სუს–მა ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულების საზღვარგარეთული კავშირები გაშიფრა

სუს–მა ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულების საზღვარგარეთული კავშირები გაშიფრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.

ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულები არიან – ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა.

ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებულ ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ. საქმის პროკურორის გიორგი დავითაშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ ისინი გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყანას დატოვებენ. შესაბამისად, პროკურორმა ყველა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ითხოვა. საქმის პროკურორის განმარტებით, არსებობს ჩანაწერებიც, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულებს თანხას სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ბრალდებულიდან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებულ პროცესს, 6 ბრალდებული დაესწრო. მეშვიდე - ბექა ბექაური კი, ახლობლების ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი, საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა, ბრალდებულმა ბრალი აღიარა. როგორც ადვოკატი მაია ჭრელაშვილი აცხადებს, ბექაური საავადმყოფოში მოინახულა, რომელმაც აღიარა, რომ ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობდა.

რაც შეეხება უშუალოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, ბექაურს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული, რომელიც დაკავების მომენტში მიადგა. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ბექა ბექაურის დეიდის, მზიანა სუბელიანის განცხადებით, ბექაურის ცემა დაკავებისას, ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას მოხდა.

„თუ დამნაშავეა, თუნდაც სიკვდილით დასაჯონ, მაგრამ მანამდე ცემა რა საჭირო იყო? როგორც ექიმმა ამიხსნა, თავის არეში აქვს ძვალი გატეხილი და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული ზიანი. კატეგორიულად გამოვრიცხავ მის კავშირს უკრაინასთან“, – აცხადებს მზიანა სუბელიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას სცემეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, რომლის დროსაც მან დაზიანებები მიიღო.

ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ირაკლი ბაგიშვილის ახლობლის განცხადებით, დაკავებულები უკრაინაში მებრძოლებს ეხმარებოდნენ, რის გამოც მათ უთვალთვალებდნენ და პრობლემებს უქმნიდნენ.

„ეს ბრალდება სრული აბსურდია. ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს ირაკლის, არც „ზებოს“. არ ვიცი, ეს რით უნდა იყოს გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, რომ ცუდი და ბინძური თამაშია. საეჭვოდ დაჰყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ მანქანით.  გრძნობდა და ხშირად ამბობდა, რომ უთვალთვალებდნენ. იყო არაპირდაპირი გაფრთხილებები, ინფორმაციები მოდიოდა, რომ ფორმა გაიხადე და უკრაინასთან ურთიერთობას თავი დაანებეო. ირაკლიც და ვოვაც ეხმარებოდნენ, აგროვებდნენ ფორმებს და რაღაცეებს და უკრაინაში ჯარისკაცებს უგზავნიდნენ, ამასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ“, - განაცხადა ირაკლი ბაგიშვილის ახლობელმა.

ტერორისტული აქტის მომზადებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის, ჯაბა მელქაძის ადოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა თავად ბრალდებული ამას ურყოფს. ადვოკატის თქმით, მელქაძე ამბობს, რომ მისთვის სამართალდამცველებს დაზიანებები არ მიუყენებიათ. იგივე განცხადებები გააკეთეს სხვა დაკავებულებმაც.

აღსანიშნავია, რომ ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი, ლევან მამფორიაა. ბრალდებულის ოჯახის ახლობელი, სოფო კაკაჩია ამბობს, რომ მამფორია საპატრულო პოლიციის ზუგდიდის რეგიონულ სამმართველოში დაიბარეს, სადაც ბრალი წაუყენეს. მისივე თქმით, ბრალდებულის ახლობლებისთვის წარმოუდგენელია ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს.

ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულ ლევან მამფორიას ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მამფორიას უკრაინასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები მას უკვე გადაეცა. ის საკმაოდ ვრცელია და ერთი დოკუმენტი და მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ მამფორიამ რაიმე იცოდა ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ.

ადვოკატის ინფორმაციით, მამფორია გაწევრიანებული იყო სოციალურ ქსელ Facebook-ში სახელწოდებით „ერთიანი კავკასიის იდეა“, სადაც მამფორია უბრალოდ პოსტებს წერდა და ერთიანი კავკასიის იდეას ემხრობოდა, რაც თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის იდეა იყო.

„დაკავებული ამბობს, რომ ამ ვირტუალური სოციალური ქსელის თანამონაწილე იყო და მხოლოდ ეს არის მათთან კავშირი. არანაირი შეხვედრა ან რაიმეს დაგეგმვა საქმის მასალებიდან არ იკვეთება. რაც შეეხება უკრაინის თემას, უკრაინასთან და იქ მყოფ ხალხთან მამფორიას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ რუხაძის ადვოკატის, ნინო მახარაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკანონოდ უსმენდნენ, რითაც მისი კონსტიტუციური უფლება დაირღვა. როგორც მახარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სასამართლოს განჩინება ვლადიმერ რუხაძის მოსმენაზე მიმდინარე წლის 19 აგვისტოს არის გაცემული, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოიცავს 6 და 8 აგვისტოს განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, ასევე, სოციალურ ქსელ Facebook-ში მიმოწერას.

„ეს საუბრები მოსმენილია მოსამართლის განჩინების გარეშე, შესაბამისად, დარღვეულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კონსტიტუციური უფლებები. ასეთ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული ბრალდება ვლადიმერ რუხაძის მიმართ. თუმცა, ეს სატელეფონო საუბრები არავითარ ბრალეულობას არ ამტკიცებს. თუ ვლადიმერ რუხაძე ტერორისტული აქტის ჩადენას გეგმავდა, ეს იყო ჩემს წინააღმდეგ მიმართული, რადგან მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ასეთ შემთხვევაში მას არ დავიცავდი. მე ვსაუბრობ არა ადვოკატის, არამედ მოქალაქის პოზიციიდან“, – განაცხადა ნინო მახარაძემ.

მასშტაბური ტერორისტული აქტის აღკვეთის გამო პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა. მთავრობის მეთაური გამოძიების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შემდგომი კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დროული და ეფექტური ღონისძიებების ჩატარება. ჩატარდება გამოძიება. ერთი შეიძლება ითქვას - ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სასურველია დაგეგმილი ტერაქტის კვალი რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან არ მიდიოდეს. მისივე თქმით, თუკი ეს კვალი უკრაინაში, ნაციონალებთან მიდის, პოლიტიკურად ძალიან მძიმე ნაბიჯია. თუმცა, როგორც საყვარელიძე ამბობს, ფაქტზე მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება საუბარი.

„ჯერჯერობით, ძალიან მწირი ინფორმაციაა. ასეთი კვალი ვის დასჭირდა, ამას გამოძიება სჭირდება და მხოლოდ მის შემდეგ შეიძლება საუბარი. მამუკა არეშიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მყოფმა ერთ-ერთმა სამხედრომ დაწერა, „ჩვენები დაიჭირეს“-ო. თუ ეს კვალი უკრაინაში მიდის ნაციონალებთან, პოლიტიკურად ძალიან მძიმე ნაბიჯია. ისედაც ეს პარტია დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებების გამო და კიდევ უფრო შეუმცირდებათ რეიტინგი“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.