მართალია, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ „სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია და გაუბედურებული ზის იქიდან“, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილი ოდესაში საქართველოში განსახორციელებელი „წარღვნის“ დეტალებს ამუშავებს.
ამის შესახებ „თავისუფალი ზონის“ წევრებიც ალაპარაკდნენ, რომლებმაც ნაციონალური ზონის ტვირთი მოიცილეს და მას შემდეგ, რაც თანაგუნდელები მიატოვეს, სააკაშვილის შავბნელი ზრახვების შესახებ ამცნეს საზოგადოებას.
„სააკაშვილს დესტაბილიზაციის მოსაწყობად ვჭირდებოდით“, - აღნიშნა „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბესო კალაძემ და დააკონკრეტა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უთხრა, რომ „თავისუფალი ზონა“ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდებოდა. ამდენად, ბესო კალაძის პროგნოზით, არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და არც მსხვერპლია გამორიცხული.
„საქართველოს ერთგულების სახელით“ ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. ამ დიალოგის დროს მე სააკაშვილს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა“, - განაცხადა ბესო კალაძემ.
ბესო კალაძის გარდა, გლდანის რაიონული განყოფილების სხვა წევრებმაც დატოვეს „თავისუფალი ზონა“ და განმარტეს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად 2012 წლიდან ითვლებოდნენ, თუმცა ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
ყოფილი წევრების ბრალდებას ეხმიანებიან „თავისუფალი ზონის“ სხვა წევრები და მომხდარში სუს-ის ხელს ხედავენ. მათი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებით დაკავდეს, ისინი დაკავებულნი არიან მსგავსი ტიპის უპრინციპო ადამიანების გადაბირება-დაშანტაჟებით და ათქმევინებენ სისულელეებს.
აშკარაა, რომ „თავისუფალი ზონა“ იშლება. თუმცა სკანდალური „კმარას“ შემდეგ რა იყო ამ ორგანიზაციის რეალური მიზანი? კობა ხაბაზის თავმჯდომარეობით რა სამსახური გაუწია მან „ნაციონალურ მოძრაობას“?
„თავისუფალი ზონა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ენმ-ის წევრმა კობა ხაბაზმა დააფუძნა და, როგორც ამბობენ, ამ ორგანიზაციის დაარსების ექსკლუზივი ხაბაზს ეკუთვნოდა ისევე, როგორც „ალისტრახოს“ ფენომენის ამოქმედება 2012 წლის არჩევნების წინ, რომელიც კომიკურ მედიასაფრთხედ იქცა ჟურნალისტებისთვის და ხან ერთ ჟურნალისტს აეკიდებოდა, ხან მეორეს სცემდა „შიშის ზარს“.
ალისტრახოს მსგავსად, „თავისუფალი ზონაც“ ყოველთვის იქ იყო, სადაც ნაცმოძრაობას სჭირდებოდა. მაგალითად, როცა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან არასამთავრობოები ამ პარტიის აკრძალვას მოითხოვდნენ, თავისუფალი ზონის აქტივისტები გამოჩნდნენ მეხამრიდად და ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემი ჟურნალისტი სხეულის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„თავისუფალი ზონა“ აქტიურობდა ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო სტიკერების გაკვრისას, წითელ ბარათს უჩვენებდა ივანიშვილს და მის წასვლას მოითხოვდა. მათი ლიდერი კობა ხაბაზი კი ამ სიტყვებით მიმართავდა „მოქალაქეს“: „რამდენიც გინდა, იფართხალე, ივანიშვილო! რამდენიც გინდათ, იხტუნავეთ, ივანიშვილის გოშიებო!“
„თავისუფალი ზონა“ იყო იქ, სადაც „რუსთავი 2“ უხმობდა. „მეორე ღამეა „თავისუფალი ზონა“ „რუსთავი 2“-ის ოფისთან ვათენებთ. დღეს კარავი გავშალეთ, ზონელები მხნედ არიან. თავისუფლებისთვის მებრძოლები არ იღლებიან, სტაფილოს წვენი და საღამოს 10 საათზე დაძინება შენი ცხოვრების წესია, ივანიშვილო, ჩვენი ცხოვრების წესი კი სამშობლოსთვის ოცდაოთხსაათიანი ბრძოლაა“... - წერდა კობა ხაბაზი.
„თავისუფალი ზონა“ იყო იქ, სადაც სიტყვა „კრემლი“ გაიჟღერებდა. მათი წევრი დავით გოგოხია კი ამხელდა ჯემალ ჭკუასელს: „შენ არ უცეკვე პუტინს კრემლში?! შენ ხარ მოღალატე, რომელმაც „ერისიონი“ აქცია კრემლისიონად“. ეს მაშინ, როცა ნაციონალური ხელისუფლება აგვისტოს ომიდან უახლოეს დღეებში მოსკოვის კულტურის მინისტრს კრემლში ქართული დასების ჩასვლას სთავაზობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ უსასტიკესად ებრძოდა „გეორგიევსკის ლენტებს“ და სოციალურ ქსელებშიც ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც „გმირი“ ზონელები ლენტებს ახევდნენ რუს ოკუპანტ ტურისტებს. ამის შემხედვარე, ბევრს ახსენდებოდა სამი სპეტაკი საფიცარი: მიშა! მამული! სარწმუნოება!
