„ამერიკელების ეს მხადაჭერა ძალიან დროული იყო, მით უმეტეს არჩევნების კონტექსტში“

„ამერიკელების ეს მხადაჭერა ძალიან დროული იყო, მით უმეტეს არჩევნების კონტექსტში“

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია, რომელიც კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ერთხმად მიიღო, კონგრესმენების ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის მიერ არის ინიცირებული. ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ მოსკოვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმენები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. რეზოლუციაში გამოთქმულია აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საჭიროება ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ტედ პომ განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა გახდა, რომელიც ყველაზე წინ არის კარგი მმართველობის, ეკონომიკური რეფორმების, დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და პრესის თავისუფლების სფეროებში.

„საქართველო ახორციელებს მტკივნეულ რეფორმებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედით. საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია, რომლის სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. საქართველო აშშ-ის ღირებული მოკავშირეა და დროა, ხმა ავიმაღლოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს“, - განაცხადა ტედ პომ.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ედ როისის განცხადებით, აშშ არ შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ძალისხმევას. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს გაწყვიტოს აშშ და საქართველოს შორის კავშირი, რათა აღადგინოს თავისი დომინირება საქართველოზე.

„პრეზიდენტ პუტინს აქვს ტერიტორიული ამბიციები საქართველოში, აძლიერებს სეპარატისტულ ძალებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რის საბოლოო მიზანსაც ამ რეგიონების ანექსირება წარმოადგენს. რუსეთმა უკვე ფორმალურად აღიარა ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ამ ძალისხმევის დროს, რუსეთი იყენებს ძლიერ პროპაგანდისტულ მანქანას, რათა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ აშშ-მა და დასავლეთმა მათზე უარი თქვა, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა მოსკოვისა და მისი იმპერიული ამბიციების მორჩილებისა“, - აცხადებს ედ როისი.

თბილისში აცხადებენ, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-ს პოლიტიკაში საქართველოსადმი დიდ ინტერესს. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, რეზოლუციამ ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ქართული მხარის აქტიური მუშაობითაც. შესაბამისად, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, 33-მა კონგრესმენმა გამოთქვა ამ რეზოლუციის სპონსორობის სურვილი და შემდეგ უკვე 410 მხარდამჭერი ხმით გავიდა.

„ეს ხაზს უსვამს საქართველოსადმი დიდ ინტერესს აშშ პოლიტიკაში, სადაც აქტიურად განიხილება ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს. აქტიურად განიხილება აშშ და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმულია, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა. საქართველო განხილულია, როგორც ამერიკის გრძელვადიანი ინტერესის ქვეყანა, რათა მიღწეულ იქნას სტაბილურობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა რჩება საქართველოს ყველაზე ძლიერ პარტნიორად ევროატლანრიკური ინტეგრაციის გზაზე.

„აშშ ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის მეგობარი და გაგვიხილავდა სტრატეგიულ პარტნიორად. თუმცა დიდი ხნის მანძილზე ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა იყო. დღეს კი, აშშ ჩვენში, პირველ რიგში, ხედავს დემოკრატიას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, განვითარების მაღალ სტანდარტებს, თანამშრომლობის ძალიან ფართო შესაძლებლობას და ძლიერ პარტნიორს რეგიონში.

ვხედავთ ჩვენს გარშემო რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, მეზობელ სხვა ქვეყნებში უსაფრთხოების მიმართულებით რა პრობლემებია, ამ დროს ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, ეს მშვიდობა მიღწეულია დემოკრატიული გზით. ქვეყანაში არის სტაბილურობა, ეს სტაბილურობა განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენი პარტნირი ძლიერი და დიდი ქვეყნის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ხაზგასმა იმისა, რომ აშშ არის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეგობარი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

კონგრესის მირე არჩევნების წინ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას მნიშვნელოვანად აფასებს ექპსერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე მთავარი თემაც საქართველოს საგარეო კურსს შეეხეობდა, რაზეც ივანიშვილმა ყოყმანის გარეშე განაცხადა, რომ საქართველოს ალტერნატივა არ აქვს, ერთადერთი მიმართულება საითაც შეიძლება წავიდეს საქართველო, არის დასავლეთი.

„ივანიშვილის უყოყმანო განცხადება ხორცშესხმულია იმ ქმედებაში რასაც საქართველო დგამს და რთულია ეს არ დაინახო. ამერიკის კონგრესის მხარდაჭერას მით უმეტეს არჩევნები წინ, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმიტომ, რომ არიან პარტიები, რომლებიც ხელისუფლების ამ გზაზე დადგომას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ამერიკელი კონგრესმენების ამ განცხადებით კი, ცხადი ხდება, რომ ამერიკა ადეკვატურად და მხარდაჭერით პასუხობს საქართველოს პროევროპულ კურსს. ვფიქრობ, ამერიკელების ეს მხადაჭერა ძალიან დროული იყო, მით უმეტეს ამ არჩევნების კონტექსტში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.