, ისე გადაინაცვლებს მომავალ ხელისუფლებაში.
ეს კაცი დანიშნეს ჯანდაცვის მინისტრად და ორ კვირაში თქვა, აღარ მინდა მინისტრობა, ისევ პარლამენტარობა მირჩევნიაო და ალღომ არ უმტყუნა: მას შემდეგ რამდენიმე ჯანდაცვის მინისტრი გამოიცვალა, გიგი მერამდენიმეღაცედ გახდა დეპუტატი და თავს კომფორტულად გრძნობს.
ასევე, გაუგებარი გახლდათ კონფლიქტების დარეგულირების მინისტრად გოგა ხაინდრავას დანიშვნა. ხაინდრავა არანაირი რევოლუციონერი არ იყო, გოგა 15 ნოემბერს შეუერთდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმალვე მინისტრად დანიშნეს.
თავდაპირველად, კონფლიქტების დარეგულირების მინისტრად ნიკა რურუას კანდიდატურას განიხილავდნენ და ჟვანია მის გამინისტრებას აპირებდა, მაგრამ გია ბარამიძე სასტიკი წინააღმდეგი წავიდა, მკვლელია, ბანდიტი, “ბოროტების საძმოს” წევრი იყოო, - გაიძახოდა და ჟვანიამ მის დანიშვნაზე თავი შეიკავა და მინისტრი ხაინდრავა გახდა. ხაინდრავა ზურასთან მეგობრობდა და ეს ფაქტორი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას ის მინისტრად დაენიშნა.
ამ ხალხის კომპეტენტურობაშიც და გულწრფელობაშიც ეჭვი მეპარებოდა, ორივენი ბოლო მომენტში შემოგვიერთდნენ და თუ რევოლუცია დამარცხდებოდა, წერეთელს შარდი ჩაბარებული ჰქონდა და დეპუტატი გახდებოდა, ხაინდრავას კი დამსახურება ჰქონდა - ის ხომ ოპოზიციის კანდიდატებს უპირისპირდებოდა არჩევნებში, რასაც მას ალბათ დაუფასებდნენ.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნიკა ტაბატაძემ სანაიას მკვლელობის შემდეგ მიმატოვა და ინგლისში წავიდა, მერე ამერიკაში ჩავიდა და რევოლუციამდე გაქრა. არადა, მე მას “რუსთავი 2”-ის წილის 10 პროცენტი ვაჩუქე, იმის დასამტკიცებლად, რომ მას ძალიან ვენდობოდი. ეს ტაბატაძე რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა და სააკაშვილმა მასზე მკითხა, რას იტყვი ეკონომიკის მინისტრად რომ დავნიშნოო. “აუ, არა! რატომ?! რა ეკონომიკის მინისტრი ტაბატაძე იქნება, რაის ეკონომიკა, ეგ უბრალოდ უსინდისო კაცია”, - ვუკივლე სააკაშვილს.
ტაბატაძეზე ნაწყენი ვიყავი. შუა გზაში ჯერ აქ ჩვენ მიგვატოვა და მერე ინგლისში მისი მეუღლე, ნინო ქაჯაიაც მიატოვა, რომელმაც აქ ჟურნალისტის წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა და მაგას “დეკაბრისტის” ცოლივით უკან გაჰყვა.
მეც უსინდისოდ მომექცა. ის ნაჩუქარი წილი გაყიდა და ფული შეირგო, ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში ერთხელაც არ გავხსენებივართ.
მიუხედავად ამისა, მე სააკაშვილს მაინც ვუთხარი, მაგის დანახვაც არ მინდა და შენ სადაც გაგეხარდება იქ დანიშნე - მეთქი.
სააკაშვილი ადგა და ტაბატაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. ეკონომიკის მინისტრად რატომ ნიშნავდა ან საგარეო საქმეთა სამინისტროში რატომ დანიშნა - ერთმა სააკაშვილმა უწყის.
ძირითად მიზნად, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას ვისახავდით და ჟვანიამ ეკონომიკის მინისტრად აბსოლუტურად მოუმზადებელი, 26 წლის ახალგაზრდა - ირაკლი რეხვიაშვილი სრულიად უარგუმენტაციოდ დანიშნა.
რეხვიაშვილის დანიშვნამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტი მე შემომთავაზეს.
მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა და პეროვსკაიას ქუჩაზე ნორვეგიულ რესტორანში დამპატიჟა. ეს რესტორანი იმით იყო ცნობილი რომ მწვადს ქვებზე წვავდნენ. მივედი. აქ დამხვდნენ სააკაშვილი, ჟვანია, მიშა მაჭავარიანი და ირაკლი ჩუბინიშვილი.
სააკაშვილმა ამათი თანდასწრებით მითხრა: ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ იქნებ შენ გახდე ეკონომიკის მინისტრი.
პირველად რევოლუციის მეორე დღესვე ვთქვი თანამდებობაზე უარი, მიშას არც ამჯერად დავთანხმდი. ჩემი არგუმენტაცია მარტივად ჩამოვაყალიბე: მანამ, სანამ მე „რუსთავი 2“-ის მფლობელი და დირექტორი ვიყავი, ჩემი მინისტრად დანიშნვა შეუძლებლად მიმაჩნდა, ვინაიდან მერე მართლა ოლიგარქობას დამაბრალებდნენ, რაც ძალიან არ მსურდა და ამასთან, სააკაშვილს ვურჩიე, იქნებ მინისტრად ჩემზე გამოცდილი ეკონომისტი დაენიშნა. ამის მერე დანიშნეს მინისტრად ეს ირაკლი რეხვიაშვილი.
ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ზურა ჟვანიამ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობა შემომთავაზა. ჟვანიას თქმით, ეს არ იყო სახელმწიფო თანამდებობა, შემეძლო ბიზნესში ლეგალურად დავრჩენილიყავი და პარალელურად ქვეყანაში ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე მემუშავა. ჟვანიას სიხარულით, დაუფიქრებლად დავთანხმდი და რამდენიმე დღეში სავჭრო პალატის წევრთა ყრილობა გაიმართა.
ყრილობაზე პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრები მოვიდნენ. ჟვანიამ ბიზნესმენებს მიმართა, რომ პალატის თავმჯდომარედ მათ სიხარულით წარუდგენდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს და მის მეგობარს - ეროსი კიწმარიშვილს.
“ვიოცნებოთ, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან პირველივე წელს, ინვესტიციამ მილიარდს გადააჭარბოს, აი ეს არის ჩემი ორიენტირი” - ვუთხარი ბიზნესმენებს და დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად.
მე გავხდი საჭრო პალატის ხელმძღვანელი, რაც პრესამ შეაფასა, რომ ხელისუფლებამ ბიზნესის სახედ კიწმარიშვილი აირჩია. საზოგადოებას და მით უფრო ბიზნესმენებს, თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე ისე წარმოედგინათ, რომ ყველა საქმეს და მათ შორის ბიზნესმენთა დავებს გადავწყვეტდი. ისინი ფიქრობდნენ, რომ მე ბიზნესში “ქურდი” გავხდი.
