„გარკვეული ძალები უნივერსიტეტში „ლადო პაპავა-2“ პროექტის განხორციელებას გეგმავენ“

„გარკვეული ძალები უნივერსიტეტში „ლადო პაპავა-2“ პროექტის განხორციელებას გეგმავენ“

რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ, რატომ გადაიქცა უნივერსიტეტი ერთ დიდ აკადემიურ უბედურების ზონად და რატომ დაამთხვიეს რექტორის არჩევნები სტუდენტებისგან დაცლილ ე.წ. მკვდარ პერიოდს, 23 სექტემბერს?! ამ ყველაფრის შესახებ For.ge-სთან გულახდილად საუბრობს ნაციონალების დროს უნივერსიტეტიდან განდევნილი ლექტორი, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე.

ლადო პაპავას რექტორად არჩევაც შედარებით კონსპირაციულად, 2013 წლის 16 აგვისტოს მოხდა. ახლაც 23 სექტემბერს დაამთხვიეს რექტორის არჩევნები, მაშინ, როცა უნივერსიტეტში სასწავლო სეზონი 26 სექტემბერს გაიხსნება. ეს შემთხვევითი დამთხვევაა?

- მნიშვნელოვანი შეკითხვაა, თუ რატომ ხდება ე.წ. მკვდარი სეზონების შერჩევა. გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ეს შემთხვევითი არ არის, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სტუდენტური პროტესტის მუხტი ძალიან მაღალია და ჩვენ ამის მომსწრეები ვიყავით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. ვგულისხმობ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობას. ბუნებრივია, გარკვეული პოლიტიკური წრეები დაინტერესებულნი არიან, რექტორის არჩევნები რაც შეიძლება, მშვიდ გარემოში ჩატარდეს, რომ ამან არ გამოიწვიოს ზედმეტი აჟიოტაჟი. მეორე მხრივ, ასეთი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჰაერი იჟღინთება მოლოდინით. მოარული ხმებით, რომელთა ნაწილიც ალბათ, გამართლდება, ხელისუფლების გარკვეული წრეები ამ არჩევნებით განსაკუთრებულად არიან დაინტერესებულნი და ეს აშკარაა.

თბილისი არ არის დიდი ქალაქი, საამისო ხმები არ გამოდიოდეს. ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე ზეწოლის თაობაზე, თუ როგორი ზეწოლის ქვეშ არის თითოეული მათგანი და როგორ მიმდინარეობს მათთან პოლიტიკური ვაჭრობა, რომ მხარი დაუჭირონ გარკვეულ კანდიდატურას. ეს კანდიდატურაც სახელდება, ყველამ იცის მის შესახებ, ესაა განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე ბატონი გიორგი შარვაშიძე.

რომელსაც თსუ- სტუდენტები იმთავითვე უპირისპირდებოდნენ?

- დიახ, მაგრამ აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აქ ჩართულია არა მთლიანად ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება „ლადო პაპავა-2“ პროექტი. ჩნდება საფრთხის განცდა, თუკი განხორციელდა ეს პროექტი და ცალკეული ძალები მის ბოლომდე მიყვნას შეეცადნენ, ხომ არ მოჰყვება ამას ბევრად უფრო დიდი რეაქცია სტუდენტური მოძრაობის მხრიდან? ეს რეაქცია უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე ლადო პაპავას შემთხვევაში იყო და, ალბათ, აკადემიურ სივრცეში კატასტროფით დასრულდება. ამას არა მარტო აკადემიური, არამედ პოლიტიკური რეზონანსიც ექნება. თანაც, ეს ყველაფერი ხდება საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. როგორც ჩანს, უნდათ არჩევნებამდე მოასწრონ, რადგან საბუთების მიღების ვადად განსაზღვრულია 9-დან 14 სექტემბრის პერიოდი, 14-დან 23 სექტემბრამდე კი აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრები, პრეზენტაციები ჩატარდება. როცა ცალკეული სახელისუფლო ძალები აქტიურობენ, არც ის არის გამორიცხული, რომ ოპოზიციური ძალებიც აქტიურობდნენ ამავე მიმართულებით. ფარული მოლაპარაკებები, რაღაცის განაწილება პროცესისადმი უნდობლობას და აკადემიური ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების დათრგუნვას იწვევს. ჩარევის ასეთი ფორმები დამთრგუნველად მოქმედებს.

