უნივერსიტეტში მისვლის პირველი დღე ახალი რექტორის - გია შარვაშიძისთვის ცხელი აღმოჩნდა. უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნით პლაკატებით აღჭურვილმა, საპროტესტოდ გამოსულმა „აუდიტორია 115“-ის წევრებმა სწავლის დაწყების ცერემონიალი ჩაუშალეს რექტორს და პირველკურსელებთან მისალმება არ აცალეს.
თავის მხრივ, მისგანაც დაიმსახურეს კომპლიმენტი და გია შარვაშიძემ „აუდიტორია 115“ არარეგისტრირებულ NGO-ოდ გამოაცხადა, ხოლო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკური ინტერესები იკვეთებოდა.
გია შარვაშიძეს არც განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჩამორჩა და მანაც განმარტა, რომ ღია კარის მტვრევას ჰგავდა ეს ყველაფერი. ამის მიუხედავად, მინისტრმა არ დამალა, რომ მისთვის ახალგაზრდების პროტესტის შინაარსი მისაღები იყო, თუმცა იგი რადიკალურ ფორმებს ეწინააღმდეგებოდა.
თსუ-ში მიმდინარე პროტესტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც გამოეხმაურა, რომელსაც „აუდიტორია 115“-ის წევრებმა მიმართეს: „ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახლა თქვენ დაგვიდექით გვერდში“. სტუდენტური თხოვნის საპასუხოდ, ნოდარ ხადური მხოლოდ ერთი „დამაიმედებელი“ ფრაზით შემოიფარგლა, რომ უნივერისტეტი დეპოლიტიზებული უნდა იყოს.
მოგვიანებით უნივერსიტეტის ახლად არჩეული რექტორი განათლების მინისტრ სანდრო ჯეჯელავასთან ერთად უნივერსიტეტის შენობისკენ გაემართა, სადაც წარჩინებული პირველკურსელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. რექტორის კაბინეტამდე მისასვლელი დერეფანი უნივერსიტეტის დაცვამ გადაკეტა და „აუდიტორია 115“-ის წევრებს ახალი რექტორისა და განათლების მინისტრისკენ გზა გადაუღობა. ამის შემდეგ სტუდენტებმა 115-ე აუდიტორიაში გადაინაცვლეს, სადაც თსუ-ის რექტორთან შეხვედრა შეძლეს.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. სტუდენტები შარვაშიძისგან ითხოვდნენ პასუხს, რატომ შეუზღუდა მათ უნივერსიტეტში გადაადგილების საშუალება და პოლიცია რატომ გამოიძახა. რექტორმა კი მათ მიუგო, რომ პოლიცია უნივერსიტეტის დაცვამ გამოიძახა და ის თანახმა იყო, დაწყებულიყო გამოძიება როგორც სტუდენტების, ისე პოლიციის მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა არარეგისტრირებულ NGO-ებად მათი მოხსენიების გამო თსუ-ის რექტორისაგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრი გია შარვაშიძისგან პასუხს მეორე ბრალდებისათვისაც ითხოვდა. კერძოდ, რექტორს უნდა ეთქვა, ვის პოლიტიკურ ინტერესებს ატარებდა „აუდიტორია 115“. ამ კითხვაზე გია შარვაშიძემ განაცხადა, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრები არიან სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტები, სხვა პირები და, აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის საპასუხოდ შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა სტუდენტმა რექტორს ურჩია, უკეთ გასცნობოდა, რას ნიშნავდა არასამთავრობო ორგანიზაცია.
გია შარვაშიძე, ასევე, დაინტერესდა სტუდენტების პლაკატებით. ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა „მოვითხოვთ განათლების რეფორმას“, რაზეც რექრტორის პასუხი იყო:
„ეს ახლოს არის „ქართული ოცნების“ სურვილთან“. მის ამ სიტყვებს დარბაზში სიცილი მოჰყვა.
საბოლოოდ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა საკუთარი მოთხოვნები ექვს პუნქტად ჩამოაყალიბეს: მათ მოითხოვეს უნივერსიტეტის ავტონომიურობა, გარე რეფერირების პრინციპის დანერგვა, სტუდენტური თვითმმართველობების ძირეული რეფორმა, სტუდენტურ საცხოვრებლებში პირობების დაუყოვნებლივ გაუმჯობესება. ასევე, „აუდიტორიის“ წევრები ითხოვდნენ, რომ სტუდენტებს, რომელთაც სურდათ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებოდათ ბაზა, მისცემოდათ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა.
