საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანტია შესაძლოა, ირინა იმერლიშვილმა მოისხას

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანტია შესაძლოა, ირინა იმერლიშვილმა მოისხას

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს 30 სექტემბერს უფლებამოსილება ეწურება, რომლის შემცვლელად პოლიტიკურ კულუარებში სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა სახელდება.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად შესაძლოა, ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე წარადგინოს.

წყაროს ცნობით, იმერლიშვილისა და კვერენჩხილაძის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლო წევრებად საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და ევა გოცირიძე მოიაზრებიან. კერძოდ, გიორგი კახიანი შესაძლოა, პარლამენტის მიერ იქნეს არჩეული, ხოლო ევა გოცირიძე უზენაესი სასამართლოს პლენუმმა წარადგინოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ახლებურად განისაზღვრა, რომელსაც for.ge-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განუმარტავს.

ხმალაძის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს ვადა 30 სექტემბერს ეწურება და 1-ელი სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება, რომ ეს ოთხი პირი არჩეული ან დანიშნული იქნეს. დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ორ წევრს ერთპიროვნულად ნიშნავს და სხვა რაიმე პროცედურა განსაზღვრული არ არის.

„ერთი წევრი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უნდა აირჩიოს, ხოლო მეორე - პარლამენტმა. როცა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა შეიკრიბება, მათ თავმჯდომარე უნდა აირჩიონ და მის არჩევას საკონსტიტუიო სასამართლოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ ხუთი ხმა სჭირდება და თავმჯდომარე თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ. ეს შეიძლება აირჩიონ მაშინ, როცა ყველა წევრი იქნება გამწესებული, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა შეძლოს, რადგან პრაქტიკულად არ მუშაობს და შესაძლოა, შეთანხმებაც პრობლემური იყოს“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება დასახელებული პირების განწყობას, ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას ნებისმიერი იურისტისთვის დიდ პატივად აფასებს, კახიანი კი, საკუთარ გეგმებს პოლიტიკას უკავშირებს.

როგორც for.ge-ს ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, ნებისმიერი იურისტისთვის დიდი პატივია, როცა მოსამართლედ ხარ წარდგენილი, თუმცა ირწმუნება, რომ მას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენის თაობაზე ქვეყნის პირველი პირისგან შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია.

„ამ წუთამდე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტს ჩემთვის ეს შემოთავაზება არ გაუკეთებია. ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი იურისტისთვის დიდი პატივია, როცა წარდგენილია მოსამართლედ“, - დასძინა იმერლიშვილმა.

იმერლიშვილისგან განსხვავებით, გიორგი კახიანს მოსამართლეობაზე უფრო მეტად პოლიტიკოსობა იზიდავს და for.ge-სთან საუბარში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მისი კვეთის წერტილებს ასახელებს, როცა ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. მისი თქმით, კონსტიტუციური მართლმსაჯულების თემაზე სადისერტაციო ნაშრომი აქვს გაკეთებული და არაერთი სამეცნიერო კვლევა აქვს ჩატარებული.

„წარსულში საკონსტიტუციო სასამართლოშიც ვმუშაობდი და მასთან გარკვეული შემხებლობა მქონდა. სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე სალექციო კურსს ვკითხულობ და ამასთანავე, იმიტირებულ სამართალწარმოების პროცესს ვატარებ. ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეხება მაქვს და შესაძლოა, ამან განაპირობა იმაზე საუბარი, რომ მოსამართლეობის კანდიდატად განვიხილები. მინდა გითხრათ, რომ ოფიციალურად ამ თემაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა“, - აცხადებს კახიანი.

შეთავაზების არსებობის შემთხვევაში თუ როგორი იმოქმედებს კახიანი, ამის თაობაზე დეპუტატი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში ახლახანს მოვიდა და საკუთარი თავი არ ამოუწურია.

„ჩემი გეგმები საპარლამენტო და პარტიულ საქმიანობას უკავშირდება. ვფიქრობ, რომ მომავალში საქმიანობას ამ მიმართულებით გავაგრძელებ“, - დასძინა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი პაპუაშვილი 2006 წელს დაინიშნა და 2012 წლიდან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება შეიცვალა, მას შემდეგ გააქტიურდა.