For.ge გასულ წელს წერდა, რომ ჩინეთი დაინტერესებული იყო შორეულ აღმოსავლეთში ჰეგემონობითა და ციმბირის ტერიტორიაზე კულტურული ექსპანსიით. ამიტომაც შორეულ აღმოსავლეთში ყოველთვიურად რამდენიმე ათეული ათასი ჩინელს ასახლებდა, რომლებიც იწყებდნენ ბიზნესაქტიობას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სიზარმაცის ფონზე, იქაური ჩინოვნიკებისთვის მომგებიანი იყო და ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ჩინელების დასახლებას ამ რეგიონში.
რუსი ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ჩინეთის ისტორიული მეხსიერების გამოფხიზლება რუსეთის საზიანოდ მოხდებოდა და ის ამჟამინდელი რუსეთის ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიას შეეხებოდა. მით უფრო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის საზღვრებთან ფორსირებული ტემპით აშენებდა გზებს და მსჯელობდა დოკუმენტზე, რომელიც ჩინეთისთვის უცხო ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის მიერთებას შესაძლებელს ხდიდა.
დღეს ირკვევა, რომ ჩინეთის სამიზნე ქვეყანა ამერიკაცაა. ამერიკელები ჯერ კიდევ წლების წინ შიშობდნენ, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებდნენ და აღმოაჩენდნენ, რომ ჩინეთი ეკონომიკურად უფრო მძლავრი სახელმწიფო იყო, ვიდრე თავად აშშ, რადგან მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩინეთის მზარდი ეკონომიკა იმაზე სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ამერიკელებს წარმოედგინათ. მარტო 2011 წელს ჩინეთის ეკონომიკა შეერთებული შტატების ეკონომიკის 87%-ს შეადგენდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ჩინურმა კომპანიებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 18,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტია. (გასული წლის პირველ ნახევარში ჩინური კომპანიები ამერიკაში მხოლოდ 6,4 მილიარდის ინვესტიციებით შემოიფარგლნენ).
ამ დროისთვის კიდევ ჩინურ-ამერიკული რამდენიმე შეთანხმება დასტურის მოლოდინშია, რომელთა ბიუჯეტიც 23 მილიარდს აღწევს. ჩინელებმა მნიშვნელოვანი ინვესტირება განახორციელეს უძრავი ქონების ბაზარზე, საწარმოების მშენებლობაზე, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და გაყიდვების სფეროში.
რას ნიშნავს ჩინეთის აქტიური შესვლა ამერიკის ეკონომიკაში მათ შორის არცთუ დამთბარი ურთიერთობიდან გამომდინარე?! საუბარია ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებაზე ტაივანის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკელებმა აღიარეს და, რომელსაც 1949 წლიდან ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
ამას ემატება ისიც, რომ ამერიკამ გასულ წლებში კიბერთავდასხმებში უშუალოდ ჩინეთის სამხედრო ნაწილი დაადანაშაულა. ჩინეთის მთავრობამ კი აღნიშნული ბრალდება უარყო და საკუთარი თავი ამერიკას კიბერთავდასხმების მსხვერპლად გამოაცხადა.
იმ პერიოდში ჩინეთისთვის სასარგებლო აღმოჩნდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის ინფორმაცია. სნოუდენის თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიოს მასშტაბით 61 000 ჰაკერულ ოპერაციას ახორციელებდა, მათი დიდი ნაწილი კი სწორედ ჰონკონგსა და ჩინეთზე მოდიოდა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩინეთის მსგავსად, რუსეთსაც სტრატეგიული სარეზერვო ფონდისა და მარაგების ნაწილი ამერიკაში აქვს დაბანდებული. თუმცა ჩინელები და რუსები სულაც არ არიან ამერიკელების სტრატეგიული მოკავშირეები და ისინი მასთან მტრულ დამოკიდებულებაში არიან. გასაკუთრებით, საუბარია ჩინეთზე, რომელიც პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში შედის ამერიკელებთან გარკვეული გეოსტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
თუმცა ის ფაქტი, რომ ჩინეთი ამერიკაში რეკორდულ ინვესტიციებს დებს, ვახტანგ მაისაიასთვის ჩვეულებრივი ეკონომიკური მომენტია და აქ სახიფათო არაფერია.
„ეკონომიკური ექსპანსია არაფერ შუაშია. უბრალოდ, ჩინელები თავიანთ კაპიტალს დებენ შედარებით სტაბილური ეკონომიკის მიმართულებით, ანუ ამერიკაში. რაც შეეხება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს, ჩინელებს ამერიკელებთან აქვს დაპირისპირება ჩინეთის ზღვაში. ასევე, არსებობს დაპირისპირება სამხრეთ აზიაში ჰეგემონობის მოპოვებისა და ტაივანის პრობლემასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ ვედავებით რუსეთს, რომ მან აღიარა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რესპუბლიკა, იმავეს ედავება ჩინეთი ამერიკას, რადგან ამერიკელებმა აღიარეს ტაივანი, ტაივანთან დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა და ჩინელებისთვის ეს მტკივნეული თემაა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩინელები თვლიან, რომე ამერიკელები ხელს უწყობენ ჩინური სეპარატიზმის განვითარებას. სერიოზული დაპირისპირებებია სამხედრო დანაშაულების თვალსაზრისითაც, რომელიც ასახავს ჩინეთისა და ამერიკის ძალიან რთულ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებს. ეკონომიკა ეკონომიკაა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბულია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი დავით ასლანიშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, თუმცა ბიზნესინტერესები ხშირად მომგებიანობის, სწრაფი ზრდისა და მოგების მარჟის კუთხით განსხვავდება პოლიტიკისგან. მისი თქმით, ჩინეთის ეკონომიკა მეორე მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთის ზრდის ტემპმა იკლო.
