ჰაერის დაბინძურების გამო 2060 წლამდე 200 მილიონი ადამიანი დაიღუპება

ჰაერის დაბინძურების გამო 2060 წლამდე 200 მილიონი ადამიანი დაიღუპება

„უახლოეს 45 წელიწადში ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში 200 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპება“, - ასეთ საგანგაშო პროგნოზს აქვეყნებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია.

ორგანიზაციის შეფასებით, 2060 წლამდე ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა წელიწადში 6–9 მილიონი იქნება. ეს მაშინ, როცა 2010 წელს ეს მაჩვენებელი 3 მილიონი იყო.

ორგანიზაციის მონაცემებით, იზრდება იმ დაავადებების გავრცელების მასშტაბიც, რომლებიც ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. მათ შორისაა ბრონქიტი 6–დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ დაავადებების შემთხვევები წელიწადში ოთხჯერ, ანუ 36 მილიონამდე გაიზრდება, უფროსებში კი თითქმის სამჯერ, 10 მილიონამდე. ბავშვები სულ უფრო ხშირად დაავადდებიან ასთმით.

ორგანიზაციის გათვლებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა იქნება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული და დაბინძურების დონე მაღალია, მათ შორის სახელდება ინდოეთი და ჩინეთი. დაავადებებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიის რეგიონში, აზიის ქვეყნებში, მათ შორის, სამხრეთ კორეაში.

რატომ იღებს ასეთ კატასტროფულ მასშტაბს ჰაერის დაბინძურება და რისი შეჩერება შეუძლია მსოფლოს? ამის შესახებ For.ge-ს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ესაუბრა.

დღეს მსოფლიოს აქვს ტექნოლოგიები, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის გაწმენდის საშუალებას იძლევა, თუმცა ხელისუფლებები ამ ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯიანობას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე გარემოს დაცვას. მაშინ რისთვის სჭირდებათ ეს მაღალი ტექნოლოგიები?

- უშუალოდ ატმოსფეროს დაბინძურების გამო გამოწევეული დაავადებები ერთია და მეორეა გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა, რომელიც გაცილებით მეტად სახიფათოა და პროგნოზირებულია ისიც, თუ რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს ამის გამო. ამ საფრთხის გამო დიდი ხნის წინ შეშფოთდნენ და ჯერ კიდევ 1992 წლიდან გაეროს რიო-დე-ჟანეიროს სამიტზე პირველად მიიღეს კლიმატთან დაკავშირებით განცხადება. თუმცა ვერაფრით მოხერხდა დიდი ქვეყნების შეთანხმება, რომ შეემცირებინათ გამონაბოლქვი საკუთარ მრეწველობაში, ავტოტრანსპორტში და სხვა.

ამის შემდეგ მოხდა სასწაული, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია. თქვენ თვითონ ხედავთ, რა უბედურება ტრიალებს მსოფლიოს მასშტაბით - წარღვნები, ქარიშხლები, წყალდიდობები. ზარალმა ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ დიდ სახელმწიფოებსაც გაუჭირდათ გამკლავება. თუნდაც ავიღოთ რუსეთი. ტერიტორიული თვალსაზრისით, ის უზარმაზარი ქვეყანაა, მაგრამ რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა არ ეთანხმებოდა გამონაბოლქვებისა და ატმოსფერული დაბინძურების შემცირების კონცეფციას. არადა, წელს უკვე პირადად დადგნენ მძიმე პრობლემის წინაშე. კერძოდ, გლობალური დათბობის შედეგად შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ათასობით ირემი დაიხოცა. ამით მიხვდნენ, შავი ჭირის ეპიდემია რომ იყო, რადგან ჯერ კიდევ ნიკოლოზის დროინდელი შავი ჭირის სამარხები იყო იქ შერჩენილი.

გლობალური დათბობის შედეგად შავი ჭირის სპორები გაიხსნა და ისინი გაცოცხლდნენ. მოსახლეობაშიც გაჩნდა შავი ჭირის ეპიდემია, ამიტომ ხალხი მოაშორეს იქაურობას. რუსეთის ჩრდილოეთ ნიადაგების უდიდესი ნაწილი გაყინული ნიადაგებია, მათ გალღობა დაიწყეს. წარმოიდგინეთ, ეს რა კატასტროფაა, ამას მილიარდები კი არა, ტრილიონები არ ეყოფა, იმხელა ტერიტორიებზეა საუბარი.

