იურისტები „ნაციონალური მოძრაობის“ კვალზე საუბრობენ

იურისტები „ნაციონალური მოძრაობის“ კვალზე საუბრობენ

პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღება შესაძლებელი ხდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესი დამტკიცდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრძანებაში გაწერილია პირობები პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის, აგრეთვე, სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ ფოტოგადაღების განხორციელების წესის შესახებ. ასევე, ბრძანებით არის დარეგულირებული დაწესებულებებში ფოტოაპარატის შეტანის და შემოწმების პროცედურები.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ, ბრძანებით გათვალისწინებული ფოტოსურათების გამოყენება შეიძლება მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის და დაუშვებელია მათი საჯაროდ გამოქვეყნება.

უფლებამოსილების განხორციელებამდე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები, დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვის თაობაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალურ კურსს გაივლიან. ბრძანება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ, სახალხო დამცველთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად მომზადდა“, - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

იურისტი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების შესაძლებლობა რევოლუციური გადაწყვეტილებაა, რასაც წლების განმავლობაში ითხოვდნენ იურისტები, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება არათუ ფოტოგაღებას, არამედ პატიმარს ადვოკატისთვის წერილის გადაღების შესაძლებლობასაც არ აძლევდა.

„მოვისმინე, რომ პენიტენციალურ დაწესებულებაში არაადამიანურად ეპყრობიან პატიმრებსო, როგორ ფიქრობთ, თუკი კახიშვილის უწყება არაადამიანურად ეპყრობა პატიმრებს, ფოტოგადაღების უფლებას აძლევს მსურველებს? დავიწყოთ იქიდან, რომ 9 წლის განმავლობაში მუდმივად იყო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მე-7 დაწესებულებაში, სადაც გარკვეული მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ჰყავდათ, არ იყო შესაბამისი პირობები, რასაც ადვოკატები უშედეგოდ ვაპროტესტებდით.

2012 წლის შემდეგ გარემონტდა მე-6 დაწესებულება, სადაც გადაყვანილი იქნა მე-7 დაწესებულებიდან პატიმრები. რაც შეეხება პირობებს, შედარებაც არ შეიძლება. ეს არის მკაცრი დაწესებულება და ბუნებრივია, რომ გარკვეული შეზღუდვები არის.

ეს არის ციხე, არ შეიძლება ციხე და საბავშო-ბაღი გავაიგივოთ ერთმანეთთან. დღეს პენიტენციალურ დაწესებულებებში არ ხდება არაადამიანური მოპყრობა, პირიქით, ყოველდღიურად ვითარდება ეს სტრუქურა. ერთეული გამონაკლისები შესაძლებელია მოხდეს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, და ცოტა ხნის წინ მომხდარიც ის შემთხვევა იყო, როდესაც რაღაცა ჯგუფი ორკესტრირებულად მოქმედებდა იმისთვის, რომ პატამირი გაქცეულიყო სასამართლოს შენობიდან და შემდეგ, უკვე, მის ოჯახის წევრს შესაბამისი განცხადება გაეკეთებინა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი, ცვლის უფროსის მოადგილე და გუშაგი-ბადრაგი. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.

სასამართლოდან გაქცეული პატიმრის და აცხადებს, რომ მის ძმას 2 თვით ტელეფონზე საუბრის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული. მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა პატიმრის გაქცევის შესახებ ინფორმაცია სასამართლოზე გაიგეს.

„გაქცევის შემდეგ ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მოსული და მოხდა სახლის დათვალიერება. ჩემს ძმაზე მარტო ერთის თქმა შემიძლია - ძალიან კარგი პიროვნებაა და გაქცევის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდა. ორი თვის განმავლობაში უბრალოდ, დალაპარაკების გამო იყო დასჯილი, ტელეფონზე საუბრის უფლებაც არ ჰქონდა. ეს ორი თვე არც კი გვაგებინებდნენ ცოცხალი იყო თუ მკვდარი, ვერ ახერხებდა კონტაქტს“, - განუცხადა „ინფო რუსთავს“ გაქცეული პატიმრის, ოთარ ვარამაშვილის დამ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს, ოთარ ვარამაშვილს გაქცევასთან დაკავშირებით ბრალი უკვე წარუდგინეს. როგორც მისი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მე-6 დაწესებულებაში, სადაც ვარამაშვილი იმყოფებოდა, ისეთი პირობებია, რომელიც არ შეესაბამება იმ საერთაშორისო ნორმებს, რომელიც გათვალისწინებულია ევროპის ქვეყნებში.

