ვეტერანი რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

ვეტერანი რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

ვეტერანი რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და უსაფრთხოების ყოფილმა ხელმძღვანელებმა, ასევე, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მრჩევლებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე უგუნური პრეზიდენტი იქნება.

წერილის ავტორთა აზრით, მილიარდერი ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და ამიტომაც შეუფერებელია, იგი იყოს მთავარსარდალი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი იარაღი - ბირთვული არსენალი აბარია. წერილს ხელს აწერს 50 რესპუბლიკელი, მათ შორის არიან მაიკლ ჰაიდენი, ტომ რიჯი, ჯონ ნეგროპონტე, რობერტ ზელიკი და ჯონ ბელინგერი.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა მის წინააღმდეგ „შეთქმულთა“ არმიას. მან ვეტერან რესპუბლიკელებს, ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ტონში, „ჩავარდნილი ვაშინგტონური ელიტა“ უწოდა.

„ჩავარდნილი ვაშინგტონური ელიტის“ წინააღმდეგობის ფონზე ფაქტად რჩება ის, რომ წინასაარჩევნო მარათონში დონალდ ტრამპი დაწინაურებულია. მისი წარმატება კი ნიშნავს იმას, რომ სამყაროში რაღაც იცვლება. თავდაპირველად ტრამპს ყველანი სკეპტიკურად უყურებდნენ, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, მაგრამ ტრამპმა მაინც „გაქაჩა“. რაც შეეხება სააკაშვილს, მას მიეწერება ისტორიული ფრაზები, რომ დონალდ ტრამპს ყოველთვის შეუძლია ემიგრირება და, თუკი ის გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას, მან შეიძლება გაიმარჯვოს.

სააკაშვილი არც მალავდა, რომ 2012 წელს უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატის საქართველოში ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სავალუტო ფონდის ან თუნდაც მსოფლიო ბანკის ანალიტიკური ცენტრების გამოკვლევები იმის შესახებ, რომ საქართველო წარმატების გზას ადგა.

ეს იყო სააკაშვილის დროს, დღეს კი მსჯელობენ დონალდ ტრამპის შანსებზე და იმაზე, გამარჯვების შემთხვევაში, ხომ არ გადაულოცავს არაორდინარული დონალდ ტრამპი საქართველოს მის ფავორიტ პუტინს?! რას ნიშნავს ამერიკელ რესპუბლიკელთა დარაზმვა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და რამდენადაა დამოკიდებული საქართველოს ბედი ამერიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე?

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპის წარმატება მიანიშნებს, თუ როგორ იცვლება საზოგადოებრივი პროცესები მსოფლიოში. თვით საფრანგეთშიც კი, მართალია, ვერ გაიმარჯვა მარი ლე პენმა, მაგრამ საზოგადოებაში მისმა შეხედულებებმა წამოიწია და მას ბევრი მომხრე გაუჩნდა საფრანგეთში. ასეთივე საინტერესო ტენდენციებია აშშ-შიც, რადგან დონალდ ტრამპის იდეა მარტო ტრამპის იდეა არ არის, მას ეთანხმება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამდენად, გამარჯვება-დამარცხების მიუხედავად, დონალდ ტრამპს ამერიკულ პოლიტიკაზე ისედაც შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა.

„ზოგადად, ორივე ლიდერი ძალიან სპეციფიკურია, კლინტონიც და ტრამპიც. შესაბამისად, ორივეს სპეციფიკა უფრო საფრთხილოა, ვიდრე ამერიკის წინა პრეზიდენტების. ამერიკელები ჩვენს სახელმწიფოს მაინც გვერდში დაუდგნენ ჯორჯ ბუშის დროს, მაშინ, როცა ამერიკის დანარჩენი ლიდერები უფრო ფრთხილად მოქმედებდნენ და საქართველო, ხშირ შემთხვევში, მაინც ვაჭრობის საგანი იყო. ამიტომაც იცვლებოდა ჩვენს მიმართ განწყობა, მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაში ვინ გვეყოლებოდა“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

