პოლონეთი ტერმინ „პოლონური სიკვდილის ბანაკების“ გამოყენებას კრძალავს

პოლონეთი ტერმინ „პოლონური სიკვდილის ბანაკების“ გამოყენებას კრძალავს

პოლონეთის მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ტერმინ „პოლონური სიკვდილის ბანაკების“ გამოყენება იკრძალება. აღნიშნული ტერმინის გამოყენება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პოლონეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ახალი კანონი მათ ქვეყანას კეთილსინდისიერი სახელის შეურაცხყოფისა და ცილისწამებისგან დაიცავს.

საუბარია მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში არსებული ბანაკების მართვაზე.

მართალია, პოლონეთის ტერიტორიაზე არაერთი სიკვდილის ბანაკი იყო განთავსებული და იქ მხოლოდ გერმანელი წარმომავლობის ფაშისტები არ აწამებდნენ ტუსაღებს, ამაში პოლონელი კოლაბორაციონისტებიც მონაწილეობდნენ (რომლებიც ფაშისტებისგან დაპყრობილ პოლონეთში ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ), მაგრამ პოლონეთი ამჟამად სახელის რეაბილიტაციას ცდილობს.
ისტორიას თუ გავიხსენებთ, ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკები მოგვიანებით იქცა „სიკვდილის ფაბრიკებად“, თორემ პირველი საკონცენტრაციო ბანაკები (1933 წლიდან) გამოსასწორებელ-შრომითი იყო და მათ მიზანს ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე პირთა იზოლაცია წარმოადგენდა. შესაბამისად, საკონცენტრაციო ბანაკების პირველ ტუსაღებად გერმანიის კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები ითვლებოდნენ.

მოგვიანებით მათ ე.წ. ასოციალური ელემენტებიც (ლოთები, მაწანწალები) დაემატნენ, მათ მიჰყვნენ ებრაელები. ერთი კია, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ებრაელები მაინც ახერხებდნენ, ბანაკებიდან ცოცხლებს გაეღწიათ, თუკი ემიგრაციულ დოკუმენტებს მოიპოვებდნენ. ომის დაწყებისთანავე კი აიკრძალა ტუსაღთა გათავისუფლება და
1941 წლიდან უკვე ჩნდება „სიკვდილის ბანაკები“, რომელთა ერთადერთი მიზანი ევროპელი ებრაელების მეთოდური დახოცვა იყო. ასეთი ბანაკები შექმნილი იყო აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიებზე, ძირითადად, პოლონეთში.

1942 წლიდან 1945 წლამდე საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი 3 მილიონი ადამიანიდან უმეტესი ცოცხალი არ გამოსულა.

რაც შეეხება პოლონეთის ქალაქ ოსვენციმს, ამ ქალაქში კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენები დატრიალდა. 1939 წელს ოსვენციმი მესამე რაიხის შემადგენლობაში შევიდა და ქალაქს სახელად აუშვიცი დაერქვა. პირველი ტუსაღები აუშვიცმა 1940 წელს მიიღო, საუბარია 728 პოლონელზე. როგორც ამბობენ, ოსვენციმში (აუშვიცში) მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკებში დღე-ღამეში დაახლოებით 20 ათას ადამიანს ანადგურებდნენ.
სულ მალე ოსვენციმიდან 3 კილომეტრში სოფელ ბჟეზინკაში ახალი ბანაკი აშენდა, რომელმაც სახელად აუშვიცი-მეორე-ბირკენაუ მიიღო. 1943 წელს გაჩნდა მორიგი ბანაკი - აუშვიცი-მესამე. გარდა ამისა, 1942-1944 წლებში აშენდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაახლოებით 40 ფილიალი.

რატომ გადაწყვიტეს პოლონელებმა ტერმინ „პოლონური სიკვდილის ბანაკების“ გამოყენების აკრძალვა?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პოლონეთის ხელისუფლებაში ახლა მემარჯვენე ცენტრისტები არიან მოსულნი, რომლებიც უფრო ნაციონალისტური მიმართულების პოლიტიკას აწარმოებენ და, ბუნებრივია, მათთვის ტერმინი „პოლონური სიკვდილის ბანაკები“ მიუღებელია.

მართალია, ამ ბანაკებში „კლუჩნიკებად“ - ზედამხედველებად პოლონური და უკრაინული წარმოშობის ადამიანები იყვნენ და იქ ხორციელდებოდა ებრაელების ხოცვა, მაგრამ ახლა პოლონელებს სურთ, ანტისემიტიზმის ელემენტი ჩამოიცილონ. მართლაც, იქ ძირითადად ოფიცრებად იყვნენ გერმანელები, მაგრამ ადგილობრივი კოლაბორაციონისტები, მათ შორის, პოლიციელებიც იმართებოდნენ ფაშისტი დამპყრობლების მიერ.

„ამ ბანაკებს ზოგჯერ იხსენებენ, როგორც პოლონურ ბანაკებს. პოლონეთის დღევანდელ ხელისუფლებას კი სურს, ძირითადი პასუხისმგებლობა გადავიდეს გერმანელ ოკუპანტებზე, რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდათ მათი ქვეყანა. მათ სურთ, გერმანელ ნაცისტებს გაუთანაბრონ ის ადგილობრივი კოლაბორაციონისტებიც, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკების ზედამხედველებად მუშაობდნენ. იმ დროს პოლონეთის ტერიტორია შედიოდა მესამე რაიხის შემადგენლობაში. ჰიტლერულმა გერმანიამ არათუ მოახდინა პოლონეთის ოკუპაცია, არამედ მოახდინა მისი ანექსია. შესაბამისად, პოლონეთი მესამე რაიხის გუბერნიად გადაიქცა. ამ ქვეყნის ერთი ნაწილი ნაცისტური გერმანიის მიერ იყო ანექსირებული, ხოლო მეორე ნაწილი - საბჭოთა სტალინისტური კავშირის მიერ. როგორც ჩანს, ახლა ცდილობენ, წარმოაჩინონ, ეს ყველაფერი მოხდა მესამე რაიხის ბრძანების საფუძველზე“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და განმარტა, რომ ეს საკითხი ებრაელებისთვის გასაცემ კომპენსაციას არ უკავშირდება, არამედ - შებღალული სახელის რეაბილიტაციას.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბრისას იზიარებს პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ის აცხადებს, რომ ამ ადგილს „პოლონური სიკვდილის ბანაკი“ არ უნდა ერქვას, რადგან მისი ასოცირება მცდარად ხდება პოლონეთთან.

„უფრო სწორი იქნება, ამ ბანაკებს პოლონეთში განთავსებული ფაშისტური სიკვდილის ბანაკები ერქვას. ეს სულ სხვა დატვირთვის იქნება. მართალია, გერმანია იყო ფაშიზმის ბუდე, მაგრამ ფაშიზმი გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. ამიტომ ამ ბანაკებს არც გერმანული ბანაკები არ უნდა ერქვას, არამედ პირდაპირ ფაშისტური დაარქვან“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.