შეეძლო თუ არა „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორს ახალ-ახალი მახეების დაგება და ნაციონალების წინაშე აღებული რა ვალდებულების გამო დაჰყვა მის ნებას პაატა ბურჭულაძე?! ამ საკითხების შესახებ For.ge-ს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ესაუბრა.
გვარამია-ბურჭულაძის ფარული სატელეფონო ჩანაწერების შექმნისა და გამოქვეყნების ირგვლივ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება აწყობდა ორივე ძალას, როგორც ნაცმოძრაობას, ისე -„ქართულ ოცნებას“ რადგან ორივე პარტიამ ამჯობინა ორპარტიული პარლამენტის შექმნა და სხვა ძალების ჩამოფერთხვა. ამიტომაც ბურჭულაძის მოძრაობა განტევების ვაცის პოზიციაში აღმოჩნდა. რეალურად, ვის ინტერესში იყო ამ ჩანაწერების გამომზიურება?
- დავიწყებ იმით, რომ წინასაარჩევნო რეალობა გაუმჯობესებულია და ტენდენციასაც ვატყობ, რომ ბოლო პერიოდში, არჩევნებიდან არჩევნებამდე როგორც მოსახლეობა, ასევე, პოლიტიკური პარტიებიც იზრდებიან. თუნდაც მათი საარჩევნო პროგრამებიდან გამომდინარე, თუ აქამდე უფრო მეტი დაპირება და სურვილი იყო ასახული, ახლანდელ წინასაარჩევნო გეგმებში უკვე რეალისტური მონახაზები იკვეთება, ვიდრე პოპულისტური. თუმცა, ამასობაში არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარკვეული ხარვეზები ამ საარჩევნო პროცესსაც ახლავს. დაუშვებელია, ანონიმურად ქვეყნებოდეს გვარამია-ბურჭულაძის ფარული სატელეფონო ჩანაწერების მსგავსი კომპრომატები რომელიმე პოლიტიკური პარტიის შესახებ. მით უმეტეს, პირადი ინფორმაციის გაუვრცელებლობის კანონი არავის გაუუქმებია და არავის აქვს უფლება, სპონტანურად საიდანღაც მოიტანოს ჩანაწერი და გამოაქვეყნოს.
ის, რომ მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ ისმინება, ძალიან დიდი ხარვეზია საქართველოსთვის და, თუ ეს კეთდება უმაღლეს დონეზე, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მაშინ გამორიცხული არ არის, ნებისმიერი ჩვენგანიც ისმინებოდეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ქულებსა და, ზოგადად, პროპორციულ გადანაწილებას პარლამენტში. ყველა პარტია ცდილობს, მაქსიმალური შედეგი მოუტანოს საკუთარ თავს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მმართველი პარტია კვლავაც გაიმარჯვებს არჩევნებში და, როგორც მინიმუმ, ხმების უმრავლესობას, ან ადგილების ნახევარზე მეტს მოიპოვებს პარლამენტში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომდევნო, ანუ მეორე-მესამე პოზიციებისთვის მებრძოლი პარტიები უკვე უნდა ცდილობდნენ ალიანსის შექმნას რომელიმე დაჯგუფებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ნებისმიერი იდეა იდეად დარჩება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვადასხვა პარტიებს საკმაოდ საინტერესო წინადადებები გააჩნიათ, თუნდაც იმავე გადასახადებთან მიმართებით, ინვესტიციებთან ან საერთაშორისო ურთიერთობებთან მიმართებით. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თუ ეს პოლიტიკური პარტიები არ მოახდენენ კონსოლიდირებას, მათი ხმები უბრალოდ ჩაიკარგება და ისინი საკუთარ ინიციატივებს ვერ გაიტანენ. ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს ჯგუფები უკვე ცდილობდნენ თავიანთი თანამოაზრეების მოძებნას.
თქვენც აცხადებთ, რომ მმართველი პარტია კვლავაც უმრავლესობას მოიპოვებს. მაშინ მათ ინტერესში რატომ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერების გამჟღავნება, როგორც ამას ნაციონალები ირწმუნებიან? ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ ამით აჩვენა, რამდენად ახდენს გავლენას ცალკეულ ადამიანებზე, რამდენად ძლიერია, „როგორ უჭირავს ხელში, როგორი აღშფოთებულია, ლამის ტყავი გააძრო კაცს“ და გვარამიას ამგვარი მცდელობა შეიძლება რევოლუციურ სცენარზე იყოს გათვლილი, რათა საკუთარ მომხრეებს გული გაუმაგროს. მართლაც ატრიალებს ქვეყანას გვარამია? „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორს გაუჭირდებოდა ამგვარი მახეების დაგება?
