„ემოციებმა ცუდი სამსახური გაუწია ხიდაშელს“

„ემოციებმა ცუდი სამსახური გაუწია ხიდაშელს“

გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეები საზღვაო წესით დაკრძალეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მცირე ზომის მცურავი საშუალებიდან ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. სამხედრო წესის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ზალპი დასცეს. გონიოს სანაპიროზე, სადაც სამხედროების დაკძალვის ცერემონია გაიმართა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, ილია მეორე იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა მხარემ ძიების ოპერაცია შეწყვიტა, ქართულმა მხარემ დაკარგული ჯარისკაცების ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით საერთაშორისო პარტნიორებს შესაძლოა, კვლავ მიმართოს.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსების ფარგლებში წვრთნები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები შეჩერებულია. მინისტრის განმარტებით, წვრთნები დროებით შეჩერდება და მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორიც გონიოში დაფიქსირდა.

ლევან იზორიას განცხადებით, პირებს, რომლებიც გონიოში წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერთიფიკატი არ გააჩნდათ. მისივე თქმით, დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები. მინისტრის განცხადებით, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, კერძოდ ის, რომ წლების განმავლობაში არ არსებობდა და 2011 წელს დაიწყო მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ამის მიუხედავად არ არსებობდა კონკრეტული პროცედურები, რომლითაც უნდა წარმართულიყო აღნიშნული წვრთნები.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც წვრთნები ეხება თითოეული ადამიანის, ამ შემთხვევაში ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, აუცილებელია არსებობდეს მსგავსი პროცედურები. თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდათ იმ პიროვნებებს, ვინც ახორციელებდა ამ წვრთნებს.

ხაზგასმით ვამბობ - ინსტრუქტორის სერთიფიკატი და არა მყვინთავის სერტიფიკატი. აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს უწყებაში დამატებით მოვიკვლიეთ, ამ 6-7 წლის განმავლობაში ოფიციალურად არსებობდა თუ არა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი. სამწუხაროდ, ასეთი ვერსად აღმოვაჩინეთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებას, რომ თანახმადაც წვრთნებს არასერტიფიცირებული ინსტრუქტორები ატარებდნენ, პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, რომლებიც ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება არასწორია.

„ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკებდახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, მაგრამ ასეა, ჩვენ რა ვქნათ - ვართ იმ განვითარების საფეხურზე, სადაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მოქმედი თავდაცვის მინისტრის განცხადება მისივე წინამორბედის კრიტიკის საფუძველი გახდა. როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, ლევან იზორია, როგორც ჩანს, ვერ ერკვევა სად არის, რომელი უწყების ხელმძღვანელია და რაღაც სხვა სამინისტროში ერევა იქაურობა. მისივე თქმით, ის განცხადებები, რომელიც ბოლო 2 კვირაა თავდაცვის მინისტრისგან ისმის, შეურაცხმყოფელია საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის.

„ამ ადამიანმა გაბედა და თქვა, რომ საქართველოს შეირაღებულ ძალებში მასობრივი დანაშაული იყო თურმე ჩადენილი. როგორც ჩანს, მას არ ესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა და ხარისხის, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებს შეირაღებულ ძალებს. არც მასობრივ დანაშაულს სჩადის ჩვენი ჯარი და ინსტრუქტორებიც კარგი გვყავს. არ ავყვები ლევან იზორიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს და ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი 8 ოქტომბრამდე.

თუმცა, ვისურვებდი, რომ ნაკლები დანგრევა მოასწროს მან და ვისურვებდი საქართველოს პრემიერმა მეტი ყურადღება მიაქციოს, რა ხდება თავდაცვის სამინისტროში ბოლო 2 კვირის განმავლობაში. როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა. როგორც ჟურნალისტებმა მითხრეს, ჩემსკენ გამოიშვირა ხელი. მე ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩლექვით ველაპარაკო. აუცილებლად, მომავალ კვირას საჯარო განცხადებას გავაკეთებ იმ ძალიან ბევრ უკანონობაზე, იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ვნებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

წინამორბედის მწვავე კრიტიკის საპასუხოდ კი მოქმედი მინისტრი აცხადებს, რომ ხიდაშელი, ისევე როგორც ყველა, ჯარისკაცის უსაფრთხოებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა მისი კრიტიკით. მინისტრის განცხადებით ვალდებულია ხარვეზებზე საჯაროდ ისაუბროს.

„ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს. ამ დიდი ოჯახის წევრების ვალდებულებაა, ეს საკითხი პოლიტიკური კინკლაობის თემად კი არ ვაქციოთ, არამედ ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთ და თუ ხარვეზი გვაქვს, ერთმანეთს მისი გამოსწორება მოვთხოვოთ. მე არსად არ მითქვამს ჯარისკაცების მასობრივ დანაშაულზე. ვთქვი, რომ სერიოზული დანაშაული იკვეთება, როცა ჯარისკაცის უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამას საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვეტყვი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ლევან იზორიას ღიად პირველად მაშინ დაუპირისპირდა, როდესაც ამ უკანასკნელმა სუს–დან თავდაცვის სამინისტროში გადმოინაცვლა. როგორც მოვლენები აჩვენებს, ტრადიაციად ჩამოყალიბდა საქართველოში თავდაცვის მინისტრების წასვლის შემდეგ კრიტიკა უწყების პირველი პირის მიმართ, რაც სამხედრო ექსპერტების განცხადებით, უწყების ეფექტურობაზე უარყოფითად აისახება.

სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ არასწორი იყო ლევან იზორიას განცხადება შეიარაღებულ ძალებში მასობრივ დანაშაულზე.

„არა მგონია, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან ეს კორექტული განცხადება იყოს. ვფიქრობ იზორიამ ცოტა გადაამეტა ამ საკითხში. გამოდის, - მე მოვედი და მე აღმოვაჩინე ეს ყველაფერი, - რაც ზოგადად, ცუდია შეიარაღებული ძალებისთვის და ხელისუფლებისთვის. რას ამბობს იზორია ამით, აქამდე არაფერი არ კეთდებოდა შეიარაღებულ ძალებშიო? ეს ხომ ხელისუფლებისთვის უფრო დამაზიანებელია.

რაც შეეხება ხიდაშელს, ვფიქრობ, რომ უმჯობესია თავი შეიკავოს ძალიან ხისტი განცხადებისგან, მით უმეტეს პირველ ეტაპზე. თავის დროზე ქალბატონი თინაც იყო მინისტრი და აკეთებდა მსგავს განცხადებებს, რაც არ იყო სწორი. ამიტომ, მისცეს მინისტრს საშუალება, რომ იმუშაოს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ძალიან სათუთი თემაა და მით უმეტეს, რომ მშობლების მძაფრი რეაქცია ითხოვს პასუხს და გარკვეულ პასუხისმგებლობას უჩენს სამინისტროს ოჯახის მიმართ.

„ამიტომ, არ გამკვირვებია იზორიას ფორმულა და არც არის გასაკვირი. რისკენ უბიძგებს ხიდაშელი იზორიას, თუ დანაშაული ხდება ჯარში, დაფაროს და არ გაამხილოს?! ეს არის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი, რომელზედსაც რესპუბლიკერლები აკეთებენ აქცენტს?! ემოციებმა ცუდი სამსახური გაუწია ხიდაშელს, არა მარტო კონკრეტულ თავდაცვის საკითხიში, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაში ევროპული სტანდარტების მიმართაც გადააცდინა იმ კურსს, რომელიც რესპუბლიკელებისთვის არის დამახასიათებელი. ევროპული სტანდარტია, რომ სიმართლე უნდა ითქვას და თუ დამნაშავე არსებობს, ის უნდა დაისაჯოს. ევროპული სტანდარტი არ ამბობს, რომ ხელი უნდა დააფარო დამნაშავეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.