საქართველოსთვის ემიგრაცია დიდი და დაუძლეველი პრობლემაა. ქვეყნიდან ბოლო 25 წელიწადში 1,7 მლნ ადამიანზე მეტი გავიდა. მიუხედავად ასეთი უმძიმესი სურათისა, საქართველო ამ მხრივ სულაც არ ყოფილა რეგიონის ლიდერი. უფრო რთული ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ემიგრაციის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის გადინების კუთხით, უპირობო ლიდერი სომხეთია - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა მოსახლეობის 31%-მა დატოვა. ამას ხელს უწყობს არა მარტო ქვეყნის ტერიტორიული იზოლაცია, არამედ გაყინული კონფლიქტი მეზობლებთან და აქედან გამომდინარე სამომავლო პერსპექტივების სრული გაურკვევლობა. გარდა ამისა, სომხებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დიდი და გავლენიანი დიასპორა ჰყავთ.
მეორე ადგილზეა ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი ყაზახეთი და სავარაუდოდ, მიგრაციას ამ ქვეყნიდან აქვს არა ეკონომიკური, არამედ ეთნიკური ხასიათი - ყაზახეთს ძირითადად რუსი მოსახლეობა ტოვებს.
მესამე ადგილზეა მოლდოვა - 21,9%–იანი მიგრაციით.
საქართველო ოდნავ ჩამორჩება მოლდოვას და იკავებს მე-4 ადგილს - დამოუკიდებლობის გამოცხდების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა 21%-ით შემცირდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გამოკვლევა ასახავს სიტუაციას მხოლოდ ოფიციალური თბილისის მიერ კონრტროლირებად ტერიტორიებზე.
სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიგრაციის დონე შემდეგნაირია: ლიტვა - 18,9%, ლატვია - 17%, ესტონეთი - 15%, ბელორუსია - 15%, უკრაინა - 13%, ყირგიზეთი - 12,8%, აზერბაიჯანი - 11,8%, რუსეთი - 7%, ტაჯიკეთი - 7%, უზბეკეთი - 6,7%. მიგრაციის მაჩვენებლი ყველაზე დაბალია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში - თურქმენეთში - 4,5 %.
სქართველოში ჩატარებული დემოგრაფიული კვლევის თანახმად, გარდა ქვეყნის დედაქალაქისა, საქართველოს მოსახლეობა ყველა რეგიონში იკლებს, თუმცა ეს მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ თბილისს ამ პერიოდში შემოუერთეს ახლომდებარე, ხალხმრავალი სოფლები და რაიონები, განსაკუთრებით მცხეთისა და გარდაბნის სოფლები. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის კლებაა. უმძიმესი მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთში, სადაც მოსახლეობამ 37%-ით იკლო, შემდგომ მოდის სამეგრელო–ზემო სვანეთი, სადაც 27%-იანი კლებაა, ყველაზე ნაკლები შემცირება აჭარაშია, სადაც 10% დაფიქსირდა.
სოფლების მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ნახევარი მილიონით არის შემცირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 700 000 ათასამდე კლება, სწორედ სოფლების ხარჯზე მოდის.
იმერეთში მოსახლეობა 166 ათასი კაცით არის შემცირებული. დიდ ქალაქებს შორის ყველა მძიმე მდგომარეობაა ქუთაისში, სადაც მოსახლეობამ 28000-ით იკლო.
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება, ისევე, როგორც ეკონომიკური, გარკვეულ ფუნდამენტურ კანონზომიერებებს ემყარება. ამას დემოგრაფიული გადასვლა ჰქვია და ეს ყველა სახელმწიფომ უნდა გაიაროს.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოგრაფიული სამმართველოს ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ.
მოსახლეობის გარე მიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ბოლო მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია. სტატისტიკური მასალა ცალსახად ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული კატასტროფის ტენდენციები საქართველოში არათუ არ მცირდება – არამედ სტაბილურად მზარდია.