გასაგებია, ეს ხელისუფლება არ არის კორუმპირებული, როგორც იყო ნაციონალური ხელისუფლება, რომლის დროსაც კორუმპირებული რეჟიმი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეერწყა, რეპრესიული, ანუ ციხის ტიპის უნივერსიტეტი ჩამოაყალიბა და მათთვის მიუღებელი პროფესურის მასობრივი დევნა დაიწყო. დღევანდელი უნივერსიტეტიც და ხელისუფლებაც, გარკვეულწილად, იმ პოლიტიკური და აკადემიური გადაწყვეტილებების მძევლები არიან, რაც წინა ხელისუფლების დროს მიიღეს. მხედველობაში მაქვს, რომ ძირითადი სტაფის, პროფესურის ძირითადი შემადგენლობის არჩევა მოხდა სწორედ 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში და მათი არჩევა მოხდა ექვსი წლით.

იმ პერიოდში პროფესორთა ნაწილი, მათ შორის, თქვენც, მიიჩნევდით, რომ რადგან უნივერსიტეტში აღარ იყო თავისუფალი სივრცე და უნივერსიტეტს დაკარგული ჰქონდა ავტონომია, უმჯობესი იყო, ახალი ხელისუფლება ჩარეულიყო საუნივერსიტეტო პროცესებში, რათა ამ უმაღლეს დაწესებულებაში ნაციონალების რევანში აგვეცილებინა. დღეს ასე არ ფიქრობთ?

- იყო ამაზე საუბარი და ეს მხოლოდ ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, მაგრამ ამ გზით არ წავიდა განვითარება. მართალია, მე არ ვიზიარებ „პირველი ბიძგის თეორიას“, მაგრამ მეც ვეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ნაწილობრივ უნდა ჩარეულიყო მაშინდელ პროცესებში, რათა აკადემიურ ჩარჩოში დაებრუნებინა უნივერსიტეტი, რომელიც ამას თავისი ძალით ვეღარ ახერხებდა. ფაქტობრივად, უნივერსიტეტი იქცა პოლიტიკური კორუმპირებული რეჟიმის დანამატად და პარტიულ დაწესებულებად.

თქვენ მიიჩნევთ, რომ დღემდე გრძელდება ეს პროცესი, რადგან პროფესურის ძირითადი შემადგენლობის არჩევა მოხდა სწორედ ექვსი წლით?

- დღემდე გრძელდება და საუნივერსიტეტო სტრუქტურებიც მაშინდელი გადაწყვეტილებების მძევლები არიან. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ეს ხელისუფლება უფრთხის მასობრივ დათხოვნებს, გაშვებებს, რადგან ეს პროტესტის ტალღას გამოიწვევს. ზოგიერთი მათი წარმომადგენლის სიტყვებს გავიმეორებ, გადაივსება სასამართლოები, პოლიტიკურად ცუდად შემოგვიტრიალდება. ამას ძალზე მოხერხებულად იყენებს ის ხალხი, რომელიც თავის დროზე არა აკადემიური ან პროფესიონალური, არამედ პოლიტიკური და პარტიული კუთვნილების მიხედვით შეირჩა, უსაფრთხოებისა და უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობით. უნივერსიტეტში მოქმედებდა ოდეერის სისტემა. ეს გამომჟღავნდა ლადო პაპავას დროსაც და თვითონ პაპავაც ამხილეს, როგორც ამ ყველაფრის ერთ-ერთი ხელშემწყობი.

თუკი პროექტილადო პაპავა-2“ განმეორდება, ეს ნიშნავს, რომ პაპავას შემცვლელის კარიერაც ხანმოკლე იქნება? უნივერსიტეტში დაიწყება ისეთივე პროცესები, რაც პაპავას სუსტ მმართველობას ახლდა, როცა მან ვერ ზიდა რექტორის რთულად საზიდი ტვირთი და უნივერსიტეტიდან მისი განცალკევება იყო გონივრული გამოსავალი?

