ვის გადაულოცავს ლტოლვილთა ახალ ნაკადს დონალდ ტუსკი?!

ვის გადაულოცავს ლტოლვილთა ახალ ნაკადს დონალდ ტუსკი?!

„ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად, ამოწურულია“, - ამ მძიმე რეალობის შესახებ განცხადება დონალდ ტუსკმა ჩინეთში „დიდი ოციანის“ ფარგლებში გააკეთა.

ამასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ამ ტვირთის ევროპასთან ერთად განაწილებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალურ შედეგთა მოტანა.

„ჩვენ მსოფლიოში 60-70 მილიონ იძულებით გადაადგილებულ პირზე ვსაუბრობთ, ამ მოვლენას ადგილი აქაც აქვს და აზიაშიც“, - განაცხადა ტუსკმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი მხოლოდ სირიელ თავშესაფრის მაძიებლებზე არ არის.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება დონალდ ტუსკმა ჩინეთში გააკეთა, ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მან სამიზნედ შეარჩია სწორედ ჩინეთი, რომელსაც ლტოლვილების შეფარება ხელეწიფება? აქვს კი საერთაშორისო თანამეგობრობას იმის სურვილი და შესაძლებლობა, რომ დონალდ ტუსკის მოწოდების კვალდაკვალ ევროპასთან ერთად გაინაწილოს ეს ტვირთი?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დონალდ ტუსკის ეს განცხადება საკმაოდ საინტერესოა და ეს განცხადება ჩინეთში შემთხვევით არ გაკეთებულა. ფაქტობრივად, ტუსკმა ამით არა მარტო ჩინეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, საქართველოსაც მოუწოდა, გადაინაწილონ ეს პასუხისმგებლობა.

ამიტომ ვახტანგ მაისაია თვლის, რომ გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში ჩვენი საკითხიც დადგეს და ვიზა-ლიბერალიზაციის თემის კონტექსტში გარკვეულ წინაპირობადაც დაფიქსირდეს, რომ საქართველოც ჩაერთოს ამ საქმეში.

„დონალდ ტუსკმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ევროკავშირი რთულ ჩიხშია შესული, რამაც შეიძლება სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს ევროკავშირში. ეს ერთგვარი SOS მოწოდებაა. სიტუაცია არასახარბიელოა. პირველად მოხდა, რომ ტუსკმა დააფიქსირა, ევროკავშირი მზად არ არის არალეგალი მიგრანტების მისაღებად. მსოფლიოს „დიდ ოცეულზე“ იხილება გლობალური საკითხები. ამიტომ ტუსკის მოწოდება „დიდი ოცეულის“ ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ბუნებრივია, ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირის წევრობისკენ და გარკვეული ვალდებულებაც გაგვაჩნია. ცხადია, ლტოლვილოების მიღების სურვილი არავის აქვს, ეს სურვილი ვინმეს რომ ჰქონოდა, ამ შეთავაზებას უფრო ადრეც გააკეთებდა. ისიც ფაქტია, რომ სირიიდან წამოსული ლტოლვილები ჩინეთამდე ვერც მივლენ, პირველ რიგში, ისინი შემოვლენ საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში... ამიტომ ჩინეთის მისამართით გაკეთებული განცხადება შეიძლება ფორმალურ ხასიათს ატარებდეს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

შეკითხვის საპასუხოდ, ტერორისტული საფრთხიდან გამომდინარე, შეუძლია თუ არა საქართველოს სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების მიღებაზე უარის თქმა, აღნიშნა, რომ უარის თქმა შეგვიძლია და ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა. თუმცა ვიზა-ლიბერალიზაციის საეჭვოდ გადაწევა შეიძლება იმასაც უკავშირდებოდეს, რომ ევროკავშირმა ქართველებსაც დაუსვას ეს საკითხი.

რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ისედაც საკმაოდ არიან მომრავლებულნი არალეგალი მიგრანტები, ისინი თბილისის ქუჩებშიც დადიან და აქედან რამდენია მართლა მიგრანტი და რამდენი გადაცმული მიგრანტი, არავინ იცის. უფრო მეტიც, ვახტანგ მაისაიას აზრით, საქართველო დღეს შავი ტრანზიტის ყველაზე იდეალური კორიდორია.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ლტოლვილებისა და ეკონომიკური მიგრანტების მიღების სურვილი შესაძლოა ჰქონდეს გარკვეულ პასუხისმგებლიან ძალებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. თუმცა თავად მიგრანტებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ილტვიან უკეთესი ცხოვრებისკენ, მშვიდობისკენ, თავის გადარჩენისკენ, მიზნად აქვთ დასახული მხოლოდ ევროპაში დამკვიდრება და იმ მაღალი სოციალური გარანტიების მიღება, რომელიც დღეს ევროპაშია. ამდენად, რომც იყოს ასეთი შეთავაზება, მიგრანტები არც მიიღებენ.

„უახლოეს მომავალში მსოფლიო პოლიტიკაში არ მესახება ისეთი რადიკალური ცვლილება, რომ ევროპა აღარ იყოს აღთქმული მიწა უამრავი ლტოლვილისთვის. დონალდ ტუსკის წუხილი ჩემთვის გასაგებია და ეს უფრო გამომდინარეობს იმით, რომ ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მიუღებელია მიგრანტთა ნაკადი. ცნობიერების თვალსაზრისით იქ განსხვავებებია. სხვა მენტალიტეტი აქვთ ევროკავშირის ახალ წევრებს, ძველ წევრებში კი გარკვეულწილად გაცოცხლებულია ნაციონალისტური ხედვები და მიდგომები. საუბარია თუნდაც გერმანიაზე. ევროპელები უკმაყოფილონი არიან, თორემ ევროკავშირის პოლიტიკური და ფინანსური ელიტა არ არის რადიკალურად განწყობილი ამ ტენდენციის მიმართ. ისინი დაუშვებდნენ კიდეც მიგრანტთა ამ ტალღის აბსორბციას. თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ტალღით არ დამთავრდება მიგრაციის პროცესი, რადგან უკეთესი მომავლის ძიების სურვილი მხოლოდ ამ 60-70 მილიონ ადამიანს არ აქვს. მსოფლიოში დაახლოებით სადღაც 2 მილიარდამდე ადამიანი პოტენციურად მზადაა, გადაადგილდეს უკეთესი ყოფის საძიებლად. ვგულისხმობ იემენს, „დავიწყებულ ომს“ რომ ეძახიან, ასევე, ბანგლადეშსა და პაკისიტანს, სადაც ჯერ კიდევ ვერ დამდგარან განვითარების გზაზე. ამას ემატება აფრიკა, თავისი უზარმაზარი ადამიანური პოტენციალით და სოციალური პრობლემებით. ეს პროცესი მოკლე დროში გადასაწყვეტი არაა. ამიტომ უნდა შემუშავდეს ახალი პოლიტიკა“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე და განმარტავს, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია გაეროს რეფორმირება.