„18 მილიარდი დიდი ციფრია საქართველოს თვალთახედვიდან, თუმცა მარტო ამერიკის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრიდან ჩინელების მიერ 700 მილიარდი დოლარის გატანის შემდეგ, უკან 18 მილიარდის დაბრუნება არ არის დიდი ციფრი. ამერიკა ემიგრაციაზე დაფუძნებული ქვეყანაა. მე-18-19 საუკუნეებში აქ მძლავრობდა ევროპული ემიგრაცია, შემდეგ უკვე აფრიკული და ლათინო-ამერიკული, ამჯერად უკვე ჩინელებს აქვს საკმაოდ მძლავრი ინტერესი აშშ-ში. მეორე საუკუნეა, ამერიკელები ახალი სამუშაო ძალისა და ტვინების მოზიდვაზე მუშაობენ, ასეა ეს ქვეყანა აწყობილი.
90-იან წლებში, ჩემი სტუდენტობის დროს, როცა ვაშინგტონში ვსწავლობდი, ყველაფერი ჩინური იყო. ჩინეთის ეკონომიკა დიდი ხანია, თავისი ჩართულობით უკვე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე, როგორც მთელი ამერიკული წარმოებებია ჩინეთში. რაც შეეხება რუსეთს, როგორც ჩვენთვის არის ძვირფასი თურქეთისა და რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, ასევეა ჩინელებისთვისაც. ფაქტობრივად, მთელი ციმბირი ჩინეთია. მე-18 საუკუნეში დაპყრობითი ომების შედეგად რუსეთის იმპერიამ წაართვა ჩინეთს ეს ტერიტორია, შემდეგ კი ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ამერიკა, ყველა დაერია ჩინეთს. თორემ მე-17-18 საუკუნემდე მსოფლიოში ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოს პირველ ეკონომიკად ითვლებოდა. რომის იმპერიაც კი ვერ ედრებოდა ჩინეთს. ჩინეთი იყო მთავარი მსოფლიო იმპერია, ტანისამოსიდან დაწყებული, სუნელებით, სამხედრო ტექნიკით, ყველაფერი იყო ჩინური. ჩინეთი ახლა ცდილობს, მისი აზრით, თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. ამიტომაც აქვს პრობლემები იაპონიასთან, კორეასთან, ფილიპინებთან, ვიეტნამთან.
თუმცა ბირთვული სახელმწიფოა რუსეთი. მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიაში იცოდნენ რა ეს პრობლემა, მათ მოახდინეს რუსების მასირებული გადასახლება სასაზღვრო ზოლზე. თუ დააკვირდებით, რუსი მოსახლეობის განსახლებას ზევიდან (ურალის მთებს არ ვგულისხმობ), დანარჩენი ტერიტორია სრულად ცარიელია, რადგან იქ არასდროს ცხოვრობდნენ რუსები. უბრალოდ, დაასახლეს რუსული მოსახლეობა დაპყრობილ სასაზღვრო ნაწილებში - სახალინი, კურილები, ვლადივოსტოკი. ეს სამხედრო დასახლება იყო და მუდმივად ჰქონდათ პრობლემები ჩინეთთან“, - აღნიშნა დავით ასლანიშვილმა.
ექსპერტი აქვე განმარტავს, რომ ბოლო ორი საუკუნეა, ჩინეთს ომების წარმოების კულტურა არ აქვს, ჩინელები ომებს მხოლოდ აგებდნენ და იაპონიასთანაც რამდენჯერმე წააგეს. მართალია, ჩინეთმა შინაგანი ძალის მოკრებით, ეკონომიკური ზრდით გააძლიერა ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ ისტორიულ მეხსიერებას ვერაფერს უხერხებს, რადგან მისი მიზანი, ფაქტობრივად, მსოფლიო ომს ნიშნავს.
„ციმბირიდან მოსახლეობა გარბის, დეპრესიული რეგიონია, მით უმეტეს, ამ სანქციების ფონზე რაღა დროს ციმბირის ათვისებაა?! პუტინის საინტერესო იდეა ჩავარდა, უფასოდ ვარიგებ ასობით ჰექტარს მათთვის, ვინც გადასახლდება ამ რეგიონშიო. თუმცა სულ ჯამში, 50 ჰექტარზე მეტი ვერ აითვისეს. ამის საპირწონედ, ჩინელებს მაღალტექნოლოგიების საფუძველზე განვითარებული ეკონომიკა და მიზანმიმართული პოლიტიკა აქვთ, რომ ეს ტერიტორია განავითარონ, მაგრამ ამ ტერიტორიის გამო გეოპოლიტიკური პრობლემები მაინც დადგება და უკვე დგას კიდეც“.