წელს მთავრობა პენსიონერებისადმი განსაკუთრებით ყურადღებიანია. 1 თვის წინ პენსიაზე 20-ლარიანი დანამატი ყველა მათგანმა მიიღო, ახლა კი ასაკოვან ადამიანებს დასაქმებასაც ჰპირდებიან.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა პენსიონერს მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამიტომაც მთავრობა ახალ პროგრამას - „ცხოვრება გრძელდება“ - იწყებს. ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელიც დაასაქმებს პენსიონერებს.
„იგი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს პენსიის ან სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებით შემოსავალი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი. კარგია, რომ მან თავისი გამოცდილება თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს და გადასცეს ის ახალგაზრდა თაობას.
ამ პროგრამას ერქმევა „ცხოვრება გრძელდება“ და ალბათ, უახლოეს დღეებში მოხდება მისი პრეზენტაცია. საკითხზე ასევე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა დაფინანსთა სამინისტროები“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, დოკუმენტი ახლა მუშავდება და პროგრამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. შეღავათი შეეხება, როგორც პენსიონრებს, ასევე დამსაქმებლებს. პენსიონრებს დასაქმების შემთხვევაში პენსია და სოციალური დახმარება შეუნარჩუნდებათ, ამასთანავე დამსაქმებლების სტიმულირებისთვის მთავრობა ახალ მექანიზმს შეიმუშავებს.
ქართველი ბიზნესმენთა ნაწილი მზად არის, პენსიონერები დაასაქმონ. კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთან ასაკობრივი შეზღუდვა ისედაც არ იყო, მაგრამ შეღავათი ყველა კომპანიისთვის დამატებითი სტიმული იქნება.
დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, პროგრამა გარკვეული მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ გარკვეული კუთხით - არა. შედეგად, ბიზნესმენებს, საგადასახადო შეღავათების არსებობის შემთხვევაში, ასაკოვანი ადამიანების დასაქმების ინტერესი კიდევ უფრო ექნებათ.
„არქი ჯგუფს“ ასაკობრივი შეზღუდვა ახლაც არ აქვს. აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი მზად არის კიდევ უფრო მეტი პენსიონერი დაასაქმოს. არის სფეროები, სადაც რთული იქნება ასაკოვანი ადამიანების სამსახურში აყვანა, ერთ-ერთი ასეთი, დეველოპერული ბიზნესია. პენსიონერებს გაუჭირდებათ იგივე საბანკო სფეროში, მარკეტინგში და მენეჯმენტში მუშაობა. რაც შეეხება დეველოპერულ ბიზენსს, მცირე ვაკანსიები იქნება. ფინანსებში და ბუღალტერიაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება მათი რესურსების გამოყენება“, - აღნიშნავს წულაია „კომერსანტთან“ საუბრისას.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი განმარტავს, რომ მის კომპანიაში ასაკობრივი ბარიერები არც ახლა არსებობს და არც შემდეგ იარსებებს. თანამშრომლის აყვანისას მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია პროეფსიონალიზმი და არა ასაკი. რაც შეეხება თავად პროგრამას და პრემიერის ინიციატივას, კომპანიითვის ეს როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება.
„ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ უსარგებლო ხდება. ეს კი საკმაოდ რთული მომენტია. ეს პროგრამა კარგია, ამით ჩვენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაფასებას შევეცდებით“, - აცხადებს რამაზაშვილი.