ჩემამდე სავაჭრო პალატას ედუარდ შევარდნაძის მძახალი, პაატას სიმამრი გურამ ახვლედიანი ხელმღვანელობდა. ამ დროს ის უკვე ქვეყნიდან გაიქცა. მის სახელს ბევრი ჩრდილოვანი საქმიანობა უკავშირდებოდა, იგი არაოფიციალურად მართავდა ფოთის პორტს, მასვე მიაწერდნენ, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის 150 მილიონ დოლარიან დავალიანებას.
პირველად, რაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას გავაკეთე, კინოთეატრ “ამირანის” დარბაზში ბიზნესმენთა ყრილობა მოვიწვიე. ვფიქრობდი, რომ აუცილებელიად უნდა გამოგვეცხადებინა ფინანსური ამნისტია. ეს მთავარ ღონისძიებად მესახებოდა. ჟვანიამ შემომთავაზა, ყრილობის მუშაობაში ბიზნესმენთა ფედერაციაც გაგვერია, რომლის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ. მე დავთანხმდი, თუმცა მერე ბადრი ფინანსური ამნისტიის ავტორობაში შემომიზიარა.
ყრილობას მსხვილი და საშუალო ბიზნესის 1000 წარმომადგენელი დაესწრო. ვინც თავს ბიზნესმენად თვლიდა ყველა დავაპატიჟებინე.
პირველ რიგში ვსხედვართ: ჟვანია, სააკაშვილი და მე. ყრილობა მე გავხსენი. მე ვთქვი, რომ სახელმწიფომ ბიზნესს სამართლიანი თამაშის წესები უნდა დაუწესოს, რათა ბიზნესმენი პირნათელი იყოს ბიუჯეტის და ქვეყნის წინაშე, ხოლო მეორეს მხრივ, თავად დაცული იყოს ხელისუფლებისგან. მიმაჩნდა, რომ შევარდნაძის დროს, უვარგისი საგადასახადო კოდექსი გვაიძულებდა შემოსავლები დაგვემალა და ბევრი უსამართლო გადასახადისთვის გვერდი აგვევლო. მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლების სათავეში მოვედით, უნდა შევეცადოთ, რომ ყველა იყოს მხოლოდ კანონის წინაშე ვალდებული და არავითარი სხვა ვალდებულება მათ არ ჰქონდეთ.
ჩემი ინიციატივით, ხელისუფლებას ახალი საგადასახადო კოდექსი უნდა მიეღო, სადაც გადასახადები ოპტიმიზირებული გახდებოდა და თანაც შემცირდებოდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მაშინ ბიზნესს გააჩნდა ამ კოდექსის ბუნდოვანი შინაარსი იყო. ერთი და იგივე წინადადებას შენ კითხულობდი ერთნაირად, შენი ფინანსისტი წაიკითხავდა მეორენაირად, და როცა საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელი მოგაკითხავდა ის ამას მესამენაირად წაგიკითხავდა. შემდეგ ეს ჯიბიდან კოდექსის მუხლის განმარტებას გააძრობდა და მისი მიხედვით ვალებს დაგიწესებდა და მერე იწყებოდა ვაჭრობა, რომ მოდი ამდენს გადაგიხდი და ეს ვალი ჩამომაწერე. ამის გამო ყველა კრიმინალურ საქმიანობას ჩავდიოდით, მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოში ბიზნესმენს თუ რამის კეთება უნდოდა, ყველას რაღაცა უნდა მოეპარა. საგადასახადო კოდექსი დამოკლეს მახვილივით გვეკიდა თავზე.
ფინასური ამინისტიის გამოცხადებით ჩვენ ბიზნესმენებთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დავიწყებდით. მხოლოდ ერთი პირობა გვქონდა, ყველას უნდა გამოეცხადებინა რა თანხა ჰქონდა ბიუჯეტისთვის გადამალული, რომელსაც ამნისტია ჩამოაწერდა და რის შემდეგაც, ახალი სამართლიანი საგადასახადო კოდექსის მიხედვით პატიოსნად უნდა დაეწყოთ გადასახადების გადახდა.
ჩემს შემდეგ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, რომ ჩემს ინიციატივებს მხარს უჭერდნენ.
ამის შემდეგ, ტრიბუნაზე ბადრი პატარკაციშვილი მივიპატიჟე. ბადრი სცენაზე ამოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. უამრავი სურათი გადაგვიღეს, გაზეთები ჯერ წერდნენ, რომ ჩვენს შორის კონფრონტაცია დასრულდა, ხოლო მოგვიანებით ჩვენს ერთობლივ ფოტოებზე დააწერეს: „ვინ გაიმარჯვებს ოლიგარქების ომში“.
ბადრის მიმართ მე ტოლერანტულად განვეწყვე, ამიტომ მივიპატიჟე ტრიბუნაზე. მე მისგან ყოველთვის თავს ვიცავდი, არც ერთხელ კონფრონტაციაზე პირველი არ წავსულვარ. თუ დაპირისპირება დასრულდებოდა მე ეს ნამდვილად არ მეწყინებოდა.
მინდოდა სავაჭრო პალატა ბიზნესმენთა აქტიური შეხვედრების ადგილად მექცია. ეს მის ძველ ვიწრო და მოუხერხებელ ოფისში წარმოუდგენელი იყო, ეს ფართი მხოლოდ კულუარული შეხვედრებისთვის გამოდგებოდა, მე კიდევ ღია, საჯარო ფორუმების თუ შეხვედრების ჩასატარებლად ვემზადებოდი.
ზურა ჟვანიას ვთხოვე, რომ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე „საქინფორმის“ ნახევრად უფუნქციო შენობა უზურფუქტის წესით, სავაჭრო პალატას გადმოსცემოდა. ეს საბჭოთა პერიდში, 30-იან წლებში ე. წ. სოცარტის სტილში აგებული ულამაზესი შენობაა. საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრი. ჩემი გეგმით, მოზიდული ინვესტიციების საშუალებით ეს შენობა მოწვეულ რუს არქიტექტორებს საბჭოთა სტილში უნდა გაერემონტებინათ. ამ მიზნით, საქინფორმის დირექტორად “რუსთავი 2”-ის წამყვანი ნინო ხოშტარია დავანიშნინე, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს.
განახლებული სავაჭრო პალატის პირველ სართულზე პრესკონფერენციების დარბაზი უნდა მომეწყო, სადაც ბიზნესმენები ჟურნალისტებს შეხვდებოდნენ. აქვე ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის სასწავლო სემინარებს ჩავატარებდით. ეს უნდა გამხდარიყო უცხოელ ბიზნესმენებთან კომუნიკაციის ადგილი. მეორე მხარეს, იქ სადაც, სარდაფში თეატრია განთავსებული, მსხვილი ბიზნესმენებისთვის დახურული კლუბი უნდა მოგვეწყო. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ამ კლუბის ძვირადღირებულ ბარათს იყიდდა ამ კლუბის წევრი გახდებოდა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ნებისმიერი რანგის და ინტერესის შეხვედრებს მოვაწყობდი. შენობის მეორე სართულზე თავად სავაჭრო პალატა განთავსდებოდა, თავისი დივერსიფიცირებული მიმართულებებით.
ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში სახელმწიფო ერთი თეთრის დაუხარჯავად ულამაზეს და უძვირეს შენობას მიიღებდა, რომელშიც ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ მრავალმხრივი მუშაობა გაჩაღდებოდა.
