აგვისტო 8 წლის თავზე

აგვისტო 8 წლის თავზე

რუსეთ-საქართველოს ომს 169 სამხედრო ემსხვერპლა, 14 პოლიციელი, 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 1747 ადამიანი მძიმედ დაიჭრა. 5 სამხედრო მოსამსახურე დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია - მოქმედი კანონით, ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, მათი სიცოცხლის შესახებ რაიმე მინიშნება არ არსებობს და ხუთივე სამხედროს გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე მოქალაქე - ასეთია 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შედეგები.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 8 წელი გავიდა. 8 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ყველა კითხვას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით არსებობს, საბოლოოდ პასუხი უნდა გაეცეს. როგორც გენერალი კაპანაძე ამბობს, თავდაცვის სამინისტრომ ომთან დაკავშირებით ჩაატარა მოკვლევა, რომლის მიზანიც დამნაშავის მოძიება და გამოვლენა არ ყოფილა.

„გამოძიება სხვა უწყების საქმეა. ჩვენი მხრიდან სამხედრო თვალსაზრისით ჩატარდა მოკვლევა, აღნიშნული დოკუმენტირებულია და გადაცემულია შესაბამის უწყებებთან. ჩვენი საქმე არ იყო დამნაშავის მოძიება, გამოვლენა. ჩვენი მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა, შეგვესწავლა რამდენად სწორად მიმდინარეობდა სამხედრო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. დღევანდელ დღეს მთელი სულით და გულით ამ ბიჭების ხსოვნას ვუერთდები“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

„მინდა, დავდო პირობა, რომ ვიზრუნებ და დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგო პატივი.

„პატივს მივაგებ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. საქართველო, თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს, დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან. დღეს ისინი ყველა ქართველი ვაჟკაცის დედები არიან, გმირი დედები არიან“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, აგვისტოს ომის შედეგად ქართველები კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს.

„მე ქედს ვიხრი ყველა გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის ბრძოლას, უსასტიკეს ბრძოლას, არათანასწორ ბრძოლას. ამ ომის შედეგად, რუსეთის ოკუპაციის შედეგად, საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. 8 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმე დღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, მათ შორის როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ, შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანმიმდევრული პოლიტიკა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს. რომელსაც სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ ყველასთვის მიმზიდველი, საინტერესო და, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა შევძლოთ, ქვეყანა გაერთიანდეს. მშვიდობას, ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზიდეტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ.

„რუსეთი ვერასდროს ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მეზობელი ერის წინააღმდეგ. ის შავი ლაქა, ჯერ ოკუპაცია, შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება, იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მუახთგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდრებიც. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მომავალში აღარ უნდა დავუშვათ შეცდომა, რომ ჩვენი ჯარი იყოს მოუმზადებელი. ალასანია დარწმუნებულია, რომ გამოძიება, რომელსაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს, დადებს იმ შედეგს, რაც ისედაც ვიცით, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და საქართველო არის მსხვერპლი ამ დაპირისპირებაში.

„რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მოვუაროთ, მოვეფეროთ, შევინახოთ და პატივი ვცეთ მათ ოჯახებს. ეს არის სახელმწიფოს ვალი და თითოეული ჩვენგანის ვალი. მეორეა ის, რომ ჩვენ თანამედროვე ტექნიკა-აღჭურვილობა შევუძინოთ ჩვენს ჯარს, საჰაერო სივრცე იყოს დაცული და გვქონდეს თანამედროვე ტექნიკა, რომ თუკი ჩვენს ქვეყანას კიდევ ვინმე თავს დაესხმევა, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ყველა შესაძლებლობით. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს რა აკლდა ჩვენს ჯარს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ შეიარაღება, გმირულად გაწიეს წინააღმდეგობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას გააერთიანებენ არა ომით, არამედ მშვიდობით“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს ფოთში, სადაც დაბომბვების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა. ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ქუთაისში. ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა, რომელთა ოჯახებსაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი თანხა გადასცა. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ კი დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს გორში.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის საბრძოლო დანაყოფთან შეტაკებისას, ქართული არმიის სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის 17 სამხედრო დაიღუპა. 17-ვე სამხედრომ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ცოცხლად არ ჩაბარდნენ და გმირულად გასწირეს თავი. 17 სამხედრო საქართველოს უახლეს ისტორიაში - შინდისის გმირების სახელით შევიდა.

რაც შეეხება აგვისტოს ომის ქრონოლოგიას, ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა ნატოს სამიტი, სადაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდებოდა. ამ განცხადებამ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებდა, რათა საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანებულიყო. პარალელურად, პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ნატო-ს პოზიციის საპასუხოდ „საშინაო მონახაზები“ მზად ჰქონდა.

პარალელურად ვითარება დაიძაბა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, 30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით იტყობინებოდა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო. ზუსტად ერთ დღეში, 1 აგვსიტოს ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვანებს შორის ყველაზე სერიოზული შეტაკება დაიწყო. ოსური მხარე ამბობდა, რომ შეტაკებისას 6 სამხედო დაიღუპა, 7 კი დაიჭრა.

თითქმის ყოველდღიურად იბომბებოდა ქართული სოფლები - ნული, ავნევი, დვანი და სხვა ქართული სოფლები. 8 აგვისტოს კი ღამის 3 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება, პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

ქართულმა მხარემ ცხინვალი დაიკავა, თუმცა რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს.

რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. პარალელურ რეჟიმში დაიბომბა თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორი,ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხდა. 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვით რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. 2008 წლის 26 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა.