აეროპორტიდან მომავალ გზაზე რომის პაპს „საპროტესტო დგომით“ დახვდნენ. მართლმადიდებელი მოძღვრებისა და მრევლის ნაწილი დარწმუნებულია, რომ პაპ ფრანცისკეს ვიზიტი სამოციქულო ხასიათისაა, როგორც ეს ვატიკანის რადიომ დააანონსა.
ეს კი ადასტურებს მრევლის ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი ჩამოდის „თავისი მწვალებლური, ცრუ სწავლების, ე.წ. პაპიზმის საქადაგებლად, პაპიზმის გასაძლიერებლად საქართველოში, ანუ პროზელიტური მიზნით“. შესაბამისად, მორწმუნე ადამიანთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ რომის პაპის ეს ვიზიტი შეურაცხყოფს საქართველოს განმანათლებლების, მოციქულების - ანდრია პირველწოდებულის, მატათასა და სიმონ კანანელის, მოციქულთა სწორის, წმ. ნინოს წმინდა სახელებსა და ღვაწლს, რაც მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორია უტყუარად მოწმობს, რომ კათოლიკე მისიონერის ვიზიტი დიდი განსაცდელების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება მორწმუნეთა ჯგუფის ასეთ განწყობას. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპი საქართველოში პრეზიდენტ მარგველაშვილისა და საპატრიარქოს მოწვევით ჩამოდის, ხოლო სტუმრობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. უკვე ცნობილია, რომ ვიზიტის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წირვას აღავლენს. ასევე, ვიზიტის ფარგლებში მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარს მოინახულებს, 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრება.
რომის პაპის ვიზიტს გავლენიანი ამერიკული გამოცემა „The Wall Street Journal“-იც გამოეხმაურა. პუბლიკაციის მიხედვით, ერთი მხრივ, პაპი ცდილობს რუსეთისადმი კეთილგანწყობილი იყოს, მაგრამ საქართველოში ჩასვლისას შესაძლოა, იგი სწორედ ამისთვის გააკრიტიკონ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საქართველოს ლიდერები შეეცდებიან ფრანცისკე პირველის ყურადღება გაამახვილონ რუსეთის ჯარების უკანონოდ ყოფნაზე ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. გარდა ამისა, ოფიციალური თბილისი უეჭველად შეეცდება, რომ პაპმა ფრანცისკემ ყურადღება მიაქციოს სეპარატისტული რეგიონებიდან გამოდევნილ ადამიანთა მძიმე მდგომარეობასაც, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამჟამინდელი პაპი მტკიცედ უჭერს მხარს ლტოლვილებს. სწორედ ფრანცისკე პირველმა შეძლო ევროპის მდიდარი ქვეყნების დარწმუნება, კარი გაეღოთ სიღატაკისა და ომის საშინელებებს გამოქცეული ლტოლვილებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ პაპს მეორენაირად სოციალურ პაპსაც უწოდებენ, რადგან იგი უმწეოთა და დევნილთა პრობლემითაა დაკავებული და ინტრონიზაციისას ამიტომაც შეარჩია ფრანციკე ასიზელის სახელი, რომელიც მე-13 საუკუნეში ქრისტიანული სამყაროს პოპულარულ ფიგურად ითვლებოდა.
რას მოუტანს საქართველოს რომის პაპის ვიზიტი?
თბილისის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ქვლივიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველი ლტოლვილების დახმარებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან რომის პაპი ქავთარაძის ქუჩაზე ხვდება სირიიდან ჩამოსულ ლტოლვილებს. უფრო მეტიც, საქართველოში რომის პაპმა მოიწვია მათი უნიატი პატრიარქი და ამცნო, მე სირიაში ვერ ჩამოვდივარ, მაგრამ, აქ მოგიწვევთო. ეს მაშინ, როცა ერევანში ყოფნისას ამგვარი რამ სომხეთის მთავრობას ვერ გაუბედა. რომის პაპმა იტალიაშიც არ მიიწვია სირიელი ლტოლვილების სულიერი ლიდერი, მაშინ, როცა იტალიაშიც არიან ლტოლვილები.
„ჩვენ ვეუბნებით, რა უფლებით იწვევ აქ ამ ლტოლვილებს? უკვე რამდენი წელია, უწმინდესს სთხოვდნენ რომის პაპის მოწვევას და პატრიარქი ყოველთვის ამ საკითხს გადადებდა ხოლმე. დღეს კი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მატრაბაზობა ჩაიდინა, არაფერი ჰკითხა ეკლესიას და ისე მოიწვია რომის პაპი. ფაქტის წინაშე დააყენა პატრიარქი და უხერხულ პოზიციაში ჩააყენა.
ეს კიდევ არაფერი, ისინი ითხოვდნენ მესის ჩატარებას თავისუფლების მოედანზე, მაგრამ საპატრიარქომ უთხრა, რომ არ შეიძლებოდა. მერე თქვეს რესპუბლიკის მოედანი, ეკლესიამ უთხრა, არ შეიძლებაო, მაშინ სტადიონი შეარჩიეს და ისე გაკადნიერდნენ, შემოგვითვალეს, ჩვენს წირვაზე თქვენმა სასულიერო პირმა საკმეველი დაუდოს საცეცხლურსო. სტუმარი ასე არ იქცევა, სტუმარი ცოტა მორიდებულად უნდა მოიქცეს. ამას აუცილებლად მოჰყვება კათოლიკების მოთხოვნა, თუ ჩვენ მუსლიმანებს ვეხმარებით, თქვენ ქრისტიანები მაინც დაასახლეთ და დააპურეთო. ესაა მისიონიზმი, ესაა პაპიზმი.
პირველი პაპი რომ ჩამოვიდა, იცით, რას იძახდნენ? ეს არის მშვიდობის მტრედი, უკეთილშობილესი კაცი, ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში, ჩვენ თუ მივიღებთ, დაგვეხმარება აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაშიო. ნახეთ, რა მოხდა? აფხაზეთიც დავკარგეთ, ცხინვალიც და მიშა სააკაშვილის ცხრაწლიან დიქტატურასაც უძლებდა ქვეყანა. ამიტომ მართლმადიდებლების კურკური ლათინოპაპებთან ყოველთვის კატასტროფით მთავრდება. კათოლიკურ ეკლესიას სხვანაირად ჰქვია ლათინოპაპისტური საკრებულო, ლათინები იყვნენ ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში, რომში. ამ ხალხმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კათოლიკობის გავრცელებაში, ამიტომაც ჰქვია მათ ეკლესიას ლათინოპაპისტური. ღმერთმა ეს ხალხი გააქრო პირისაგან მიწისა, ისინი აღარ არსებობენ. ანუ ამ სარწმუნოების შემომტანი ხალხი დღეს აღარ არის ევროპაში, არადა, გარშემო მტრული ძალა არ ჰყოლიათ, მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, მაგრამ გაქრნენ.
სხვა ფაქტსაც გეტყვით, იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ბიზანტიის იმპერატორი გადავიდნენ კათოლიკობაზე, 1453 წელს ბიზანტიის იმპერია დაემხო და დღეს კონსტანტინოპოლს, ამ მსოფლიო დედაქალაქს, ჰქვია სტამბოლი. მსგავსი მისიონერული მისიით კათოლიკები საქართველოში პირველად შემოვიდნენ 1614 წელს, ეს ფაქტი ილია ტაბაღუას აქვს აღწერილი „ისტორიულ წერილებში“ და დაიწყეს ერთობლივი მსახურება. ხან თვითონ ესტუმრებოდნენ ქართველებს, ქართულ ეკლესიაში მსახურობდნენ და ეზიარებოდნენ, ხან ქართველები მიდიოდნენ მათთან. ზუსტად 1614 წელს ღმერთმა საქართველოს შემოუსია შაჰ-აბასი თავისი ურდოებით“, - აცხადებს მამა დავით ქვლივიძე.
ამასთან, კიდევ ერთ ისტორიას იხსენებს, როცა 1755 წლის 16 სექტემბერს მცხეთაში შემდგარ დიდ საეკლესიო კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - ანტონ პირველი (მეფე თეიმურაზის დის შვილი და ერეკლე მეორის მამიდაშვილი) ამხილეს კათოლიკობაში. კრებას ესწრებოდნენ ქართლ-კახეთის მეფეები - თეიმურაზ მეორე, ერეკლე მეორე, ასევე, -მიტროპოლიტები, არქიმანდრიტები, მონასტრის წინამძღვრები, თავადები. მაშინდელ კრებაზე საბუთები დაუდეს ანტონს და ფარულ კათოლიკობაში წაუყენეს ბრალი, რაც მან აღიარა. ამის გამო გადააყენეს პატრიარქობიდან და გააძევეს საქართველოდან. საეკლესიო კრებამ კი დაადგინა, თუ ვინმემ, ან მეფე თეიმურაზმა, ან სხვა პირმა რაიმე მიზეზით ეს კათოლიკე პატრიარქი დააბრუნოს საქართველოში, მთელ მსოფლიო კრებაზე თუ რამ წყევლა ყოფილა, ჩვენს თავზე იყოსო. თუმცა თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ანტონი მაინც დაბრუნდა საქართველოში და საქართველომ სულ რამოდენიმე წელიწადში დაკარგა სახელმწიფოებრიობა, დაკარგა ავტოკეფალია.