საქართველოსთან მიმართებით შესაბამისი უწყებები გვარწმუნებენ, თითქოს ჰაერის დაბინძურების მხრივ კატასტროფული ვითარება არ არის. ამის მიუხედავად, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შიშობს, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ ძალზე არასახარბიელო სიტუაციაა, ჩვენი ბავშვები ავადდებიან, ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალზე მაღალია და, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ შევწირავთ მომავალი თაობის ჯანმრთელობას საქართველოში შემოყვანილ გაურკვეველი წარმომავლობის მანქანებს.

- სხვათა შორის, შარშან პარიზში ჩატარდა გაეროს კლიმატის კონფერენცია, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც იყო წასული. სამწუხაროდ, მე ვერ მოვხვდი იმ დელეგაციაში, მიუხედავად იმისა, რომ მე მოვამზადე პარლამენტის განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენმა პარლამენტმა მიიღო და კენჭი უყარა ამ საკითხს, რომ გარემოს დაცვითი პრობლემები მოგვარდეს და საქართველოც ჩაერთოს ამ პროცესებში. ყველაზე სერიოზულად ეს აისახება მთიან რეგიონებში, რადგან მთიანი რეგიონები კლიმატური თვალსაზრისით მოწყვლადია. აქ ღვარცოფები, წყალდიდობები, მეწყერული პროცესები ბუნებრივად ვითარდება. როდესაც ამას ემატება გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კლიმატური პროცესების აღრევა, ეს მეწყერული პროცესების კიდევ უფრო გააქტიურებას იწვევს.

გლობალური დათბობა დედამიწაზე მარტო ტემპერატურის ზრდას არ ნიშნავს, ეს იწვევს ეკოლოგიური კატასტროფის ინტენსიურობის ზრდასაც - გვალვებს, ქარიშხლებს. საქართველოში ამის ოფიციალური მონაცემები არსებობს. შედარებულია ერთი 15-წლიანი პერიოდი მეორე 15 -წლიან პერიოდთან და შეცვლილი კლიმატური პირობების გამო ძალზე ცუდი შედეგები ფიქსირდება. კერძოდ, საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 0,3-0,4 გრადუსით არის აწეული დასავლეთ საქართველოში, ხოლო 0,6-ით არის აწეული აღმოსავლეთ საქართველოში. ამან გამოიწვია გვალვების ინტენსიობის ზრდა. თუ აღმოსავლეთ საქართველოში დიდი გვალვები 25 წელიწადში ერთხელ იყო ხოლმე მოსალოდნელი, ახლა ეს 6-7 წელიწადში ერთხელ ხდება.

გვალვასთან საბრძოლველად დიდი რაოდენობით წყალი გვჭირდება, წყალთან დაკავშირებით კი პრობლემებია.

- მართალია, წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ ეს ბუნებრივი სიმდიდრეც არათანაბრადაა გადანაწილებული. წყლის რესურსების უდიდესი ნაწილი, 70% დასავლეთ საქართველოშია განლაგებული, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველო ამ მხრივ ყოველთვის დეფიციტური იყო და წყალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის კუთხით. ამ დროს ჩვენი აგრარული სექტორის უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოშია.

ახლა ამ გლობალურმა დათბობამ რა გამოიწვია? ინტენსიური დნობის გამო მყინვარების ფართობი შემცირდა. მყინვარი კი ზაფხულში მდინარეების კვების ერთადერთი რესურსია. მყინვარი რომ დნება, მდინარეები იქიდან იკვებებიან ზაფხულის პერიოდში. ამიტომ, თუ კიდევ გაგრძელდა მყინვარების ფართობის შემცირება, წყლიანობა ზაფხულის პერიოდში მოიკლებს და წყლის დეფიციტი გაჩნდება საქართველოში, რაც აგრარულ სექტორს დაარტყამს.