სამწუხაროდ, ჩემი პროექტი რიგი მიზეზების გამო, რომელსაც შემდგომ მოგახსენებთ, ვერ განხორციელდა. ეს შენობა, კი მგონი 5 მილიონ დოლარად გაყიდეს და ის დღესაც ბინძურად გამოიყურება, სადაც პირველ სართულზე სიგარეტის ჯიხურებია ჩამწკრივებული.
პარალელურად, ჩემი ბიზნესის განვითარებაზე ვზრუნავდი. ”ჯორჯიან ონლაინში” ჩემს პარტნიორებთან, დათო დვალთან და მერაბ ბუზალაძესთან ერთად კომუნიკაციის ბიზნესის განვითარების მარტივი სქემა შევიმუშავეთ.
ფიქსირებულ ქსელებს, რომელსაც პოპულარული ენით, ქალაქის ტელეფონს ვეძახით, ახალ სეგმენტს, ე.წ უმავთულო სატელეფონო კომპანიას დავუმატებდით და უმსხვილეს კომპანიას მივიღებდით, რომლის საერთო კაპიტალიზაცია სოლიდური თანხა გახდებოდა. ამ უკაბელო სატელეფონო კომპანიის შესაქმნელად ლიცენზიის აღებას ვაპირებდი. ჩვენ უკვე შეთანხმებული ვიყავით ფრიდონ ინჯიასთან, ვისაც კერძო კომპანია “ახალი ქსელები” ეკუთვნის, ჩვენი რესურსები გაგვეერთიანებინა. ამ რესურსით გავერთიანდებოდით „ელექტროკავშირთან“, რომელიც სახელმწიფო კომპანიად დარჩებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის მენეჯმენტს, ხუთი წლის ვადით ჩვენ განვახორციელებდით.
„ელექტროკავშირს“ 300 000 აბონენტი ჰყავდა, „ახალ ქსელებს“ - 180 000.
დადგენილია, რომ საშუალოდ, ერთი სატელეფონო აბონენტი 300 დოლარი ღირს. 300 000 აბონენტის პირობებში ელექტროკავშირის მთლიანი ღირებულება 90 მილიონი გამოდიოდა, თუმცა ეს არარეალურად მაღალი ფასია, ვინაიდან ამ 300 ათასიდან აქტიური 150 000 ათასი აბონენტია, ანუ თბილისის მოსახლეობა. რაიონების აბონენტთაგან წლიური შემოსავალი მიზერულ თანხას შეადგენს. შევარდნაძის პერიოდში პირობითად „ელექტროკავშირის“ ფასი 50 მილიონს თუ შეადგენდა.
ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, როცა სერვისს გავზრდიდით, დავამატებდით საკაბელო ტელევიზიას, ინტერნეტს, ოპტიკურ - ბოჭკოვან კაბელს, და მომხმარებელთა არეალს მნიშვნელოვნად გავზრდიდით, 5 წლის თავზე ამ კომპანიის ფასი ნახევარი მილიარდი გახდებოდა.
ამის შემდეგ, თვითონ სახელმწიფო გადაწყვეტდა, როგორ გაეყიდა ეს კომპანია: პირველი, შესაძლოა კომპანია დაექსაქსა და ცალ-ცალკე სეგმენტად გაეყიდა. მარტო ვაკის 22-იან ატეესს 100 მილიონ დოლარად გავყიდდით. მეორე გზა იყო, კომპანიის ლონდონის ბირჟაზე გაყიდვა. მესამე, შეგვეძლო ეს სტრატეგიული ინვესტორისთვის მიგვეყიდა, ისეთებისთვის, როგორებიცაა - ბრითიშ ტელეკომი, თურქტელეკომი, ფრანსტელეკომი ან დოიჩეტელეკომი.
ჩვენ აქ უნდა მოგვეყვანა მსხვილი ინვესტორი და არა სპეკულიანტები ყაზახეთიდან, რომელთაც, რაღაც ფული ჩადეს ამ ბიზნესში და ეს სფერო სულს ღაფავს, რის გამოც ხან სატელეფონო და ხანაც ინტერნეტ მომხმარებელია დაზარალებული. სფერო არ ვითარდება. ჩვენმა ხელისუფლებამ „ელექტროკავშირი“ 80 მილიონ დოლარად გაყიდა, როცა ჩვენი გეგმით ამაზე მეტ თანხას ერთი ატეესის გაყიდვიდან მივიღებდით. ასეთი სტრატეგიით, ჩვენ ყველა მოვიგებდით. თუკი მე 50 მილიონიან კომპანიას ნახევარ მილიარდ დოლარის ღირებულებამდე გავზრდიდი, ჩვენი ბიზნეს ჯგუფი წარმატებული ბიზნეს პროექტისთვის 10 პროცენტს მიიღებდა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმაა.
გარდა იმისა, რომ ვაპირებდით „ელექტროკავშირის“ მენეჯმენტის ხელმძღვანელობას, ჩვენი საკომუნიკაციო ბიზნესი 5-6 სეგმენტს მოიცავდა. შესაძლებელი იყო მობილური კომპანიაც შემექმნა და ფიჭური კავშირგაბმულობის სეგმენტშიც დავმკვიდრებულიყავით. ამას გარდა, რახან ბიზნესში დარჩენას ვაპირებდი, გადავწყვიტე მეხამრიდის ფუქცია მეკისრა და ხელისუფლებაში გადაბარგებული რევოლუციონერებისთვის ფინანსურად ხელი გამემართა.
მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ პირდაპირ აჭარაში ჩავიდა და ბათუმში ასლან აბაშიძემ მას, როგორც ქვეყნის მთავარსარდალს, სამხედრო აღლუმი მოუწყო. სააკაშვილი დემონსტრირებას ახდენდა, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ის იყო. ცხადად ჩანდა, რომ მიშა ასლან აბაშიძის თავნებობას არ დაუშვებდა. მით უფრო, რომ აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას აღიზიანებდა, აჭარა შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნების თავშესაფარი გახდა. ასე შეაფარა ბათუმს თავი რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა აკაკი ჩხაიძემ, რომელზეც გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და პასუხისგების თავიდან ასაცილებლად მან ბათუმს მიაშურა, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ მის დასაპატიმრებლად ვერტმფრენით სპეცრაზმი გადასხა და ოპერაცია წარმატებით ჩაატარა.
ხელისუფლებას ბუნებრივია აშფოთებდა სარფის საბაჟოც, რომელსაც ის ვერ აკონტროლებდა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენდა.
ბათუმში ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე - გელათის მონასტერში დადო და მის უპირველეს მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამოაცხადა. მან მითებში გადაინაცვლა. სააკაშვილის ამ მიმართულებით სწრაფვა ასლანს თრგუნავდა, ისევე როგორც თრგუნავდა თავად სააკაშვილიც: ასლანი სიმაღლით, მგონი მეტრი და 55 სანტიმეტრია, მიშა კიდევ - 2 მეტრზე მაღალი.
