თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტუაცია იძაბება. მართალია, თსუ-ში რექტორის არჩევნები 23 სექტემბრისთვისაა დანიშნული, ხოლო სტუდენტები სწავლას 26 სექტემბერს შეუდგებიან, მაგრამ ახალგაზრდობა საპროტესტო აქციებს უკვე აანონსებს.
აქციები გარდაუვალი იქნება, თუკი უნივერსიტეტის ავტონომიას საფრთხე დაემუქრება და არჩევნებში ხელისუფლების ინტერესების გამტარი კანდიდატი გაიმარჯვებს. ამას ემატება ისიც, რომ, სტუდენტების ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს წევრებზე უკვე ხორციელდება ზეწოლა სასურველი კანდიდატურის გასაყვანად.
საუბარია განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გიორგი შარვაშიძეზე, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, თანამდებობიდან ორი დღის წინ გათავისუფლდა.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და „აუდიტორია 115“-ის წევრების პოზიცია გიორგი შარვაშიძის კანდიდატურის მიუღებლობის თვალსაზრისით ერთმანეთს ემთხვევა. ამის მიუხედავად, „აუდიტორია 115“-ის წევრები ირწმუნებიან, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მოტივაცია განსხვავებულია და ისინი მხოლოდ სასათბურე პირობებისთვის იღწვიან. კერძოდ, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ვერ გარკვეულან, გაუწევს თუ არა მათ ფინანსურ დახმარებას განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი შარვაშიძე.
„აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი არობელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სულაც არ არის პრობლემა, როცა უნივერსიტეტის რექტორობისთვის იბრძვის გარედან მოსული კანდიდატი, არც ისაა პრობლემა, რომ ამ თანამდებობისთვის იბრძვის განათლების ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე. აქ მთავარია ერთადერთი რამ, თუ ვინ არის გიორგი შარვაშიძე?!
გიორგი არობელიძის თქმით, გია შარვაშიძის ირგვლივ არსებობს უამრავი შეკითხვა, ვინაიდან, როცა სახელმწიფოსა და
„აუდიტორიას“ შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სწორედ გია შარვაშიძე იყო და მისგან სტუდენტებმა უამრავი შეუსრულებელი დაპირება მიიღეს.
კერძოდ, სტუდენტი აცხადებს, რომ შარვაშიძემ უარი თქვა პროგრესულ რეფორმაზე. პირველი, ეს შეეხებოდა უნივერსიტეტების საბიუჯეტო დაფინანსებას, რადგან დღევანდელი მოცემულობით, უნივერსიტეტის სამეცნიერო კერად გადაქცევა უსახსრობის გამო შეუძლებელია. ეს მაშინ, როცა ნორმალურ ქვეყნებში უნივერსიტეტებს სწორედ სახელმწიფო აძლევს ფულს.
„თუკი უნივერსიტეტზე გული შესტკიოდა, ბატონ გიას შეეძლო, გამოეყენებინა თავისი თანამდებობა და მოეპოვებინა ის დაფინანსება, რასაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ითხოვს. მეორე საკითხი შეეხებოდა სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას. „აუდიტორია 115“-სთვის ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, ვინაიდან არ შეიძლება სტუდენტებს შორის ვიღაც იყოს პრივილეგირებული ან ნაკლებად პრივილეგირებული. ჩვენი მთავარი პრინციპი თანასწორობაა და სახელმწიფოს შევთავაზეთ უნივერსიტეტის მართვის პროცესში სტუდენტების ჩართვის ბევრად უფრო თანამედროვე და დემოკრატიული მოდელი, რაზეც პირველად თანხმობა მივიღეთ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისგანაც, მაგრამ მოლაპარაკებების დროს უკვე შეიცვალა ეს დამოკიდებულება.
