კულტურული ექსპანსია

კულტურული ექსპანსია

24 საკლასო ოთახი, 25 მასწავლებელი და 170 მოსწავლე - ამ შემადგენლობით 17 სექტემბერს ბათუმში, თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სკოლა გაიხსნა. თურქული სკოლა, რომელიც თბილისში თურქეთის საელჩოს ექვემდებარება, მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს ემსახურება. თუმცა, შესაძლოა, ბათუმის მერიამ სკოლის დემონტაჟი მოითხოვოს, რადგან სკოლის მშენებლობისთვის მერიას საჭირო ნებართვა არ გაუცია. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის ბოლოს 9 000 ლარით.

ახალი სკოლა, რომელიც ორი დღის წინ გაიხსნა, თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.

სკოლის გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილან აჭარის განათლების სამინისტროში. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, თურქული სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული არ არის.

ფაქტს განათლების მინისტრიც ადასტურებს, თუმცა აქვე ამბობს, რომ საქართველოში ასეთი არაერთი სკოლაა და მათ შორის ევროპული სკოლები, რომლებმაც აირჩიეს გზა, რომ საერთაშორისო პროგრამით ასწავლონ. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ფაქტობრივად მათი ატესტატი ქართული სახელმწიფოს მიერ აღიარებული არ არის.

„ჩვენ თურქეთის საელჩოს მოვუწოდეთ, რომ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლო ავტორიზაცია. თურქეთის საელჩოს ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლო ავტორიზაცია და ამაზე პრინციპში, შეთანხმებას მივაღწიეთ. ფაქტი, რომ თურმე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია. კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს, სკოლის. ამიტომ აჭარის ა-რ მთავრობა აბსოლუტურად უფლებამოსილია კანონის ფარგლებში იმოქმედოს“, - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მისივე განცხადებით, ასევე მიუღებელია, რომ სკოლის მესვეურებმა გადაწყვიტეს დაწესებულების გახსნაზე განათლების სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაეპატიჟებინათ.

„ეთიკის, ჩვენი და თურქი ხალხის მეგობრობის კონტექსტშიც შეიძლება ვთქვათ, რომ არასწორია. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ. თურქეთის დიპლომატიურ კორპუსთან და თურქეთის სახელმწიფოსთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ ამ სირთულეს გადავლახავთ და მივიღებთ ქართული კანონმდებლობით სრულად აკრედიტებულ, გამართულ, ძალიან კარგ სასწავლო დაწესებულებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხზე განმარტებებს აკეთებს თურქეთის გენერალური კონსული. იასინ თემიზქანის განცხადებით, შენობა აშენდა ქველმოქმედი ბიზნესმენის მიერ და თუკი შენობის მშენებლობის პროცესში იყო ხარვეზები, გაირკვევა კომპანიის ხელმძღვანელებთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან. მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ პროცესში არ ყოფილან ჩართულები და ეს ცალკე საკითხია, რომელიც გასარკვევია.

„თურქეთის საელჩო ყველა საკითხთან დაკავშირებით კონტაქტზეა საქართველოს განათლების სამინისტროსთან და თურქული მხარის მიზანია, სკოლის მოსწავლეები დაეუფლონ ქართულ ენას. ჩვენი პრიორიტეტია სკოლამ იფუნქციოს და ბავშვებმა მიიღონ განათლება. ეს არ იყო ოფიციალური გახსნა. ჩვენ უბრალოდ შევეცადეთ სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვესწრო, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლის ოფიციალური გახსნა, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ როგორც საქართველოს მთავრობის კომპეტენტური პირები, ასევე, თურქეთის მხარე.

ჩვენი საელჩო თბილისში კავშირზე იყო, მუშაობდა ამ პროცესზე საქართველოს განათლების სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, იქნება ქართული ენის შესწავლა, ჩვენი მიზანია ამ სკოლის კურსდამთავრებულები სრულად ფლობდნენ ქართულ ენას და ასევე იცნობდნენ ადგილობრივ კულტურას, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უნდა შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი თურქეთსა და საქართველოს საზოგადოებას შორის“, - აღნიშნა იასინ თემიზქანმა.

კონსულის თქმით, თურქეთს უამრავ ქვეყანაში გააჩნია სკოლები, რომლებიც თურქეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს.

„ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, რომ საზღვარგარეთ ჩვენი სკოლების რაოდენობა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ღრმავდება და განათლების სფეროშიც გვინდა გავაღრმავოთ ურთიერთობა. ასევე შესაძლებელია, რომ მომავალში თურქეთში გაიხსნას ქართული სკოლები, რომელიც მოემსახურება ქართველებს. რა ბრძანებასაც საელჩო გასცემდა, იმ დოზით ვიყავით საქმეში ჩართული“, - აღნიშნა იასინ თემიზქანმა.

ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვს „რესპუბლიკური პარტია“. პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები და ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა შეკითხვას, სკოლამ დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება.

მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის იგნორირებით გაიხსნა თურქული სკოლა, რაც საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობასა და უყურადღებობაზე მიუთითებს. როგორც სამნიძე აცხადებს, აღნიშნული ფაქტი სხვადასხვა საკითხის სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს, მათ შორის უცხო ქვეყნის პედაგოგების შრომითი უფლებების კუთხით.

„ასევე ცალკე აღსანიშნავია და შესასწავლია სკოლაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების შრომითი უფლებები, რაც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ სკოლის საკითხია, არამედ მთელ საქართველოში შესასწავლი საკითხია. აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ, უყურადღებოდ მოეკიდა საკითხს. ამას ადასტურებს განათლების მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ის მოლაპარაკებების ეტაპზე არ იყო საქმის კურსში სკოლის შენობის უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.

თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც საქართველოს აქვს პრაქტიკულად ყველა სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის განათლების სფეროშიც, ამიტომ „რესპუბლიკური პარტია“ მოელის, რომ საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები დროულად მოაგვარებენ საკითხს კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

თურქეთის მთავრობის დაფინანსებით თურქული სკოლის გახსნას დაუშვებლად მიიჩნევს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომლის განცხადებით, თუ ქველმოქმედება სურს თუქულ მხარეს, შეუძლიათ შეუთანხმდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს და ქართული სტანდარტებისა და კანონმდებლობის მიხედვით გახსნან სასწავლებელი.

„თუ საქართველოში მცხოვრები თურქებისთვის უნდათ სკოლა, ისწავლონ ქართულ სკოლაში, სადაც თავისი დოზით იქნება თურქული, როგორც ერთ-ერთი ენა და არა თურქული სკოლა. ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს ფულით, ამ შემთხვევაში თურქეთის ფულით და ინიციატივით საქართველოში არსებობდეს საგანმანათლებო დაწესებულება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თურქეთმა სკოლა გახსნას თურქეთში. თუ სურთ სკოლის გახსნა, ეს საქართველოს განათლების სამინისტროსთან უნდა იქნას შეთანხმებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ოთხმეზური.

მისივე თქმით, როდესაც თურქეთის მოქალაქე თავისი ფულით ხსნის სკოლას საქართველოში, ეს უკვე მიუღებელია, რადგან სკოლა ერთ-ერთი საფუძველია იმისა, როგორი უნდა გაიზარდოს ადამიანი. იმ სკოლაში გაზრდილი ადამიანი იქნება პროთურქული ორიენტაციის თურქეთის მოქალაქე და არა საქართველოსი.

„ამიტომ არის მიუღებელი საქართველოში თურქული სკოლის გახსნა. ქართველი მუსულმანები არიან ქართველები, ისინი ისეთივე თანამოძმეები არიან ჩვენი, როგორც სხვა აჭარელი ქრისტიანი, მაგრამ ისინი ქართველები არიან და უნდა ისწავლონ ქართულ სკოლაში. თურქეთის მოქალაქეებმა ისწავლონ თურქეთში, საქართველოში არავითარი თურქული სკოლა არ არის საჭირო.

რას ნიშნავს ბათუმში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები? უამრავი ქართველია თურქეთში სამუშაოდ წასული, აბა ვკითხოთ თურქებს გახსნიან ქართულ სკოლას და მით უმეტეს ქრისტიანულს თურქეთში? - არა, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებენ და ჩვენ რატომ გვთხოვენ იმის გაკეთებას, რასაც თვითონ არ გააკეთებენ?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ოთხმეზური.

ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული სკოლა, ანალოგიურად, აუცილებილია, რომ დიდი ხნით საქართველოში ჩამოსული ოჯახებისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნა და მათ შორის სკოლა. მისივე თქმით, მოტივი, რატომ შეიძლება უარი უთხრა, რთული გასაგებია.

„რა თქმა უნდა, რომ მიუღებელია ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირება, მაგრამ გაივლის. პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ ამ სკოლას ამოეფარებიან და იქნება ტენდენცია იმისა, რომ მიიზიდონ ქართველი ბაშვებიც. პოლიტიკურ დატვირთვაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია, მაგრამ ბათუმი გავსებულია თურქული რესტორნებით, სასტუმროებით, მაღაზიებით და ა.შ. იქ მყოფ თურქებს თავიანთი პირობები სჭირდებათ.

როდესაც ასეთი ეკონომიკური შემოჭრაა, ბუნებრივია, რომ ქართველისთვისაც საჭირო ხდება თურქული ენა და ბუნებრივია, უკვე იზიდავს ბავშვებს ქართული ოჯახებიდან. რატომ დაყავდათ ქართველებს ბავშვები რუსულ სკოლებში, ანალოგიურად, შეიძლება ორიენტაცია აიღონ და დაიწყონ თურქულ სკოლებში ტარება, თუკი ეს მომგებიანი იქნა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, დღეს ღიად არ იკითხება პოლიტიკური მოტივი, მაგრამ შეიძლება გავიდეს წლები და ეს მოტივი ამოტივტივდეს.

„ზოგიერთ სასკოლო თურქულ რუკაზე აჭარა დატანილია, როგორც თურქეთის ტერიტორია, ეს პოლიტიკაა თუ პედაგოგიკის შეცდომა, ძნელია ამის თქმა, მაგრამ თურქიზმის იდეა, რომ რაც შეიძლება უნდა გაფართოვდეს თურქეთი, ეს საუკუნეებიდან მოდის და ამ იდეაზე უარი არ უთქვამს თურქეთს. ჯერ ეს პოლიტიკურ პროცესად არ ქცეულა, მაგრამ მომავალში შეიძლება იქცეს.

არის მეორე ასპექტი, თურქულ სკოლაში მიბარებული ქართველი ბავშვი, მენტალურად არ იქნება ქართველი. შიდა პოლიტიკურ ჟღერადობას იძენს ასეთი პროცესი. როდესაც ჩვენი ბავშვები განათლებას სხვა ენაზე მიიღებენ და არა ქართულ ენაზე, ეს უკვე იქნება პრობლემა, მით უმეტეს თუ ამან ინტენსიური სახე მიიღო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.