გარდა პოლიტიკური ოპონირებისა, აბაშიძე და სააკაშვილი ერთმანეთს პიროვნულადაც ემტერებოდნენ. რამდენიმე წლით ადრე, მიშა საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ვაკის რაიონში იყრიდა და არჩევნების წინ თბილისში ვიდეოკასეტები გავრცელდა, სადაც მიშა აბანოში ბანაობის დროს ვიღაც მეგობარ ქალს ესაუბრებოდა და თან ანანიზმს ეწეოდა. ამ კასეტას მიშას მეტოქე კომპრომატად იყენებდა. ეს ვიდეომასალა აჭარაში, დაბა ჩაქვის სასტუმროში ფარულად გადაიღეს და სააკაშვილი ამის გამო აბაშიძეს ადანაშაულებდა. ამდენად, მიშას ასლანის მიმართ შურისძიებაც ამოძრავებდა.
სააკაშვილი ასლანზე ზეწოლას აძლიერებდა. იქ ჯერ რესპუბლიკური პარტია გააქტიურდა, რომელთა ლიდერებს ასლანთან დიდი ხნის დაპირისპირება ჰქონდათ, მერე ვანო მერაბიშვილმა და გივი თარგამაძემ ასლანის გარემოცვის წევრების და მაღალი თანამდებობის პირების მოსყიდვა და გადმობირება დაიწყეს, რის გამოც დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მე ამ დროს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების პროექტებზე ვმუშაობდი და ამ პროცესებში არ ვმონაწილეობდი. ჩემთვის შემაშფოთებელი გახლდათ ის, რომ ასლანს გარემოცვაში ვიღაც რუსი გენერალი ნეტკაჩოვი ჰყავდა, რომელიც იქ რაღაც სპეცრაზმებს აყალიბებდა და ვშიშობდი, რომ დაპირისპირება სისხლისღვრაში არ გადაზრდილიყო.
სიტუაციის განსამუხტად ასლანთან მორიგეობით ჩავიდნენ ზურაბ ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ამ ვიზიტებმა შედეგი ვერ მოგვცა.
ამის შემდეგ, სააკაშვილს ვუთხარი, რომ მე ჩავიდოდი ასლანთან მოსალაპარაკებლად. ჩემთვის ამის გაკეთება უფრო იოლი იყო, ვინაიდან მე სახელმწიფო თანამდებობა არ მქონდა, რაც ლავირების მეტ საშუალებას მაძლევდა, თანამდებობრივი პასუხიმგებლობისგან თავისუფალი ვიყავი და შემეძლო თამამად მესაუბრა. მთავარი იყო, გამეგო რა სურდა ხელისუფლებას ასლანისგან, რომ მისთვის სათქმელი ზუსტად ჩამომეყალიბებინა.
ხელისუფლებას სურდა, რომ ასლანი გადამდგარიყო და ამის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებდა. მისი ოჯახი შეინარჩუნებდა იმ ბიზნესებს, რომელიც მანამდე გააჩნდათ. ასევე თუ ქვეყნის დატოვებას მოისურვებდა მას უსაფრთხოების კორიდორს გაუკეთებდნენ. მისი გადადგომის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პოსტს მისი ვაჟი - გიორგი ჩაიბარებდა.
ასლანს, რომელსაც განდიდების მანია სჭირდა და ფიქრობდა, რომ დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებდა, ვერავინ უბედავდა პირდაპირ თქმას, რომ ერთადერთი გამოსავალი მისი თანამდებობიდან წასვლა იყო. ეს მისია ჩემს თავზე ავიღე და გადავწყვიტე ბათუმში ნიკა რურუა წამეყვანა. ეს იმიტომ, რომ გიორგი აბაშიძე მის ძმასთან მეგობრობდა.
გიორგი აბაშიძე ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა. ის ძვირადღირებული მანქანებით მოძრაობდა, ერთობოდა, თავს აწონებდა ქალებს, მაგრამ ამას პროვინციულ ბათუმში ნაკლები ფასი ჰქონდა, ამიტომ მისი გართობის ძირითადი ადგილი თბილისი იყო. ეს ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის ასეა, გასართობად ბათუმი და ზღვა მხოლოდ ზაფხულშია კარგი. მართალია, გიორგი აბაშიძეს ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ასლანის შვილობით ევროპული ახალგაზრდობის “ტუსოვკის” წევრი ვერ გახდებოდა, მას ამის გაქანება არ ჰქონდა. სად ეამაყება ქართველს რომ კარგად ჩანდეს? შარდენზე, ვაკეში, ბარნოვზე... აი, აქ დადიოდა გიორგიც და აქაურ ახალგაზრდებთან ინტეგრირებული იყო. მამამისისგან განსხვავებით, რომელიც დედაქალაქში საერთოდ არ ჩამოდიოდა, გიორგის თბილისური კავშირები გვაძლევდა საშუალებას, რომ ის თანამდებობრივადაც ასლანის მემკვიდრედ განგვეხილა.
რურუამ წინასწარ დაურეკა გიორგი აბაშიძეს და გადასცა, რომ მამამისთან მოსალაპარაკებლად ჩავდიოდით და ამ შეხვედრის ორგანიზება გაეკეთებინა.
ბათუმში ჩემი მანქანით წავედით. ყოველთვის დამთრგუნველად მოქმედებდა მდინარე ჩოლოქზე ავტონომიის საზღვრის გადაკვეთა. ასლანს იქ პოლიციელთა გაძლიერებული რეჟიმი ჰქონდა დაწესებული. თუმცა, ამ ჯერზე ძალიან თავაზიანად დამხვდნენ, უკვე ძალიან ცნობილი ადამიანი ვიყავი და დიდი ფაცი-ფუცით ბათუმამდე ესკორტით ჩაგვაცილეს.
ბათუმში კორტებთან მდებარე სასტუმროსთან გიორგი აბაშიძე გველოდებოდა. ეს ტერიტორია საგანგებოდ დაცული ჰქონდათ, ყველა ხის უკან შეიარაღებული პირი იდგა და ერთი კილომეტრის რადიუსში ასლანის და მისი გარემოცვის გარდა არავის ჰქონდა გავლის უფლება.
გიორგი აბაშიძეს პირველად შევხვდი, ძალიან გამხდარი, ფერმკრთალი, დაღლილი თვალებით იყურებოდა და წყნარად საუბრობდა. მისი მონსტრობის თაობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ, თუმცა პირად ურთიერთობაში უსიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. როგორც ამბობდნენ, მაშინ აქტიური ნარკომანი იყო.
გიორგის ავუხსენი, რომ ვითარების ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს გავლენის გაძლიერება მათი ოჯახის ინტერესების შეულახავად რომ განხორციელებულიყო, მაქვს წინადადება, რომ ასლანის ადგილი შენ დაიკავო, ვინაიდან ის ჯიუტი კაცია, დღევანდელ ხელისუფლებასთან ბოლომდე გაფუჭებული აქვს ურთიერთობა და მასთან მორიგება ძალიან არარეალურად ჩანს მეთქი.
გიორგიმ წყნარად მომისმინა, მას არც შეკითხვები დაუსვამს და არც წყენა გამოუხატავს, - კი, რა თქმა უნდა, მამაჩემს შეგახვედრებთო და ამბის გადასაცემად ასლანთან წავიდა.