თუ რატომ დახვდნენ უნივერსიტეტის ახალ რექტორს უცერემონიოდ და მომავალშიც აპირებენ თუ არა საპროტესტო აქციების გამართვას, ამის შესახებ For.ge „აუდიტორია 115“-ის წევრ ნათია ქარჩილაძეს ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ სტუდენტების ნებისმიერი შემდგომი აქცია დამოკიდებულია რექტორის გადაწყვეტილებაზე და იმაზე, თუ რამდენად იქნება შარვაშიძის ნაბიჯი უნივერსიტეტისთვის პროგრესული. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ლექტორებიც ხმას ამოიღებენ, რადგან ლექტორთა ნაწილი უნივერსიტეტის პროგრესისთვის ჩუმად იბრძვის, იზიარებს სტუდენტთა მოთხოვნებს, თუმცა ამას ღიად ვერ აფიქსირებს.
„ჩინოვნიკები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყოველწლიურად ცდილობენ, უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დღე საზეიმოდ აღნიშნონ, თუმცა წელს ამის საშუალება და სიტყვის თქმის უფლება არ მივეცით. ამის შემდეგ ისინი შემოვიდნენ უნივერსიტეტში, აქაც უნდოდათ, გაეგრძელებინათ საზეიმო ცერემონია, რაზეც ჩვენც გვინდოდა დასწრება, მაგრამ უნივერსიტეტის დაცვამ და პოლიციამ არ მოგვცა ამის საშუალება და ზოგიერთი მათგანი ფიზიკურადაც გაგვისწორდა. ამის შემდეგ რექტორი მოვიდა „აუდიტორია 115“-ში და ჩვენს გრძელვადიან და მოკლევადიან მოთხოვნებს გაეცნო. მოკლევადიანი მოთხოვნა ეხებათ სტუდენტებს, რომლებსაც ფულის გადახდის საშუალება არ აქვთ, მათ უნდა მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის საშუალება და ეს უმოკლეს ვადაში უნდა გადაწყვიტოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. გარდა ამისა, გია შარვაშიძისგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვეთ, რადგან მან პოლიტიკური ძალებისგან მართული გვიწოდა, თუმცა პასუხს თავი აარიდა, ჩვეულ დემაგოგიას მოჰყვა და ვერ გავიგეთ, რომელ პოლიტიკურ ძალას ან საერთოდ რომელ ძალას გვაკუთვნებდა რექტორი“,-აღნიშნა ნათია ქარჩილაძემ.
მანვე განმარტა, რომ ჯერჯერობით გიორგი შარვაშიძის დაპირება ლამაზი სიტყვებია და მხოლოდ მისი ქმედების შემდეგ გამოჩნდება რექტორის პროგრესულობა და მისი უნარი, უნივერსიტეტი სამეცნიერო სტრუქტურად გადააქციოს.
„აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი არობელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რექტორმა უკან წაიღო სიტყვები და აღნიშნა, რომ მთლად ასე არ უთქვამს, თითქოს „აუდიტორიის“ წევრები პოლიტიკური ძალის მიერ იმართებოდნენ.
„შარვაშიძემ გვითხრა, რომ მან არასწორი ფორმულირება გააკეთა და ასე სრულიად არ ფიქრობს. რაც შეეხება რექტორის მორიგ ბრალდებას, რომ „აუდიტორია 115“-ში არ არიან მხოლოდ სტუდენტები, ვაცხადებ, რომ „აუდიტორია 115“ აერთიანებს ყველას, ვისაც აინტერესებს განათლების პოლიტიკა, მათ შორის, ბუნებრივია, უმეტესობა ვართ სტუდენტები, ასევე, სტატუსშეწყვეტილი სტუდენტები, ლექტორები, პროფესორები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. საუნივერსიტეტო სივრცეში კარგად იციან, ვის აერთიანებს „აუდიტორია 115“, - აღნიშნა გიორგი არობელიძემ და, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპროტესტო აქციების ჩატარება გამორიცხა.
მანამდე კი აღნიშნა, რომ ფუნდამენტური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტუდენტები ბრძოლას არ შეწყვეტენ და ამისთვის გამოიყენებენ სხვადასხვა ხერხს - დემონსტრაციებს, ლექციებს და ა.შ.
***
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სტატუსშეწყვეტილი სტუდენტებისთვის ვალების რესტრუქტურიზაცია გადაწყდა.