ოთარ დანელია, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარდგენილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში მთავრობის ბოლო სხდომას დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა უკვე ყოფილ მინისტრს მადლობაც გადაუხადა და წარმატებებიც უსურვა. თავად დანელიას მის შემცვლელზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექს-მინისტრი დავით კირვალიძე ჩიბარებს.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, კირვალიძეს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება გიორგი კვირიკაშვილმა უკვე შესთავაზა, თუმცა თავად კირვალიძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, აღნიშნულზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
„კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე. თბილისში არ ვარ. რომ დავბრუნდები, დეტალებზე მერე ვისაუბროთ დეტალურად, რა იყო და როგორ“, - აცხადებს დავით კირვალიძე.
ირკვევა, რომ მთავრობის მეთაურს დავით კირვალიძის დაბრუნება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, რაც ყოფილმა პრემიერმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კირვალიძე მისი ფავორიტი მინისტრი იყო.
„კარგად ავხსენი მედიასთან შეხვედრაზე, როგორ არ დავინდე, როცა კითხვის ნიშნები გაჩნდა, რომ შეიძლება სამინისტროში ყოფილიყო სამართალდარღვევა. კირვალიძის ბრალეულობა არ დამტკიცდა და დღესაც ის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პაროვნებაა. მქონდა გიორგი კვირიკაშვილთან საუბარი, რომ კარგი იქნება, თუ ახალ გუნდში კირვალიძეს დააბრუნებ მეთქი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
იმ დროს, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ერთ-ერთი იყო, რომელიც დაკავებულებისა და დავით კირვალიძის უდანაშაულობაზე საუბრობდა. ცისკარიშვილი, რომელიც დეტალურად იცნობს ე.წ. ტრაქტორების საქმეს, ამბობს, რომ ივანიშვილს ძალიან დაუგვიანდა სატელევიზიო „რევერანსები“ მის მიერვე არაერთხელ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფილი, ღირსეული თანამემამულისა და წარმატებული ყოფილი მინისტრის, ამჟამად კი, სოფლის მეურნეობის დარგში ფართო საერთაშორისო აღიარების მქონე პროფესიონალის და რეფორმატორის, დავით კირვალიძის მიმართ.
„მეოთხე წელია, ბატონმა ბიძინამ ვერა და ვერ მოიკრიფა ძალა, რომ საჯარო ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, სრულიად უდანაშაულო ბატონ კირვალიძისა და მისი ექვსი კოლეგისთვის, ე.წ. „ტრაქტორების საქმეში“ საკუთარი არაჯანსაღი პოზიციის გამო, რაც, ფაქტიურად, საყოველთაოდ სახელგატეხილი მაღალჩინოსანი პროკურორის და დამონებული მოსამართლის დაუფარავ ადვოკატირებად აღიქმებოდა.
ძალიან გამიჭირდება ვიფიქრო, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (ვაშინგტონი, აშშ) მმართველი ექვსწევრიანი საბჭოს ერთადერთი არაამერიკელი წევრი დავით კირვალიძე სერიოზულად აღიქვამს ივანიშვილის წინასაარჩევნო მიპატიჟებას. მით უმეტეს, თუ მას გაახსენდება, რომ 2013 წლის დამლევს, ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან ანალოგიური მიპატიჟება მიიღო მინისტრის სავარძლის კვლავ დასაკავებლად და რამდენიმე დღეში, მოულოდნელად, ამ სავარძელში ჩაჯდომა დაასწრო დღევანდელმა წარმატებულმა მინისტრმა. საკუთარი ტელევიზიის გამოყენება სიცრუის ტირაჟირებისთვის ხომ არახალია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დავით კირვალიძე „ქართული ოცნების“ მთავრობის პირველი მინისტრი იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა. მიზეზი კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავება გახდა, რომელთაც კორუფციულ გარიგებაში ედებოდათ ბრალი, თუმცა გამოძიებით მათი კორუფციაში მონაწილეობა არ დადასტურდა.
სწორედ, ე.წ. ტრაქტორების საქმე იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მაშინ უკვე წარმატებული მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩამოშორდა. მაშინ ძალიან ბევრს საუბრობდნენ ამ საქმეში გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის პირად ინტერსებზე, რომ სწორედ ნაცვლიშვილმა შექმნა „ტრაქტორების“ საქმეზე „მტკიცებულებები“, რომლის საფუძველზე 5 პირი დააკავეს.
მოგვიანებით კი, სასამართლომ დაადასტურა, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმე შეკერილი იყო. ახალი ხელისუფლების პირობებში ეს იყო პირველი გახმაურებული საქმე, რომელშიც 5-ვე ბრალდებული სასამართლომ გაამართლა, არ დადსტურდა ამ საქმეში კირვალიძის შემხებლობა, შესაბამისად, საქმეც დაიხურა.