ახლა ველოდებოდი, რომ ასლანი თავისი ცნობილი რიტუალიდან გამომდინარე, მთელ დღეს აქ დაგვაყუდებდა, მაგრამ გიორგიმ სწრაფადვე დაგვირეკა, ასლანი ნახევარ საათში მიგიღებთო და მისი რეზიდენციისკენ წავედით.
ასლანს მისაღებში თბილისიდან გაქცეული ფირმა “ომეგას” პრეზიდენტი ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე, ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ელოდებოდნენ.
კაბინეტში შევედით, შემდეგ ასლანი მეორე ოთახიდან შემოვიდა და ხელის ჩამორთმევის დროს ზრდილობიანი, ღიმილიანი სახით ვეკითხები - როგორ ბრძანდებით ბატონო ასლან?
- როგორ ვიქნები შენს ხელში, - მპასუხობს ის და მე ვიცინი, ჩავთვალე რომ მეხუმრება.
ჩემს სიცილზე ასლანს სახე მოეღუშა. “შენი მოაწყვე ეს რევოლუცია, შენ დაღუპე ეს ქვეყანა, ხო ხედავ რა დღეში ვართ და რა არის აქ სასაცილო” - შემომწყრა ის.
- ბატონო ასლან, მთლად ასე არ არის ყველაფერი და ახლა იმიტომ ჩამოვედი, რომ თუ თქვენს თავს რაიმე ცუდი ხდება ეს პრობლემაც იქნებ როგორმე მოვაწესრიგოთ, - ვეუბნები მას.
- გისმენ, - მპასუხობს ის.
- ბატონო ასლან, მე ბევრი ვიცი თქვენი ოჯახის ისტორიის შესახებ და ხშირად მომისმენია თქვენგან, რომ ხართ მრავალსაუკუნოვანი, უცნობილესი ქართული გვარის წარმომადგენელი და თქვენმა გვარმა და თქვენმა ოჯახმა ბევრი იღვაწა, რომ აჭარა საქართველოს ფარგლებში დარჩენილიყო და ამაში თქვენს წინაპარს მემედ აბაშიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ამიტომ მე ვთვლი, რომ იგივე თქვენი გვარის ისტორიიდან გამომდინარე, თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ საქართველოს იტორიაში ახლა ცუდი როლი ითამაშოთ, მე მაქვს თქვენთან წინადადება, რომელსაც თუ დათანხმდებით, ვფიქრობ მთელ ქვეყანას გამოადგება.
- რას გულისხმობ, იქნებ პირდაპირ მითხრა, - მოუთმენლად მკითხა ასლანმა.
- ბატონო ასლან, საქართველოს პატრიოტი ხართ და თქვენი გვარის, ასე ვთქვათ, კარგი ტრადიციის გამგრძელებელი, ამიტომ ახლა უნდა გაითვალისწინოთ, რომ შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით ძლიერი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მოვლენებზე ადექვატურად რეაგირებს, ამიტომ სიტუაციის განსამუხტად, საჭიროა, რომ ამ ხელისუფლებას კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში დაემორჩილოთ, მაგრამ ვთვლი, რომ თქვენ ეს არ შეგიძლიათ და იქნებ რამე ფორმით სხვა გამოსავალი მოვძებნოთ, არც თქვენი ოჯახის ინტერესი რომ შეილახოს და საქმეც გამოვიდეს.
- რას გულისხმობ, - იკითხა ასლანმა.
მე ვუთხარი, რომ ახლა ის დროა, რომ, ასე ვთქვათ, ჩემოდნები ჩაალაგოთ და ხელისუფლება დათმოთ, ჩვენ ხელშეუხებლობის გარანტიას მოგცემთ და ვფიქრობთ, რომ თქვენს ადგილზე თქვენი შვილი გიორგი დარჩეს მეთქი.
ამ საუბრისას ვატყობ ასლანს ფერი ეცვლება, ეს კაცი უცბად ლურჯდება, მერე წითლდება, მწვანდება და უცბად გაცოფებული სკამიდან წამოხტა და ყვირილი დაიწყო - ჩემს კაბინეტში რას მიბედავთ, რას მეუბნებით, რომ მე პოსტიდან და ქვეყნიდან წავიდეო?
- ჰო, გეუბნებით, რომ პოსტიდან უნდა წახვიდე, - მშვიდად ვეუბნები ასლანს.
- ამ თემაზე კი არა, საერთოდ აღარ მინდა თქვენთან საუბარი, - იყვირა ასლანმა და ოთახიდან გავარდა. ჩვენც წამოსასვლელად წამოვდექით. რურუა და გიორგი აბაშიძე გაფითრდნენ. ასლანის კაბინეტის ტრაგიკული ისტორიები ხომ ყველასთვის ნაცნობია. სულაც არ იყო გამორიცხული ნოდარ იმნაძის ისტორია განმეორებულიყო.
მე და რურუა ჩამოვდივართ კიბეებზე და ეს თვალებს აცეცებს, საიდან შეიძლება, რომ გვესროლონ. მთელ შენობაში ასლანს შეიარაღებული “ამბალები” ეყენა. ეზოში ჩამოვედით და მანქანით უკან გამოვემგზავრეთ. გიორგი აბაშიძე გზაში დაგვეწია, მამამისის საქციელის გამო ბოდიში მოგვიხადა და ზრდილობიანად დაგვემშვიდობა.
სააკაშვილმა ასლანზე წნეხი გააძლიერა და 2004 წლის 5 მაისს ასლან აბაშიძე ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა.
2003 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში “ბურჯანაძე- დემოკრატების” ბლოკი “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა და ამ საარჩევნო სუბიექტს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა. რევოლუციის შემდეგ ეს არც იყო გასაკვირი. ამომრჩეველთა უდიდესი მხარდაჭერის გამო, იმდენი დეპუტატი გაყავდათ, რომ ამხელა მხარდაჭერის გამო ვანო მერაბიშვილმა, რომელიც საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, აღარ იცოდა სიაში ვინ ჩაეწერა. მეც შემომთავაზა, ერთი ათი კაცი მოიფიქრე, რომ სიაში ჩავწეროო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამხელა წარმატებისთვის ეს ჯგუფი მზად არ იყო, ამიტომ საქმე კურიოზამდე მივიდა. მე შემეძლო გამეხსენებინა სოფელში მცხოვრები ნათესავები, მეგობრები ან უბრალოდ კარგი ნაცნობები და პარლამენტში ერთი ფრაქცია მექნებოდა. თუმცა, პოლიტიკური ძალაუფლების აღებაზე არასდროს მიფიქრია და ვანოს ვუთხარი, საპარლამენტო სიები ჩემი საქმე არ არის, ვინც გინდა სიაში ის ჩაწერე-თქო. სამწუხაროდ, პარლამენტში ისეთი ხალხი მოხვდა, მათ უმრავლესობას მარტო ოჯახში იცნობდნენ და ფაქტობრივად უამრავმა ადამიანმა შრომითი ბიოგრაფია დეპუტატობით დაიწყო, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მანამდე ბოლნისსა და ზუგდიდში შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი-ორჯერ მარჯვედ ქვები ესროლეს.
ვშიშობდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაღალი რეიტინგის გამო, პარლამენტი ერთპარტიული გახდებოდა და პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიები ქუჩის აქციებს დაიწყებდნენ, რაც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უსიამოვნოა. ამას ემატებოდა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც იმდენად უსუსურები და მორჩილები იყვნენ, რომ ყველაფერს მხარს უჭერდნენ.
პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზე ლეიბორისტები გადიოდნენ, მაგრამ საეჭვო იყო, გადალახავდნენ თუ არა საარჩევნო შვიდპროცენტიან ბარიერს. მე ვანო მერაბიშვილს ვესაუბრე, რომ იქნებ შალვა ნათელაშვილს დავხმარებოდით, რომ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო რაოდენობის ხმები მიეღო.
ამის შემდეგ, ნათელაშვილს რამდენჯერმე შევხვდი. პირველ შეხვედრაზე შალვა სულ ბუზღუნებდა და მეჩხუბებოდა, რადგან თვლიდა რომ ის მე დავღუპე. ნათელაშვილმა სააკაშვილს 2001 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მოუგო, ამიტომ ის ფიქრობდა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი მას ჰქონდა და შევარდნაძის შემდეგ პრეზიდენტი გახდებოდა. მისთვის მოულოდნელად, რევოლუცია მოხდა და პრეზიდენტი ამ რევოლუციის ხარჯზე სააკაშვილი გახდა. ამიტომ გამწარებული ნათელაშვილი გულისჯავრს იყრიდა, მისი აზრით, პრეზიდენტობა მე დავაკარგვინე რადგან “ვარდების რევოლუცია” მოვაწყვე. მან ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ეროსი კიწმარიშვილი და “რუსთავი 2” რომ არ ყოფილიყვნენ სააკაშვილი “უბნის კოლორიტი” იქნებოდაო, აი, “პლეხანოველი” გიჟი მარინას ვარიანტი.
შალვას ვუთხარი, რომ ჩვენ მას დავეხმარებოდით, ტელევიზიის საშუალებით, კიდევ რამენაირად, რომ პარლამენტში შემოსულიყო. ჩემი რჩევა იყო, რომ “მრეწველთა” პარტიასთან გაერთიანებულიყო, რაც საქმეს ყველას გაგვიადვილებდა. შალვა ძალიან დაინტერესდა, ვინაიდან მისი პარტიის ფინანსები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, გაიყვანს თუ არა ხალხს პარლამენტში. ის გამსვლელ სიაში ხშირად ყველასთვის უცნობ ხალხს წერდა, ცხადია, მატერიალური დაინტერესების გამო, რომლებიც შემდეგ პირველივე სხდომაზე სახელისუფლებო ფრაქციაში გარბოდნენ.
ხელისუფლებამ სხვაგვარად განსაჯა, “მრეწველები” და “ახალი მემარჯვენეები” გააერთიანა და ესენი შეიყვანა პარლამენტში. ცხადია, ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება ბადრი პატარკაციშვილთან მეგობრობის გამო მიიღეს. დამარცხებულმა ბადრიმ მაინც მოახერხა, რომ პარლამენტში ფრაქცია შეექმნა.
საპარლამენტო სიების დაკომპლექტებისგან განსხვავებით, მიმაჩნია, რომ უფრო აქტიურად უნდა ჩავრეულიყავი კონსტიტუციური ცვლილებების მიღების პროცესში.
ზურა ადეიშვილმა საქმის კურსში ჩამაყენა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღების გამო კონსტიტუციაში ცვლილებები შეჰქონდათ, ბურჯანაძე პარლამენტის ინსტიტუციონალურ დასუსტებას აპროტესტებდა და ამაზე სულ ბუზღუნებდა. ადეიშვილს ვუთხარი, რომ შენ, სააკაშვილი და ბურჯანაძე ყველანი იურისტები ხართ და როგორმე უჩემოდ გადაწყვიტეთ რა სახის კონსტიტუციური ცვლილებები უნდა გაატაროთ მეთქი.
ჩემი პრობლემებით გადაღლილი ვიყავი და ვფიქრობ ზერელედ მოვეკიდე ამ საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტზე მეტი უფლებები მიიღო, რის გამოც საქართველოში ბევრი პროცესი არასწორი გზით წარიმართა.
ამის გამო ბურჯანაძე დღემდე მსაყვედურობს, რომ მე ძალთა ბალანსის თაობაზე სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის 24 ნოემბრის შეთანხმება არ დავიცავი, რომელიც ამ შეთანხმების გაკონტროლებას გულისხმობდა.
ნინო ბურჯანაძემ ასევე გააპროტესტა საპარლამენტო კვოტები. თუ არ ვცდები “ნაციონალური მოძრაობის” სიით პარლამენტში საბოლოოდ 135-ზე მეტი დეპუტატი მოხვდა, საიდანაც ბურჯანაძის კვოტა მგონი 15 კაცი იყო.
სააკაშვილი ამ დროს კანცელარიაში თავის კაბინეტს “რუსთავი 2” ში ჩემი კაბინეტის ყაიდაზე არემონტებდა და სახელმწიფო ჰიმნის შერჩევით იყო დაკავებული. არჩევნების წინ, მისი მთავარი საზრუნავი და გასართობიც - ახალი ჰიმნი გახლდათ. მან ბაბინაზე ფალიაშვილის მუსიკა მომასმენინა, რომელიც ცუდი ხარისხით იყო ჩაწერილი და თავად მუსიკაც, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს დაუმთავრებელია. “არა, ჩვენ ახლა ამ მუსიკის ხელახალ არანჟირებას გავაკეთებთ და ეს იქნება ახალი ჰიმნი” - ჩემს შეფასებას არ დაეთანხმა სააკაშვილი და ჰიმნის მუსიკაზე მუშაობა გააგრძელა.
ჟვანიასთან დაპირისპირება
რევოლუციის შემდეგ მე და ზურა ჟვანია დემონსტრაციულად ვმეგობრობდით, თუმცა ჩვენს ურთიერთობას ძნელად თუ დაარქმევდი მეგობრობას.
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს შორის დაძაბულობა რამდენჯერმე წარმოიქმნა: პირველად, 2003 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა მე მას ვუთხარი, რომ ბადრი პატარკაციშვილს ჩემთვის დარღვეული შეთანხმების სანაცვლოდ პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა. ჟვანიამ მხარი არ დამიჭირა, რაც ჩემი ტელეკომპანიის არსებობისთვის შესაძლოა საბედისწერო გამხდარიყო. მეორედ, მაშინ განაწყენდა, როცა შეუძლებელს მთხოვდა, “გლობალ სტრატეგი გრუპის” ეგზიტპოლის შედეგი არ გამოაქვეყნო, ვიცი, რომ არასასურველი რეიტინგი მაქვსო. შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმიდან” 35 მილიონი დოლარის მიღებაში დაეხმარა, როცა მე მიმაჩნდა, რომ ეს თანხა სახელმწიფოს ეკუთვნოდა.