გარდა ამისა, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ძალზე გააქტიურებულია 5-6 ბალიანი ღელვების ინტენსიობა. დაახლოებით სამჯერ გაზრდილია დიდი ღელვების ინტენსიობა, რაც მარტო საფრთხის შემცველი კი არ არის, არამედ სანაპირო ზოლის გარეცხვასაც იწვევს, რადგან დიდი ღელვის შედეგად წინ მოიწევს ზღვა და მეტ ფართობს იკავებს. ასე ხდება აჭარის ტერიტორიაზე, ანგისა და ადლიაში, ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზღვა მოიწევს წინ და ეს შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს. ამასთან, ქარიშხლების ინტენსიობაც საქართველოში ხუთჯერ გაიზარდა და ეს სატელევიზიო გადაცემებზე დაკვირვებითაც ჩანს. საუბარია დაახლოებით 30 მეტრ წამში ქარის სიჩქარეზე, ამას უკვე ქარიშხალი ჰქვია და ძალზე დიდი ენერგია აქვს, ანგრევს ყველაფერს, სახურავებს ხსნის, ხეებს გლეჯს. ეს სერიოზული პრობლემაა, მათ შორის საქართველოსთვისაც.

მადლობა ღმერთს, საფრანგეთში საბოლოოდ შეთანხმდნენ, მიიღონ სპეციალური რეზოლუცია. ამას ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი, მათ შორის, მათაც, ვინც აქამდე წინააღმდეგობას უწევდა. შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტემპერატურის ზრდა საუკუნის ბოლომდე 2 გრადუსზე მეტად არ უნდა მოხდეს. ცხადია, ტემპერატურის ზრდას ვერ შეაჩერებენ, მაგრამ სასურველია 2 გრადუსზე მეტად არ აიწიოს, მაგრამ, თუ 4 გრადუსამდე ავა, როგორც პროგნოზირებდნენ და, თუ არაფერს გავაკეთებთ, არ ჩავერევით, მაშინ საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 4 გრადუსით მოიმატებს, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, კაცობრიობის არსებობას სერიოზული პრობლემა შეექმნას. ეს იგივე მეორედ მოსვლაა.

რაც შეეხება უშუალოდ ჰაერის დაბინძურებას, ეს დიდი პრობლემაა და ატმოსფეროში სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციის დაცვას ეხება. გახსოვთ, ალბათ, ამას წინათ გამოქვეყნდა მონაცემები, თითქოს საქართველო ამ მხრივ პირველ ადგილზე იყო. ეს აბსოლუტური სისულელეა. ამას ისინი არითმეტიკულად ითვლიან.

იმ პერიოდში თქვენ ბრძანეთ, რომ არ ენდობოდით აღნიშნულ მონაცემებს, თითქოს ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველო ჩინეთს უსწრებდა და ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით ლიდერობდა.

- ამ მონაცემებს არ ვენდობოდი, თანაც ძველი მასალები იყო გამოყენებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ატმოსფეროს დაბინძურების თვალსაზრისით. ეს ავტოტრანსპორტთანაა დაკავშირებული, ავტოტრანსპორტის საკითხის მოგვარება კი ძველ მანქანებს უკავშირდება. ეს პრობლემა უკავშირდება იმ კატალიზატორებს, რომლებიც ამოღებულია ხმარებიდან და ჩვენ მაინც ვიყენებთ, ასევე, საფარის ხარისხს, რომელზეც მოძრაობენ მანქანები, ბენზინის ხარისხს, გამწვანების კოეფიციენტს. მთელი კომპლექსური საკითხია, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მჭიდრო კავშირშია სოციალურ მდგომარეობასთან. ახალი გამართული ელექტრომობილები რომ შემოიყვანო, ვინ იყიდის? ამიტომ სოციალური პრრობლემის მოგვარება ნომერ პირველი ამოცანაა საქართველოსთვის, რასაც ავტომატურ რეჟიმში ჩვენი ხელისუფლების ხელში მოჰყვება ეკოლოგიური პრობლემების გაჯანსაღება. ამას იმ იდიოტების გასაგონად ვლაპარაკობ, რომლებიც დროშებით დარბიან და სისულელეებს ლაპარაკობენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

მიხარია, რომ პარიზის სამიტზე გაეროს ტრიბუნიდან ჩვენი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ვირჩევთ მწვანე ეკონომიკას. შეხვედრები მქონდა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და იქაც დადასტურდა, რომ მწვანე ეკონომიკა იქნება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამით დედამიწას და მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ პროგრესული ერი და ამის გაკეთება შეგვიძლია.