სახალხო კრების აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის ქუჩასთან და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან რკინის ბარიერები აღმართეს. ლიდერებმა პარლამენტის წინ აღლუმისთვის გამზადებული სცენაც დაიკავეს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სრული უფლება აქვთ, სადაც მოუნდებათ, იქ შეჩერდნენ. მისივე თქმით, მერიაში შეტანილ განაცხადში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც არის აღნიშნული.
კითხვაზე, აქ დარჩენას აპირებენ თუ გადაინაცვლებენ თავისუფლების მოედანზე, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ეს ხალხზეა დამოკიდებული:
"ჩვენ მერიაში შეტანილ განაცხადში მითითებულია ასევე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ამიტომ ჩვენ ვდგავართ აქ კანონიერად და არ ვარღვევთ კანონს. რაც შეეხება დავრჩებით თუ არა აქ, ჩვენ ვფიქრობთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენსავე ხალხთან ერთად".
ბურჯანაძის განცხადებით, ისინი არ არიან შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც გეგმავს გადატრიალების მოწყობას. მისივე თქმით , ხალხი თუ არ გამოვიდა, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებენ:
"ძალა ხალხშია. ხალხთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, უკან არ დავიხევთ. ბევრს უნდა ბურჯანაძის კარიერა დასრულდეს და იტალიური სიტყვა "ჩაოც" კი გამოიყენეს ამისათვის, მაგრამ დაავიწყდათ, რომ "ჩაო" გამარჯვებასაც ნიშნავს. "ბელა ჩაო" ნიშნავს "გამარჯვება გადამწყვეტო ბრძოლა". დღეს იქნება თუ ხვალ, ეს რეჟიმი ცუდად დაასრულებს. ბრძოლას გავაგრძელებთ. მეამაყება, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც წყნარად და მშვიდად ვარ".
მისი თქმით, ხალხის გარეშე გამარჯვება ვერ იქნება:
"ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები დაეტერორებინა. ტელევიზიები აცხადებდნენ, რომ აქცია აღარ იქნებოდა. მას ხელი შეუწყო კიწმარიშვილმა, ოქრუაშვილმა და სოზარ სუბარმა, რომლებმაც გააკეთეს განცხადება, რომ აქცია აღარ ტარდებოდა. ეს ტრიალებს ტელევიზიებით. ბევრმა ადამიანმა დღეს კიდევ არ იცის, რომ აქცია ძალაშია".
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს ლიდერის ნონა გაფრინდაშვილის გაცხადებით, ხელისუფლება ხვალ პარლამენტთან აღლუმს ვერ ჩაატარებს:
"მიუხედავად ტერორისა, მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომ ხალხი დღეს არ მოსულიყო, ხალხი მაინც მოვიდა და ერთად დადგა. აქ რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად და ისინი აუცილებლად მოიპოვებენ გამარჯვებას. ხვალ კი ხელისუფლებას აღლუმს არ ჩავატარებინებთ".
„აღლუმისთვის სამზადისის ხელის შეშლის შემთხვევაში ქმედებები ადეკვატური იქნება, – ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ ანჯაფარიძემ განუცხადა:
"არ მონდა მოვლენებს წინ გაუსწრო, მაგრამ თუ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ექნება აღლუმის მზადების ჩაშლის მცდელობას ეს კანონის დარღვევა ამიტომ პასუხიც ადეკვატური იქნება".
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "სახალხო კრების" მონაწილეებს აქციის ჩატარების ნებართვა დღეს ეწურებათ, რის შემდეგაც მიტინგი არასანქცირებული იქნება.
ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით კი, კოკა გუნცაძე და ლევან გაჩეჩილაძე აპირებენ, დღევანდელ საპროტესტო აქციას შემოურთდნენ.
ბურჯანაძემ განაცხადა, რომ "ქართული პარტიაში" არსებულ განხეთქილებაზე მისი მხრიდან განცხადების გაკეთება არაკორექტული იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ ეროსი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ოქრუაშვილი ცალკე ფიქსირდებიან, ხოლო კოკა გუნცაძე და ლევან გაჩეჩილაძე მეორე მხარეს, ფაქტია.
ბურჯანაძემ გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიების და განაცხადა, რომ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დილის 4-5 საათზე მისთვის ხშირად დაურეკავთ, ის ჩარეულა სიტუაციაში და ბევრი სიტუაცია განუმუხტავს.
მისი თქმით, 22 მაისს, დარბევის დღეს, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს სმს-ც კი მისწერა, პასუხი კი ვერ მიიღო. ბურჯანაძის აზრით, ხალხს ოპოზიციურმა პარტიებმა სოლიდარობა არ გამოუცხადეს.
თავის მხრივ, "ქართულ პარტიაში" არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დღეს ეროსი კიწმარიშვილსა და კოკა გუნცაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ქართული პარტიის" ოფისთან ამ წუთებში იმყოფება ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი, რომლის ინფორმაციითაც, ოფისის კარი ჩაკეტილია და ჟურნალისტებს იქ შესვლის საშუალება არ აქვთ.
რამდენიმე წუთის წინ უზნაძის ქუჩაზე მდებარე ოფისში პარტიის ლიდერი სოზარ სუბარი მივიდა, რომელსაც კომენტარი ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია.
„საქართველოს ოპოზიციას, უკრაინის ოპოზიციის მსგავსად, გაერთიანება არ ძალუძს“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა რუსეთში ვლადიმერ კრიჟანივსკიმ გამოცემა "ობოზრევატელში" გამართულ პრესკონფერენციაზე:
"ეს ყველა პოლიტიკური გაერთიანების თვისებაა - ისინი მხოლოდ დახვრეტის წინ ერთიანდებიან. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ავტორიტარული მმართველობის მეთოდებთან ახლოს არიან, ადვილად ერთიანდებიან, უფრო სწორედ დიქტატურას ექვემდებარებიან".
პრესკონფერენციის მონაწილე საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრ "პერსპექტივის" დირექტორმა პაველ რუდაკოვმა კი განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ოპოზიციის გაერთიანების მთავარი ხელისშემშლელი მიზეზი "ამბიციების სუბიექტური ფაქტორია", ასევე ის ფაქტი, რომ ისინი სხვა და სხვა წყაროებიდან ფინანსდებიან.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ კონკრეტულად რომელი წყაროებიდან შეიძლება ფინანდებოდეს ქართული ოპოზიცია რუდიაკოვმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ეს რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარება იყოს, რომელსაც "ბურჯანაძეს დაპირდნენ მოსკოვში განხორციელებული მისი არაერთი ვიზიტის დროს". მეტიც, ქსპერტის თქმით, არის კიდევ ოპოზიციონერების საკუთარი ფინანსები - "ნაღდი ფული, რომელიც ნახევარკრიმინალური და კრიმინალური წყაროებიდან მოდის".