ქაღალდის რეცეპტს ელექტრონული ჩაანაცვლებს

ქაღალდის რეცეპტს ელექტრონული ჩაანაცვლებს

მალე აფთიაქები ელექტრონული რეცეპტებით ისარგებლებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი. ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებებში.

„რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტი, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან“, - განმარტა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა ინიციატივის უპირატესობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ელექტრონული რეცეპტის სისტემა არის კომფორტული და ოპერატიული. განულდება ყბადაღებული თემა ექიმის გაუგებარი ხელწერის შესახებ, ასევე მედიკამენტის შერჩევასა და დოზირებაში გამოირიცხება შეცდომა და დაინერგება ხარისხის კონტროლის უმძლავრესი ინსტრუმენტი.

„ერთ-ერთი ისტორიული, ეპოქალური, ყბადაღებული თემაა ექიმების გაუგებარი ხელით ჩანაწერი, როცა რეცეპტის გარჩევა ზოგჯერ გამოცდილი ფარმაცევტისთვის შეუძლებელი ხდებოდა. ეს პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება. ასევე წამლის შერჩევა და დოზირება წამლების მონაცემთა ბაზაზე მოხდება. პრაქტიკულად გამოირიცხება შეცდომა დოზირებაში და მედიკამენტის სახელის არასწორად ჩაწერაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პაციენტის ნებართვის გარეშემის მონაცემებს ვერავინ ნახავს. ამ ეტაპზე სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოცხადდება კონკრეტული ვადა, რის შემდეგაც პროგრამაში ჩართვა სავალდებულო იქნება.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეტაპობრივად შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო ისტორიისა და სრული კვლევების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა იქნება.

ელექტრონულ რეცეპტებზე და ზოგადად ყველა სამედიცინო ჩანაწერის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის და წამლების ურეცეპტოდ გაცემის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ კუთხით რეგულაციები ჯანდაცვის სამინისტრომ წინა კვირასაც გაამკაცრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წამლის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში აფთიაქზე პასუხისმგებელ ფარმაცევტს საქმიანობა ეზღუდება.

მიუხედავად რეგულაციების გამკაცრებისა, აფთიაქების ნაწილი ურეცეპტოდ მედიკამენტების გაცემაზე უარს არ ამბობს. მაგალითად, ერთ-ერთი ფსიქოტროპული აფთიაქი მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის გამო 12 000 ლარით დააჯარიმეს.

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად ამოქმედდა ცხელი ხაზიც.

რეცეპტების სისტემა ხელისუფლებამ 2014 წელს სააფთიაქო ნარკომანიის შესამცირებლად შემოიღო, თუმცა, თავადაც აღიარებს, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯმა პრობლემა ვერ მოაგვარა. სწორედ ამ მიზეზით მთავრობა დამატებით რეგულაციების დანერგვას იწყებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის თქმით, ელექტრონული რეცეპტის სახელმწიფო პლატფორმის შემუშავებაზე უწყების საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა იმუშავა.

პაციენტის მხრიდან აბსოლუტურად არაფერი არ არის საჭირო. იგი მიდის ექიმთან ვიზიტზე, ხდება დანიშნულების გამოწერა. რეცეპტი ავტომატურად სისტემაში აისახება, შესაბამისად, ნებისმიერი ფარმაცევტული დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება ამ სისტემაში, ავტომატურ რეჟიმში ნახავს რეცეპტს“, - აღნიშნა ნინო ბერძულმა.

სააფთიაქო დაწესებულებამ წინასწარ უნდა გაიაროს ავტორიზაცია. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს სპეციფიურ კოდს, რათა სააფთიაქო დაწესებულების დარეგისტრირება მოხდეს.