აფხაზ მეცნიერთა აზრით, სოხუმს ამრა უნდა ეწოდოს, ახალ ათონს კი - ამზა

აფხაზ მეცნიერთა აზრით, სოხუმს ამრა უნდა ეწოდოს, ახალ ათონს კი - ამზა

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იურისტი რამგარ მარშანი თვლის, რომ სოხუმს სახელი უნდა გადაერქვას და ამრა ეწოდოს, რაც მზეს ნიშნავს. რამგარ მარშანის აზრით, ახალი სახელწოდება სიმბოლური იქნება აფხაზთა „დედაქალაქისთვის“, რადგან სოხუმი მზით გასხივოსნებული ადგილია და, ამასთან, „ამრა“ უბრალოდ სინათლესა და სითბოს კი არ ნიშნავს, არამედ სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას. 

„ეს გაცილებით მომგებიანი სახელია მნიშვნელობისა და წარმოთქმის თვალსაზრისით. ცნობილია, რომ „სუხუმ“ თურქი კოლონისტების მიერ დარქმეული სახელია და მისი შეცვლის საჭიროება აშკარაა. საკითხავი მხოლოდ ის არის, რა სახელით უნდა ჩავანაცვლოთ იგი? ვფიქრობ, საუკეთესო სახელი იქნება „ამრა“ ( მზე). ეს სახელი გამართლებულია იმითაც, რომ სიტყვა „ამრას“ აფხაზური ფესვები აქვს და იოლად წარმოითქმის მსოფლიოს ხალხთა ნებისმიერ ენაზე. ამასთან, ძალიან ლამაზია, თუმცა არასოდეს გამოყენებულა ქალაქის სახელწოდებად. თურქებს არ უკითხავთ აფხაზებისთვის, როცა ეს სახელი შეურჩიეს დედაქალაქს. სინდისს არც ბერძნები, არც რომაელები შეუწუხებია, როცა ქალაქს თავიანთი ნებისამებრ არქმევდნენ სახელებს“, - მიიჩნევს აფხაზი მეცნიერი. 

რამგარ მარშანი ამით არ იფარგლება და ახალი ათონის მისეულ ვერსიასაც გვთავაზობს. მისი სურვილია „ახალ ათონს“ „ამზა“ (ანუ მთვარე) ეწოდოს. მით უფრო, რომ სახელების გადარქმევა დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული, რადგან „ამზა“ და „ამრა“ ერთნაირად იწერება და წარმოითქმის, როგორც აფხაზურ, ისე რუსულ ენებზე. 

აფხაზეთის სამეცნიერო წრეებში რამგარ მარშანს მიმდევრები გამოუჩნდნენ. მისი მოსაზრება დადებითად აღიქვეს აფხაზეთის უნივერსიტეტის აფხაზური ენის კათედრის გამგემ ბათალ ხაგუშმა და აფხაზეთის ენისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სოსლან სალაყაიამ. 

რამგარ მარშანის ფიქრები დიოსკურიასაც სწვდება. იგი თვლის, რომ სოხუმის 2500 წლისთავის აღნიშვნა უხერხულია, რადგან, სინამდვილეში, სოხუმი სულ რაღაც 292 წლისაა და ეს სახელი რუკაზე მხოლოდ 1724 წელს გაჩნდა თურქების ძალისხმევით. 2500 წელი კი დიოსკურიის ასაკია, დიოსკურიისა, რომელიც აღარ არსებობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სახელების გადარქმევით გატაცება რომ საყვარელი საქმიანობაა, ამის შესახებ For.ge ერთი თვის წინაც წერდა. იმხანად აფხაზები ოჩამჩირეს უცვლიდნენ სახელს და „აჩამჩირა“-თი ანაცვლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ოჩა მჩირე“ მეგრულად ნიშნავს „ვრცელ ყანას“, აფხაზები მაინც მეორე ვარაუდისკენ იხრებოდნენ, რომ ეს ტოპონიმი თურქული „ჩამჩირიდან“ მოდის და თურქულად ბზას ნიშნავს, რომელიც თურქებს მე-16-17 საუკუნეში აფხაზეთიდან გაჰქონდათ და ის საუკეთესო ჯიშის ბზად ითვლებოდა.

ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირვანდელი კვალის წაშლის მიზანმიმართულ მცდელობას ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება უნდა მოჰყვეს და საერთაშორისო საზოგადოება სოხუმისა და ახალი ათონის სახელების ცვლილებას უნდა გამოეხმაუროს.

მისივე განმარტებით, ტოპონიმი „ცხუმი“ წარმოშობილია რცხილასგან და ის მცენარის ქართველური სახელწოდებაა. კერძოდ, სვანური ვარიანტია და „ცხუმი“ სოხუმის უძველეს სახელწოდებად ითვლება.

რაც შეეხება მეორე ტოპონიმს, „ახალ ათონს“, ავთანდილ არაბულის თქმით, ეს შედარებით ახალი სახელწოდებაა, რადგან სიტყვა „ახალი“ ერთვის და, სავარაუდოდ, ეს სიტყვა ბერძნულიდან მომდინარეობს.

„ასეთივე ქართული სახელწოდებაა გაგრა, რომელიც სვანურად კაკლიანს ნიშნავს („გაკ“). ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში არსებობს კიდეც სოფელი კაკლიანი. ამის ანალოგიურია სოხუმიც, რომელიც არანაირად თურქული არ არის. გახმოვანებაში თურქები ვერ გამოთქვამდნენ „ცხუმს“. კიდევ ერთხელ ვდგებით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ენის სახელმწიფო დეპარტამენტი უნდა არსებობდეს, რომელშიც, სხვათა შორის, აფხაზური სახელმწიფო ენაც არის თავის უფლებებში განსაზღვრული. აქამდე რომ დაარსებულიყო ეს დეპარტამენტი, უკვე სპეციალური ორგანიზაცია იზრუნებდა სახელმწიფოებრივი ენის რეაგირების ფორმის მოძებნაზე. მადლობა კიდევ თქვენ, რომ ჟურნალისტები ამაზე ხმას იღებთ. ამ პრობლემებზე სახელმწიფომ პოზიცია უნდა გამოხატოს, ეს კანონით განსაზღვრულია, მაგრამ ნახევარი წელია, კანონი ირღვევა და არ დაარსდა ერთი პატარა ორგანიზაცია, რომლითაც დიდი საქმის გაკეთება შეიძლებოდა“, - აცხადებს ავთანდილ არაბული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში ტოპონიმები დიდი ხანია გახდა ერთგვარი შეჯიბრისა და დაძაბულობის საკითხი.

„მაინც ვთვლი, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს, რადგან ეს არის ერთი ადამიანის განცხადება, ეს არის მისი მოსაზრება და ამისთვის მთლიან აფხაზეთში არ არსებობს ოფიციალური მზაობა და მცდელობა. ასე ბევრი ტოპონიმია სადაო და გადაკეთებული და ამაზე არაფერი არ უთქვამს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს“.