რაც შეეხება საქართველოს დათმობას ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ანალიტიკოსს აინტერესებს, რა შინაარსს შეიცავს სიტყვა „დათმობა“, რადგან რიტორიკაში „საქართველოს დათმობა“ სულ სხვა ცნებაა, ბრძოლაში დათმობა კი-სულ სხვა. ზოგადად კი, დაუთმობელი საქართველო არც არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან მიმართით ცდილობდა, რუსეთისთვის ეჩვენებინა საკუთარი უპირატესობა და ეს იყო ამერიკის პრინციპი. ამდენად, კავკასიაში საქართველო იქნებოდა, თუ სხვა ქვეყანა, სწორედ იმ ქვეყანას მიაქცევდა ამერიკა ამდენ ყურადღებას.

„აქ მთავარია, როგორი იქნება ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა ტრამპის შემთხვევაში. თუ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს (და მგონია, მაინც გააგრძელებს) უპირატესობის დამტკიცებას რუსეთისთვის, მაშინ საქართველო ასეთი ადვილი დასათმობი არ იქნება, რადგან საქართველო მაინც საშუალებაა საკუთარი უპირატესობა აჩვენოს რუსეთს და შეუქმნას დისკომფორტი. საქართველო კავკასიაში დისკომფორტის შემქნელი სახელმწიფოა, არც ერთი სხვა სახელმწიფო ასეთი ფუნქციის მქონე არ არის არც ჩრდილოეთ კავკასიაში, არც სამხრეთში. ამიტომ ამერიკის პოლიტიკა ისე არ შეიცვლება, რომ დანარჩენ მსოფლიოში საკუთარი ადგილი დათმოს. წესით, ტრამპის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს, თუკი ტრამპი ამერიკის პოლიტიკას მთლიანად არ შეცვლის და არ გადაწევს უკანა პლანზე, რაც საეჭვოა.

ამერიკის ისტორიაში ასეთი ლიდერი, რომელიც აშშ-ს ლიდერის პოზიციას დაათმობინებდა, არ მეგულება. ის, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, არ წაადგება ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას. თითოეული პარტიის, თითოეული ავტორიტეტის დამოკიდებულება მაინც მუშაობს საზოგადოებრივ პოზიციაზე. შესაძლოა, ამ კრიტიკის გამო ტრამპის მომხრეთა რიცხვი შემცირდეს. თუმცა შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც, გააჩნია, რესპუბლიკელთა ასეთ პოზიციას ამერიკელი ამომრჩევლის რა ნაწილი მიიღებს“.

„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მავანთა შიში, თითქოს პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში დონალდ ტრამპი საქართველოს რუსეთს გადაულოცავს, საფუძველს მოკლებულია, რადგან, როგორც მკაფიოდ გამოჩნდა, ამერიკული საზოგადოება შეცდომის დაშვებას არ აპირებს. უფრო მეტიც, ამერიკის პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური ელიტა ბევრად უფრო წინდახედულ და გათვლილ ნაბიჯებზეა ორიენტირებული.

„საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად თავად დონალდ ტრამპი მუშაობს. ბატონი ტრამპი ახლა სერიოზულად ცდილობს, რომ მისი არჩევა საერთოდ არ გამოირიცხოს. რა თქმა უნდა, ამერიკას ახლა თავისი შიდა პრობლემები აქვს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენები მისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა პოლიტიკოსი გრძნობს, რომ ქვეყნის ბედი დიახაც დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამერიკის შიდა პოლიტიკურ სცენაზე. ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ არჩევნების შემდეგ ამერიკა დარჩება დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირედ“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა და დასძინა, რომ ამჟამად საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევა მაინც ჩვენს ირგვლივ რეგიონში შექმნილი ვითარებაა. ეს არის ახლო აღმოსავლეთი, შავი ზღვის რეგიონი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ანუ ის არეალი, რომლის ცენტრშიც საქართველო იმყოფება.