ნინო ბურჯანაძის პარტია საქართველოს „უბლოკო სტატუსთან“ დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ბურჯანაძის თქმით, ნატო-ს მომხრე პოლიტიკური ძალების, ანუ დასავლეთის თვალდახუჭული მომხრეების მხრიდან „უბლოკო სტატუსის“ იდეის ირგვლივ ისტერიაა ამტყდარი და საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამის ხელის შესაშლელად, მათ საპარლამენტო სხდომებიც კი ჩაშალეს.
ნინო ბურჯანაძე ეჭვობს, რომ ეს ქმედება პანიკური შიშით იყო განპირობებული, რადგან „უბლოკო სტატუსს“ ბევრი მომხრე ჰყავს და ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ძალიან მარტივად და სწრაფად შეგროვდება ის ორასი ათასი ხელმოწერა, რომელიც უბლოკო სტატუსის ინიცირების დაწყებას სჭირდება საქართველოს პარლამენტში.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად სურს საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა და ეს შესაძლებელია „უბლოკო სტატუსის“ მინიჭების შემთხვევაში საქართველოსთვის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
რა გამოვა ნინო ბურჯანაძის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში და ეყოლება თუ არა სოლიდური რაოდენობის მომხრე „უბლოკო სტატუსს“, ამის შესახებ პოლიტოლოგებსა და პოლიტიკოსებს ვესაუბრეთ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძის მხრიდან ხელმოწერების შეგროვება პირდაპირ საარჩევნო კამპანიის დარღვევაა. უბრალოდ, ნინო ბურჯანაძემ ამით მოძებნა რაღაც ფორმა და ამ ფორმით ახდენს არა მარტო „უბლოკო სტატუსის“ იდეის პოპულარიზებას, არამედ ცდილობს ამომრჩეველთან უშუალო აგიტაციის ჩატარებას.
პოლიტოლოგის თქმით, რა თქმა უნდა, საქართველოში იქნებიან „უბლოკო სტატუსის“ მომხრეები, მაგრამ ეს არ იქნება ამომრჩევლის დიდი რაოდენობა.
„თეორიულად რამდენად რეალურია ქვეყნის „უბლოკო სტატუსის“ გამოცხადება?! შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არაფერს შეცვლის. ასეთი ილუზიები მუდამ გვახსოვს საქართველოში, თუნდაც ამ 25 წლის მანძილზე. შორს რომ არ წავიდეთ, იყო ილუზია, რომ, თუ ჩვენ „ესენგეში“ შევიდოდით, ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიმართ და ზოგადად ყოფილი რესპუბლიკების, ახლა კი დანარჩენი სამყაროს მიმართაც ახორციელებს, არ გვიტოვებს არჩევანის გაკეთების საშუალებას. მოსკოვი ხომ აცხადებს, რომ წინააღმდეგია ნატოში საქართველოს გაწევრიანების? მაშინ რა უშლის ხელს, პირდაპირ გამოგვიცხადოს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება სწორედ „უბლოკო სტატუსის“ შემთხვევაში?! რატომ არ შეუძლია ასეთი განცხადების გაკეთება? მაგრამ რეალობა ასეთი არ არის, რუსეთს ჩვენი „უბლოკო სტატუსი“ სულაც არ სჭირდება იმისთვის, რომ მას მართლა ნატოსთან აქვს პრობლემები. ბალტიისპირეთი თუ არის ნატოს წევრი და ის არ უქმნის საშინელ ხიფათს, მაშინ რატომ შეუქმნის ამ საფრთხეს საქართველო? მით უმეტეს, ჩვენს გვერდით თურქეთია, სულ რაღაც ასი კილომეტრის სხვაობაა თურქეთთან, რომელიც დღეს ნატოს წევრია და, რომელთანაც რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს. საქართველომ რა ხიფათი უნდა შექმნას? თუმცა ხიფათი საომარ მოქმედებაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ ჩვენ თუ ნატოს წევრი გავხდებით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სამუდამოდ კარგავს ილუზიას, რომ ოდესმე აღადგენს იმპერიას და საქართველო იქნება ამ იმპერიის შემადგენელი ნაწილი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ამასთან, განმარტავს, ხვალვე რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, კატასტროფული შედეგი დაიდება რუსეთისთვის და არა დასავლეთისთვის, რადგან არანაირი ანტიდასავლური განწყობა ჩვენს ქვეყანაში არ არის. უბრალოდ, ჩვენმა ხალხმა არ იცის, რა ხდება რუსეთში და როგორია იქ სოციალური მდგომარეობა. მისივე თქმით, აქ გამოსავალი ერთადერთია. როგორც კი ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ოფიციალური სამუშაოს მიღება ევროპაში. ამის შემდეგ „უბლოკო სტატუსის“ თემა საბოლოოდ დაიხურება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძის მხრიდან ხელმოწერების შეგროვება უბრალოდ პროპაგანდაა და ჩვეულებრივი საარჩევნო თუ არასაარჩევნო ტრიუკია, რადგან რეალურად ბურჯანაძე ამას ვერ აკეთებს კანონის გზით.
„ნინო ბურჯანაძეს სურს, თავი მოუყაროს პრორუსულ ძალებს საქართველოში და ყველა თავისკენ გადაიბიროს, რადგან გაყოფილია ეს სეგმენტი და ეს გაყოფა მათ არ აძლევთ საშუალებას, გარანტირებულად მოხვდნენ პარლამენტში. „უბლოკო სტატუსი“ შეუძლებელია. მილიონი ხელმოწერა რომც მოაგროვოს, არც ერთს არ ექნება იურიდიული ძალა, რადგან პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს გადაეცა ეს უფლება, შესაბამის ფორმებთან ერთად, და ასეთი რამ არ მომხდარა, ამის შესახებ არ შედგა კომიტეტის სხდომა. უბრალოდ, ბურჯანაძე ხმებს აგროვებს ასეთი ფორმით. თუ მე დავდივარ კარდაკარ, ის დადის „უბლოკო სტატუსით“, - აღნიშნა ლევან ბერძნიშვილმა.