- რა თქმა უნდა, გარედან დანიშნულ და შეთავაზებულ პიროვნებას უნივერსიტეტი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს. თუ ძალით მოახვევენ თავს, ეს თვითონ სტუდენტებში არნახული მასშტაბის რეაქციას გამოიწვევს. დღეს უნივერსიტეტში პროცესების წარმმართველი ძალა სტუდენტობაა, პროფესურა აბსოლუტურად პარალიზებულია. ეს უუნარო პროფესურაა, რომელიც, როგორც გითხარით, შეირჩა პარტიული და პოლიტიკური ნიშნით. პირდაპირ ვამბობ, დღეს პროფესურა პარაზიტირებს სტუდენტურ მოძრაობაზე. სტუდენტები კი თავგანწირვით იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, უნივერსიტეტისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, რათა მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ. ამ დროს პროფესურის სოლიდური ნაწილი პარალელურ რეჟიმში მუშაობს იმაზე, თუ როგორ შეიქმნან თბილი ადგილები, როგორ მოხვდნენ აკადემიურ საბჭოში, სენატში, როგორ ჩაიგდონ ხელში მიმართულებები.

აკადემიური საბჭოსთვის ასეთი რამ უცხო არ იყო და ყოველთვის საუბრობდენენ მათთან საეჭვო გარიგებებზე.

- სამწუხაროდ, ასეთი რამ მათთვის უცხო არ არის. ახლა განხორციელდა ფასადური ცვლილებები და 30 წევრამდე გაიზარდა აკადემიური საბჭოს შემადგენლობა, თორემ თვისობრივი ცვლილებები იქ არ მომხდარა და ახლა ამ 30 კაცმა უნდა აირჩიოს რექტორი.

ცნობილი მეცნიერები არიან ამ აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში?

- სავალალოდ ცნობილი სახეები არიან. ახლა მეც დამაინტერესა და გადავხედე და აღმოჩნდა, რომ იქ არის რამდენიმე ოდიოზური პიროვნება, რომელიც კვიტაშვილის რექტორობის დროსაც პოლიტიკური და კორუმპირებული კონკურსების ჩატარებაში მონაწილეობდა. სწორედ კვიტაშვილის პერიოდს უკავშირდება ე.წ. ადმინისტრაციული ტროიკების შექმნა, ამ სამეულებს პირდაპირ ჰქონდათ დავალებული, თავიანთი არაკომპეტენტური ჩარევითა და ადმინისტრაციული ძალის გამოყენებით გაეცხრილათ არასასურველი ლექტორები. გვარსაც დავასახელებ, ერთი პიროვნება, რომელმაც თავი გამოიჩინა ამ მიმართებით, ვასილ გონაშვილია. დღეს იგი აკადემიურ საბჭოშია. თვითონ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ქალბატონი დარეჯან თვალთვაძეა არჩეული.

პარადოქსი, რომელზეც სტუდენტები ამდენი ხანია გაჰყვირიან და მთელი გამოსვლები მიუძღვნეს ამ საკითხის დარეგულირების მცდელობას, ისაა, რომ საკანონმდებლო ბაზა აბსურდულია და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი პროფესურის შემადგენლობა, მაშინ, როცა რექტორს ირჩევს 30-კაციანი აკადემიური საბჭო. არადა, სახელმწიფოსა და ხელისუფლების უშუალო მოვალეობაა, უნივერსიტეტი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოს.

თავის დროზე თქვენ უნივერსიტეტის რექტორობის მსურველი ერთ-ერთი კანდიდატი ბრძანდებოდით. მაშინ ამბობდით, რომ კარგად იცოდით, რა სისტემასთანაც გიწევდათ ჭიდილი, მაგრამ გსურდათ პროცესის ფალსიფიკაცია გემხილებინათ. ამჟამადაც მიიჩნევთ, რომ ღირს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება? უკვე დაფიქსირდნენ თქვენი კონკურენტი კანდიდატები?

