საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყანას შორის უსაფრთხო ქვეყნების სამეულში შედის. Numbeo-ის კვლევის თანახმად „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა. მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს სამხრეთ კორეა, მეორეს სინგაპური, მესამე ადგილს კი, საქართველო იკავებს. უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან ტაივანი, იაპონია.
კვლევის თანახმად, საქართველოში დანაშაულის ინდექსი - 19.26, უსაფრთხოების ინდექსი კი 80.74-ია. ყველაზე მაღალი „დანაშაულის ინდექსი“ არის ვენესუელაში, რომელსაც პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკა მოსდევს. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, „დანაშაულის ინდექსში“ - უკრაინა 43-ეა, თურქეთი - 75-ე, რუსეთი - 50-ე, აზერბაიჯანი - 95-ე, სომხეთი კი 99-ე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ აპრილში Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ „დანაშაულის ინდექსში“ 117 ქვეყანას შორის უსაფრთხოების მხრივ საქართველო მეექვსე ადგილზე იყო.
საქართველო, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის მოლოდინშია „Numbeo“-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ხელს შეუწყობს ქვენისთვის უვიზომიმოსვლის მონიჭებას, ასევე ევრპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
საპარლამენტო უმრავლესობი წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ „Numbeo“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ბევრ რამეზე მეტყველებს და კერძოდ იმაზე, რომ სისიხლის სამართლის სფეროში გატარებული რეფორმები და პოლიტიკა ნამდვილად ეფექტურად მუშაობს საიმისოდ, რომ ქვეყანაში მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.
„რა თქმა უნდა, დანაშაულისგან თავისუფალი არც ერთი ქვეყანა არ არის. ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ევროკავშირში და გნებავთ ჩვენს პარტიორ აშშ-ი ხდება დანაშაულებები და საკმაოდ მძიმეც. რაც სახელმწიფო ცხოვრების თანმდევი პროცესია. მაგრამ, რადგან ქვეყანა ფასდება ამგვარად, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, ეს უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის, იგივე ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორაზე დგას საოკუპაციო ჯარი, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ზოგადი სიტუაცია შესაძლებელია არ არის სახარბიელო, მაინც ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი პოზიცია. ნამდვილად ქვეყანას აქვს პრესპექტივა, რომ მოიზიდოს მეტი ინვესტორი და ტურისტი, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ „Numbeo“-ის მონაცემებით პირდაპირ ბმაშია ჩვენს ევრპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, იმ რეფორმებთან, რომელსაც ქვეყანა ატარებს.
„ჩვენ, რომ რეგიონში ჩემპიონები ვართ, ეს არაერთხელ გაჟღერებულა და ამის მოწმენი ყველანი არიან. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატია, მეტად განვითარებული ეკონომიკა და ინვესტიცები არის საჭირო. მაგრამ ის რომ, ბოლო წლების განვალობაში საქართველომ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ამ მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ ბმაშია „Numbeo“-ის მონაცემებთან“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სამეულში შედის, ეს არ გამორიცხავს გარე უსაფრთხოებას. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დღეს 100%-ით დაცული არავიან არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის საკმაოდ აქტიური წევრია, ჯერ-ჯერობით საქართველომ თავი გაართვა და ტერორიზმის საფრთხე ჩვენს ქვეყანაზე არ ასახულა.
„ამიტომ, კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს კონტრდაზვერვითი და ანტიტერორისტული სამუშაოები. ამ მიმართულებით ფულის დახარჯვა და ტექნოლოგიების შესყიდვა ნამდვილად გამართლებული იქნება. უნდა ითქვას, რომ ჩვენ პირდაპირი საფრთხე გვაქვს და იქნება მანამ, სანამ ქვეყანა იქნება ოკუპაციის რეჟიმში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცენტრალური მაგისტრალიდან 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას და ძალიან ინტენსიური სახე აქვს მცოცავ ანექსიას. შესაბამისად - არის საფრთხე.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ აფხაზებს და ოსებს დავანახებთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია, ჩვენი მომავალი ევროპული დემოკრატიაა და არა ის, რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება. ეს იქნება მთავარი და გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის შიდა განვითარებისთვისაც და არა მხოლოდ ტერიტორიების, არამედ ხალხის დაბრუნებისთვისაც, ისევე როგორც რეგიონალური მასშტაბით უსაფრთხოების განმტკიცებისათვის.
ძალიან მყიფეა უსაფრთხოება მსოფლიოში. ვხედავთ, რომ ყოველდღე რაღაცა ხდება, არავინ ამისგან დაცული არ არის და მათ შორის - არც ჩვენ. სწორედ ამიტომ ვართ ჩართული საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში. ამიტომ, მხოლოდ განვითარება, დემოკრატია და მშენებლობა იქნება პასუხი ამგვარი გამოწვევების“, - აღნიშნა for.ge-სთან ვიქტორ დოლიძემ.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ Numbeo-ს კვლევა მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესს. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი დადებითად აისახება ტურიზმის მიმართულებით, რომელზეც ორიენტაცია აქვს საქართველოს და რომლის განვითარებასაც გეგმავს და სწორემ ამიტომ, ინვესტიციების დიდი რაოდენობა სწორედ ტურიზმში იდება.
„ასეთი რეკლამა საქართველოსთვის და რეკლამა იმ მხრივ, რომ მოიზიდოს ტურისტული პოტენციალი, მგონია, რომ ფრიად საშურია. ეს უდავოდ არის ქვეყნის მიღწევა და შეიძლება ითქვას, რომ შიდა უსაფრთხოების პირობები თავად ქვეყანამ უნდა შექმნას. მაგრამ არის კიდევ გარე უსაფრთხოების პირობები და მაგალითად, ევროპის ქვეყნები დღეს ტერორიზმის გამო ბევრს აშინებენ. იცით, რომ იგივე საფრანგეთში ძალიან შემცირდა ტურიზმი, ასეთი გარე საფრთხეების მხრივ მთლად დაზღვეული ჩვენც არ ვართ.
აგერ, რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%, დაძაბულია ურთიერთობაა რუსეთთან. ამ ფონზე, რომ მაინც მესამე ადგილზე ვართ ე.ი. როგორც ჩანს, ქვეყნის შიდა მოწესრიგებულობამ გადაწონა რუსული რისკი და წინა პლანზე წამოიწია საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშივილი თვლის, რომ საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის მესამე ადგილზე წარმოჩენა, მეგობრებს გაუხარდებათ, ხოლო ქვეყნის მტრებს გააღიზიანებს.
„შეგვიძლია ვიამაყოთ, მაგრამ დიდი სიხარულის მომგვრელი არ უნდა იყოს, ვიდრე ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას თავადვე არ უზრუნველყოფთ. მით უმეტეს, რომ ავი მეზობლისთვის ასეთი უსაფრთხო ქვეყანა გამაღიზიანებელია. თან იმ შემთხვევაში, თუკი ასეთ მეზობელ ქვეყნას სათავეში რომელიმე პარანოიკი უდგას. რასაკვირველია, ეს ქვეყანას აძლევს პოზიტიურ დამოკიდებულებას ცივილიზებულ სამყაროში, ხოლო შურს და ბოღმას - ნაკლებად ცივილიზებულ ქვეყნებში, რომელიც რეგიონში არც თუ ცოტაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.