ამის შემდეგ, თითქოს კვლავ დათბა ჩვენი ურთირთობა, როცა მან სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ წარმადგინა, ჩემი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შემდეგ ისევ დაგვეძაბა ურთიერთობა და ამის მიზეზი სახელმწიფო ტელევიზიის დაფინანსების საკითხი გახდა. მე ვითხოვდი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნილი სახელმწიფო პირველი არხი ძლიერ ტელეკომპანიად ჩამოყალიბებულიყო. ამ არხს ხელისუფლების რუპორის ფუნქცია უნდა ეტვირთა, ვინაიდან “რუსთავი 2” მუდმივად ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა. თავდაპირველად მე ხელისუფლებას ლოიალური დამოკიდებულებით ვანებივრებდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ახალი ხელისუფლება ჯერ სუსტი იყო და მას დახმარება ესაჭიროებოდა. ჟვანიას ავუხსენი, რომ „რუსთავი 2“-ის ფუნქცია არ იყო ხელისუფლების ქება-დიდების ტირაჟირება, ეს, ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებიც თავისუფალი ადამიანები იყვნენ, არც ესმოდათ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ ეს როგორ კეთდებოდა. ამ ჟურნალისტებმა რევოლუციისთვის დარაზმეს ხალხი, რევოლუციამ გაიმარჯვა და ამის შემდეგ ესენი თავისუფლად აზროვნებას როგორ გადაეჩვეოდნენ? მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც, როცა არხი პროტესტის ნიშნად უამრავმა საინტერესო ადამიანმა დატოვა.
ამიტომ, ჟვანიას შევთავაზე, მე გამათავისუფლე ამ წნეხისგან, სახელმწიფო პირველ არხს დაფინანსება გაუზარდე, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ძლიერი ტელეკომპანია გაკეთდეს მეთქი.
პირველი არხის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია რეფორმირების და არხის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის 25 მილიონ ლარს ითხოვდა. იმხანად ამ ტელეკომპანიის ბიუჯეტი 12 მილიონ ლარს შეადგენდა.
25 მილიონის გაგონებაზე ჟვანია გადაირია, ძალიან ბევრიაო. შენგელიას მაქსიმალურად დავაწურინე ბიუჯეტი, რაღაც პროექტების განხორციელებაზე უარი ვათქმევინე და ამ პირობებში არხს სასიცოცხლოდ 15 მილიონი ლარი ესაჭიროებოდა.
თურქეთში ვიყავი, როცა ზაზა შენგელიამ დამირეკა და მითხრა, რომ პირველ არხს 9 მილიონი ლარი გამოუყვეს.
გავგიჟდი. თურქეთიდან ჟვანიას დავურეკე და ვეჩხუბე. მიმაჩნდა, რომ მას სპეციალურად არ სურდა, არც სახელმწიფო არხის გაძლიერება და “რუსთავი 2”-ის რეიტინგიც თუ დაბლა დაიწევდა, ესაც არ ეწყინებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში ბადრისთან გარიგებული იყო და მას მხოლოდ “იმედის” მზარდი პოპულარობა ახარებდა. ჩვენ კი პრესაში უკვე დაგვცინოდნენ, რომ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” სახელისუფლებო არხი გახდაო.
თურქეთიდან 3 მაისს დავბრუნდი. ეკა ხოფერიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მითხრა, რომ ვიღაც ანდრიაძეებს ელიავას ბაზრობის წილებს ართმევდა “პაპუასა” - ზაზა პაპუაშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ჟვანიას პოლიტიკურ ოპონენტს ვახტანგ რჩეულიშვილს პარლამენტში თავი გაუტეხა და ჟვანიას გუნდს “კუალდად” ჰყავდა. „მერე გააკეთე სიუჟეტი. მე რატომ მითანხმებ?”- ვეკითხები ხოფერიას“. „არა, იცი რა ხდება? მასთან ერთად ზურა ჟვანიას ძმა - გოგლა ჟვანიაც არის და რა ვიცი, საქმის კურსში ჩაგაყენე” - მითხრა ხოფერიამ.
ხოფერიას ვუთხარი, რომ მე თავზე ხელის გადასმას აღარავიზე ვაპირებდი და როგორც მას უნდოდა ისე მოემზადებინა სიუჟეტი.
სიუჟეტი ეთერში გავიდა და გააფრთებულმა ჟვანიამ დამირეკა:
- ეს რა გააკეთე, ჩემს ძმას როგორ შეეხე? - აკანკალებული ხმით მეუბნება, - შენ არ იცი, რა დღეში ჩაგვაგდე, დედაჩემი ძალიან ცუდად გახდა, ამას არ გაპატიებ,” - მემუქრება პრემიერ-მინისტრი.
მე ვუპასუხე, რომ “ჯერ ერთი, მე არაფერი გამიკეთებია, მეორეც, საერთოდ არ ვერევი ჟურნალისტების საქმიანობაში და ეს როგორც გინდა ისე გაიგე”. „მაშინ ყველაფერი გასაგებიაო”, - და მან ტელეფონი გათიშა.
მეორე დილას, როცა გავიღვიძე ჩემს წინააღმდეგ უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდათ. ჟვანიამ საამისოდ შექმნა შტაბი, რომელის ხელმძღვანელობა “რეზონანსის” რედაქტორს ლაშა ტუღუშს შეთავაზეს, მაგრამ მან ეს არ იკადრა. “აღარ უნდა დამთავრდეს ეს კიწმარიშვილი და მისი ამბიციები?!” -ამუნათებდნენ ლაშას, რომ მათ წინადაებაზე დათანხმებოდა.
ამ შტაბს ჩემს საწინააღმდეგოდ, ვითომდაც კომპრომატები უნდა შეეგროვებინა და პრესით და ტელევიზიით მისი ტირაჟირება მოეხდინა. რეალურად კი, ჟვანიას თანაშემწეს, ეთერ მაისაშვილს, რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და კონვერტში ჩადებული 500 დოლარი ერთად დაჰქონდა, რის გამოც ბევრი გაზეთის რედაქტორი უღირსად მოიქცა. აქეთ დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი “მეორე ფრონტს” ხელმძღვანელობდა და ეს კამპანია კარგა ხანს არ გაჩერებულა, მე ამასობაში ამერიკაში გავიქეცი, მაგრამ მაინც ვერ დაშოშმინდნენ. ბევრი წერილი შევინახე, რომელთაც ასეთი სათაურები ჰქონდათ:
“რა გაუმხილა სააკაშვილზე ლეიბორისტებს ეროსი კიწმარიშვილმა აშშ-ი გაქცევის წინ”, “ეროსიმ რკინიგზა დაანგრია”, “დანაშაულებრივი გარიგება ქართულ ეკონომიკას ანადგურებს” - სადაც ეწერა, რომ -“ეროსი ჩამოალაბორანტეს, არ არის გამორიცხული თვითონაც გადადგა, როდესაც მიხვდა, რომ დანაპირების შესრულების თავი არ ჰქონდა”.
“კიწმარიშვილს იტალიელებიც აუმხედრდნენ”, “კიწმარიშვილ-ქაშაკაშვილის დუეტი ხიხინაშვილის წინააღმდეგ ახალ ინტრიგებს ამზადებს”. “რატომ გააკოტრა კიწმარიშვილმა „რუსთავი 2”, “რატომ დასცხო “ვერსიამ” კიწმარიშვილს”, “რა ვერ გაიყვეს პატარკაციშვილმა და კიწმარიშვილმა”, “როგორც ჩანს, კლანურ ბიზნესს ვარდების რევოლუცია ვერ მოერია”.