- ნაციონალების არგუმენტი, თითქოს ეს ვიდეო მაინცდამაინც „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა, უსაფუძვლოა. ეს ვიდეო ანონიმურად გავრცელდა. შესაბამისად, შესაძლოა, მისი გავრცელება თავად ამ საუბრის მონაწილეების (ან ერთ-ერთი მათგანის) ინტერსშიც ყოფილიყო, რათა ამით პირადი ინტერესები დაეკმაყოფილებინათ. სულაც არ არის გამორიცხული, თუნდაც იმავე მედიის წარმომადგენელს - ნიკა გვარამიას აწყობდა თავისი გავლენის დოზის ჩვენება საზოგადოებაში. თუმცა, ჩემი აზრით, ამ მასალის გავრცელება არც ერთი მხარისთვის მაინცდამაინც პოზიტიური არ იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ, როცა მედიის წარმომადგენელი, პირდაპირი გაგებით, პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელს აშანტაჟებს, თუ ამ წინანადებას იტყვი და გააგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას, მაშინ მე შენს წინააღმდეგ ვიმუშავებ ჩემი მედიასაშუალებებითო, ეს მომგებიანი არ არის.
ეს მეორე მხარის სისუსტეზე უფრო მეტყველებს, მაგრამ ამ „სისუსტესაც“, ალბათ, აქვს თავისი მიზეზები.
- რა თქმა უნდა, ეს მის სისუსტესა და დამოკიდებულებაზე მეტყველებს. გამოდის, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა წინასწარვე უკვე დამოკიდებულია. დავუშვათ, ბურჭულაძემ არჩევნებში გაიმარჯვა. თუკი მის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამ მედიასაშუალებას, ანუ „რუსთავი 2“-ს, გამოდის, რომ მერე ბურჭულაძემ უნდა განახორციელოს ლობისტური სვლები ამ მედიასაშუალების მხარდასაჭერად, რაც მიუღებელია საზოგადოებისთვის. რატომ უნდა იყოს პრივილეგირებული რომელიღაც მედია ან პარტია იმიტომ, რომ მათ საერთო ინტერესები აქვთ?!
ვრცელდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის სკანდალურ ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კავშირშია შემჩნეული და ისინი უცხოეთში ხვდებიან ერთმანეთს.
- ხვდებიან-არ ხვდებიან, ეს ძნელი სათქმელია. როგორც წესი, თითქმის ყველა პოლიტიკური ფიგურა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რადგან არჩევნებიდან არჩევნებამდე ზოგიერთი მათგანი ერთ პარტიაშია, ზოგიც ნათესავი ხდება, ზოგიც მეგობარი და პარტიიდან პარტიაში გადასვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ერთმანეთის მტრები არიან. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ბურჭულაძესაც ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა ადამიანთან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩემთვის ნათელია, თუ რომელ დაჯგუფებასთან დგას მისი მოძრაობა და რა მიზნებს ემსახურება. ამიტომ ეს პარტია ჩემთვის ნაკლებად მისაღებია. ის, რომ ბურჭულაძის მოძრაობა „გირჩთან“ გაერთიანდა, გარკვეული მინიშნებების მომცემია. ვისთვის როგორ, გემოვნების საკითხია, ვიღაცას შეიძლება ეს მოსწონდეს, ვიღაცას - ნაკლებად, მთავარი მაინც ის არის, რომ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს მედიის წარმომადგენელი აშანტაჟებს. მე იურისტი არ გახლავართ, მაგრამ, სავარაუდოდ, გარკვეული საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ, რატომ ხდება ასე.
გვარამია პირდაპირ აცხადებს, რომ ერთ მხარესთან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და მხარს უჭერს მას და, პირიქით, მეორის განადგურებას ცდილობს, რადგან ისინი მისი მოწინააღმდეგეები არიან. ამ დროს, როგორც მინიმუმ, მედიას სამართლიანობასა და ნეიტრალიტეტზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია და არა იმაზე, რომ იგი რომელიმე მხარის წარმომადგენელია და, აქედან გამომდინარე, უნდა ცდილობდეს მის ხელშეწყობას.
მინდა შეგახსენოთ ადრეული ჩანაწერი, გვარამია-სააკაშვილის საუბრის უკვდავი თემა - რევოლუციური სცენარის შესახებ, სადაც სააკაშვილი ითხოვდა მკვდარ ორსულს. მაშინაც არეულობაზე იყო საუბარი. რამდენად დაცულია დღეს ქვეყანა გვარამიასნაირებისგან და, თუკი გვარამია ასეთი „მაგარი“ სცენარისტი და დირიჟორია, რომ ამ ერთ კაცზეა დამოკიდებული ცალკეული პარტიების ბედი, მაშინ სახელმწიფოში რა აზრი აქვს ასეთი დაკნინებული პარტიების არსებობას?
