საქართველოში ტერორისტული აქტი აღიკვეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე - ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.
ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ. დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას. ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.
სამალავიდან მათ ამოიღეს - 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. „ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუქა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.
როგორც სუს-ში აცხადებენ, საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში. თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი უკრაინიდან.
დაკავებულიდან ერთ-ერთი, ირაკლი ბაგიშვილი რომ უკრაინაში ხშირად ჩადიოდა, ამას მისივე ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ მათ ოჯახის წევრისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულს უკრაინაში საცოლე ყავდა და ამ მიზნით ჩადიოდა.
„უკრაინაში ჩადიოდა, მაგრამ მას საცოლე ყავდა იქ. არ ვიცით, საერთოდ რა ხდება. გუშინ დააკავეს და რასაც ედავებიან კი, ხედავთ. საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევია“, - აცხადებენ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრები.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უკრაინასთან. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ტერორისტული აქტი მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის - მთავარ ინტერესს, რომ ამ ქვეყანამ დაიმკვიდრა ისეთი ქვეყნის სტატუსი, სადაც არის მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა.
„უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, მათ კავშირი არ ჰქონიათ არც „ისლამურ სახელმიწოფსთან“, არც იმ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასოცირდებიან კავკასიასთან. თუმცა, ასევე გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ მათ კავშირი ჰქონდათ უკრაინასთან. თავისთავად ცხადია, გამოძიება ამ მიმართულებითაც იმუშავებს. იმედი გვაქვს, რომ ამ კითხვასაც გაეცემა პასუხი. ამ მიმართულებით კითხვა ღიად რჩება და კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდგომ შეგვიძლია, კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბროთ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სუს-ის მიერ ჩატარებულო ოპერაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლეგიონის წევრი, ვიცე პოლკოვნიკი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის მონაწილე, ვანო ნადირაძე, რომელის აღშოთებულია მისი მეგობრების დაკავებით.
„საქართველოში დაიჭირეს ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში გვედგნენ გვერდით - ირაკლი ბაგიშვილი და ზებო“, - წერს ვანო ნადირაძე.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ტერაქტის განხორციელება იქნებოდა ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაცია და ხაზგასმა იმისა, რომ სიტუაციას კონკრეტული პოლიტიკური ძალა აკონტროლებს.
„ფაქტია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, საეჭვოა, ბევრ კითხვას აჩენს და იმას მაინც გვკარნახობს, რომ ასოცირდებიან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. არ მინდა დავიჯერო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ასეთი ბრძანება გასცა. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ უკრაინაში მყოფ ადამიანებს იმდენად აქვთ თავზე ხელი აღებული, რომ ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ, რომ პოლიტიკურ შედეგს მიაღწიონ საქართველოში. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ისინი გამოიყენეს და კიდევ ვიღაც მესამე ძალა დგას მაგათ უკან.
ტერაქტის განხორციელების მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია. სულ საუბრობენ, რომ ეს ხელისუფლება უუნაროა. დამტკიცდებოდა, რომ ხელისუფლებას სტრატეგიული გაზსადენის დაცვა არ შეუძლია და თავის მეზობელს, სომხეთს ფაქტობრივად, ტოვებს ენერგომამარაგების გარეშე. ეს ტერაქტი დაბრალდებოდა ისლამურ იატაკქვეშეთს და ორ კურდღელს მოკლავდნენ. ერთი ის, რომ ხელისუფლებას გაზსადენის დაცვა არ შეუძლია და მეორე ის, რომ საქართველოში ძალიან ძლიერია პოლიტიკური ისლამის გავლენა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
ანალიტიკოსების განცხადებით, მდინარე არაგვზე დაგეგმილი ტერაქტის კვალი, სავარაუდოდ უკრაინაში მიდის. ოდესაში არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოში არჩევნებში გამარჯვებით არის დაინტერესებული, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ტერორიზმზე და ამის თქმის საფუძველს იძლევა სუს-ის ოფიციალური განცხადება, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ხშირად დადიოდა უკრაინაში.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ტიპის ტერაქტი. როგორც ჩანს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გააჩნია იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე გავრცელდა. როგორც ჩანს, ეს იყო პოლიტიკური მოტივით აგებული ქმედება. საკამოდ რთული ვითარებაა, რადგან იმ ობიექტის აფეთქება საკმაოდ სერიზულ სახელმწიფოთა შორის კონფლიქტს გამოიწვევდა, რაც შეიძლება გადაზრდილიყო საკმაოდ სერიზულ გეოპოლიტიკურ კონფლიქტში.