“რუსთავი 2“-ზე რაღაც სიუჟეტი გავიდა იმის თაობაზე, რომ ურეკში “აზოტის” ქარხნის კუთვნილი პანსიონატი გაიყიდა, სადაც ადრე ამ ქარხნის მუშები იაფად ისვვენებდნენ. პანსიონატი საეჭვო ვითარებაში ოზურგეთელმა ვინმე ტარიელ ბერიძემ იყიდა, რომლის უკან რეალურად პატარკაციშვილი იდგა. “ვერსია” წერდა:
“ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ტელეკომპანია “იმედმა” კიწმარიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალები სასწრაფოდ მოიკვლია და მათზე დაყრდნობით, სავაჭრო პალატის შეფს ინტრიგანისა და პროვოკატორის იარლიყი მიაწება, ამასთან არც მისი სამიზნეების გაშიფვრა დავიწყნია, ამისთვის ქვემო ქართლის გუბერნატორის სოსო მაზმიშვილის გარშემო აგორებული შავი პიარი გაიხსენა და ქვემო ქართლის უმსხვილესი ობიექტების გარდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორიაც ამოსწია. იტალიელი ინვესტორების გაძევება, ქარხნის ხელოვნურად გაკოტრება სწორედ ეროსი კიწმარიშვილის მიერ იყო ორგანიზებული. ეროსი კიწმარიშვილს ინტერესები მძიმე მეტალების გარდა ქალისა და მამაკაცის თეთრეულშიც ჰქონია, თუმცა თუ „იმედის“ პათოსით ვიმსჯელებთ, სავაჭრო პალატის შეფს კონკურენტებთან შანტაჟის გზით ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაშიც, მაინც არაფერი გამოუვა და სრული კრახი გარანტირებული იქნება”.
ტელეკომპანია “იმედი” საშინელ ბრალდებებს მიყენებდა. გიორგი ახვლედიანი, რომელიც ახლა დეპუტატი გახდა, „მოამბის“ ყოფილი წამყვანის, დავით სოკოლოვის ინტონაციით, პირდაპირ ეთერში საშინელ ბრალდებებს ახმოვანებდა. მას სიუჟეტიც არ ჰქონდა, უბრალოდ იმ შტაბში დაწერილ ცილისმწამებლურ საშინელ ტექსტებს კითხულობდა.
პარალელურად, ჟვანიას დირიჟორობით ხმებს მიყრიდნენ, რომ “ამ ეროსის ძალიან ბევრი მოუნდა, დიდი ამბიცია აქვს, რაღაც ბევრი მოინდომა. პრეზიდენტობა მოუნდა და ზურას პრემიერობას ეცილება და საერთოდ ამ კაცმა სახე საერთოდ დაკარგა”.
მე მათთვის არანაირი პასუხი “რუსთავი 2”-ის საშუალებითაც კი არ გამიცია. მე და ჩემს პარტნიორებს ჩვენი ტელეკომპანია პირადი ინტერესებისთვის არასდროს გამოგვიყენებია.
უბრალოდ ვიცოდი, რომ ამ კამპანიას ჟვანია ხელმძღვანელობდა და ველოდებოდი, პრეზიდენტი მას როდის გააჩერებდა, როდის შეაწყვეტინებდა ამ კამპანიას.
ზოგიერთი რედაქტორი ჩემი განქიქებით სიამოვნებას იღებდა, მათ ჩემთან პირადი ანგარიში ჰქონდათ.
ამ მხრივ გაზეთების ”ახალი ვერსიის” და “ყველა სიახლის” გამომცემელი, მალხაზ რამიშვილი აქტიურობდა. ის ადრე „რეზონანსის“ ერთ-ერთი მეპატრონე იყო. მას ზურა ჟვანია დაეხმარა და საბეჭდი მანქანის შესაძენად 400 ათასი დოლარის გრანტი მოაპოვებინა. ამის შემდეგ ზურა ჟვანია და მალხაზ რამიშვილი მეგობრობდნენ. რაღაც დროის შემდეგ, რამიშვილმა „რეზონანსში“ თავისი წილი დაკარგა, ასევე დაკარგა “მამაჩემის რადიოც”, რომელიც მას ეკუთვნოდა.
მას 2003 წლის დასაწყისში ფინანსური პრობლემები შეექმნა. იგი ჩემთან მოვიდა და შემომთავაზა, რომ “ახალი ვერსიის”, “ყველა სიახლის” და კიდევ რაღაც ჟურნალებს უშვებდა და 50 პროცენტს დამითმობდა, თუკი მე ჩემი ტელეკომპანიის ეთერით ამ პროდუქციას რეკლამას გავუწევდი.
მართალი გითხრათ, დიდად არ მოვხიბლულვარ ამ იდეით, მაგრამ მას შევთავაზე, რომ დროის რაღაც მონაკვეთი საცდელად აგვეღო, როცა მე ამ ჟურნალ-გაზეთებს რეკლამას გავუწევდი და შემდეგ რეზულტატის მიხედვით, გვემსჯელა წილებზეც და ამ საქმის გაგრძელება-არგაგრძელებაზეც.
ასეც გავაკეთე, მე ამ პროდუქციას რეკლამას ვუწევდი, მაგრამ არანაირი შედეგი ამას არ მოჰქონდა. სხვა გამომცემლები დაიძაბნენ, სულ კითხულობდნენ, საიდან გაუჩნდა რამიშვილს იმდენი ფული, რომ მისი პროდუქციის ფართო რეკლამირებას ახერხებდა.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ დროც და ფულიც წყალში გადავყარე და რამიშვილს შევუთვალე, რომ მე ამ პროექტიდან გავდიოდი. ის ამაზე დაიბოღმა და მერე ჟვანიამ შანსი გაუჩინა, რომ ამ ბოღმისგან დაცლილიყო.
ჩემს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო შალვა რამიშვილი, “სახელგანთქმული” „202“-ის შემოქმედი, რომელსაც მე “დარდუბალა” შევუკვეთე, აპარატურა ვაყიდინე და ამ გადაცემას მთლიანად ჩემი დაფინანსებით აკეთებდა.
ისიც ჩემი მტრების რიგში ჩადგა და ჩემზე დასაცინ სიუჟეტებს აკეთებდა. ნორმალურ ქვეყანაში ასეთ რაღაცაზე ორნაირად რეაგირებენ: ან ცხვირ-პირს ულეწავენ, მართლა პირდაპირი მნიშვნელობით, ან სასამართლოში უჩივიან, მე არც ერთი გავაკეთე არც მეორე იმიტომ, რომ ელოდებოდნენ, რომ ნერვები მიმტყუნებდა და ამას გავაკეთებდი.
ამ ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ შევიტყვე, რომ ჟვანიას სურდა ჩემთვის ობსტრუქცია მოეწყო და როგორც სავაჭრო პალატის ვითომდა არშემდგარი თავმჯდომარე, თანამდებობიდან გადავეყენებინე. თუმცა, ამ პერიოდში მხოლოდ ჟვანია აღარ იყო ჩემი გაღიზიანების მთავარი სუბიექტი.
ეს გახდა, ის ბოლო წვეთი, რომლის გამოც 2004 წლის აგვისტოში პრეზიდენტთან მივედი და გამოვუცხადე, რომ მე თანამდებობიდან გადავდექი.
(გაგრძელება იქნება)