„მიხეილ სააკაშვილს აწყობს დესტაბილიზაცია, რადგან მინიმუმ, სკანდალს მაინც მიიღებს“

„მიხეილ სააკაშვილს აწყობს დესტაბილიზაცია, რადგან მინიმუმ, სკანდალს მაინც მიიღებს“

„იმ ეპოქაში ვართ, როცა ფარული ჩანაწერი მსოფლიო პროცესების ნაწილად იქცა. ყირაზე დააყენა მსოფლიო პოლიტიკა“, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭებთ ამ ფარულ ჩანაწერებს, თუმცა ამბობს, რომ დაძაბულობის მომენტი შემოდის, რადგანაც დესტაბილიზაციის ორგანიზებაზეა ლაპარაკი.

for.ge რამაზ საყავრელიძეს ესაუბრა.

ზუსტად სამ დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მიმდინარე პროცესებს თუ 2012 წლის არჩევნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კულტურა და კორექტულობა შეიმჩნევა პოლიტიკური პარტიების მხრიდან?

რამაზ საყვარელიძე: მოსახლეობის და მათ შორის პარტიების გუნდური შედეგია დღევანდელი სიმშვიდე. „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოდა აკრძალული ხერხით და ეს ქმნიდა დარღვევების იმ კასკადს, რომელიც 2012 წლის არჩევნებს ახლდა. რაც შეეხება კულტურას, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმა ვერ ისწავლეს, რომ ფიზიკური დაპირისპირება, ან რაიმე სხვა ჟესტები, ყოფითი, ქუჩური, თუ სხვა კონფლიქტის სტილი, პოლიტიკურ დებატებში მიუღებელია. იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე მოსახლეობა თავად უკარნახებს პოლიტიკოსებს ქცევის სტილის გაუმჯობესებას. საბედნიეროდ, პოლიტიკოსების დაპირისპირებაში შემცირდა ქუჩური ელემენტი, რადგან აღმოაჩინეს, რომ მოსახელობისთვის ეს მიუღებელია.

ქუჩური ელემენტის ნიშნები არ არის სამეგრელოშიქართული ოცნებისაქტივისტებზე თავდასხმა, იგივე ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მიმართ გამოხატული აგრესია, როდესაც სანდრა რუსლოვსისთვის ცდლილობდა კითხვის დასმას? როგორ ფიქრობთ, რატომ გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით სამეგრელოში ამომრჩეველი?

- ქუჩური ელემენტი არის მეტად ემოციურობის ბრალი, როცა სიტყვები აღარ ყოფნის და თავისი პოზიციის გამყარება უკვე ფიზიკურად სჭირდება. ემოციურობა, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან ემოციური ადამაინები ანკესს უფრო ადვილად წამოეგებიან, როგორც პოლიტიკურ ანკესზეც, ასევე, საარჩევნო ანკესზეც. რაც შეეხება კითხვას, რატომ გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით მეგრელი ამომრჩეველი, მეგრელები სხვებზე ნაკლები ემოციურები ნამდვილად არ არიან. მთლიანად საქართველოს გაემტყუნება ესეთი ემოციურობა, რადგან წამგებიანია. ამიტომ, რომელიმე მხარის გამოყოფა მგონია არ ღირს, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, კახეთში უფრო ნაკლებია მსგავსი ემოციები.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება. როგორ ფიქრობთ, ეს ჩანაწერები ნიჰილიზმს და შიშს არ ზრდის ამომრჩეველში, რომ მართლაც არაფერი შეცვლილა ქვეყანაში?

- იმ ეპოქაში ვართ, როცა ფარული ჩანაწერი მსოფლიო პროცესების ნაწილად იქცა, ყირაზე დააყენა მსოფლიო პოლიტიკა, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ ამ ფარულ ჩანაწერებს, ამას უკვე თავს ვეღარ დააღწევს საქართველო. ამ ჩანაწერებით შემოდის დაძაბულობის მომენტი, რადგან ლაპარაკია დესტაბილიზაციაზე. გამოვლენილმა ფაქტებმა გვიჩვენა, რომ თვითონ ნაციონალებს, უფრო კონკრეტულად კი, მიხეილ სააკაშვილს აწყობს დესტაბილიზაცია, რადგან დესტაბილიზაციის შემთხვევაში, მინიმუმ, სკანდალს მაინც მიიღებს და „ოცნების“ კრიტიკის საფუძველი მაინც ექნება, თუ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა. სწორედ ამაზე მიდის თამაში. რეალურად ეს პრობლემა აქვს დღეს მოსახლეობას -არის თუ არა მოსალოდნელი სერიოზული დესტაბილიზაცია და მისი დაძლევის თემა არის მთავარი. მშვიდობიან მდგომარეობაშიც კი, ხშირად ბევრი კონფლიქტის მიზეზი ხდება ჩვენი ემოციურობა. მთავარია კონფლიქტის მასშტაბი არ იყოს დიდი.

აქედან გამომდინარე შესაძლებელია ნიჰილიზმი ჭარბობდეს ამ არჩევნებში?

- ნიჰილიზმის მოლოდინი დიდია და პრეზიდენტმა კი წამოიწყო კამპანია ნიჰილიზმის დასაძლევად, მაგრამ ძალიან ხშირია სიტუაცია, როდესაც ნიჰილიზმი ბოლო მომენტამდე აქვს ადამიანს, მერე უცებ ბოლო მომენტში ჩაერთვება არჩევნებში. ძალიან მშვიდობიან სიტუაციაშიც ძალიან დაბალია აქტიურობა. მაგალითად, სწორედ სიტუაციის სიმშვიდის გამო ევროპის ქვეყნებშიც დაბალია აქტიურობა.

მაგრამ, ამ შემთხვევაში, პატივცემულ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ახლა საზოგადოებას არა აქვს მშვიდი სიტუაცია და ის დგას იმ ალტერნატივის წინაშე, რომ იყოს პასიური და გზა დაუთმოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ყველა ტიპის მანიპულაციაზე წავა, ოღონდ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა მოიპოვოს, თუ გააქტიურდეს. სულ ერთია ვის მისცემს ხმას, ოღონდ მრავალფეროვანი სპექტრი გააჩინოს ქართულ პოლიტიკაში და ამ მრავალფეროვანი სპექტრით დაიზღვიოს თავი იმისგან, რომ საქართველო წარსულს არ დაუბრუნდეს. ეს ალტერნატივა აქვს დღეს ამომრჩეველს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, გაჩნდა შანსი იმისა, რომ მეორე ადგილი საქართველოს პარლამენტში დაიკავოს ირაკლი ალასანიასთავისუფალმა დემოკრატებმა“. როგორ შეიძლება გადანაწილდეს ძალთა ბალანსი პარლამენტში?

- როგორც ჩანს, ივანიშვილის განცხადების უკან რაღაც ფაქტები დევს, მაგრამ მე ასეთი გამოკვლევები არ მინახია. ბოლო გამოკვლევები რაც ვნახე და მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი იყო ჩემთვის, დემოკრატები დაახლოებით ისეთივე მაჩვენებლით იდგნენ ბარიერთად, როგორც ლეიბორისტები, პატრიოტები, ბურჯანაძე და ა.შ. ასეთი ინფორმაცია, რომ დემოკრატებს მნიშვნელოვანი ნახტომი ჰქონდეთ გაკეთებული, უბრალოდ არა მაქვს, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ ასეთი წინსვლა ჰქონდეთ „თავისუფალ დემოკრატებს“.