„ზონის“ წევრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის „ბრძოლას“ იწყებდნენ იქ, სადაც მათი წამოსვლის შემდეგ კიდევ მეტ პრობლემებს უტოვებდნენ აგვისტოს ომით ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას. ასე, მაგალითად, ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სოფელ ორჭოსანთან მაშინ, როცა იქ „თავისუფალი ზონის“ წევრები მივიდნენ. პოლიციამ მათ უსაფრთხოების მიზნით ადგილის დატოვება მოსთხოვა. თუმცა „ზონის“ წევრებმა ეს პროვოკაციად შეაფასეს და სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკურიც დაერთო.
თუ როგორ აფასებს „თავისუფალი ზონის“ დაშლის ფაქტს, For.ge ამ ორგანიზაციის ლიდერს, კობა ხაბაზს დაუკავშირდა. თუმცა მან ამ თემაზე არ ისურვა საუბარი ისევე, როგორც არაფერი თქვა ბრალდებაზე, რომ ოდესიდან არეულობა იგეგმებოდა. კობა ხაბაზმა გვითხრა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და ვერ გვიპასუხებდა, ხოლო ეს „თხზულებები“ დაგეგმილი იყო სუს-ისა და სახელისუფლებო ძალების მიერ. ასე რომ, მსგავს შემთხვევებს იგი კიდევ ელოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი For.ge-სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტაბილიზაციასა და გადატრიალებას გამორიცხავს. ის აცხადებს, რომ, მართალია, „თავისუფალი ზონიდან“ წასული ახალგაზრდები იწმუნებიან, თითქოს ისინი სააკაშვილს შეხვდნენ, მაგრამ „ეგენი კიდევ ბევრ რამეს დაადასტურებენ“.
„თუ ვინმეს ჩვენი მხრიდან გადატრიალების მოწყობის სჯერა, ძალიან ცუდია, მაგრამ, როცა ხელისუფლება წინასწარ აცხადებს, როგორც გვინდა, ისე მოვიქცევით საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით და არავინ ხმა არ ამოიღოს, თორემ ამას გადატრიალებას დავარქმევთო, ეს კიდევ უარესია. გადატრიალებასთან დაკავშირებით სააკაშვილის ფარულ ჩანაწერებზე ვერაფერს გეტყვით, შეხვედრაზე ვარ“, - გვითხრა გიგი წერეთელმა და შეკითხვის საპასუხოდ, რა იყო „თავისუფალი ზონის“ როლი, განმარტა, „არავისთვის დაფარული არ იყო, რომ „თავისუფალი ზონა“, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა ტიპის აქტიობებში. რას ჰქვია აგრესიული ხერხებით? ვინმეს სცემდნენ? პირიქით, მე შევესწარი, როგორ შეუვარდნენ „თავისუფალი ზონის“ წევრებს ოფისში, სხვათა შორის, იქ ვიყავი და ეს მახსოვს“.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან საყურადღებოა „თავისუფალი ზონის“ აწ უკვე ყოფილი წევრების განცხადება, რომ ისინი შეხვდნენ სააკაშვილს და მისგან მიიღეს დავალება, არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციისთვის მჭირდებითო.
„ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაიწყოს ამ საკითხზე და ყველა ის პირი, ვინც იმყოფებოდა სააკაშვილთან შეხვედრაზე, უნდა დაიბარონ ძალოვან სტრუქტურაში. ეს პრევენციაა, ძალიან კარგია, რომ „ზონის“ წევრებმა გააკეთეს მსგავსი განცხადება. ეს ახალგაზრდული ჯგუფი ისევე, როგორც თავის დროზე „კმარა“ ანალოგიური იყო. მასაც ისეთივე პროვოცირებები უნდა მოეწყო, როგორც ეს ხდებოდა 2003 წელს, მაგრამ 2003 წელს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სწორედაც შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა და მხარს უჭერდა სააკაშვილსა და მის გუნდს. ამიტომ მათ საყრდენი საზოგადოებაში ჰქონდათ. დღეს კი განსხვავება ის არის, რომ ნაცმოძრაობას საყრდენი მოსახლეობაში არ აქვს და, როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა ამ ახალგაზრდებს, ან თავად გააკეთეს ანალიზი და მიხვდნენ, რომ მარტონი დარჩებოდნენ საზოგადოების წინააღმდეგ და არა ივანიშვილის ან მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. ხელოვნურად გადატრიალების მოწყობა შეუძლებელია, რადგან დღეს მოსახლეობაში არ არის ანტისახელმწიფოებრივი მუხტი. გულგატეხილობა, გულგრილობა, იმედგაცრუება სულ სხვაა, მაგრამ აგრესია ხელისუფლების მიმართ არ არის. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ჯგუფის აგრესიული ქმედება არა ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის საწინააღმდეგოდ აღიქმება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისივე თქმით, რომც ყოფილიყო ეს სააკაშვილის დავალება ოდესიდან, საეჭვოა, ნაცმოძრაობის ზრდასრული „დიდი ელიტა“ ამ პროვოკაციებზე წასულიყო, რადგან მათ კარგად იციან განწყობა მოსახლეობაში. მართალია, ყველას გვახსოვს „რუსთავი 2“-ის თემა, ბარიკადები და სხვა, მაგრამ ბოკერია ან თუნდაც იგივე გვარამია იმის დეფიციტს არ განიცდიან, რომ ხიფათში ტყუილად გაჰყონ თავი. ნაცმოძრაობის ამ წევრებმა მშვენივრად უწყიან, რამდენიც უნდა ჩაატარონ აქციები, მაინც არაფერი გამოვა. თუმცა მათგან განსხვავებულად აზროვნებს ახალგაზრდული ფრთა, ისინი უფრო რადიკალები, შემტევნი არიან და, როგორც ჩანს, სააკაშვილი მათი მეშვეობით ცდილობდა არეულობის შემოტანას ქვეყანაში.