სააკაშვილისა და ნაციონალური ხელისუფლების მიერ 25 მაისის ღამეს ხალხის დასაშლელად გამოყენებული სასტიკი მეთოდები მიუთითებს, რომ ეს იყო არა სამართლებრივი გზით წესრიგის აღდგენა, არამედ განსხვავებული აზრის მქონე საკუთარ მოქალაქეებზე განხორციელებული აღვირახსნილი შურისძიება.
შურისძიებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე სამხედრო აღლუმის ჩატარება, გარდა ჯანსაღი გონებისათვის წარმოუდგენელი ცინიზმისა, არის სააკაშვილისა და ნაციონალური ხელისუფლების მიერ ქართული ჯარის დიკრედიტაციისა და მისი დემორალიზაციის მორიგი მცდელობა.
ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მიერ უკანასკნელი დღეების მოვლენათა გაშუქება სამარცხვინო ფურცლად დარჩება ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში.
კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიერ სააკაშვილის სისხლით მოსვრილი ხელიდან სახელმწიფო ჯილდოს მიღება არის ამორალური საქციელი და უარის თქმა იმ იდეალებზე, რომლებსაც კულტურა უნდა ემსახურებოდეს.
ქართველი ხალხის, მეგობარ სახელმწიფოთა მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ვსვამთ კითხვას: როდემდე შეიძლება მშვიდად ან, უკეთეს შემთხვევაში, ზომიერი „შეშფოთებით“ ვუყუროთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყანაში სადისტური მიდრეკილებების ხელისუფლების სასტიკ და აღვირახსნილ ძალადობას საკუთარ ხალხზე?
„ქართული აკადემია“ გმობს სააკაშვილის რეჟიმის მორიგ სისხლიან დანაშაულს და მოითხოვს უსაფუძვლოდ დაკავებულ მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.