სამშენებლო ბიზნესით დაკავებული ე.წ. ბიზნესმენები თანდათან თავისუფლებას ემშვიდობებიან. ყველა მათგანის საქმიანობა რაღაც ფორმით „ცენტრ პოინტს“ უკავშირდება. სამართალდამცავების მორიგი სამიზნე „თაბუკაშვილი 88“-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი გახდა, რომელსაც თუკი ბრალი დაუმტკიცდა 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ თაბუკაშვილს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების გაფლანგვა ედება ბრალად.
„თაბუკაშვილმა პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით, ამხანაგობის ინტერსების საწინააღმდეგოდ, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა საცხოვრებელი ბინებით დასაკმაყოფილებლად გაიცემოდა 7 250 კვ/მ საცხოვრებელი და 100კვ/მ არასაცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფს“ უნდა განეხორციელებინა საშუამავლო მომსახურება ამხანაგობაში სხვა პირთა გასაწევრიანებლად და საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცავების განცხადებით, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა გარდა იმისა, რომ არ უზრუნველყო სამშენებლო კომპლექსის მშენებლობის დასრულება და ექსპლოატაციაში მიღება, ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ქონება მიითვისა და გაფლანგა.
კერძოდ, ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა, 2004-2016 წლებში „თაბუკაშვილი 88“-ის ანგარიშზე შეტანილი მობინადრეების ფული - 1,048 მილიონი დოლარი და 219,950 ათასი ლარი მიითვისა. პროკურატურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ თაბუკაშვილისთვის ცნობილი იყო მისი საქმიანობის თაობაზე წარმოებული გამოძიების შესახებ, იგი კვლავ აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას. კერძოდ, ამხანაგობის ანგარიშზე შესული თანხა 2016 წლის იანვარშიც მიითვისა.
მანვე ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს დამფუძნებელ წევრთა მიერ მისაღები 7 250 ათასი კვ/მ საცხოვრებელი ფართიდან სხვადასხვა პირებზე გაასხვისა 5 საცხოვრებელი ბინა და ამხანაგობის წევრებს მოუსპო საცხოვრებელი ფართის მიღების სამართლებრივი საფუძველი.
ზურაბ თაბუკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (34 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.
ამხანაგობა „თაბუკაშვილის 88“-ს წევრები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ წლებია კომპანია დაპირებას არ ასრულებს, გადახდილი თანხის სანაცვლოდ მათ კუთვნილი ბინები დღემდე არ მიუღიათ, ამიტომ მთავრობა უნდა დაეხმაროს დაზარალებულებს ამ პრობლემის გადაჭრაში.
ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“ 1988 წელს თბილისში, ლევან თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ დაარსდა. ამავე ქუჩაზე, ამხანაგობის წევრებმა ძველი ავარიული სახლები დაანგრიეს და ახალი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყეს. 2004 წელს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-სა და „ცენტრ პოინტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. „თაბუკაშვილი 88“ იყო დამკვეთი, ხოლო „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ შემსრულებელი. ხელშეკრულების თანახმად, „ცენტრ პოინტს“ დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, თაბუკაშვილის N7-ში საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა.
პარალელურად „თაბუკაშვილი 88“-მ ხელშეკრულება გააფორმა სს „ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოსთან“, რომლის წილებსაც ფლობდნენ, რუსუდან კერვალიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო მაია რჩეულიშვილი.
შეთანხმების თანახმად, სააგენტოს თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დასასრულებლად 3.5 მილიონი აშშ დოლარი უნდა მოეზიდა. აღნიშნული თანხა მან სესხის სახით „თიბისი ბანკისგან“ აიღო, სანაცვლოდ კი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ფული მშენებლობის წარმოების ნაცვლად, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა პირადი სარგებლობისთვის სალაროდან ეტაპობრივად უკანონოდ გაიტანეს.