„მაგალითად, ბრეივიკი სადაც სასჯელს იხდის, იქ ასეთი რამ არ შეიძლება, რომ ჩაკეტილი ჰყავდეთ, არ აძლევდნენ ჰიგიენის საშუალებებს, არ აცმევდნენ წესიერად და არ აჭმევდნენ“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

მე-6 დაწესებულებაში და ზოგადად, პენიტენციალურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტს არ ადასტურებენ უფლებადამცველები, რომელთაც ამ სისტემასთან ყოველდღიური ურთიერთბა აქვთ. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელიც წლების განმავლობაში პატიმრების უფლებებზე მუშაობს, აცხადებს, რომ საქართველოს ციხეებში არსებული დღევანდელი ვითარების 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარება არასწორია და წარმოუდგენელია.

„დღევანდელ ციხეებში რომ 2012 წლამდე არსებული ვითარება არ არის, ეს ფაქტია. არავინ არ დაობს იმაზე, რომ პირობები გაცილებით უკეთესია და პატიმრებს ისე აღარ ეპყრობიან, როგორც 2012 წლამდე. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კი ვერ დაობენ, რადგან არ არის ფაქტები, რომ პიროვნება ნაწამები ან ღირსებაშელახული იყოს. ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად არის“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

არაადამიანური მოპყრობის ფაქტს არ ადასტურებს ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომლის განცხადებით, სისტემური ცვლილებები რომელიც 2012 წლის შემდეგ ხორციელდება პენიტენციალურ დაწესებებულებებში, ეს არის რევოლუციური ცვლილებები.

„არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, წამება და სიკვდილიანობა, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა პენიტენციალურ დაწესებულებებეში, წარსულს ჩაბარდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოზარ სუბარმა დაიწყო პენიტენციალური დაწესებულების გაჰუმანურება, რასაც აგრძელებს კახი კახიშვილი. ქართული ციხე გახდა ჰუმანური. მაგალითად, ერთ-ერთ პატიმარს პრეტენზია ჰქონდა იმაზე, რომ არაჟანი და ხაჭო ერთმანეთში გადარეული მოაქვთ, ცალ-ცალკე მინდაო.

რეალურად მივედით იქამდე, რომ პატიმრებს პრეტენზია აქვთ, რომ ხაჭო და არაჟანი ერთად არ მოგვიტანოთ, ცალ-ცალკე მოგვიტანეთო. აქედან გამომდინარე შედარებაც არ შეიძლება. ისეთი სისტემური ცვლილება, როგორიც მოხდა პენიტენციალურ დაწესებულებაში, არც ერთ სხვა სტრუქტურაში არ მომხდარა. ეს არა მხოლოდ საქართველოშია აღიარებული, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიაზაცია ამას ცალსახად ადასტურებს“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ჭკადუა ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი გვაქვს საბოტაჟთან და არ გამორიცხავს, რომ კვალი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ მიდოდეს.

„დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ უწყებებში რჩებიან წინა ხელისუფლების აქტიური თანამზრახველები. ასევე, მუდმივად ვსაუბრობ საბოტაჟზე, რომ გარკვეული პერიოდულობით ეს ადამიანები, რომლებიც დატოვებული არიან სხვადასხვა სტრუქტურებში და განსაკუთრებით ძალოვან სტურქტურებში, მათ შორის პენიტენციალურ დაწესებულებებში, გარკვეული პერიოდულობით იმ ნაღმებს აფეთქებენ, რომელიც წინა ხელისუფლებას აქვს დატოვებული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის დადგმული შოუ და საბოტაჟის ნაწილი წინასაარჩევნოდ. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს კვალი „ნაციონალურ მოძრაობამდე“ მიდიოდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.