ოპოზიცია ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

ოპოზიცია ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პერიოდი თავმჯდომარის გარეშე მოუწევს ფუნქციონირება, რადგან გიორგი პაპუაშვილი ერთ-ერთია იმ 4 მოსამართლეს შორის, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ოთარ სიჭინავას, ქეთევან ერემაძეს და კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

სავარაუდოდ, თემის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში შემდეგი მოწვევის პარლამენტს მოუწევს, ვინაიდან, ახალი მოსამართლეების არჩევას 76 ხმა სჭირდება. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ 30 სექტემბრამდე ამ ხმების მობილიზება დღევანდელ პარლამენტს გაუჭირდება.

კონსულტაციები კი, პირველი სექტემბრიდან იწყება. სწორედ ამ დროს აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საკუთარი კანდიდატის დასახელებასაც. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და ევა გოცირიძის კანდიდატურები იქნას განხილული.

კანდიდატების წარდგენის ვადა 1-დან 20 სექტემბრამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თემა უფრო აქტუალური ამ პერიოდში გახდება. დასახელებული კანდიდატებიდან ჯერ-ჯერობით არც ერთი არ ადასტურებს კონსულტაციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების თემაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, რომლის განცხადებით, მასთან ამ თემაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

კონსულტაციები არავისთან ჰქონია პრეზიდენტის ყოფილ საპარლამენტო მდივნს გიორგი კვერენჩხილაძეს, რომლის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მისი დასახელების შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყო. თუმცა აქვე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ნებისმიერი იურისტისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა იმდენად მაღალი პატივია და იმდენად მაღალი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი იურისტისთვის, რომ აქ სხვა კითხვის ნიშნები არ არსებობს. საერთოდ, ამ თემაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა“, - აცხადებს გიორგი კვერენჩხილაძე.

კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატების დასახელების უფლება პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს აქვს. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობას კანდიდატების ცალცალკე წარდგენის უფლებამოსილება ეძლევათ. ახალი კანდიდატების დასახელების ვადა 1 სექტემბრიდან იწყება, პრეზიდენტმა, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა და პარლამენტმა არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა უნდა წარადგინონ ახალი მოსამართლეები. მათგან ორ მოსამართლეს ნიშნავს პრეზიდენტი, ერთს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენით პლენუმი, ხოლო ერთი მოსამართლე უნდა წარადგინოს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავარია მოსამართლე მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად იყოს შერჩეული. კობახიძე არ საუბრობს იმაზე, აპირებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, საკუთარი ქვოტით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენას.

„პარლამენტის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე. ჩვენთვის მთავარია, რომ მოსამართლე მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად აირჩეს და საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც არ გამოირჩევიან შესაბამისი კვალიფიკაციით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კანონმდებლობით პრეზიდენტს უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთპიროვნულად შეარჩიოს და არავის შეუთანხმოს. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუკი ამ საკითხზე პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ისაუბრებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა ევა გოცირიძის, ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის კანდიდატურები იქნას განხილული, ვოლსკი აცხადებს, რომ ამ კანდიდატურებთან მიმართებაში კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან დარგის სპეციალისტი არაა.

„კვერენჩხილაძეს ნაკლებად ვიცნობ. რაც შეეხება ევა გოცირიძეს და ირინა იმერლიშვილს, სპეციალისტებისგან ვიცი, რომ კომპეტენტური ადამიანები არიან“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მიუკერძოებლის რეპუტაციით და მაღალი კვალიფიკაციით უნდა სარგებლობდეს. შესაბამისად, კორძაია ფიქრობს, რომ ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე შეგვიძლია მივიჩნიოთ მიუკერძოებელი რეპუტაციის მქონე ადამიანებად.

„მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის სავარაუდო კანდიდატების შეფასებას, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ეს კანდიდატები მათთან რაიმე სახის კონსულტაციების წარმოებას უარყოფენ. მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი ადამიანის რეპუტაციისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე.

გიორგი კვერენჩილაძე და ირინა იმერლიშვილი ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ ასეთ ადამიანებად და მე მათ კანდიდატურებს მივესალმებოდი, მაგრამ დღეს რეალობა ისეთია, რომ ეს პარლამენტი თავის მიერ დასახელებულ კანდიდატს ვერ აირჩევს, ვინაიდან ამისთვის 76 ხმა სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ 30 სექტემბრამდე ამ ხმების მობილიზება დღევანდელ პარლამენტს გაუჭირდება“, - აცხადებს თამარ კორძაია.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ნინო გოგუაძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მთავარია კომპეტენცია და პრინციპულობა, რათა მან გაუძლოს ხელისუფლების ზეწოლას, ასევე შესაძლო ზეწოლებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან.

ნინო გოგუაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“  ხელისუფლება წავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ გზით. მან დაიწყო და მოიპოვა გავლენები საერთო სასამართლოებზე, ახლა ცდილობს მოიპოვოს გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ეს დაუშვებელია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის.

„თუ პოლიტიკური ნება იქნა, ამ მოწვევის პარლამენტს შესაძლებლობა და დროც აქვს, რომ ეს მოსამართლეები დაამტკიცოს. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ პროცედურებში მონაწილეობას, სხდომაშიც, თუ ასეთი დაინიშნა და უმრავლესობამ შექმნა კვორუმი. მაგრამ უმრავლესობა ძირითადად დაკავებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებით. მათ არ სურთ, რომ სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მართალი გითხრა, მე ძალიან მეეჭვება ამ მოწვევის პარლამენტმა შეძლოს კანდიდატების დამტკიცება. როცა კვორუმი არის მათ ხელში და თუ პარლამენტი არ შეიკრიბა, რა თქმა უნდა პროცედურები ვერ შედგება“, - აცხადებს ნინო გოგუაძე.

რაც შეეხება მოსამართლეობის შესაძლო კანდიდატებს, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკორატები“ ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

„ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს პოზიცია ევა გოცირიძესთან დაკავშირებით, მის მიმართ არსებობს ძალიან რაციონალური მოსაზრება, რომ იგი ასრულებს ხელისუფლების დაკვეთებს და როგორც უკვე ვთქვი, სასამართლო აუცილებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის დაკვეთისაგან თავისუფალი იყოს, ამიტომ მხარს არ დავუჭერთ. მგონი ის პარლამენტის კვოტით არის. პრეზიდენტს აქვს ორი ადამიანის დასახელების უფლება, ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, როგორც გავიგეთ, თუ ეს კანდიდატები იქნება, უპირობოდ დავუჭერთ მხარს. მაგრამ ევა გოცირიძისნაირ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ“, - აცხადებს ნინო გოგუაძე.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა ერთნაირი, თავსებადი კრიტერიუმებით, მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფითა და საზოგადოების ჩართულობით უნდა წარიმართოს. მისივე თქმით, მხოლოდ ეს იქნება პოლიტზეწოლის და პოლიტმოტივირებული გადაწყვეტილებების რისკების პრევენცია.

„დახურული რეჟიმი მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს, ეცდება მიაღწიოს მიზანს უზენაეს სასმართლოშიც. პრეზიდენტს უკვე აქვს შექმნილი პრეცედენტი მოსამართლეების თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევისას. პრეზიდენტმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატების ნომინირებისას უნდა უზრუნველყონ დემოკრატიული ტრადიციების დამკვიდრება, სხვა შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში ისინიც გაინაწილებენ პასუხისმგებლობას დამდგარ მძიმე შედეგზე“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.