ამ სკანდალურ საქმეში იმდენად აშკარა იყო დაკავებულთა უდანაშაულობა, რომ 2013 წლის 13 ივლისს საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა, კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგმა, მაშინ სპეციალური წერილით მიმართა გენერალური პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც ამ საქმის მთავარ ფიგურანტად სახელდებოდა. ჰამერბერგი წერს, რომ დაკვირვებით შეისწავლა საქმე და არაა დარწმუნებული, რომ ეს არის მყარი საქმე დაკავებულთა წინააღმდეგ.
მეტიც, ამავე წერილში ჰამერბერგი ამბობს, რომ ვერ ხედავს ამ პირებისთვის თავისუფლების შეზღუდვის გაგრძელების მიზეზს. ჰამერბერგი ამავე წერილში წერს, რომ მისი შეშფოთება ამ საქმის თაობაზე აცნობა პრემიერ-მინისტრს და წერს, რომ დაკავებული ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
ჰამერბერგის ეს სკნადალური წერილი მაშინ პროკურატურამ დამალა. თუმცა, ამ წერილიდან ზუსტად 16 დღეში, აბსოლუტურად მოულოდნელად, კვირა დღეს, პროკურატურის მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. დაკავებულებს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. მოგვიანებით კი, პროკურატურამ საქმეზე განრიდება გააკეთა.
მოგვიანებით, ე.წ. ტრაქტორების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ, მას შემდეგ რაც ზედიზედ მოხდა მისი დაბარება მოწმის სტატუსით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, დუმილი დაარღვია და საბოტაჟის ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის შიგნით თუ გუნდის გარეთ, არაკეთილისმსურველთა ჯგუფი იყო.
„ის, რომ ასეთი რაღაც ხდება, ფაქტია, გუნდის შიგნით ან გუნდის გარეთ, არაკეთილისმსურველთა ჯგუფი იყო. როგორც მოგახსენეთ, იყო საბოტაჟის ფაქტები, იყო პირდაპირი ხელშეშლა, მაგალითად, ბარათების დარიგების დროს, მოსახლეობას აფრთხილებდნენ, არ აიღოთ, ხელი არ მოკიდოთ ბარათებსო. იყო ხელშემშლელი ფაქტები, როდესაც ქვიშაგარეული საწვავი ჩაასხეს, რათა ტექნიკა დაზიანებულიყო. ყველაფერ ამას სხვა სახელი არ აქვს, გარდა საბოტაჟისა. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ საქმე კარგად არ გაკეთებულიყო“, - აღნიშნა დავით კირვალიძემ.
კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან კირვალიძემ მაშინ თავი შეიკავა, მაგრამ ამ სკანდალური განცხადების მიუხედავად, გამოძიება არ დაინტერესებულა ვის ინტერესში იყო, რომ საქმე კარგად არ გაკეთებულიყო. ვინ და რატომ შეკერა მტკიცებულებების გარეშე ე.წ. ტრაქტორების საქმე, ეს კითხვა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ძნელი სათქმელია იმ გახმაურებული საქმის შემდეგ, რატომ არ იყო გამოყენებული სახელმწიფო სტრუქტურებში კირვალიძის პოტენციალი და გამოცდილება. ფიქრობს, რომ მიზეზი ალბათ, თავად კირვალიძეშია - მან აირჩია თავისუფალ პროფესიონალად დარჩენა, კერძო სტრუქტურებთან და ფონდებთან ურთიერთობა. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ კირვალიძემ ასეთივე არჩევანი გააკეთოს სხვა შეთავაზების შემთხვევაშიც.
„არ გამოვრიცხავ, რომ კირვალიძემ, რომელმაც მინისტრის თანამდებობა უკვე გაიშინაურა, უარი თქვას ამ სავარძელში დაბრუნებაზე. საუბარი კირვალიძის თაობაზე მისასალმებელია, რადგან ის მაღალი პროფესიონალია. მაგრამ მოდით, ვინ იქნება მინისტრი - ეს საკითხი გადასაწყვეტად დავუტოვოთ იმ მთავრობის ხელმძღვანელს, რომელიც არჩევნების შემდეგ დააკომპლექტებს მთავრობას.
მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანისთვის შეუთავაზებიათ მინისტრის თანამდებობა, მაგრამ უარი უთქვამს. ასე არ არის, რომ მინისტრის სავარჯელში ჩაჯდომას ყველა სიხარულით ეთანხმება. ამიტომ, მიჭირს თქმა, რა იქნება მომავალში.
თუ კვირიკაშვილი იქნა მომავალი პრემიერი და „ოცნების“ უმრავლესობაზე აიგო კაბინეტის ფორმირება, არ მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც ცალსახა იყოს სიტუაცია. რადგან კვირიკაშვილის დანიშნული სოფლის მეურნეობის მინისტრიც მოწონებული მინისტრია. ალბათ, ასე ცალსახად არ იქნება გადაწყვეტილი ამ თანამდებობის ბედი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.