ზოგისთვის წინასაარჩევნო აგიტაციის ნაწილი, ზოგისთვის კი განათლების ჰაბად საქართველოს გადაქცევის იდეის ფრთაშესხმა - ქუთაისთან ახლოს, 140 ჰექტარ ტერიტორიაზე, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას უკვე მოჰყვა განსხვავებული შეფასებები.
გაჩნდა კითხვებიც, საიდან უნდა მოუყაროს თავი საუნივერსიტეტო ქალაქმა 60 ათას სტუდენტს, მაშინ, როცა ამ პროფილის ტექნოლოგიური ინსტიტუტები სტუდენტთა სიუხვით არ გამოირჩევიან? ნუთუ პრობლემას გადაჭრის ის, რომ ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი, ფაქტობრივად, რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ცენტრი გახდება, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სტუდენტებს ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს?!
სჭირდება თუ არა საქართველოს ამ მასშტაბის უნივერსიტეტის დაარსება? მოიტანს თუ არა სასურველ შედეგს მილიონევროიანი პროექტი? ამ შეკითხვებზე ქართველ ექსპერტთა მოსაზრებები განსხვავებულია. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის კი ამ თემაზე პასუხი ერთია, რომ ეს ერთგვარად გელათის აკადემიის გაგრძელება უნდა იყოს და საუნივერსიტეტო ქალაქის გასაშენებლად ქუთაისი შემთხვევით არ შერჩეულა. ამდენად, ამ ადგილს უნდა დაუბრუნდეს ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქცია.
უკვე ცნობილია, რომ ახალი უნივერსიტეტი სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას 2019 წელს გეგმავს და მისი მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. სწორედ ამიტომ მუხნარის ტყის მიდამოებში აშენებული უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქებისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
ეს იდეა ბიძინა ივანიშვილისგან ჯერ კიდევ პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველ დღეებში გაისმა. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ფონდ „ქართუს“ სრული ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტექნოლოგიური მიმართულების რამდენიმე უნივერსიტეტის არსებობის მიუხედავად, საქართველოში მაინცდამაინც არ ილტვიან ამ მიმართულებისკენ. უფრო მეტიც, სიმონ ჯანაშიას თქმით, ახლაც მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროცესი და შეგვიძლია მათ წარმომადგენლებს ვკითხოთ, რამდენ სტუდენტს აგროვებენ წელიწადში?! 10-15 ათასი ადამიანი წელიწადში უფრო ოპტიმისტური, მაგრამ არარეალისტური პროგნოზია.
„ამ მასშტაბის საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება არარეალისტურია. საქართველოში ცოტაა ისეთი ქალაქი, სადაც 60 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ 60 ათას სტუდენტს დაახლოებით კიდევ 20 ათასი ადამიანი მაინც უნდა მიჰყვეს, რომელიც მათ მოემსახურება სხვადასხვა მიმართულებით - ტრანსპორტირება, კვება, სწავლება. ეს მარტივი არ არის იმ პირობებში, როდესაც განათლების სფეროში ელემენტარული პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებს ვერც მთავრობა და, კონკრეტულად, ვერც განათლების სამინისტრო. რაც შეეხება ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, ამერიკული განათლების შემოტანის ერთ-ერთი მცდელობაა სან-დიეგოს უნივერსტეტის შემოყვანა საქართველოში, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია, ასწავლის თბილისში, გასცემს ამერიკულ დიპლომს, ისიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტია და ამაშიც იხარჯება მრავალი ასეული მილიონი დოლარი. ამის პარალელურად, კიდევ ერთი მსგავსი პროფილის უნივერსიტეტის აშენება არარეალისტურია“,-აცხადებს სიმონ ჯანაშია.
ამასთან, იხსენებს ჩინეთის პრეცედენტს, რომელსაც ჰქონდა მსგავსი ინიციატივა, მიეწვია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან პროფესორები და ამის საფუძველზე შეექმნა მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტები, თუმცა ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა უბრალო მიზეზის გამო. ჩინელებმა ვერ შეძლეს სტუდენტების მიზიდვა.