- ცუდია, რომ ეს პრეცედენტი გამჟღავნდა. ფაქტობრივად, ისედაც ყველამ იცოდა ამის შესახებ, თუმცა როდესაც ჩანაწერი გამოქვეყნდა, უფრო ნათლად დავინახეთ ეს რეალობა. ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ის, რომ რომელიღაც ერთ მედიასაშუალებას აქვს რესურსი, გავლენა იქონიოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე და ის ამას ტენდენციურად აკეთებს. ეს ფაქტი შესაბამისი სამსახურებისთვის ყურადსაღებ სიგნალებს შეიცავს. ტელევიზიით დადგმული სპექტაკლები აქამდეც მრავალჯერ გვინახავს. ნებისმიერი საკითხი ავიღოთ, თუნდაც იგივე უმუშევრობის თემა. მახსოვს, ერთ-ერთ ეთერში „რუსთავი 2“-ზე საუბრობდნენ, რომ 300 ათასზე მეტი უმუშევარი გვყავს ქვეყანაში, რას გვიკეთებს ეს მთავრობაო?! შეიძლება, მართლაც მეტი მოეთხოვება მთავრობას, მაგრამ „რუსთავი 2“ არ ახდენს ანალოგიურ შედარებას, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა უმუშევრობა 12-დან 18%-მდე გაიზარდა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყო უმუშევარი. „რუსთავი 2“ არ გვთავაზობს ანალიზს და მოსახლეობას ტენდენციურად მარტო იმ მიმართულებით უვითარებს აზროვნებას, რომელი კუთხითაც მას სურს. ეს არ არის მედიის საქმე. მით უფრო, სახიფათოა ასეთი მედიის არსებობა მაშინ, როცა ეს მედია წამყვან მედიად ითვლება და, სხვადასხვა მაჩვენებლით, პირველ ადგილს იკავებს ქვეყანაში.
როცა საუბრობენ ტელევიზიიდან სიძულვილის ენის გადმოფრქვევაზე, ნიკა გვარამიას ტონალობაც არ აყოვნებს. ის ბიძინა ივანიშვილს „მდიდარ აფთრად“, ხოლო „ოცნების“ მომხრეებს „აფთრის მოდგმად“ მოიხსენიებს, თუმცა, ზოგადად, ამ სატელეფონო ჩანაწერის მთავარი ფიგურანტის -პაატა ბურჭულაძის შესახებ მინდა გკითხოთ. მის გაუფრთხილებლობას რით ახსნით? წესით, მას არ უნდა სცოდნოდა, რომ რომელიმე მხარე მაინც მოუსმენდა? რისთვის აწყობდა ჩანაწერების „გმირი“ გამხდარიყო იმ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, შემოეძარცვნენ პოლიტიკური თანამოაზრეები? პაატა ბურჭულაძე ყველასგან მიტოვებული მეფე ლირის პარტიის შესრულებისთვის ემზადება? ამისთვის შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში?
- ვამჯობინებდი, პაატა ბურჭულაძე ყოფილიყო იქ, სადაც იყო. მას დიდი პატივიცემა ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში. ასევე, მაღალი კლასის მომღერლად მიაჩნდათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა მან ეს გზა აირჩია და ყოველი დღე, რაც ის პოლიტიკაში მოღვაწეობს, ნეგატიურად მოქმედებს მის, როგორც პირად, ისე საქმიან რეპუტაციაზე. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუ რატომ აირჩია ეს გზა. ერთ-ერთია, რომ მას გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები გააჩნდა ნაციონალების წინაშე; აგრეთვე, არის მოსაზრება, რომ მას ჰქონდა მონდომება ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე ეკეთებინა, თუმცა, ჩემი აზრით, თავის ძველ პოზიციაზე უფრო კეთილ საქმეს გააკეთებდა ქვეყნისთვის და მესამე, არსებობს, აგრეთვე, კონსპირაციული თეორია, რომ პაატა ბურჭულაძე შეკრულია მმართველ ძალასთან და ცდილობს, ახლა იყოს ოპონენტი, საჭიროების შემთხვევაში კი, გახდეს სატელიტი ორგანიზაცია მთავრობისთვის.
თქვენ ნაციონალების წინაშე ვალდებულება ახსენეთ. ამ გაკოტრებული გუნდის მიმართ ლტოლვა ისე ძლიერი რატომ უნდა ყოფილიყო, რომ გადაეწონა ხალხის სიყვარული, საპატრიარქოს კეთილგანწყობა, როცა მას მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აშენება მიანდეს?! ღირდა ამ ყველაფრის სასწორზე დადება?
- არც მე წარმომიდგენია, რატომ უნდა მიატოვო ასე აწყობილი ცხოვრება და წახვიდე იქ, სადაც ცეცხლი უკიდია ყველაფერს. მოტივაციას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ მას ძალიან დიდი ვალდებულებები ჰქონდა გარკვეულ წრეებთან.
და შესაძლოა, ეს ვალდებულებები ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სასურველს - ფულს უკავშირდებოდეს?
- არა მგონია, ფულს უკავშირდებოდეს, რადგან პაატა ბურჭულაძე საკმაოდ მდიდარი ადამიანი გახლავთ. მისი მოტივაცია არ უნდა ყოფილიყო დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარის შოვნა. შესაძლოა, ეს უფრო ამბიციებს დავუკავშიროთ. როდესაც ცნობილი და შეძლებული ადამიანი ხარ, შესაძლოა, გინდოდეს შენი მმართველობის უნარების გამოჩენა. თუმცა მომღერლის სფერო ზუსტად არ არის ის სფერო, საიდანაც მმართველობით სექტორში უნდა გადახვიდე.