გიორგი მარგველაშვილისა და საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხვედრა არ შედგა. ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა ავლაბრის სასახლეში17:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, „საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანატაჟის ენა“.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა, დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანატაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, დათქმული შეხვედრა აღარ შედგება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ჩაშლილი შეხვედრის საბაბ-მიზეზი საინიციატივო ჯგუფის წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადება გახდა, რომელმაც აღნიშნა, რომ „გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, არის საქართველოს პრეზიდენტი თუ ყურმოჭრილი მონა“. ბრეგაძის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭიროს მოქალაქეების დიდი ნაწილის მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი მოსაზრებით, ის არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნა არა საინიციატივო ჯგუფის წევრებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, რის გამოც დამატებით კონსულტაციებზე უარს ამბობს.
„ჩვენ ექსტრემალურ ვითარებაში გავიგეთ, რომ დაიგეგმა პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს მედიით გახდა ცნობილი და მხოლოდ ამის შემდგომ დაგვიკავშირდნენ. გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, ის არის საქართველოს პრეზიდენტი, თუ მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი ან უცხო ქვეყნის გარკვეული წარმომადგენლების ყურმოჭრილი მონა. თუ ის უგულვებელყოფს ნახევარი მილიონი ადამიანის მოთხოვნას, რა თქმა უნდა, დაკარგავს ლეგიტიმაციას.
პრეზიდენტი შესაძლოა რიგ საკითხებში არ ეთანხმებოდეს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ მან უნდა აღასრულოს მათი მოთხოვნა. მან გვერდით უნდა გადადოს პირადი ამბიციები, აუცილებლად უნდა დანიშნოს რეფერენდუმი. არანაირ კონსულტაციებს არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის ჩემი ან საინიციატივო ჯგუფის რომელიმე წევრის ახირება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა, რომელსაც მარგველაშვილმა ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
საინიციატივო ჯგუფის წევრები მოითხოვენ, კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვროს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა და ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საინიციატიცო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, რადგან მან 200 ათასზე მეტი ხელმომწერი მოქალაქის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს. გიორგი მარგველაშვილს რეფერენდუმის დანიშნვის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 2 სექტემბერს ეწურება.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქორწინების თემაზე რეფერენდუმის დანიშვნა კონსტიტუციის საწინააღმდეგოა. როგორც არსამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რეფერენდუმზე გასატანი საკითხი არ წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, როგორც ამას რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონი ითვალისწინებს და ის არსებითად არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისების გადაფარვას ემსახურება.
„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარება საზოგადოებაში გაჩენილი შიშის პრევეცია იქნება. როგორც ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყანაში ხელოვნურად აგორდა თემა იმის შესახებ, თითქოს სექსუალურ უმცირესობათა უფლებები ირღვევა, რამაც, თავის მხრივ, საზოგადოების შიში გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს.
„საკანონმდებლო დონეზე ამის რისკ-ფაქტორი არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას შიში მოუხსნას, კონსტიტუციაში მკაფიო ჩანაწერის განხორციელების გზით. ქორწინებასთან დაკავშირებული თემა „ქართული ოცნების“ მიერ აგორებული არ არის. თემა აგორებულია არაკეთილისმოსურნე პარტიების თუ სხვა ჯგუფების მხრიდან, როცა ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები ირღვევა.
სწორედ ამის გამო გაჩნდა საზოგადოებაში შიში იმისა, რომ ვინმე როდესმე ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს. რადგან შიშის ფაქტორი მუშაობს, ამიტომ ხელისუფლებამ შიშის პრევენცია უნდა მოახდინოს. სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, მცდელობა იმისა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეგვეტანა და დაგვეფიქსირებინა, რომ საზოგადოებაში ამის შიში არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საპარლამენტო უმცირესობა თვლის, რომ ხელისუფლება ქორწინების თემით ცდილობს, გადაფაროს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო რატიანი ამბობს, რომ ეს არის რუსული ნარატივი და ანტიდასავლური ნარატივი, თითქოს ვიღაცა რაღაცას გვაძალებს და სრულიად მდარე ხარისხის თემა.
„მეორე, ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ქართულ ოცნებას არანაირი გეგმა არ აქვს, არაფერი აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის და ამ თემით ცდილობენ გადაფარონ უმუშევრობა, სიღატაკე და ეკონომიკური კრიზისი“, - აცხადებს სერგო რატიანი.