რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი თურქეთის კომპანიებს დაწესებულ სანქციებს ეტაპობრივად მოუხსნის, მოსკოვსა და ანკარას შორის ჩარტერული ავიარეისების განახლება კი, ტექნიკისა და უახლოესი დროის ამბავია.
„იმ საკითხებს, რომლებიც არ საჭიროებს ხანგრძლივ შეთანხმებებს უწყებებს შორის, უახლოეს კვირებში გადავწყვეტთ. რაც შეეხება სირიის საკითხს, რუსეთისა და თურქეთის პოზიციები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვეოდა, მაგრამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამონახვას შევეცდებით“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდრებმა გაამახვილეს ყურადღება - „თურქულ ნაკადს“ და ატომური ელექტროსადგურის „აკუიუს“ აშენებას უკავშირდებოდა. ანკარამ ამ პროექტების განახლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე, შესავალ სიტყვაში ვლადიმერ პუტინი „ძვირფას მეგობრად“ არაერთხელ მოიხსენია და განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი მზად არიან ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
თავის მხრივ, თურქ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა ვლადიმერ პუტინმა, რომლის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კრიზისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. მისი თქმით, შეხვედრისას, რომელსაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა აქვს, დაისახა გზები სამომავლოდ ამ ურთიერთობების აღსადგენად.
რუსეთ-თურქეთის შერიგებას სკეპტიკურად უყურებენ დასავლეთში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს არ სჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო გახდება, რომ რუსეთი თურქეთს უსაფრთხოების სფეროში ისეთ პარტნიორობას შესთავაზებს, რომელიც ნატო-ს ალტერნატივა გახდება.
for.ge-სთან საუბრისას სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ შედგება.
for.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება 2015 წლის ნოებრიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. თუმცა, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ეკონომიკური კუთხით კონსენსუსი მიღწეულია, მაგრამ პოლიტიკური მხარე, ისევ ღიად რჩება. რატომ დარჩა პოლიტიკური ნაწილი ღიად?
მამუკა არეშიძე: უნდა ითქვას, რომ სირიის კრიზისამდე რუსეთსა და თურქეთს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. უაღრესად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ, თითქმის 40 მილიარდამდე იყო მათი სავაჭრო ბრუნვა. უამრავ საერთო პროექტებს ახორციელებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „სამხრეთის ნაკადი“. მაგრამ ეს არის თანამშრომლობა სავაჭრო სფეროში, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები მუდმივად იკვეთება და ამის ფესვები ისტორიულ წარსულში უნდა ვეძებოთ. შემიძლია ძალიან კატეგორიულად გითხრათ, რომ ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, მათი მოლაპარაკება და თანამშრომლობა პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ შედგება.
რა არის მთავარი მოტივი, რატომაც პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ შედგება თანამშრომლობა?
- იმიტომ, რომ თურქეთის სახელმწიფო დოქტრინა არის პან-ოსმანიზმი, რაც ნიშნავს თურქეთის გავლენების გავრცელებას ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე და მათ შორის კავკასიაზე და შუა აზიაზე. მართალია, შუა აზია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში არ შედიოდა, მაგრამ მაშინაც ჰქონდა გავლენები, ეს კი რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს იმ სფეროზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე, თურქეთი ცდილობს თავისი გავლენები განავრცოს ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში და მათ შორის სირიაზე. გარდა ამისა, თურქეთი ცდილობს დომინანტი იყოს მუსლიმურ სამყაროში.
რაც არ ზის რუსეთის ინტერესებში?
- რა თქმა უნდა, რადგან ისლამურ სამყაროში რუსეთის მოკავშირე პირველ რიგში, არის ირანი და ზოგიერთი არაბული სახელმწიფო. ასე რომ, პოლიტიკურ ველზე თურქეთი და რუსეთი ვერასოდეს ვერ მოილაპარაკებენ, იმიტომ, რომ მათ რადიკალურად განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ. როცა მეკითხებით შედეგებზე, შედეგები შეიძლება იყოს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური და კეთილმეზობლური მიმართულებით, მაგრამ გამორიცხულია ისეთი ტიპის თანამშრომლობა, როგორიც თურქეთს ნატოს წევრ ქვეყნებთან აქვს.
რაც შეეხება სირიის კრიზისს, მიღწევადია ერთობლივი გეგმის შემუშავება ამ თვალსაზრისით?
- შეიძლება მოახერხონ ამ სფეროში თანამშრომლობა, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ესეც გარკვეულწილად კოსმეტიკური იქნება. სირიასა და ახლო აღმოსავლეთს რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც რუსები და თურქები ვერასოდეს ვერ მოილაპარაკებენ და ეს არის ქურთების საკითხი. რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ქურთებს. 80-იან წლებში იმდენად აქტიური იყო ეს მხარდაჭერა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ გაწვრთვნილი თბილისელი ქურთებიც კი მონაწილეობდნენ ანტითურქულ კამპანიაში და სხვათა შორის დღესაც არიან პოსტსაბჭოთა ყვეყნებიდან წასული ქურთები, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი წვრთნა და იბრძვიან თურქეთის წინააღმდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ხარჯზე, რუსეთი დათმობს ასადის რეჟიმს?
- დღევანდელი მოსკოვი არ დათმობს ასადის ხელისუფლებას. თურქეთისთვის კი ასადი აბსოლუტურად მიუღებელია. შეიძლება იყოს გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, შეიძლება ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ ხალიფატს, მაგრამ თურქეთს ამის გაკეთება პრინციპში გაუჭირდება, იმიტომ, რომ გარკვეულწილად, ისლამისტური ორგანიზაციების შექმნაში მონაწილეობა მიღებული აქვს თურქეთსაც. მისი აგენტურა ძალიან სერიოზულად მუშაობს.
გარდა ამისა, თვითონ ერდოღანმა აირჩია ისლამისტური განვითარების გზა. მართალია, დასავლეთში ამ გზას ზომიერ ისლამს ეძახიან, მაგრამ ჩემთვის ისლამისტი ისლამისტია, ზომიერიც და რადიკალიც. იმიტომ, რომ ზომიერი მერე რადიკალი ხდება-ხოლმე.
ასე რომ, ესეც შეიძლება ლაპარაკად დარჩეს, გადაიდგას რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი, მაგრამ შედეგი არ იქნება ისეთი, როგორიც საზოგადეობის ზოგიერთ წარმომადგენელს ჰგონია, ამას მოსკოვში ძალიან კარგად აცნობიერებენ. დღეს, პუტინს სჭირდება თვალი დახუჭოს ერდოღანის ზოგიერთ „ეშმაკობებზე“. სჭირდება იმისთვის, რომ შექმნას გარკვეული ანტიდასავლური საპირწონე. მაგრამ, არ მგონია, რომ ეს თანამშრომლობა ხანგრძლივი იყოს, თუნდაც ამ სფეროში, რასაც ჰქვია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.