კრემლის მორიგი პროვოკაცია - მასშტაბური სამხედრო სწავლება შვიდ პოლიგონზე

კრემლის მორიგი პროვოკაცია - მასშტაბური სამხედრო სწავლება შვიდ პოლიგონზე

5 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მონაწილეობს „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში, რომელიც ერთდროულად შვიდ პოლიგონზე მიმდინარეობს. მასშტაბურ სწავლებაში ჩართულია სარაკეტო კომპლექტები „ისკანდერ-მ“, თვითმავალი ჰაუბიცები „აკაცია“ და „გვოზდიკა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“, „ტორნადო გ“, „ურაგანი“, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „შტურმ-ს“-ი და სხვა.

ამ მასშტაბურ სწავლებაში მონაწილეობენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროები, ასევე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან. სწავლება 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა წვრთნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს. მინისტრის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით სიტუაციას აკონტროლებენ.

„ჩვენ ამ ყველაფერს ვაკონტროლებთ, ვფლობთ ინფორმაციას და შესაბამისად, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნებისმიერი სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ატარებს, უკანონოა და არღვევს ყველა შეთანხმებას. ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ ეს არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩება, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთმა გაააქტიურა სამხედრო სწავლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სესიაშვილი ამბობს, რომ წლების მანძილზე არანაკლები აქტიურობით გამოირჩეოდნენ რუსები ოკუპირებულ ტერიტორაზე.

„საზოგდაოებას მეხსიერება არ ღალატობს. შორს რომ არ წავიდეთ, აგვისტოს ომის შემდგომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში, სწორედ მაშინ მოხდა სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის შეცვლა რეგიონში. აგვისტოს ომის შემდეგომ რუსეთმა ძალიან სერიოზული ძალები განათავსა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში. მეტიც, გვახსოვს არჩევნები, რომლის დროსაც სამწუხაროდ, მხოლოდ წვრთნებით არ შემოიფარგლა ჩვენი ოკუპანტი, არამედ გარკვეულ დაძაბულობასაც ჰქონდა ადგილი.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს წვრთნები არჩევნებს უკავშირდება და შეიძლება ამას საფუძველი ჰქონდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს არის გეგმიური სწავლება. თუმცა, ვიმეორებ, რამდენადაც უფრო მობილიზებული იქნება ქართული საზოგადოება და მხარს დაუჭერს პროდასავლურ ძალას - „ქართულ ოცნებას“ და არ აყვება ზოგ-ზოგიერთების პროვოკაციას, მით უფრო ნაკლები პროვოკაციის გაკეთების შანსი და საშუალება ექნება ჩვენი მოწინააღმდეგეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლების დაწყებით, რუსეთი ახდენს ძალის დემონსტრირებას და ფსიქოლოგიურ ზეწლას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლელ პარტიორებზე და ამით აჩვენებს, რომ რეგიონში ის წყვეტს ვითარებას.

„ეს ფსიქილოგიური ზეწოლაა არა მარტო საქართველოზე, არამედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე და ამით აჩვენებს, რომ მე ვარ ამ რეგიონში და ყველაფერს მე ვწყვეტ. პარალელურად ცდილობს გავლენა მოახდინოს არჩევნების პროცესზე. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, საკმაოდ ხშირად მიმართავს რუსეთი ამ პროვოკაციულ სამხედრო სწავლებას. ყველა შემთხვევაში უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ წვრთნების დასრულებას“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე

რაც შეეხება საშიშროებას, აგლაძე გამორიცხავს, სწავლებების შემდეგ რუსეთი პირდაპირ სამხედრო აგრესიაზე გადავიდეს. მისი თქმით, მიზანი ნათელია, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა.

„მიუხედავად იმ მდგომარეობისა, როდესაც თურქეთთან ასე თუ ისე, დაულაგდა ურთიერთობა, იმის მიუხედავად, რომ მე არ ვფიქრობ, დიდხანს გაგრძელდება მათი პოლიტიკური ქორწინება, რუსეთი ცდილობს აჩვენოს დასავლეთს, რომ ის არის მოთამაშე და საკმაოდ ძლიერი მოთამაშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ წვრთნების გარდა, სერიოზული ძალების კონსოლიდაცია ხდება კავკასიაში და მათ შორის უკრაინის საზღვართან. მისივე თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, თავისი გავლენა გააძლიეროს შავი ზღვის აკვატორიაში.

„განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუმინეთში ნატოს შესაბამისი სარაკეტო კომპლექსები განლაგდა. შესაძლებელია, სწავლებას გარკვეული ექსცესიც ახლდეს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთს ძალის დემონსტრირება სჭირდება სამხრეთ კავკასიაში იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზნებს ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად სირიაში. რუსეთი ცდილობს გაძლიეროს თავის გავლენა როგორც ჩრდილოეთით და სამხრეთით, ასევე დასავლეთით. ერთადერთი მიმართულება, რომელიც რუსეთის ყურადღების მიღმა არის, ეს არის აღმოსავლეთი“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ რუსეთის პოლიტიკა ნათელია, თავისი იმპერიალისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, მას არ აწყობს მოსაზღვრე ქვეყნების დამოუკიდებლობა, ცდილობს ექსკლუზიური გავლენის სფერო ჰქონდეს მის მეზობელ ქვეყნებში.

„ადრე თუ იმპერიის ნაწილად უნდა ქცეულიყო მეზობელი სახელმწიფოები, მსოფლიოს განვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხულია ასეთი იმპერიის აშენება. ამიტომ, ნეოიმპერიალისტური მიზნები აქვს, რაც შეიძლება სუსტი და ნაკლებად განვითარებული იყოს მისი მეზობელი ქვეყნები, რომ ადვილად შეძლოს მისი საგარეო, თუ შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.

მისივე თქმით, ასეთი პროვოკაციული და აგრესიული ქმედებებით, რუსეთი ცდილობს აღძრას შიში, გაზარდოს საფრთხე და ამ საფრთხიდან გამომდინარე ეცადოს, დაიყოლიოს ქვეყნის ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე.

„დათმობის პოლიტიკამ სადამდე მიგვიყვანა, კარგად ვნახეთ. მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად, სწორი ნაბიჯია ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია ნატოში, ევროკავშირში და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება ნატოელ პარტნიორებთან. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გაგრძელება, რათა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ სწორედ ასეთი ვექტორი აამაღლებს ჩვენს შიდა დაცულობს. ასე რომ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომ საგარეო პოლიტიკის განვითარებასთან ერთად, განავითაროს ეკონომიკური პოლიტიკა და ასევე, სწრაფად მოხდეს ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.