"არიან თუ არა კავშირში დაკავებულები 2 სექტემბერს მომხდარ მკვლელობასთან"

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელა“, - ასე იწყება ტექსტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლები გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიზე და გიორგი ფეიქრიშვილი დააკავეს. სანამ დაკავების დეტალებს მოგითხრობდეთ, გეტყვით, რომ გიორგი ყანჩაველი - წარსულში ნასამართლევია 236-ე მუხლის 1 ნაწილით (იარაღი) და 238-ე პრიმა მუხლით (დანა). მამამისი - წარსულში ნასამართლევი, ჟორიკა რურუას ნათლული, ვერის საძმოდან, ნაცმოძრაობის ზონდერი, გივი თარგამაძის მეგობარი. ფლობს მიწებს იპოდრომსა და ლისზე. ნოდარ ნიშნიანიძე - 2015 წელს საბურთალოზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გოჩა ვეფხვაძე, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე. რამდენიმე დღის შემდეგ დაიჭირა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით და პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. (დაჭრილმა არ დაადასტურა, რომ მან დაჭრა). ფიგურირებს თბილისში მომხდარ არაერთ კრიმინალურ გარჩევაში. წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობაზე, ხულიგნობაზე და გამოძალვაზე. გიორგი ფეიქრიშვილი - წარსულში ნასამართლევია.  დაჭერილი იყო იარაღის უკანონო ტარებაზე და 9 თვის შემდეგ რუსთავის სასამართლომ გაამართლა. მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევებში. მისი ტყუპისცალი ძმა დღემდე იხდის სასჯელს იარაღზე. წარსულში ისიც ნასამართლევია.

კრიმინალური წარსულის გარდა, ამ სამეულს ის აერთიანებს, რომ სამივე მათგანი 2 სექტემბერს, სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის დაკავებული ბადრი ნათობაძის, იგივე ბადუკას მეგობარია. პარალელურად, მათ, როგორც ყოფილი ხელისუფლების ზონდერებს, ისე მოიხსენიებდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ ბადუკასთან ერთად, ეს სამეული ხალხის დარბევასა და ცემაში მონაწილეობდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პირებს კონფლიქტი ჰქონდათ აწ გარდაცვლილ ჯოხაძესთან და ის, რომ თავად ჯოხაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდად არ ეპიტნავებოდა, კარგად მოგეხსენებათ. აღნიშნულ ოთხეულს ნაციონალების დროს ყველაფერი ეპატიებოდა, ქუჩაში იარაღით სიარული, ხალხის დაჭრა, მოკვლა. გარდა იარაღისა, სამართალდამცავებმა ყანჩაველს ნარკოტიკიც ამოუღეს და მას ნარკოტიკული თრობაც დაუდგინეს.

არიან თუ არა კავშირში დაკავებულები 2 სექტემბერს მომხდარ მკვლელობასთან, მალე გაირკვევა.