61 გარდაცვლილი, 300–ზე მეტი დაჭრილი – თურქეთი ტერაქტებმა მოიცვა

61 გარდაცვლილი, 300–ზე მეტი დაჭრილი – თურქეთი ტერაქტებმა მოიცვა

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ალ ბაგდადის სკანდალური მიმართვის შემდეგ, სადაც ის ისრაელს, აშშ-ს, დასავლეთის ქვეყნებს და რუსეთს ტერორისტული აქტების დაწყებით დაემუქრა, მსოფლიო ტერაქტებმა მოიცვა. ცნობილ ვიდეოში ISIS-ს ლიდერი აცხადებს, რომ ტერორისტებზე თავდასხმების მიუხედავად, მათ მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღიათ. პირიქით, ისინი გაძლიერდნენ თავდასხმების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ დაიშის მიერ კონტროლირებადი საზღვრები მცირდება, მათი აქტივობა არ შემცირებულა ამ საზღვრებს გარეთ, პირიქით, საკმაოდ აქტიურ ფაზაში გადადის. ტერორისტებმა ტაქტიკა შეცვლეს და გლობალური ტიპის ტერორზე გადავიდნენ, რაც მსოფლიო მასშტაბის საფრთხე გახდა. ტერორისტები ტერაქტების განსახორციელებლად, უფრო ხშირად, თვითმკვლელ ტერორისტებს იყენებენ.

სამიზნე ხდება არა მხოლოდ საერთაშორისო და ეკონომიკური მნიშვნელობის ადგილები, არამედ მუნიციპალიტეტები, პოლიციის შენობები, სარკინიგზო მაგისტრალი. ტერორისტული აქტები მოუახლოვდა საქართველოს საზღვრებს, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე რეალურად გვეხება.

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია. ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“, რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.

ვერავითარ სხვაობას ვერ ვხედავ დაიშის მებრძოლებს, ქურთების მუშათა პარტიის წევრებსა და ყოფილი იმამის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებს შორის“, – აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

გაზიანთეფი სირიას ემეზობლება. გავრცელებული ცნობით, მას დაიშის მებრძოლები საკუთარ დასაყრდენად იყენებენ. ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში თურქეთში ეს მეოთხე ტერორისტული აქტი იყო. 18 აგვისტოს თურქეთში ერთმანეთის მიყოლებით 3 ტერორისტული აქტი მოხდა. აფეთქებებს, ჯამში, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

პირველი აფეთქება ვანის პროვინციაში მოხდა, ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან ააფეთქეს. მეორე აფეთქება თურქეთის ქალაქ ელაზიგში მოხდა. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ამჯერადაც პოლიციის განყოფილებასთან ააფეთქეს. დაღიუპა 3 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 120-ზე მეტია.

მესამე აფეთქება აღმოსავლეთ პროვინცია ბითლისში მოხდა, მანქანა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ აფეთქდა, შედეგად 5 ჯარისკაცი დაიღუპა და 10 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშაკთა პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული.

ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო თურქეთის მთავრობას მსოფლიო ლიდრები უსამძიმრებენ. მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს - საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ცივილიზებული სამყაროს წინაშე მდგარ ამ უდიდეს გამოწვევას. გვჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებში.

გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი: „მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვლმა.

საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ისლამის ტოლერანტული ფორმის დაცვისა და ექსტრემიზმზე უარის თქმისკენ მოუწოდებს მაროკოს მონარქი, მოჰამედ VI. დიასპორისადმი თავის პირველ მიმართვაში მაროკოს მონარქმა ყველა მოქალაქეს მასპინძელ ქვეყნებში მშვიდობის, ჰარმონიისა და ერთიანობის დაცვა სთხოვა.

„ტერორისტებს, რომლებიც ისლამის სახელით დანაშაულსა და მკვლელობას სჩადიან, სამუდამო ჯოჯოხეთი ელით. ტერორისტები ევროპაში მცხოვრები მუსლიმების გადაბირებას ცდილობენ, რადგან ისინი ისლამის საფუძვლებსა და არაბულ ტრადიციებს კარგად არ იცნობენ და მცდარი წესების გავლენის ქვეშ მარტივად ექცევიან. ექსტრემისტების ხელით უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, უპატიებელი დანაშაულია ფრანგი სასულიერო პირის მოკვლა“, – აღნიშნა თავის მიმართვაში მაროკოს მონარქმა.