- რექტორის ამ არჩევნებშიც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. თუმცა ჯერ არ ვარ დარეგისტრირებული. ჯერ სხვა კანდიდატებიც არ დაფიქსირებულან. ვთვლი, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩემი, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლის, მოვალეობაა. მით უმეტეს, უნივერსიტეტმცოდნეობა ჩემი უშუალო პროფესიაცაა, როგორც სოციოლოგის, ფილოსოფოსის, კულტუროლოგის. ამას ათეული წლები მივუძღვენით მეც და ჩემმა კოლეგებმაც, ვინც ასე გამოგვდევნეს უნივერსიტეტიდან.

ისევ პროცესის ფალსიფიკაციის მხილებას აპირებთ?

- ესეც არ არის გამორიცხული. ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამ პროცესის მხილება, თუკი ერთი-ერთზე გაიმეორეს ლადო პაპავას რექტორად არჩევის გზა. ეს გზა ძალიან მარტივია და გულისხმობს აკადემიური საბჭოს წევრების დამუშავებას, მათთან დელეგაციების, დეპუტატების მიგზავნას. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხმები გამოდის შიგნიდან. ამის შემდეგ უნივერსიტეტის შიგნით გამონახავენ შედარებით მისაღებ ერთ კანდიდატურას და ამ კანდიდატურას ფონად დაუსვამენ ბატონ შერვაშიძეს. ლადო პაპავას დროსაც ასეთი ფონის როლი შეასრულა ქალბატონმა მარინა ჩიტაშვილმა, რომელმაც შემდგომში გარკვეული პერიოდით რექტორის მოადგილედ იმუშავა და შემდეგ გავიდა ამ თამაშიდან. შესაძლოა, ახლაც გაიმეორონ ეს სცენარი, მაგრამ როგორც პაპავას შემთხვევაში დამთავრდა კატასტროფით, ასევე დამთავრდება.

ანუ სტუდენტები დაბრუნდებიან და ახალ რექტორს პრობლემებს შეუქმნიან?

- სტუდენტები არსადაც არ წასულან. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ სტუდენტები მასობრივად არიან გასულები, ძალიან ცდება. ეს სიმართლისთვის მებრძოლი ხალხია. აქციები აუცილებლად იქნება.

პროფესურა ამ აქციებისგან წესისამებრ თავს შორს დაიჭერს?

- პროფესურა პასიურია და პარაზიტირებს. ყველაზე ეს არ ითქმის, იქ არიან ღირსეული პროფესორებიც, რომლებიც სტუდენტურ მოძრაობასაც უდგანან მხარში, მაგრამ უმეტესობა, როგორც ვთქვით, პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული. ახლა უნივერსიტეტი პარალიზებულია, ფაქტობრივად, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ტარდება ლექციები, გამოცდები, დისერტაციის დაცვაც ხდება, მაგრამ ეს არის ცრუმაგიერი პროცესები. უნივერსიტეტის ფუნქცია რა არის? მან უნდა გამოიმუშაოს და გადასცეს ცოდნა. ახლა უნივერსიტეტში ცოდნის გამომუშავება არ ხდება. ცოდნა უნდა გამოიმუშაოს იმ ადამიანმა, ვისაც კვალიფიკაცია და კომპეტენცია გააჩნია, მაგრამ ამ ადამიანების უმრავლესობა კვალიფიკაციას მოკლებულია, აკადემიური სივრცე გადაგვარებულია.

ფასადური, ვითომ დემოკრატიული სტრუქტურები არსებობს, ვითომ აკადემიური საბჭოც არის, ვითომ სენატია არჩეული, რაც დასავლური რჩევებითა და დაფინანსებით განხორციელდა, მაგრამ თვითონ შინაარსი ფეოდალური დარჩა. ადამიანები, ვისაც ამ თანამდებობებზე ირჩევენ, მოქმედებას იწყებენ არა დასავლურ, ჰუმანურ, დემოკრატიულ პრინციპთა მიხედვით, არამედ ცდილობენ, ვიღაც დაჩაგრონ, გაატარონ პირადი ინტერესები, მათ შორის, ფინანსური ინტერესები. კალიებივით შესეულნი არიან უნივერსიტეტის ბიუჯეტს, რომლითაც გონივრული მენეჯმენტის შემთხვევაში ბევრი სიკეთის გაკეთება შეიძლებოდა.

