[ნანა ფაჟავა, ზუგდიდიდან]
საპროტესტო აქციის ერთ–ერთი მონაწილის, ნოდარ ცხადაძის გარდაცვალების შესახებ თვითმხილველები შს სამინისტროსგან განსხვავებულ ვერსიას ყვებიან და აცხადებენ, რომ იგი ჯერ მასობრივ ჭყლეტვაში მოყვა, ხოლო შემდეგ, სპეცრაზმელებმა რეზინის ხელკეტების დარტყმით მოკლეს.
„სახალხო კრების“ ზუგდიდის კომიტეტის ხელმძღვანელი, ზამირა ღადუა მკვლელობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ნოდარ ცხადაძე სიკვდილის წინ ყვიროდა, „რატომ მკლავთ, რისთვის? ნუ მკლავთ...“, თუმცა პოლიცია მის ცემას დაუნდობლად განაგრძობდა.
მეორე თვითმხილველი, რომელმაც ცხადაძე სიცოცხლის ბოლო წუთებში ნახა, „სახალხო კრების“ ფოთელი აქტივისტი გოჩა დოლბაია აღმოჩნდა. „პრესაგე.ტვ“–სთან საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ სხვა მომიტინგეებთან ერთად იგი მძიმედ დაშავებული ცხადაძის გადაყვანას უსაფრთხო ადგილისკენ ცდილობდა, თუმცა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზესტაფონში მცხოვრები, 54 წლის ყოფილი პოლიციელი, ნოდარ ცხადაძე ავტომანქანამ გაიტანა. „ნინო ბურჯანაძის ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, რა დროსაც ესკორტის ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს.
შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე. ასევე სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის, ოთხმა პოლიციელმა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაკავებისას ივანე ჩიღვინაძემ და ზაქარია ზურაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა",-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ზამირა ღადუა „პრესაგე.ტვ“–სთან აქციის დარბევისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების სხვა დეტალებზეც ყვება. მისი განცხადებით, ამ დრომდე ოჯახის წევრები და თანაგუნდელები უშედეგოდ ეძებენ „სახალხო კრების“ სამ ზუგდიდელ, ორ სენაკელ და ერთ ფოთელ მხარდამჭერს. უგზო–უკვლოდ დაკარგულთა შორისაა მისი ვაჟი, ელგუჯა დარასელიაც. აქციის დარბევისას რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად დაშავდა თავად ზამირა ღადუა. მის ქალიშვილს, ეკა დარასელიას კი სახისა და სხეულის არეში ასევე რეზინის ტყვიებით მიყენებული სამი ჭრილობა აღენიშნება.
აქციის დარბევის დროს მძიმედ დაშავდნენ „ქართული პარტიის“ ზუგდიდის ოფისის წევრებიც. ალექსანდრე მოლაშხია, დავით სორდია, ალექსანდრე გეთია და გიორგი ჯღარკავა სპეცრაზმმა კინოთეატრ „რუსთაველში“ დააკავა და პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.
ამ დროისათვის ჯღარკავას ადგილსამყოფელი უცნობია. თანაგუნდელებმა იგი ბოლოს კინოთეატრის გასასვლელთან მაშინ ნახეს, როცა მას პოლიცია შეშუპებული და დასისხლიანებული პირსახით ავტომანქანისკენ მიათრევდა. დაკავებულები დღეს დილით გაათავისუფლეს. ალექსანდრე მოლაშხია ამბობს, რომ „დიღმის სამმართველოში“ პოლიციელებს შორის ზუგდიდელი სამართალდამცველები ამოიცნო, რომელთა მითითებითაც სპეცრაზმმა მისი ცემა უფრო გამეტებით განაგრძო.
აქციის დაშლისას მძიმე სახის დაბეჟილობები მიიღო „ქართული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ. ჭყლეტვის დროს მას ნეკნები დაუზიანდა და მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციაც მიიღო.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამ დრომდე სამეგრელოში არც ერთი აქციის მონაწილე არ დაბრუნებულა. 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებები კი დღეს რეგიონის ყველა რაიონში მიმდინარეობდა. ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში კონცერტი დილიდან გვიან ღამემდე გაგრძელდა. საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვა „პრესაგე.ტვ“–მ საკუთარ თანაქალაქელებს ვიდეო–კამერის წინ სთხოვა. თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები და რისი გამოთქმა უჭირს „საჯაროპირ–მოქალაქე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს, მადონა ჯაბუას, ნახეთ უკომენტაროდ...