მესამე საკითხი უკავშირდება ხარისხის ამაღლებას, რაც წარმოუდგენელია გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის გარეშე. არ არსებობს უნივერსიტეტი, სადაც ეს მექანიზმი არ მუშაობს. ეს არის აკადემიური მიუკერძოებლობისა და თავისუფლების გარანტი. ყველა ამ შეთავაზების განსახორციელებლად სახელმწიფოსა და, კონკრეტულად, გია შარვაშიძეს არაფერი გაუკეთებიათ“, - აღნიშნა გიორგი არობელიძემ და განმარტა, რომ სტუდენტები არა მხოლოდ გია შარვაშიძის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, არამედ აქვთ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის შიდა კლანები თავიანთი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავენ, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე სტუდენტებისთვის უცნობია.
„ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება აკადემიურ საბჭოზე. აკადემიური საბჭოს წევრები ამაზე ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ, ისინი შეშინებულნი არიან და მათთან განხორციელებული ზარების გამო რამდენიმე კანდიდატმა უარიც თქვა რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ფაქტია, რომ განათლების სამინისტროსგან მომდინარეობდა „რეკომენდაცია“, სწავლა დაწყებულიყო სწორედ რექტორის არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა თავიდან აეცილებინათ სტუდენტური პროტესტი. ჩვენ არ შევეგუებით უნივერსიტეტისთვის დამღუპველ რეალობას“, - აცხადებს „აუდიტორია 115“-ის წევრი და იმ კრიტერიუმზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი. მისი თქმით, პირველ რიგში, მომავალი რექტორი უნდა იყოს კარგი მეცნიერი, რომლის კომპეტენციაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს და მისი წარსულიც კითხვის ნიშნებს არ უნდა აჩენდეს. გიორგი შარვაშიძე კი არ არის ასეთი მეცნიერი და არც მეორე კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
„აუდიტორია 115“-ის წევრი ნათია ქარჩილაძე For.ge-სთან საუბრისას იზიარებს წინამორბედის მოსაზრებას, რომ გია შარვაშიძემ დაპირებები არ შეასრულა. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არ ასრულებს დაპირებას მინისტრის მოადგილის რანგში, საეჭვოა, მოტივირებული იყოს რექტორობისთვის.
რაც შეეხება სტუდენტებისთვის სასურველ კანდიდატებს, ნათია ქარჩილაძე გამოარჩევს ფილოსოფოს გიორგი ბარამიძეს და აცხადებს, რომ სწორედ გია ბარამიძე ითხოვს უნივერსიტეტში გარე რეფერირების შემოღებას და ის არის ადამიანი, რომელიც „აუდიტორია 115“-ის წევრთა იდეებს მთლიანად იზიარებს.
„სტუდენტურ თვითმმართველობასა და ჩვენს შორის აზრთა თანხვედრა აბსურდია. სტუდენტური თვითმმართველობა გია შარვაშიძის კანდიდატურას მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ მათ უნივერსიტეტის შიდა კლანებიდან საკუთარი კანდიდატურის გაყვანა სურთ, რომელიც მათ პრივილეგიების შენარჩუნებას ჰპირდება. სავარაუდოდ, ის იქნება ისეთივე პოლიტიკის გამტარი, როგორიც იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე ან მისი გარემოცვის ადამიანები, რომლებიც სიახლეს არ ჰპირდებიან უნივერსიტეტს. სტუდენტურ თვითმმართველობას ვერ გაურკვევია, რექტორად არჩევის შემთხვევაში, რა სარგებელს მოუტანს პირადად მათ გია შარვაშიძე“, - გვითხრა ნათია ქარჩილაძემ.
სტუდენტთა პროტესტს გამოეხმაურა თავად რექტორობის კანდიდატი გია შარვაშიძე და აღნიშნა, რომ იგი პროცესების გამჭვირვალედ წარმართვას იმედოვნებს.
„თუ ზეწოლის ფაქტები არსებობს, ის საჯარო უნდა გახდეს და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რომ არც ერთი მხრიდან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონდეს“, - აღნიშნა შარვაშიძემ.