ამდენად, მხოლოდ სურვილი, რომ ცალკეული ქვეყნის მთავრობას, ან რომელიმე მდიდარ ადამიანს სურს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში მიიწვიოს, საკმარისი არ არის. ადამიანს უნდა უნდოდეს იმ ქვეყნაში ცხოვრება, თავისი შვილებისთვის განათლების მიცემა, ქვეყანაში უნდა იყოს აკადემიური გარემო, რომელიც მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში კი არ იქნება თავმოყრილი, არამედ უნივერსიტეტებს შორის იარსებებს.
ასეთი გარემო კი, სიმონ ჯანაშიას თქმით, ჩვენთან არ არის და ამ გარემოს შეცვლის ნაცვლად, სამწუხაროდ, პარალელური სისტემების აშენებას ცდილობენ.
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 60 ათასი სტუდენტი მართლაც კარგი ციფრია პატარა საქართველოსთვის და მისასალმებელია, თუ ეს იქნება მთლიანად რეგიონალური უმაღლესი სასწავლებელი. თუკი ამას დაემატება ისიც, რომ ამერიკელი პროფესორები, საერთაშორისო დონის წამყვანი მეცნიერები ჩამოვლენ საქართველოში და წაიკითხავენ ლექციებს, ცოდნის ხარისხი ბევრად უფრო ამაღლდება, რადგან მთელ მსოფლიოში ყველაზე უნივერსალური უმაღლესი სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს.
„ბიძინა ივანიშვილი, „ქართუ ბანკი“ აფინანსებს ამ პროექტს, ეს მისი ქველმოქმედებაა, მაგრამ ბატონ ბიძინას არავინ ეუბნება, რომ საქართველოს სკოლებში პრაქტიკულად განადგურებულია ფიზიკა-ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის სწავლება, განსაკუთრებით, ფიზიკა-ქიმიის სწავლება. ამ დროს კი თანამედროვე, 21-ე საუკუნე არის ფიზიკა-ქიმიის, ახალი ტექნოლოგიების საუკუნე. ამიტომაც ვერ ავსებენ ადგილებს საქართველოში მოქმედ სან-დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტში. ეს მაშინ, როცა წლების წინ ჩვენში მსოფლიო სტანდარტების დონეზე იყო აყვანილი მათემატიკის, ფიზიკა-ქიმიისა და ბიოლოგიის სკოლები. დღესაც ჩვენი მეცნიერება უნდა ავიდეს ამ დონეზე. ამიტომ ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ამოქმედებამდე საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის შეცვლა. ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის სწავლებისთვის სკოლაში სერიოზულად უნდა გაიზარდოს საათები, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ტოტალურად შემცირდა. ეს საათები „ქართულ ოცნებას“ უნდა აღედგინა, კიდევ ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა, რაც არ გააკეთა“, - აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი, რომლის განმარტებითაც, ბოლო წლებია, ჰარვარდის უნივერსიტეტში ყველაზე მოთხოვნადია არა სამართლის, ან ეკონომიკის სპეციალობები, არამედ ფიზიკა- ბიოქიმიის მიმართულებები.
ექსპერტის თქმით, ქართულ სკოლებში ამ საგნების სერიოზული სწავლება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც ძლიერი თაობა მოვა და მაღალი დონის მედიკოსებიც გვეყოლება. რამდენიმე წელიწადში საქართველოში ისეთივე წარმატებული ოპერაციები გაკეთდება, როგორც თურქეთში.
„მაღალი ცოდნის გარეშე ვერც მაღალი დონის მეცნიერებს და პრაქტიკოსებს ვერ მივიღებთ, ვერც თანამედროვე ტექნოლოგიებს განვავითარებთ და ვერც ეკონომიკას ავაღორძინებთ. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. სწორედ ეს განაპირობებს მეცნიერებაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. ამის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია“.