ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად მატულობს - უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დაფინანსება გაორმაგდა: 2011 წელი - 6,072,200 ლარი; 2012 წელი - 6,131,800 ლარი; 2013 წელი - 10,029,700 ლარი; 2014 წელი - 13,351,400 ლარი; 2015 წელი - 13,633,300 ლარი; 2016 წელი - 14,052,000 ლარი.
საკრებულოს დაფინანსების ზრდა უმეტესწილად განპირობებულია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.
2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოში დასაქმებული იყო 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით დასაქმებულია 248 საშტატო და 232 შტატგარეშე თანამშრომელი.
როგორც IDFI -ში აღნიშნავენ, საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლების მკვეთრი მატება განაპირობა 2013 წლიდან მაჟორიტარი წევრის ოფისების შექმნამ, ფრაქციების რაოდენობის ზრდამ და აპარატში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებამ.
„2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე გაიცა 925,885 ლარი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე - 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე, პრემიის ნაცვლად, გაიცა 457,065 ლარის ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია - 1, 376,211 ლარი და დანამატი - 969,858 ლარი. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა მაშინ, როდესაც 2011 წელს, დაახლოებით, 180 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია 194,864 ლარის ოდენობის პრემია.
2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს ფიქსირდება დადაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ხარჯებს. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯი, რომლის შემთხვევაში 2011 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და 2015 წლისთვის დაახლოებით განახევრდა“, - ნათქვამია კვლევაში.
IDFI-ის კვლევაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა საკრებულოს აპარატს. როგორც საკრებულოში აღნიშნავენ მათთვის გაუგებარია, რატომ მოხდა გაცემული ინფორმაციის, ფრაგმენტულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაშუქება.
„ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები რამდენიმე მიმართულებით შემცირდა კიდეც. იქ სადაც ხარჯები გაზრდილია, აბსოლუტურად დასაბუთებულია საჭიროებები და მითითებულია ის ობიეტური მიზეზები, რამაც ეს განაპირობა. IDFI-თვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათლად ჩანს, რომ 2011 წელთან შედარებით სატელეფონო ხარჯი შემცირებულია 52%-ით, საწვავის შეძენის ხარჯი - 23,78%-ით, ხოლო ავტომობილის შეძენის ხარჯი - 100%-ით.
რაც შეეხება შტატგარეშე და შტატიანი თანამშრომლების რაოდენობას. თანამშრომლების რაოდენობის ზრდა გამოიწვია შემდეგმა გარემოებებმა: 1. 2011-2012 წლებში არ არსებობდა მაჟორიტარი წევრის ბიუროები, ამჯერად თბილისის მასშტაბით 25 მაჟორიტარი წევრის ბიურო ფუნქციობს, სადაც საკრებულოს წევრები მოსახლეობას ყოველკვირეულ რეჟიმში ხვდებიან. ბიუროებს აქვთ თავიანთი ბიუჯეტი, მათ შორის, ლიმიტირებული სახელფასო ფონდით, რომლის ფარგლებშიც ხდება საჭირო რაოდენობის შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის განსაზღვრა.
2. ასევე შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა დამოკიდებულია ფრაქციებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე, რომელსაც ფრაქცია თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს.
ასევე წლების განმავლობაში მიწის ლეგალიზაციის კომისია თბილისის მერიაში ფუნქციონირებდა, იგი 2013 წელს გადმოეცა თბილისის საკრებულოს, რა თქმა უნდა, ეს ხარჯი მოაკლდა თბილისის მერიას და თბილისის საკრებულოს ხარჯში აისახა. ბუნებრივია, ამ მასშტაბის სამუშაოების შესრულება მოითხოვს ბევრად მეტ ადამიანურ რესურსს, ვიდრე ეს იყო საჭირო 2011 წელს.
ამდენად, მხოლოდ მექანიკურად ციფრების დათვლა აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალურად ვაკეთოთ საქმე და ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს“, - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.