კარგა ხანია, სტუდენტები ითხოვენ გარე რეფერირებას. ეს ნიშნავს, რომ აკადემიური თანამდებობების შერჩევა უნდა მოხდეს უცხოელი, ამ საქმეში აღიარებული სპეციალისტების მეშვეობით. ამით ბევრი რამ დალაგდება. თორემ დღეს უნივერსტეტის პრობლემა აკადემიურ კორუფციაშია. უნივერსიტეტი აკადემიური კორუფციის ჭაობშია. ეს ნიშნავს არაკვალიფიციურობას, მიკერძოებულობას, არაობიექტურობას, ფეოდალურ მენტალიტეტს, პარტიკულარიზმს, გათიშულობას.

და რა გაძლებინებთ ასეთ უნივერსიტეტში?

- სტუდენტობა. საერთოდ, თუკი უნივერსიტეტს დღეს სული უდგას, ეს მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების დამსახურებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი ერთი დიდი აკადემიური უბედურების ზონაა. ლექციები პრინციპულად ვერ იკითხება, პრინციპულად ვერ ტარდება სემინარები.

რას ნიშნავს, არ ტარდება ლექციები, ანუ ლექციებს ჭორიკნობა და გართობა ცვლის?

- რასაკვირველია, ჭორიკნობა და ვიდეოების ყურება ჩვეულებრივი ამბავია. შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტი ვახსენე და ერთ-ერთი ქალბატონი, პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე სტუდენტებმა სტუდენტური ნაშრომების მითვისებაში ამხილეს, რაც მან თავისი სახელით წიგნად გამოაქვეყნა. ეს ამაზრზენია და გასაკვირია, რომ ეს ხდება ამერიკისმცოდნეობის მიმართულებაზე. როდესაც სტუდენტურმა მოძრაობამ ამ ორიოდე თვის წინ უნივერსიტეტში მიმიწვია და იქ საჯარო ლექცია წავიკითხე, მაშინ სტუდენტები მოვიდნენ და განაცხადეს, რომ სხვისი შრომის ექსპლუატაცია მოხდა. ასეთი რამ შუასაუკუნეებში ხდებოდა. შესაძლოა, აქ იყოს ტრეფიკინგის ნიშნებიც. ეს თემა აიტაცეს ჟურნალისტებმა, დიდი სტატია მოამზადა თბილისის უნივერსიტეტის გაზეთმა და ეს სტატია დაბლოკეს, თუმცა ამით ამ ფაქტს ვერ გააუქმებენ. სხვათა შორის, ეს ქალბატონი წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ხარისხის მართვის ხელმძღვანელი იყო და უშუალოდ იმ კომისიის ერთ-ერთი მესვეური გახლდათ, რომელმაც მე გამომაგდო უნივერსიტეტიდან. წინა ხელისუფლების დროსაც მას მფარველები ჰყავდა, თორემ თავისი კვალიფიკაციით ამ თანამდებობისკენ გზას ვერ გაიკაფავდა. დღესაც, ალბათ, მფარველები ჰყავს.

იმავე მიმართულებაზე სტუდენტებმა ამხილეს ე.წ. პროფესორები, რომ ისინი მათ სხვა კულტურების სიძულვილის ენას უნერგავენ, ამ ადამიანებს ამხელენ პლაგიატში. ერთად აღებული ეს მომენტები აკადემიურ კორუფციას ქმნის. ეს არის სტუდენტებისგან ფულის გამოძალვის სქემა. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ისე, როგორც ხდებოდა ძველ დროს, როცა, როგორც ამბობენ, მატრიკულებში დებდნენ თანხას, მაგრამ, როცა სტუდენტები ხარისხიან განათლებას ითხოვენ და მათ აჩეჩებენ გაფუჭებულ პროდუქტს, სწორედ ეს არის ირიბი მექრთამეობა, ირიბი გამოძალვა. ანუ ე.წ. პროფესურა მდიდრდება იმის ხარჯზე, რომ სტუდენტს გაფუჭებულ პროდუქტს ასაღებს.