„პაგონებიანი გიგაური“ და გრანტებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი

„პაგონებიანი გიგაური“ და გრანტებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი

„მესამე სექტორი დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის იქ“, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება წინასაარჩევნოდ კითხვებს აჩენს. ბიძინა ივანიშვილი ეჭვობს, რომ მსგავს შეფასებას „პაგონებიანი გიგაური“ გააკეთებდა. ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ამის გამო საქმის წარმოება ვერ შეჩერდება, ხოლო პროკურატურა ანგარიშვლადებულია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.

„რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, „პაგონებიანმა“ გიგაურმა თქვა.

იქ რომ ფულზე იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო „პაგონები“ მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორი ამ კონტექსტში „ლეიბორისტულ პარტიას“ შეადარა, როგორც ფსევდო ოპოზიცია, რომელიც მისი შეფასებით, საზოგადოების სირცხვილია.

„რა თქმა უნდა, „ლეიბორისტული პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესია, იმიტომ რომ მათ ემსახურება და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არაა. ორმაგი დანაშაული გამოდის“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

თავად ეკა გიგაურმა ყოფილი პრემიერის კრიტიკის შეფასება მხოლოდ ერთი ტელევიზიისა და ერთი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით ისურვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ არავის ინტერესებს არ ატარებს და ამბობს, რომ დამღუპველია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია.

„ბიძინა ივანიშვილი ბოლო ინტერვიუებში ძირითად დროს უთმობს ყველა იმ ადამიანზე არაეთიკურად ლაპარაკს, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი აქვს და ეს არასწორია. გარდა იმისა, რომ ივანიშვილმა არაეთიკურად არ უნდა ისაუბროს, ის ინფორმაციაც უნდა გადაამოწმოს, რომელსაც ავრცელებს.

ზოგადად ვიცით მისი მწვავე დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვის აზრსაც არ იზიარებს, ან ვინც ბედავს და ხმამაღლა მისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. 2011 წლის მაისში საჯარო სექტორიდან (საზღვრის დაცვის სამსახურიდან) 4 წლის წამოსული ვიყავი, „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ვმუშაობდი და 26 მაისს დარბეული მომიტინგეების ძებნის მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ორგანიზაციას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარიას განცხადებით, თუ გავიხსენებთ, არაერთი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციაა და ასევე, ყოფილი ჩინოვნიკების განსაწმენდლად იქცა არასამთავრობო სექტორი. ამიტომ, გამზარდია ფიქრობს, რომ არასამთავრობოებთან მიმართებაში პათოსში მაინც უნდა დავეთანხმოთ ივანიშვილს.

მისივე თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის გაკრიტიკება არ ნიშნავს მთლიანად სექტორის გაკრიტიკებას. ივანიშვილი კი კონკრეტულ პირებზე საუბრობს-ხოლმე, რაც მისი უფლებაა და ეს აბსოლუტურად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში.

რაც შეეხება ეკა გიგაურს, გამზარდიას განცხადებით, მისი განცხადებები ხშირად ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანიც, მაგრამ ვერც იმ ფაქტს ავუვლით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში არც ისე რიგით რგოლს წარმოადგენდა და მის საქმიანობაში თეორიულად მაინც, პოლიტიკური მოტივი დასაშვებია, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა კონკრეტული სუბიექტის საქმიანობაში.

„ჩემი პოზიცია მაქვს. გიგაური არ არის დღეს ყველაზე მავნებელი არასამათვრობო სექტორში, რომელზედაც შეიძლება განასაკუთრებული აქცენტირება. შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში მისგან ვხედავდთ გარკვეულ ტენდენციურობსაც, მაგრამ ძალიან ხშირად დაცლილია პოლიტიკური მდგენელისაგან და იმ მიკერძოებისგან, რომლის მოტივაცია გააჩნია. ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროს მნიშნელოვან რგოლს წარმოადგენდა და თეორიულად, ნამდვილად შესაძლებელია, რომ გარკვეული სუბიექტურობის მოტივი ჰქონდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ მასზე ზედმეტი აქცენტრირება, საერთო ჯამში ობიექტურობის აზრს კარგავს“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისივე განცხადებით, აბსოლუტურად ნორმალურია და განსაკუთრებული არაფერია, როდესაც სახეზე გვაქვს ორმხრივი კრიტიკა.

„როგორც გიგაურს ესხმის ივანიშვილი, ასევე, გიგაურიც თავისი კრიტიკით ხშირად ესხმის ივანიშვილს, ეს ჯანსაღი პროცესია. უბრალოდ, როგორც კი, ივანიშვილი ამოიღებს ხმას, მაშინვე მის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რაღაცნაირად ივანიშვილს ართმევენ იმის უფლებას, რის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევენ.

საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციია და არა მგონია ადეკვატური იყოს შეფასება, რომ ივანიშვილი არასამთავრობო სექტორს უტევს. ზოგადად, კარგი იქნებოდა, რომ ივანიშვილს ყურადღება გაემახვილებინა ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც პრორუსულ იდეოლოგიას აწვებიან და აშკარად რუსული დაფინანებით არიან. ეს კარგ ბალანსს შექმნიდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.

ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი ხელოვნურად აღიქმება, სადაც დემოკრატიული ქვეყნების დაუწერელი კანონი მოქმედებს. მისივე თქმით, ცუდია, კარგია, გარყვნილია თუ გაურყვნელია, უნდა მოვითმინოთ და უნდა ავიტანოთ.

„მე არ მომწონს ბევრი ეს არასამთავრობო, არ მომწონს განსაკურებით იმიტომ, რომ გრანტებზე მუშაობენ და ეს გრანტები საიდან მოდის არავინ იცის. მაგრამ კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ იმისა, რომ მათ ლაპარაკი ავუკრძალოთ, ან მაგათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული ზომები გატარდეს. როგორიც არიან უნდა ავიტანოთ, უნდა მოვითმინოთ.

რატომ? - იმიტომ, რომ ესენი არიან პირველი თაობა ჩვენი არასამთავრობოებისა. სანამ ჩვენ მივიღებთ ისეთივე არასამთავრობოებს, როგორც აშშ-ის და ევროპაშია, სანამ იქამდე მივალთ, ამისთვის ათეულობით წლები იქნება საჭირო. ახლა თუ ეს საქმე ავკრძალეთ, 100 წლის შემდეგაც არ გვეყოლება ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია. ამიტომ უნდა ავიტანოთ ისეთები, როგორებიც არიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.