ჯერჯერობით, საუბარი იმაზე, სად მიდის კვალი და ვისი ინტერესები იკვეთება, ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ სუს-ის განცხადებით დასტურდება, რომ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც იყო საქართველოში, არ მოერიდება ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას იმისათვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მაისაია არ გამორიცხავს, რომ კვალი შეიძლება სააკაშვილთან მიდიოდეს და შესაძლოა, ეს ფაქტი ყოფილიყო სამხედრო გადატრიალების წინაპირობა.
„აღმოჩენილია საკამოდ სერიოზული შეიარაღება. საკმაოდ სერიოზული ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას გეგმავდნენ - საკმაოდ სერიოზულ ტერაქტზეა საუბარი. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში კვალი ოდესაში მიდიოდეს და ეს შეიძლება ყოფილიყო სამხედრო გადატრიალების წინაპირობა. იმიტომ, რომ სამხედრო გადატრიალების ტენდენციები იწყება ხოლმე ასეთი ტიპის პოლიტიკური არეულობების პროვოციებით და დივერსიების განხორციელებით. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ სააკაშვილს როგორც გუბერნატორს ხელი მიუწვდება ძალოვან სტრუქტურებზე, რომელთაც ხელეწიფებათ ასეთი აქტის დაგეგმვა და განხორციელება, აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ვინ არის ოდესაში პოლიციის ხელმძღვანელი, მაშინ ყველაფერი აშკარაა.
პირი, რომელიც მხილებული უნდა იყოს, როგორც სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორობის განმახორციელებელი და საუბარია გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც უკრაინაში ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია. ლაფანყურის სპეცოპერაციიდან გამომდინარე, მას შეეძლო ასეთი ტიპის ტერორისტული აქტის დაგეგმვა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო მოწყვლადი ქვეყანაა და ამის ბევრი მიზეზი არსებობს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ დგას ამ განუხორციელებელი ტერორისტული აქტის უკან, არამედ პრობლემურია ის, რომ ტერორისტული აქტის მცდელობა დაფიქსირდა და ამაში ჩართული იყო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
„ჩვენ არ ვიცით სად წავა გამოძიების კვალი. სავარაუდოა, რომ უფრო ღრმა იქნება ეს კვალი. სამწუხაროდ, ძალიან ახლოს არის ეს საფრთხე. რეგიონის სირთულე, ღია საზღვრები და ტრანზიტულობა, პრინციპი, ეს ჩვენი უპირატესობაც არის, რომ ასეთი ქვეყანა ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, დამატებით საფრთხეებთან არის დაკავშირებული და კიდევ უფრო ზრდის საფრთხეებს.
უკონტროლო ტერიტორიები, სიახლოვე ახლო აღმოსავლეთთან, რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასია, რომლებიც ფაქტიურად გაყინული ომის მდგომარეობაში არიან, თურქეთში მიმდინარე პროცესები, რომელსაც ბუნებრივია, რომ თავისებური გავლენა აქვს რეგიონის უსაფრთხოებაზე, კონფლიქტური სამხრეთ აზერბაიჯანი - ნამდვილად მძიმე კონტექსტი გვაქს“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, საფრთხე სერიოზულია და თანაც ძალიან ახლოს. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან ყურადღებით და მთელი ძალისხმევით იმოქმედონ ამ საფრთხეების აღსაკვეთად და ითანამშრომლონ მეზობელი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
„ერთია რასაც აკეთებს „ისლამური სახელმწოფო“, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. აქ საუბარია სტრატეგიული ობიექტის დაზიანებაზე, ეს უკვე მიზანმიმართული საფრთხეა, რაც გასათვალისწინებელია. როდესაც საუბარია სტრატეგიული ობიექტის დაზიანებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების დასრულების შემდეგ გავიგოთ ვინ დგას ამის უკან“, - აღნიშნა შორენა ლორთქიფანიძემ.