„ანტონ კათოლიკოსზე ლაპარაკობენ, რომ თურმე უკეთილშობილესი, უგანათლებულესი კაცი ყოფილა, ევროპაში ფანჯარა გაუჭრია. სინამდვილეში, ანტონ პირველმა საქართველოს ეკლესიის წიგნები გადაიყვანა რუსულ ყაიდაზე, მან თარგმნა რუსულად, მან მიიღო აქტიური მონაწილეობა გეორგიევსკის ტრაქტატის შექმნაში და ანტონის შედგენილ ტრაქტატში პირდაპირ წერია, ვინც არ უნდა გახდეს საქართველოს ეკლესიის მმართველი, ის უნდა იყოს რუსეთის სინოდის წევრიო. ეს ყველაფერი გააკეთა გაკათოლიკებულმა ანტონ პირველმა. ჩვენ ვამხილეთ სააკაშვილი, რომ ამდენ მეჩეთს აშენებდა, ვეუბნებოდით, რომ ამის გამო დავისჯებოდით, მაგრამ ფანატიკოსებს გვეძახდნენ. დღეს კი ნახეთ, სარფს მოადგნენ თურქული ფანატიკური ორგანიზაციის - „რუხი მგლების“ წარმომადგენლები და ყვირიან, სარფი და ბათუმი ჩვენიაო. მოლაპარაკებები იყო, რომ პაპი არ უნდა შესულიყო სვეტიცხოველში, მაგრამ თავისუფლების ინსტიტუტმა, მარგველაშვილმა და ბოკერიამ არაფერზე უკან არ დაიხიეს. ახლა მთავრობას დაძაბულობა არ აწყობს, დაძაბულობა მით უფრო არ აწყობს ეკლესიას. სხვათა შორის, ჟვანიაც ასე ჩავიდა წინა პაპთან, დაუჩოქა და ბარძიმი გადასცა. თუმცა ჟვანიასთან მიმართებით მეტს არაფერს ვიტყვი“.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კათოლიკური იერარქიის მიხედვით, ფრანცისკე პირველი არის ბერი. იგი იეზუიტთა ორდენის შედარებით ლიბერალური ფრთის წარმომადგენელია, მას პროგრესული იდეები აქვს და პოლიტიკურ საქმიანობასაც ახორციელებს.
ექსპერტის თქმით, ვატიკანი - ეს არის სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და, ბუნებრივია, ქართული მხარე ვალდებული იყო, შეხვედროდა რომის პაპს, როგორც საერთაშორისო სუბიექტის წარმომადგენელს.
„რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით ჩემთვის ღირებულია უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის დამოკიდებულება, რომელიც ყველას სულიერი მამაა და, რომელიც დახვდა ფრანცისკე პირველს, როგორც დიდი მრევლის წარმომადგენელს. არა მგონია, საქართველოში ჩამოსულ რომის პაპს პროპაგანდისტული იდეები ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ იგი ლიბერალურად მოაზროვნე პიროვნებაა. თუმცა ვეჭვობ, რომის პაპის სიტყვების საფუძველზე ასე მარტივად გადაწყდეს ქართველი ლტოლვილების დაბრუნების საკითხი.
წინა ხელისუფლების გადამკიდე, ჩვენ კიდევ უფრო გავართულეთ ეს სფერო და რუსებმა აფხაზეთი გადააქციეს გეოსტრატეგიული ტიპის არეალად, იქ განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალები კი კისერს მოუგრეხენ არა მარტო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, არამედ ადგილობრივ აფხაზურ სამხედრო ფორმირებებსა და შენაერთებს, თუკი ისინი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრებას გაბედავენ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მანვე განმარტა, რომ „უკვდავი კაშეის“ სიცოცხლის ნავსი დევს სწორედ კრემლის კედლებში და არა ცხინვალისა და სოხუმის ხელისუფლების კორიდორებში. ყველაფერი მიდის მოსკოვისკენ და ჩვენი ბრალიცაა, რომ კიდევ მეტი საპროტესტო ტალღით არ გამოვედით, რათა ვადაზე ადრე ჩამოგვეგდო მიხეილ სააკაშვილი, ეს მოღალატე, რომელმაც იდეალურად გაუკაფა გზა რუსებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.